სანამ სტომატოლოგთან დაჯდებით
"ჩემს სფეროსთან დაკავშირებულ წუხილზე მინდა გავამახვილო ყურადღება. არაერთი რუსი პაციენტი მიყვება (ქალიც და კაციც), რომ ჰყავს ქართველი სქესობრივი პარტნიორები (და არაერთი). მოგეხსენებათ, რუსეთში ძალიან გავრცელებულია აივ-ინფექცია/შიდსი. შესაბამისად, გასათვალისწინებელია ამ ინფექციის საქართველოში სწრაფად გავრცელების რისკი. ცხადია, ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესვეურებმა ეს უნდა გაითვალისწინონ და ზომები მიიღონ, მაგრამ ცალკეულ ადამიანებს რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ირგვლივ მყოფები, აარიდონ თავი საეჭვო კავშირებს და არ დაივიწყონ შიდსის (და არა მარტო, ბევრი სხვა ინფექციისაც) სქესობრივი გზით გადაცემის მაღალი რისკის შესახებ", - ამბობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი. თუ ცნობილ ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტის" ინფორმაციასაც მოვიშველიებთ, მდგომარეობა ნამდვილად არასახარბიელოა, რადგან "ლანცეტის" თანახმად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აივ-ის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია უკრაინაში, რუსეთის ფედერაციაში, ბელარუსსა და მოლდოვაში. აივ-ი ნაკლებად გავრცელებულია ბალტიისპირეთსა და ცენტრალურ აზიაში, თუმცა ბოლოდროინდელი ეპიდემიები ესტონეთში, ლიტვაში, ყაზახეთსა და უზბეკეთშიც მიუთითებს პრობლემის ზრდაზე. საქართველო კვლავ რომ არ შეუერთდეს გადამდები ინფექციების მატარებელ ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნებს, აუცილებელია მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფა, გამუდმებით შეხსენება, რომ სქესობრივი ურთიერთობის გზით არა მარტო შიდსი, C-ჰეპატიტი და სხვა მძიმე ინფექციებიც გადადის. ამასთან, ამ დაავადებების გავრცელების რისკი განსაკუთრებით მაღალია სტომატოლოგიურ კლინიკებში, სადაც სახელმწიფოს კონტროლი ჯერ კიდევ წლების წინ გამკაცრდა, C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით ეფექტური შედეგების მისაღებად. რა ხდება სტომატოლოგიურ კლინიკებში, რა მაკონტროლებელი ბერკეტები არსებობს, რამდენად რეგულარულად ამოწმებენ მათ, ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის პრეზიდენტმა ირინა ბერკაცაშვილმა:
- სტომატოლოგიური კლინიკის გაუმართაობა ძალიან სახიფათოა, რადგან პირის ღრუ ორგანიზმის ღია კარიბჭეა და ნებისმიერი ვირუსი და ბაქტერია სწორედ მისი გავლით ხვდება ორგანიზმში. მდგომარეობას ართულებს საზოგადოების ნაკლები ინფორმირებულობა სტომატოლოგიური პროცედურების მიმართ. არ იციან და არ ესმით, რომ კბილის ექსტრაქცია (ამოღება) ან იმპლანტაცია ზუსტად იმავე რისკეს შეიცავს, რასაც სხვა ნებისმიერი ოპერაცია.
სტერილიზაცია-დეზინფექციის მაღალი ხარისხის დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტომატოლოგიურ კლინიკაში, რომელიც მიეკუთვნება მაღალი საფრთხის შემცველ საქმიანობას. სწორედ ამიტომ თითოეული კლინიკა ვალდებულია ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შეატყობინოს, რომ მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას ეწევა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უამრავი კლინიკა ასეთი შეტყობინების გარეშე, სრულიად უკონტროლოდ მუშაობს და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო მათ შესახებ მხოლოდ საჩივრის საფუძველზე შეიტყობს, ანუ მაშინ, როდესაც ურემი გადაბრუნდება, პაციენტი დაზარალდება, იჩივლებს, შველა კი გვიანია.
შეტყობინების გარეშე სამედიცინო საქმიანობა 1.000 ლარით ჯარიმდება. თუმცა რეალურად გაცილებით მეტი დარღვევა აღმოჩნდება ხოლმე და ჯარიმაც მასშტაბური ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში სერტიფიკატსაც უუქმებენ და საქმიანობასაც უკრძალავენ.
გეგმური შემოწმება წელიწადში ერთხელ, შერჩევის პრინციპით ხდება. სხვაგვარად რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ვერ შეძლებს სრულყოფილად შეამოწმოს 2000-მდე რეგისტრირებული, უამრავი არარეგისტრირებული კლინიკა და პაციენტთან სამედიცინო განათლების გარეშე, იატაკქვეშ მომუშავე ტექნიკოსები. სწორედ ეს იყო ჩვენი ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი, რომ დავხმარებოდით კლინიკებს რეგულაციებისა და კანონმდებლობის გაცნობაში და პროფესიონალებთან ერთად დაგვეცვა ჩვენი პროფესია, კოლეგები იმიჯის შელახვისა და პაციენტები ჯანმრთელობის დაზიანებისგან. აუცილებელია ხელი შევუწყოთ კლინიკებს, კოლეგებს, რომლებიც უდიდეს რესურსს ხარჯავენ პროფესიულ განვითარებასა და მაღალი სტანდარტის დანერგვაზე. უნდა აღმოიფხვრას არაჯანსაღი კონკურენცია. საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ სოციალური ფონის გამო გამართლებულია იატაკქვეშა სტომატოლოგიური კლინიკების არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფასს გაზრდის სტომატოლოგიურ მკურნალობაზეო. ეს სიცრუე და ბოროტებაა.
