რა თამაში დაიწყო რუსეთმა აფხაზეთში?! - კვირის პალიტრა

რა თამაში დაიწყო რუსეთმა აფხაზეთში?!

"აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ მთავარ სათქმელს შეძლებისდაგვარად გადმოგცემთ", - ამბობს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე. მისი ინფორმაციით, რუსული ოპოზიციის, კერძოდ, კონსერვატიული პარტიის წევრების აზრით, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში, რუსეთის პოლიტიკა დამღუპველია. არეშიძის თქმით, რუსები მტკივნეულად განიცდიან საქართველო-თურქეთის ურთიერთობის გამყარებას, განსაკუთრებით ღელავენ­ აფხაზეთში თურქული ინვესტი­ციების გამო და გამორიცხული არ არის, კრემლმა ისეთი­ სვლები გააკეთოს, რომ აფხაზეთის მიწის ნაწილი ქართველების საკუთრებაში აღმოჩნდეს...­ ვინ შეიძლება­ იყვნენ ის ქართველები, რომელთა საკუთრებაში აფხაზეთის მიწები აღმოჩნდეს,­ ან რას მოითხოვს რუსეთი სანაცვლოდ, უსაფრთხოების ექსპერტი მამუკა არეშიძე უფრო ვრცლად გვესაუბრება.

- დღეს მოსკოვში უკვე აქტიურად ლაპარაკობენ, რომ მათი პოლიტიკა საქართველოში იყო არაპროდუქტიული და დამღუპველი, რომ ქართველებთან მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკამ არ გაამართლა. რუსი კონსერვატორული პარტიის წევრების თქმით, საქართველოსთან არასწორი მიდგომების, ანუ აფხაზეთისა და ცხინვალის დაკავების გამო დაკარგეს პლაცდარმი სამხრეთ კავკასიაში და თურქეთს რეგიონში აქტიურად დაბრუნების საშუალება მისცეს. რუსებს ძალიან აშფოთებთ სამხრეთ კავკასიასა და საერთოდ, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში თურქეთის ჰიპერაქტიურობა. თურქეთი ისეთს არაფერს აკეთებს, რაც სხვებს არ გაუკეთებიათ. დასავლეთი,­ რუსეთი თუ ჩინეთი, ყველა ცდილობს ეკონომი­კურ ექსპანსიას. დასავლეთი ამას ეფექტურად აკეთებს, ჩინეთიც ამ გზას დაადგა, რუსეთიც­ ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის, ფულის გაცემა არ უყვარს, მხოლოდ თუ მოჰპარავ. ამ საუკუნეში ექსპანსია მაინცდა­მაინც სამხედრო ინტერვენცია ხომ არაა? დიდი ქვეყნების მსგავსად, თურქეთიც ცდილობს ინტერესების გატარებას კავკასიაში და მათ შორის აფხაზეთშიც. სხვათა შორის, ერდოღანი ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს.

რაც შეეხება აფხაზეთში განვითარებულ ამბებს, იგეგმება კანონპროექტის მიღება, რომელიც აფხაზეთში 10 წლის განმავლობაში 30 000 ბინის აშენებას და უცხოელებზე მიყიდვას ითვალისწინებს.­ იმ ფაქტიდან­ გამომდინარე, რომ ბიჭვინთის 180 ჰექტარი ტყის მასივიდან 120 უკვე წაიღეს რუსებმა და პროტესტის მიუხედავად აფხაზები ვერაფერს გახდნენ, ახალი პროექტები­ აფხაზი­ მოსახლეობის უკიდურეს შეშფოთებას იწვევს. ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია ამ ამბავს ასე ხსნის, აფხაზეთი დიდი ხანია ჩამოკიდებულია რუსულ ტრანშებზე, ბიუჯეტის­ დიდი ნაწილი მოსკოვიდან ივსება. ამიტომ ეს პროექტი ეკონომიკის განვითარებისთვის უალტერნატივო შესაძლებლობააო. აი, ამას ამბობენ ბჟანია და ე.წ. ხელისუფლების სხვა წევრები საჯაროდ, კულუარებში კი ამბობენ, რომ მოსკოვს ისინი ხელოვნურად­ ჰყავს ტრანშებზე ჩამოკიდებული და ეკონომიკის განვითარებაში მიზანმიმართულად არ დებს ფულს (ასეც არის). მათ ისიც იციან, რომ მათი ეკონომიკის განვითარება გამორიცხულია, რადგან რუსების გარდა, ფულს არავინ მისცემს, რუსეთი კი ფულს აძლევს,­ მაგრამ იმდენს არა, რომ ეკონომიკა განავი­თარონ და დამოუკიდებლად არსებობა შეძლონ. ამიტომ ამ პროექტს აფხაზები უყურებენ როგორც შემოსავლის წყაროს. აი, სწორედ აქ ჩნდება ძალიან საინტერესო­ დეტალი - ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო ძალიან გააქტიურდა და ბჟანიას ოპოზიციაში ჩაუდგა. ამ საბჭოს წევრები ძალიან საინტერესო საკითხებზე ლაპარაკობენ. სხვათა შორის, იქ სამი თუ ოთხი კაცია და ყველა მათგანს მეგრული გვარი აქვს, ოღონდ ბევრ აფხაზზე­ უფრო აფხაზები არიან. მათ შორის ერთმა, ილია გუნიამ­, საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ მოსკოველი ქართველები ვიღაცის დავალებით (ოღონდ ვისი, არ ამბობს) აპირებენ შეიძინონ ეს აპარტამენტები, აფხაზური მიწა და ამ ფორმით დაბრუნდნენ აფხაზეთშიო.

