ვაშლოვნის სავანე
თბილისიდან უკიდურეს აღმოსავლეთისკენ გზას თუ გაუყვებით, 200 კილომეტრში, შირაქის ზეგანთან, სადაც ამჟამად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტია, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ტერიტორიას ნახავთ. მას ვაშლოვანს უწოდებენ, თუმცა იქ, ვაშლის ხე არასდროს მდგარა. დაცული ტერიტორიები, რომლის საერთო ფართობი 35 067 ჰექტარია, შედგება ნაკრძალის, მის გარშემო არსებული ეროვნული პარკისა და ცალკე მდებარე სამი ბუნების ძეგლისგან. თვალუწვდენელ ველებს ხევები და კლდეები ცვლის, დაბლობები კი წმინდა საკმლის ხის ტყეს უჭირავს. გადმოცემის მიხედვით, რადგან ტყე შორიდან ვაშლის ბაღს ჰგავს, მას ვაშლოვანი შეარქვეს. აქაური კლიმატი ცხელი და მშრალია. ჩვენი მეგზური ნაკრძალის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ამჟამად ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის თავმჯდომარე ამირან კოდიაშვილია. ჩვენ მის ინსტრუქციებს მივყევით და არწივის ხეობის აღმართიან საფეხმავლო გზას გავუყევით.
არწივის ხეობა ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების მარგალიტია. ხეობაში 78 სახეობის ფრინველი ბინადრობს. დროდადრო ვჩერდებით და ვცდილობთ ხეობის ბინადრებს შორიდან ვუჭვრიტოთ. სიცხეში გზა დამღლელია, თუმცა იქაური სილამაზის ნახვის შემდეგ აუცილებლად იტყვით, წვალებად ღირდაო. ფეხსადგამიანი მონოკლიდან ისე ახლოს ჩანს არწივის ხეობის ფლორა და ფაუნა, ასე მგონია, მეც იმ კლდის ძირში ვარ, სადაც ვეებერთელა ორბმა კამარა შეკრა და ჩამოსაჯდომად გაემზადა, მერე გადაიფიქრა და ისევ ცაში აიჭრა. ერთ-ერთ კლდეზე ბუდეში მჯდომი ყარყატი აშკარად თვალს თვალში მიყრის. "ნუთუ შემამჩნია, რომ ვუთვალთვალებ?" - ხმამაღლა ვიწყებ ფიქრს. ბატონი ამირანი მიხსნის, რომ ამ კლდეებში მობინადრე ფრინველებს კარგი მხედველობა აქვთ, ისინი დიდი სიფრთხილით გამოირჩევიან და ყურადღებით აკვირდებიან ადამიანების გადაადგილებას, მიახლოების შემთხვევაში კი ბუდეს ტოვებენ. საოცარი სანახავია წითელნისკარტა და გრძელფეხება ყარყატი. ჭოგრიტს სხვა მხარეს ვაბრუნებ და კლდის ქიმზე ბუდეზე ფრთაგადაშლილ დედა ორბს ვხედავ, ცდილობს ბარტყები მზემ არ შეაწუხოს. ჩვენი ყოფნის დროს ფასკუნჯი არ გამოჩენილა, აი, არწივს კი არწივის ხეობაში თურმე ვერსად შეხვდები. ბატონი ამირანი მიყვება: "მე-18 საუკუნეში დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე რუსი ემიგრანტები დასახლდნენ. ხეობაში მათ უზარმაზარი ფრინველები შეუნიშნავთ და უფიქრიათ, რომ არწივები იყვნენ. ამიტომ ხეობას ,,არიოლ ბალკა"“შეარქვეს, შედეგად დღემდე შემორჩა ამ სახელწოდების ქართული თარგმანი, ,,არწივის ხეობა". ხეობის კლდეებში მრავალი სახეობის მტაცებელი და ლეშიჭამია ფრინველი ბინადრობს: ორბი, ფასკუნჯი, შევარდენი, მიმინო, ქორი, კაკაჩა... ლეშიჭამია ფრინველებს მკვდარი ცხოველის პოვნის საოცარი უნარი აქვთ. მათ შეუძლიათ შორიდან ისიც გაარკვიონ, ცხოველი მკვდარია თუ ცოცხალი. ერთმა თუ იპოვა, მას ყველა მიჰყვება და ძალიან სწრაფად ლეშთან ბევრი ფრინველი იყრის თავს. შეიძლება 2 საათში მთელი ძროხაც შეჭამონ".
