თვითნასწავლი მხატვარი შიომღვიმის მონასტრიდან
"მათი თვალების ხატვა ყველაზე მეტად მიყვარს და როცა ვხედავ, რომ ნახატი კარგი გამოდის, უზომოდ ბედნიერი ვარ!" - ამბობს 26 წლის ლუკა ორჯონიკიძე, რომელიც გატაცებით ხატავს ცნობილი ადამიანების პორტრეტებს... ლუკამ ექვსი წელი მონასტერში გაატარა, მაგრამ ახლა საერო ცხოვრებით ცხოვრობს. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედებაში დიდი ქართველი მსახიობების პორტრეტებს განსაკუთრებული ადგილი უკავია:
- ჩემთვის არაერთხელ უკითხავთ, რატომ მაინცდამაინც ცნობილი მსახიობების პორტრეტებიო... ამის ახსნა რთულია, ზოგჯერ მგონია, რომ მე მათი მონათესავე სული ვარ! ყველაზე დიდ დროს მათი თვალების ხატვას ვანდომებ და როცა ამბობენ, რომ ჩემს ნახატებში თვალები ყოველთვის მეტყველი და ლამაზია, მაშინ ვხვდები, რომ ტყუილად არ მიწვალია.
როდესაც ხატვას ვიწყებ, მთელი დღეები ამაზე ვფიქრობ, მესიზმრება კიდეც, რა და როგორ უნდა დავხატო!
თუ ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, ვიტყვი, რომ საქართველოში მე ვიქნები პირველი თვითნასწავლი მხატვარი, რომელმაც ჩვენი საამაყო არტისტების პოტრეტები შექმნა. ჩემი დიდი ნატვრაა, გამოფენები თეატრებში გაიმართოს.
- ხატვა როდის დაიწყეთ?
- ბავშვობიდანვე ვხატავ. მახსოვს, როგორ ვთამაშობდი დედაჩემის ფუნჯებითა და საღებავებით. ჩემი პირველი ნახატი იყო ღვთისმშობლის ხატი ,,შენ ხარ ვენახი", რომელიც 7 წლის ასაკში დავხატე ფანქრებით. 12-13 წლიდან უკვე ზეთის საღებავებით დავიწყე ხატვა. ხატვის პროცესი ძალიან მსიამოვნებს: მარტო ყოფნა მიყვარს და თუ გარეთ წვიმს ან მოღრუბლული ამინდია, მაშინვე ხატვის ხასიათზე ვდგები! ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა და ჯაზი: ბეთჰოვენი, ერიკ სატი, ემი უაინჰაუსი, ბილი ჰოლიდეი, ფრენკ სინატრა ჩემი საყვარელი მუსიკოსები არიან. ოპერაც მიყვარს, შემიძლია უსასრულოდ ვუსმინო მარია კალასის შეუდარებელ ხმას... შეიძლება ითქვას, მუსიკის გარეშე არასდროს დამიხატავს. ხატვა საუკეთესო გზაა, რომ უარყოფითი განცდებისგან გათავისუფლდე, ქაღალდზე გადმოიტანო ის მწუხარება და სიხარული, სილამაზე და ბოროტება, რაც ადამიანს ცხოვრების გზაზე ხვდება.
- ბავშვობაში, ალბათ, სხვა გატაცებებიც გქონდათ...
- ჩემს მშობლებს სურდათ ქართული ხალხურა სიმღერა მესწავლა, თუმცა, მე ვყოყმანობდი. ახლა ძალიან ვნანობ, რომ მათ არ დავუჯერე. კიდევ ერთი გატაცება მაქვს - კულინარია: 14 წლის ასაკიდან მზარეულობა დავიწყე - ვცდილობდი შემექმნა ახალ-ახალი კერძები და სასმელები, მერე ჩემს ახლობლებს ვპატიჟებდი, ეს გატაცება დღემდე გამომყვა.
- როგორც ვიცი, 6 წელი მონასტერში გაატარეთ, ის წლები როგორ გახსენდებათ?
- ის 6 წელი, რაც შიომღვიმეში ვიყავი, ყველაზე ძვირფასია ჩემთვის! იქაც ვხატავდი, თუმცა ამას ინტენსიურად ვერ ვახერხებდი, რადგან მონასტერში ცხოვრება არ არის ადვილი. ხშირად მეკითხებიან, რატომ გადაწყვიტე მონასტერში წასვლაო. წითელი პარასკევი იყო, საღამო, უეცრად ძლიერი სურვილი გამიჩნდა, ამქვეყნიურ ქაოსს გავცლოდი და
ჩემი ცხოვრება მონასტერში გამეტარებინა. გავბედე და ჩემი მოძღვრის კურთხევით შიომღვიმის მონასტერში წავედი. მაშინ 17 წლის ვიყავი, მაგრამ ეს ნაბიჯი გააზრებულად, გულისა და გონების კარნახით გადავდგი. მონასტერში ხატების წერა დავიწყე. ახლა ჩემს ცხოვრებაში ხატწერას ძალიან დიდი ადგილი უკავია, ისევე როგორც დედაჩემის ცხოვრებაში, რომელიც ძალიან კარგი ფერმწერი და ხატმწერია. ხატწერა ორივემ მისი ძმის - დეკანოზ დავით მაისურაძის კურთხევით დავიწყეთ. ისე გავიდა ექვსი წელი, ერში წამოსვლაზე არც მიფიქრია. თითქოს ძნელია იმის ახსნა, რომ ამდენი ხნის შემდეგ რატომ წამოვედი, მაგრამ ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის...
- რა არის ყველაზე სასიამოვნო ამბავი თქვენი ცხოვრებიდან და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი წლების შემდეგ?
- ყველაზე სასიამოვნო ამბავი ჩემი წიგნია "და ბოლოს წვიმაც შეწყდა", რომელიც ერთი წლის წინ დავასრულე. ჯერ არავისთვის მიჩვენებია. დიდი იმედი მაქვს, რომ მის გამოქვეყნებას შევძლებ.
როგორ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება წლების შემდეგ? - ისეთი, როგორიც ყოველთვის მინდოდა - მშვიდი და აუღელვებელი. როგორც გითხარით, მონასტერში შეიძლება დავბრუნდე, ყველაფერი ღვთის ნებაა! მანამდე კი მინდა ნამდვილი ხელოვნების ნიმუშები შევქმნა და გავხდე ცნობილი. შემიძლია ჩემი ცხოვრება ბევრნაირად წარმოვიდგინო, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩემზეა დამოკიდებული - ადამიანები ჩვენს მომავალს თავად ვირჩევთ.
ხათუნა ჩიგოგიძე