afxaz-1690120722.jpg

- ეს სცენარი რეალურად მიგაჩნიათ?

- რთული სათქმელია, მაგრამ ლოგიკას ნამდვილად ვხედავ. 2017-2018 წლებში ქართულ პრესაში, სახელდობრ რამდენჯერმე დაიბეჭდა სტატია, რომლებშიც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაფანტული მდიდარი ქართველები, განსაკუთრებით ისინი, ვინც აფხაზეთიდან არიან, სიამოვნებით მიიღებდნენ მსგავს აქტივობაში მონაწილეობას. ეს კიდევ არ არის მთავარი, ბჟანია, რომელსაც ამ საკითხის გამო საკუთარ გუნდშიც კი გააფთრებული წინააღმდეგობა ხვდება, თავგამოდებით იცავს ამ პროექტის რეალიზების­ იდეას. აქტიურობს ინალ არძინბაც, რომელსაც, როგორც ჩანს, მოსკოვიდან აქვს დავალებული, რომ ეს პროექტი გაიტანოს. ჩნდება კითხვა, რა დროს ასეთი პროექტებია, როდესაც რუსეთი ერთ მილიარდ დოლარს ვერ შოულობს სამხედრო საჭიროებისთვის? მოსკოვში ახლა მართლა სერიოზულად დგას ეს პრობლემა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ აქ რაღაც დიდი თამაში მიმდინარეობდეს. რუსეთმა აქტიურად დაიწყო საუბარი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე. ქართული მხარე ამის კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ საჯაროდ ჯერ არაფერს ამბობენ. ძალიან მნიშვნელოვან ამბავს გეტყვით - ჩემი ინფორმაციით, რუსი არაოფიციალური, მაგრამ ძალიან გავლენიანი პირებისგან არის წინადადებები, რომლებიც ქართული მხარისგან ჯერაც პასუხგაუცემელია. ეს მოცემულობა შეიძლება ვაჭრობადაც შეფასდეს,­ ვაჭრობა კი პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია. უნდა ითქვას, რომ საქართველოს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეინარჩუნებს სიცოცხლისუნარიან­ობას, თუ რაიმე დათმობაზე წავა აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებულ საკითხებზე, (რკინიგზის აღდგენა იქნება თუ გზის გახსნა) ისე, რომ საქართველომ დივიდენდები არ მიიღოს. ჩანს, რუსულ პოლიტიკურ ელიტაში ეს საკითხი კარგად ესმით და ლავირებენ. რუსეთის ასეთი აქტიურობა მოწმობს, რომ ამჟამად საქართველოში "თაფლა­კვერის" პოლიტიკას უფრო აქტიურად იყენებენ, ვიდრე "მათრახის" პოლიტიკას.

- ე.ი. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებს?

- გარწმუნებთ, რომ ამ თემაზე საუბ­რები ნამდვილად არის. ისიც შეიძლება ეს საუბრები, საუბრებად დარჩეს, ვინაიდან რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პუტინის მეთაურობით, ისეთ ჩარჩოებშია მოქცეული, რომ ახლებურ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.

- მაშინ რისთვის არიან მზად რუსები, რა დონეზე გაუშვებენ ხელს აფხაზეთს?

- რუსები საერთოდ არ არიან მზად იმისათვის, რომ აფხაზეთს გაუშვან ხელი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ. ისინი ახლა ბჭობენ, ფიქრობენ, ვერსიებს განიხილავენ. ხომ გითხარით, რუსული პოლიტიკური ელიტის­ ერთმა ჯგუფმა აქტიურად დაიწყო საუბარი,­ რომ რუსეთის საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკა მცდარია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ასე ფიქრობდეს. ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქმე ამ კონდიციამდე სხვადასხვა ხერხით. რეგიონშიც უნდა ვიმუშაოთ და რეგიონს მიღმაც.

