„ჟიული შარტავა მაშინ დაფასდება, როცა სოხუმში დავბრუნდებით“ - კვირის პალიტრა

„ჟიული შარტავა მაშინ დაფასდება, როცა სოხუმში დავბრუნდებით“

1994 წელი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელზე აფხაზეთიდან საიდ­უმლო წერილი მოვიდა. წერილის ავტორი აფხაზი გლეხი წერდა, რომ 2 სექტემბერს­ ტყიდან შეშა მოჰქონდა და ამ დროს დაინახა, ხიდის ქვეშ ადამიანებს რომ ხვრეტდნენ. "ერთს უყვიროდნენ, დაიჩოქეო, იმ უცნობმა­ კი არ დაიჩოქა და რამდენჯერმე ესროლეს. ძალიან გამაკვირვა მისმა საქციელმა, უცნაური სახელი ერქვა. რომ არ დამვიწყებოდა, ასანთს წავუკიდე დ ნამწვავით კოლოფზე დავწერე მისი სახელი - ჟიული".

"დამშვიდობებისას პირჯვარი გადაუსახავს, ღმერთო, სამშობლო გადამირჩინე და თუ საჭიროა, ჩემი სიცოცხლე შეიწირეო"

მეუფე დანიელი: - აფხაზეთში ძალ­იან მძიმე დრო იყო. ერთი წელი სრულდ­ებოდა ომის დაწყებამდე. უკვე მომხდარი­ იყო ტრაგედია კომანში, მამა ანდრიასა და იური ანუას მკვლელობა. ჩვენ მაინც გვქონდა იმედი, რომ მშვიდობა გაიმარჯ­ვებდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა... ამ დროს სოხუმში ჩამოვიდა პიროვნება, რომელსაც­ ღმერთმა და ადამიანებმა უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრეს - ეს გახლდათ ბატონი ჟიული შარტავა. მახსოვს, ჩემთან როგორი მოწიწებით მოვიდა და გამეცნო. ბევრი რამ მსმენოდა მის შესახებ. ვიცოდი, რომ ეს იყო ეროვნული ფასეულობების მატარებელი ქართველი კაცი. ჩვენს რეზიდენციაში რამდენიმე ფანჯარაში მინა იყო ჩატეხილი და თანმხლებ პირებს სთხოვა, მინა მოიტანეთ და ჩასვითო. ვიღაცამ უთხრა, ძნელი საშოვნელიაო. არა უშავს, ჩვენი შენობიდან ამოიღეთ და აქ მოიტანეთო... ბატონი ჟიული ყველაფერს აკეთებდა, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის დაპირისპირება მალე დასრულებულიყო. მე მახსოვს, ის მწარე ბოლო დღეები... მან ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა სიმშვიდე და სულიერი მხნეობა.ძალიან მნიშვნელოვანია ის მოგონება, რომელსაც გვიყვება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, რომელიც იმერეთის მხარის გუბერნატორ თემურ შაშიაშვილთან ერთად ჩამოვიდა ბოლო დღეებში სოხუმში. სახიფათო იყო მათი სტუმრობა, მაგრამ ძალიან დიდი გამხნევება ჩვენთვის. როგორც მეუფემ მიამბო, როდესაც ბოლოს­ ბატონ ჟიულისთან კაბინეტში შესულა, დამშვიდობებისას მას პირჯვარი გადაუსახავს და უთქვამს, ღმერთო, სამშობლო გადამირჩინე და თუ საჭიროა, ჩემი სიცოცხლე შეიწირეო.

"შუიკოვმა მითხრა, ჟიული ერთადერთი კაცია, ვინც მხოლოდ ქართული მხარის კი არა, აფხაზების ინტერესებსაც იცავდაო"

ბაკურ გულუა, ყოფილი ვიცე-პრემიერი: - როცა სოხუმი განუწყვეტლივ იბომბებოდა, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორმა რეზო სალუქვაძემ­ მთხოვა, ცოტა ბენზინს თუ გამომიყოფთ, ჭურვებსა და ქვემეხებს დავამზადებთო. მეომრები გვთხოვდნენ, იქნებ ცოლ-შვილი გაარიდოთ აქაურობას მეთევზეების გემითო. შევარდნაძესთან დავრეკე. მითხრა, ჟიული შარტავა სხდომას ატარებს, მოდი და გამოგიყოფთ ბენზინსო. მივედი. ამ დროს პატარა ინციდენტი მოხდა და ხმაურზე ჟიული გამოვიდა. დამინახა თუ არა, გადამეხვია და მითხრა, გენო ადამია დაუპირისპირდა ერთ გენერალს, ვინც იაქტიურა ქართული ჯარის განიარაღების საქმეში. უთხრა, ხომ გეუბნებოდით, ომი დაიწყება და ხელცარიელი დავრჩებითო, და მასზე გაიწია, მაგრამ გია ყარყარაშვილმა შეაჩერაო.