- სტომატოლოგიური კლინიკების უსაფრთხოების საკითხი როგორ არის მოგვარებული განვითარებულ ქვეყნებში.
- ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში სტერილიზაცია-დეზინფექციის პრობლემა, თითქმის იმავე სტანდარტით რეგულირდება, როგორითაც საქართველოში. იმავე მასალასა და სადეზინფექციო საშუალებებს ვიყენებთ, რასაც ევროპა, ამერიკა და აზიის სამედიცინო სფეროში წამყვანი ქვეყნები. ნებისმიერ აპარატურასა და მასალაზე გვაქვს წვდომა, პროფესიონალი სამედიცინო საზოგადოება მუდმივად იმაღლებს კვალიფიკაციას სხვადასხვა ქვეყანაში, ვესწრებით კონფერენციებს, ონლაინსემინარებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგულაციები და დადგენილებებიც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით იქმნება. განსხვავდება კლინიკების დამფუძნებელთა ინფორმირებულობა და საჯარიმო სანქციებიც გაცილებით დიდია. ამასთან, ევროპასა და ამერიკაში მეტად კანონმორჩილია საზოგადოება და ვერავინ გაბედავს სტერილიზაცია-დეზინფექციის სტანდარტის უგულებელყოფას.
- პაციენტებმა როგორ შეძლონ სტომატოლოგიურ კლინიკაში თავდაცვა? ფაქტია, კლინიკა პროდუქტი არ არის, ეტიკეტზე რომ დახედო და დეტალური ინფორმაცია მიიღო. რა უნდა ვიცოდეთ, რა უნდა მოვითხოვოთ, რომ მომსახურება უსაფრთხოდ მივიღოთ?
- პაციენტებს ვურჩევთ, მიუხედავად იმისა, რომ სასტერილიზაციოში შესვლა უცხო პირთათვის აკრძალულია, მაინც მიაქციონ ყურადღება, რამდენად დაცულია უსაფრთხოების ზომები. ყველა ინსტრუმენტი პაციენტის თვალწინ უნდა გაიხსნას, სტომატოლოგიური სავარძელი, ყველა ზედაპირი უნდა დამუშავდეს თითოეული პაციენტის მომსახურების შემდეგ და ამას აუცილებლად შეამჩნევთ. არ უნდა იყოს დარჩენილი კბილის ნაქლიბი ან სისხლის წვეთი, სანერწყვებელში არ იყოს ჩაფენილი პარკი და ირეცხებოდეს წყლით. როგორც ყველა სხვა ზედაპირი, სამედიცინო დანიშნულების აპარატი თუ საგანი ექვემდებარება დეზინფექციას. ერთჯერადი ინსტრუმენტი პაციენტის თვალწინ შესაბამის ურნაში უნდა გადაიყაროს. ექიმი უნდა იყენებდეს ახალ პირბადეს, ახალ ქუდს, არ უჩანდეს თმა, არ ჰქონდეს სამკაულები, რადგან შეიძლება სწორედ მათზე მოხვდეს ინფექციის გადამტანი. სათვალე ან ფარი, რომელსაც ექიმი იყენებს, უნდა იყოს დეზინფიცირებული (მარტივი მისახვედრია პაციენტის თვალისთვის, რადგან ნაქლიბი, წყლის ან სხვა სითხეები ბურღით მუშაობის დროს გაიფრქვევა და პირველ რიგში ექიმის სათვალესა და ფარზე ილექება). ფოტოპოლიმერიზატორი (რომელსაც იყენებენ ჰელიობჟენის გასაშრობად და აქვს ლურჯი სხივი) ასევე ექვემდებარება დეზინფექციას. ბორები აუცილებლად უნდა იყოს სტერილური და არ ეყაროს ერთად პეტრის ფინჯანში (ეს ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა). ბორი, მცირე მბრუნავი ინსტრუმენტი, რითაც კბილს ვბურღავთ, ეხება კბილის ქსოვილებს, ნერვს, სისხლძარღვებს და აუცილებელ სტერილიზაციას ექვემდებარება. პირის ღრუში გამოყენებული ყველა ინსტრუმენტი არის მაღალი საფრთხის მქონე, შესაბამისად, ყველა მათგანი ექვემდებარება ავტოკლავირებას ან მაღალი დონის სტერილიზაციას, ხოლო ის, რაც არის ერთჯერადი, აუცილებლად იყრება პაციენტის თვალწინ! თუ საზოგადოება ისწავლის სტომატოლოგიური კლინიკების გაკონტროლებას, მერწმუნეთ, მარეგულირებელი სააგენტოს მონიტორინგი აღარ დასჭირდება კლინიკების სრულფასოვნად მუშაობას. როდესაც მომხმარებელი მოითხოვს წესრიგს, ნებისმიერი ბიზნესი და მათ შორის, სტომატოლოგიურიც, იძულებული ხდება მასობრივ მოთხოვნებს დაემორჩილოს.