- შესაძლებლად მიიჩნევთ, რომ თურქეთის­ გაზრდილი ინტერესები ჩვენს რეგიონში, მათ შორის აფხაზეთში, ქართულმა მხარემ სავაჭროდ გამოიყენოს?

- ჯერ კარგად უნდა დავფიქრდეთ, გვაწყობს თუ არა რუსეთთან ვაჭრობა.

- ანუ ვაჭრობა ჯერ არ არის დაწყებული?

- ვფიქრობ, ვაჭრობა დაწყებულია, მაგრამ მე ანალიზს გთავაზობთ. პირველი ეტაპია იმის განხილვა, გვაწყობს თუ არა რუსეთთან ვაჭრობა. ამის მერე უნდა მოვემზადოთ და შევიარაღდეთ არგუმენტებით. დიახ, პოლიტიკურ ვაჭრობაში ყველა არგუმენტი უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის თურქეთის გაზრდილი ინტერესები რეგი­ონში. მერე უნდა დავაკვირდეთ, იქნება თუ არა მზად რუსეთი იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ რეალურად შეცვალოს­ დამოკიდებულება. თუმცა ამ საკითხის განხილვისას ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გავითვალისწინოთ - რუსებს, მათ შორის კონსერვატიულ ძალებსაც, ძალიან ეშინიათ, რომ საქართველოს შესახებ პოლიტიკას შეცვლიან, რომ ჩრდილოკავკასიელები ამას მათ სისუსტედ არ შეაფასებენ. ე.ი. იქაც სამუშაოა. ასე მარტივად არ არის საქმე, თქვენ აფხაზეთიდან გადით და ჩვენ დაგვიბრუნეთო, არ გამოვა. ძალიან ბევრი სამუშაოა რუსებთანაც, ჩრდილოეთ კავკასიაშიც, საზოგადოდ, რეგიონში.

- აფხაზი ხალხის განწყობა როგორია?

- ჯერ ლაპარაკს ვერ ბედავენ, მაგრამ აფხაზ საზოგადოებაში­ ქართველებისადმი დამოკიდებულება შეიც­ვალა. უკვე გაჩნდა მთავარი კითხვა, თუ უფროსი ძმა ჩვენი ეთნოსის გადაგვარება­ზეა­ გადასული, მაშინ ქართველებს რას ვერჩოდითო? სათათბიროს სხდომებს რომ მოუსმინოთ, ნახავთ, რომ აფხაზები მთავარ მტრებად ისევ ქართველებს მიიჩნევენ. დღემდე ამბობენ, რომ ქართველებმა აფხაზებ­ს გვარები გადაუკეთეს. მაგალითად, დავით ფილია ამბობს, რომ ათას სამასი გალელის განცხადება აქვთ, რომლებიც აფხაზური გვარების დაბრუნებას ითხოვენ და ა.შ. არაერთხელ მითქვამს, რომ აფხაზეთში დექართველიზაცია მიმდინარეობს, ჯერ ქართული ენის მოსპობა უნდათ და მერე გვარების. რაც ყველაზე ცუდია, ამაზე ქართულ მხარეს რეაქცია არა აქვს. დიახ, ასეთი რამეები ხდება პოლიტიკურ არენაზე და კამერების წინ, მაგრამ საზოგადოებაში უკვე მნიშვნელოვნად შეცვლილია განწყობა. ზოგიერთ აფხაზს უკვე გაახსენდა, რომ ენგურს გამოღმა ბიძაშვილი ჰყავს, ზოგს მეგობარი და სხვა მოკეთე და არის გაუთავებელი რეკვა. ერთმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ (მის გვარს ვერ გავასაჯაროებ) თბილისში ნათესავი ჩამოიყვანა სამკურნალოდ, ოღონდ მერე აქედან აღარ წავიდა. არადა, სეპარატისტული პარლამენტის წარმომადგენელია.

- უშიშროებამ მაინც თუ იცის ეს?

- ზუსტად ვიცი, რომ იცის.

- ალბათ, ყველაფერი, მათ შორის, აფხაზეთის საკითხი და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაც რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული.

- რა თქმა უნდა. შესაბამისად, რამდენიმე ვარიანტი უნდა განვიხილოთ: თუ უკრაინამ გაიმარჯვა, მაშინ ყველა მიმართულებით გვაქვს ხელი გახსნილი. თუ რუსეთმა გაიმარჯვა, ამ შემთხვევაში სტატუს-კვო შენარჩუნდება და მოსკოვურ ელიტაში ისევე იქნება დაპირისპირების საგანი რუსული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში. თუ ომი დიდხანს გაგრძელდება, მაშინ ჩვენ მანევრირების მეტი საშუალება გვექნება. სამწუხაროდ, პოლიტიკაში ასეა - შეიძლება სხვისი უბედურება საკუთარი ინტერესებისთვის კარგად გამოიყენო.

ხათუნა ბახტურიძე