4 ტონა ბენზინი გამოგვიყვეს. ნავსადგურისკენ გავემართე. უშიშროების მინისტრმა­ შევარდნაძის თხოვნა გადმომცა, ოჩამ­ჩი­რეში ჩადით და გაიგეთ, რა ვითარებააო. გემის კაპიტანს ნავსადგურში მოველაპარაკე­. ამასობაში საწვავი ჩაგვისხეს. შუქურის ზონასთან დაჭრილები, მოხუცები, ქალები­ და ბავშვები მოიყვანეს. ყურეში გავედით თუ არა, მტერმა დაბომბვა დაგვიწყო, ჭურვები­ ახლომახლო ცვიოდა. საშინელების მოწმენი­ გავხდით - სოჭიდან სამგზავრო თვითმფრ­ინავი მოფრინავდა. გუდაუთიდან მომავალმა კატერმა რაკეტა ესროლა და ჩვენ თვალწინ პირდაპირ ყურეში ჩამოაგდო. დაახლოებით 27 კაცი დაიღუპა, უმრავლესობა ჟურნალისტი იყო. ოჩამჩირეში ღამის პირველის ნახევარზე ჩავედით. იმის გახსენებაც არ მინდა, იქ რაც ვნახე...

თბილისში დაბრუნებული ჟიულის ძმის თხოვნით, ისევ სოხუმში დავბ­რუნდი, რომ ადლერიდან ჟიულის, უშიშრ­ოების პოლკოვნიკის მამია ალასანიასა და პირადი მცველის, ქათამაძის­ ცხედრები მოგვეძებნა. ადლერის აეროპორტში­ რუსეთის­ სპეცსამსახურის პოლკოვნიკმა შუი­კოვმა მითხრა, აფხაზური მხარე აჭიანურებს ცხედრების გადმოცემას, ისიც ვერ გავიგეთ, რა პირობებში დაიღუპა ჟიულიო­. ლოდინში­ დაგვაღამდა.­ მერე გვერდით გამიყ­ვანა და მითხრა: ჟიული ერთადერთი კაცია, ვინც მათ არ უნდა მოეკლათ, რადგან ის მხოლოდ ქართული მხარის კი არა, აფხაზების ინტერესებსაც იცავდა. ახლა პირადად ველაპარაკე არძინბას, რაღაცას­ ეშმაკობს, მითხრა, ვერ ვიპოვეთ ცხედარიო. შუიკოვმა მერე სადღაც დარეკა, ბოლო ხმაზე ყვიროდა, მოსკოვიდან სპეცრაზმს გამოვიძახებ და იქ სამი კი არა, ძალიან ბევრი გვამი იქნებაო... ეტყობა, დაფრთხნენ და 2 საათში ჰაერში ვერტმფრენიც გამოჩნდა - მხოლოდ ჟიული შარტავას და ქათამაძის ცხედრები გადმოგვცეს. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩატარებული ჰქონდა. ეტყობა, განბანეს, მოაწესრიგეს და ტანსაცმელიც ჩააცვეს. მაინც მიაქციეს ყურადღება და დაიცვეს აფხაზური წესები. ვერტმფრენი დაეშვა თუ არა, შუიკოვმა მთხოვა, დავხედავო. იქ ერთი ფოთელი კაცი იყო, ვთხოვე, თვითმფრინავში რამე არ ჩადონ, ყურადღება მიაქციე-მეთქი. ის ფოთელი კაცი ცოტა ხანში დაბრუნდა. მითხრა, შუიკოვმა ჟიულის ცხედრის წინ დაიჩოქა და მოუბოდიშა, ვერ შევძელი შენი დაცვაო.

"არ დაიჩოქა... ამის მერე მუხლებში ესროლეს და როცა დავარდნილა, საკონტროლო გასროლაც მიუყოლებიათ"

