„ვაშაძე ბარემ თვითგამოცხადებულ პრემიერად აღიარონ, ან „ნაციონალების“ გულების პრემიერად შერაცხონ“
გიორგი ვაშაძე ცდება, სინამდვილეში "ნაციონალური მოძრაობა"“ არის მარცხის ფორმულა, ვინც არ უნდა შეირთოს, ან ვისაც არ უნდა შეუერთდეს", - ამბობს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
- ის პლატფორმა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" შექმნეს, "ქართული ოცნების" გამარჯვებას შეუწყობს ხელს, "მოქალაქეებს" კი მართლა გულწრფელად გვინდა, რომ 2024 წლის არჩევნებს რეალური ცვლილებებით შევხვდეთ. შესაბამისად, ხაბეიშვილის და ვაშაძის შემოთავაზებულ პლატფორმაზე ყოფნას არ ვაპირებთ. არც განვიხილავთ ამ საკითხს. ამ ფლანგზე ძალიან ბევრი გაურკვევლობა და უცნაურობა ხდება. მე, მაგალითად, დღემდე ვერ გავიგე, რატომ გაუშვეს მელია და რატომ მოიყვანეს ხაბეიშვილი. ისე კი ეს ძალიანაც კარგია, მას შემდეგ, რაც ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერი ლევან ხაბეიშვილია, „"ნაციონალური მოძრაობა"“ ძალიან კომიკური გახდა. როგორც ჩანს, გრძელვადიანი გეგმებიც აქვთ, თუ როგორ უნდა გახდნენ უფრო სასაცილონი. არჩევნებამდე ჯერ კიდევ წელიწად-ნახევარია და უკვე შემოაგდეს თემა, რომ შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის"“ პრემიერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იყოს. რა პრემიერი, რის პრემიერი?! ბარემ თვითგამოცხადებულ პრემიერად აღიარონ, ან "ნაციონალების"“გულების პრემიერად შერაცხონ.
აბსურდია, არაფერში წერია ის, რასაც ახლა „"ნაციონალები"“აკეთებენ. კარგია, ასე გააგრძელონ! რაც ნაკლები ადამიანი მისცემს "ნაციონალებს" ხმას და რაც მეტი სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი რეალური ცვლილებები, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გავუშვებთ "ქართულ ოცნებას"“ხელისუფლებიდან. სანამ ხალხს "ნაციონალური მოძრაობა" მიაჩნია მთავარ ოპოზიციურ ძალად და ჯიუტად აძლევს ხმას, მანამდე ვიქნებით ამ დღეში. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ამ პარტიაში სასაცილო და არასერიოზული ხალხია. შეიძლება ახლა ვინც ჩემს სიტყვებს წაიკითხავს, შემომიკურთხოს კიდეც, ერთი შენ ვის დაჰკარგვიხარ და ვისზე უკეთესი ხარო, მაგრამ არ დავეძებ, საკუთარ გონებაში გაიაზრონ, დაფიქრდნენ, ვინ არიან ამ პარტიაში მყოფი პირები. „"ქართული ოცნების" შეცვლის ერთადერთი შანსი "ნაციონალების" ელექტორატის სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილებაა.
- თქვენ როგორ ახსნით "ნაციონალების" ელექტორატის სიჯიუტეს?
- მე მაინც მგონია, რომ ხალხი ალტერნატივის მოლოდინშია და იმედიც მაქვს, რომ ეს ალტერნატივაც მალე გამოჩნდება.
- რას გულისხმობთ, საიდან უნდა გამოჩნდეს?