jiuli2-1690124153.jpg

გიორგი შარტავა, ჟიული შარტავას შვილიშვილი: - 4 წლის წინ დავაპირე გამეკეთებინა ვიდეოკლიპი და მოვიძიე წიგნები ჟიული შარტავას შესახებ... მაშინ გავაცნობიერე­, რომ ბაბუა მაკლია. ის პატიოსანი, საღად მოაზროვნე­ და ძალიან მზრუნველი კაცი იყო. გმირად არ იბადებიან, გმირები შემდეგ ხდებიან. სახელმწიფო სამსახურში 20 წელი იმსახურა და არ შეიცვალა, ძალაუფლებამ არ გარყვნა. როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ისევ მის სამსახურში ჩადგა. სანამ სოხუმში წავიდოდა­, თურმე ხშირად ამბობდა, მინდა შვილიშვილს მოვესწროო. ვერ მოესწრო და ეს ჩემთვის და ჩემი ძმისთვის, უმცროსი ჟიული შარტავასთვის, ძალიან რთულია... სულ იმაზე ვფიქ­რობ, როგორია როცა ალყაშემორტყმულ ქალაქში ხარ, შენი თანამებრძოლები, თანამემამულეები შენთან არიან და ვერაფერს ცვლი. ბაბუა ბოლო წუთამდე არ დანებდება­ და დღეს მის წინაშე ანგარიშვალდებული ჩვენ ვართ. ამბობენ, დრო ყველაფერს კურნავსო, მაგრამ რამდენჯერაც მის სახელს ახსენებენ, რამდენჯერაც საფლავზე ავდივართ, მაინც ტკივილიანი და სევდანარევია ყველაფერი. როცა ბაბუ სოხუმში მიდიოდა, ლია ბებოს დაუბარა, თუ არ დავბრუნდი, ღირსეულად დამიტირეთო. 27 სექტემბერს ქალაქი დაეცა, ბაბუს ამბავი გაურკვეველი­ იყო. ბოლო მონაცემებით, ცოცხალი ყოფილა და მოლაპარაკებაზე წაუყვანიათ. 28-ში, დილით, ჟიულის ძმა სოსო მივიდა სამ­თავრობო შენობაში, და იქ შეატყობინეს,­ რომ მისი ძმა ცოცხალი აღარ იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბაბუა ნაწამები იყო. აიძულეს, დაჩოქილიყო, მან კი არ დაიჩოქა. ამის მერე მუხლებში ესროლეს და როცა დავარდნილა, საკონტროლო გასროლაც მიუყოლებიათ. ჟიული შარტავა მაშინ დაფასდება, როცა სოხუმში დავბრუნდებით. ის ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოსათვის იბრძოდა და თავისი მსხვერპლშეწირვით მომავალ თაობას სოხუმში დაბრუნების უფლება დაგვიტოვა.

"თვალები ცრემლიანი ჰქონდა, ხელი დამიქნია და წავიდა..."

jiuli3-1690124153.jpg

ლია შარტავა-ჯალაღონია, ჟიული შარტავას მეუღლე: - როცა მისი სოხუმში სამუშაოდ გადასვლა გადაწყდა, აფორიაქებული შევხვდი ამ ამბავს, თუმცა არაფერი მითქვამს. აღელვება შემატყო და მითხრა, ლია, წაუსვლელობა არ შეიძლება, ჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ, ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშეო.

სკოლის მერხიდან ვიცნობდით ერთმანეთს, და მოსაგონარი ბევრი მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვივიწყებ მის ბოლო ჩამოსვლას სოხუმიდან თბილისში. 1993 წლის 15 სექტემბერს, შუაღამისას ჩამოფრინდა. აფორიაქებული მეჩვენა...დილის 10 საათზე სახლიდან გავიდა ედუარდ შევარდნაძესთან შესახვედრად. მთელ დღეს არ გამოჩენილა. იმ საბედისწერო ღამეს გვიან მოვიდა, ისეთი დაღლილი იყო, საუბრის თავიც არ ჰქონდა. ვიფიქრე, დილით დაველაპარაკები-მეთქი.

16 სექტემბრის დილის 5 საათის ზარს ვერ ამოვშლი მეხსიერებიდან. ყურმილი ავიღე, ჟიულის სოხუმიდან ურეკავდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი,­ ის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა... მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა განკარგულებებს. შემდეგ მითხრა, მგონი, ისევ დაიწყო ომი აფხაზეთშიო. სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა სახელმწიფო მეთაურთან შესახვედრად. შუადღისას დაბრუნდა, მითხრა, ლია, ჩვენ ცხოვრებაში ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთო. უკვე ვიცოდი, რომ სოხუმი იბომბებოდა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ, გასვლის წინ მითხრა, ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა ღირსეულად მიტირეთო. გაცილება არ უყვარდა, აივნიდან გადავხედე­, ჟიულიმ ამომხედა, შევატყვე, რომ თვალები ცრემლიანი ჰქონდა. ხელი დამიქნია და წავიდა... სულ მეკითხებიან, რატომ წავიდა სოხუმშიო. ამ კითხვას მისი სიტყვებით ვუპასუხებდი: "რაცა ვარ, ესა ვარ. დადებითით და უარყოფითით, ცოდვებითა და უცოდველობით. მე ვდგავარ ერთ პოზიციაზე - კონკრეტული სარგებლობა მოვუტანო ჩემს ერს".სოხუმის დაცემის დღეს ჟიული შარტავას კაბინეტში ოპერატიული თათბირი ჩატარდა. კაბინეტიდან სულ ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის­ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლორიკ მარშანია და აფხაზეთის მრეწველობის მინისტრი რაულ ეშბა გამოვიდნენ. ამ დროს გაისმა ეკლესიის ზარების რეკვა. ოთახიდან გასვლის წინ ჟიულიმ შეაჩერა ისინი, მოძებნა სამი სანთელი­ და თქვა: "მოდი, ვილოცოთ მომავალ დღეზე". ლოცვის შემდეგ კი მან სამუდამოდ დატოვა თავისი კაბინეტი...

რუსუდან შაიშმელაშვილი