- ძალიანაც არ მეხალისება ამის თქმა, მაგრამ უნდა ვთქვა და მინდა იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმაც გაიგონ, ვისაც დღეს კუდი ყავარზე აქვთ გადებული. მე ვიცი, ეს მათაც კარგად იციან, უბრალოდ, არ ამბობენ. საქმე ის არის, რომ ჩვენ თუ ნამდვილად გვინდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვება, ალტერნატიული ძალა უნდა შევქმნათ. ვგულისხმობ პროდასავლურ, ოღონდ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არც „"ნაცები" არიან და არც "ქოცები". ქართველ საზოგადოებას რეალურად უნდა დავანახოთ, რა მოხდება, როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან წავა, რა შეიცვლება განათლების, ჯანდაცვის სისტემებში, ეკონომიკაში, თავდაცვაში, სოფლის მეურნეობაში... იცით, დღეს ხალხი ალტერნატივას რატომ ვერ ხედავს? იმიტომ, რომ ამ საკითხებზე არც ხალხს ველაპარაკებით და არც ერთმანეთს. ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ალტერნატიული ძალა შევქმნათ, მთავარია, მოვინდომოთ.
- რა არის ამ ამბავში ხელის შემშლელი ფაქტორი?
- ყველა პატარა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა იცის, რომ დაბალი რეიტინგი აქვს, მაგრამ ჰგონია, ხვალ ხალხი რომ გაიღვიძებს, თავისით შეიცვლის აზრს და მოწმენდილ ცაზე მას დაუჭერს მხარს. ეს რომ ასე არ არის, მე ვიცი, მე მგონია, სხვებმაც იციან, მაგრამ არ ვიცი, რატომ არ აღიარებენ.
- გასაგებია, რომ "ნაცმოძრაობას" და "ოცნებას" გამორიცხავთ, დანარჩენი ოპოზიციიდან ვისთან ერთად შეგიძლიათ ალტერნატიული ძალის შექმნა?
- არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი. ჩვენი საზრუნავი ჯერ არ არის გაერთიანება, მთავარია, ერთმანეთთან ლაპარაკი დავიწყოთ და ხალხი დავარწმუნოთ, რომ მხარდაჭერას ვიმსახურებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ბარიერის გადალახვა შევძლოთ. ჯერ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი ამ საკითხზე. ქვეყნის კეთილდღეობისთვის, რა თქმა უნდა, დაბალი ბარიერი ჯობს, პარლამენტი უფრო მრავალპარტიული იქნება და შესაბამისად, ხალხის ინტერესებიც მეტად იქნება გათვალისწინებული. თუმცა "ოცნების" კეთილი ნების იმედად ვერ ვიქნებით! ამიტომ ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას ლაპარაკის დასაწყებად. უნდა ითქვას ისიც, რომ ძალიან მწარე გამოცდილება მივიღეთ ფანჩატურებსა და პოლიტიკურ აჯაფსანდალში მონაწილეობით. ამიტომ ახლა მხოლოდ იმ პარტიებთან ვილაპარაკებთ, რომლებთანაც ღირებულებითი ერთობა გვაქვს.
- იქნებ დააკონკრეტოთ, ვინ არის ასეთი ძალა?
- ვაშაძეს რაღა უნდა ველაპარაკოთ, "ნაციონალებს" გაუერთიანდა და ღმერთმა ხელი მოუმართოს. რაც შეეხება სხვებს, იცით, მთავარი პრობლემა რა არის? ყველას დალანძღული გვყავს ერთმანეთი! რა ვიცი, პოლიტიკა საბავშვო ბაღი ხომ არ არის?! ალბათ, აჯობებს, პირადი წყენა და დამოკიდებულება გვერდზე გადავდოთ, რადგან ქვეყნის ბედი გვაქვს გადასაწყვეტი. მე ვამბობ, ფეხქვეშ ვერავის გავეგები, მაგრამ დაველაპარაკები მათაც, ვისთანაც ნაჩხუბარი ვარ.
- ე.ი. მამუკა ხაზარაძეს გულისხმობთ?
- მარტო მამუკა რატომ ახსენეთ, სხვებიც ბევრი მყავს ნალანძღი. არა მაქვს პრობლემა, დაველაპარაკები ყველას, ვინც ამისთვის მზად არის.
ხათუნა ბახტურიძე