პროფესიონალურ სათვალთვალო ჭოგრიტში სალ კლდეზე ამოსულ ხასხასა მწვანე მცენარეს ვხედავ და გაოცებული მეგზურს კითხვებით ვაბრუებ: "კლდეზე როგორ ხარობს? ფესვი არა აქვს? რა მცენარეა?" - ჩემი გაოცების ობიექტი უიშვიათესი და ულამაზესი ყვავილოვანი მცენარე, ,,კახეთის მაჩიტა" აღმოჩნდა. ფესვები კლდის უწვრილეს მილებში აქვს გადგმული და გვალვის დროს იქიდან იწოვს ნესტს. მთელ დედამიწაზე ,,კახეთის მაჩიტა"“ მხოლოდ აქ ხარობს. როგორც ჩემი მეგზური მეუბნება მაჩიტების ბევრი სახეობა არსებობს, თუმცა ,,კახეთის მაჩიტა"“ სხვებისგან გამორჩეულია. საუკუნეების წინ ამ ტერიტორიას ოკეანის წყალი ფარავდა. ხმელეთის გაჩენის შემდეგ პირველი მცენარე სწორედ ,,კახეთის მაჩიტა" აღმოცენდა. ის ენდემია და განსაკუთრებულად ვიცავთო.

ვაშლოვანში გვერდიგვერდ იზრდება ალპური, ნახევარუდაბნოსა და ჭაობის მცენარეები. სწორედ ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ამ ტერიტორიას ბუნების ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
საკმლისხეებიანი დაბლობი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ვაშლის ბაღს, თუმცა ახლოს მისვლის შემდეგ ხვდები, რომ საკმლის ხეს ფოთოლიც და ვარჯიც განსხვავებული აქვს. მას ქალწულებრივ ტყესაც ეძახიან. პატრიარქის საკმლის ხე თითქმის 1000 წლისაა, ხეთა უმეტესობა კი 300-400 წელს ითვლის. თითო-ოროლა საკმლის ხე შეიძლება საქართველოს სხვა კუთხეებშიც შეგხვდეთ, მაგრამ ამ ხეების ტყეს ამხელა ფართობზე (თითქმის 2000 ჰექტარი) მსოფლიოში ვერსად იპოვით. როცა ჰაერის ტემპერატურა +40-50 გრადუსს აღწევს, საკმლის ხის ფოთლის ზედაპირი სკდება და იქიდან ნივთიერება ჰაერში გაიტყორცნება. ამ ნივთიერებით იქმნება ღრუბელი, რომელშიც მზის სხივი გრილდება. სიგრილის გამო, საკმლის ხის ძირას უამრავი მცენარე ხარობს.
ვაშლოვნის ხეობებს სხვადასხვა სახელი აქვს: მერცხლების ქალაქი, დათვისხევი, პანტიშარის ხეობა და ა.შ. ბატონი ამირანის ვარაუდით, პანტიშარის ხეობას ეს სახელი პანტის ხეების სიხშირის გამო შეარქვეს. მერცხლების ქალაქში კი იმდენი მერცხლის ბუდეა, დათვლა გაგვიჭირდა.
შეიძლება თვალებს არ დაუჯეროთ, როდესაც ამ ხეობის კლდეების ჩამონაშალში დიდ ნიჟარებს შენიშნავთ. "სად უდაბნოდ ქცეული ვაშლოვანი და სად ნიჟარები?" - გაოცება არ დამიმალავს ჩემი მეგზურისთვის. ამირან კოდიაშვილი კიდევ ერთხელ დაუზარლად მიხსნის: "რამდენიმე მილიონი წლის დათვისხევის კლდეების შრეებში ჩალაგებული უდიდესი ნიჟარები იმის ნათელი მაგალითია, რომ აქ ოდესღაც წყალი იყო. კავკასიონის მთაგრეხილის აღმოცენებისა და წყლის ორად გაყოფის შემდეგ არწივის ხეობაში რიფები დაიპრესა და მივიღეთ უმშვენიერესი კლდეები, ხოლო დათვისხევსა და პანტიშარის ხეობაში დანალექ ქანებში ფენა-ფენა ჩალაგდა მილიონობით მოლუსკი. არწივის ხეობის მსგავსად, ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული კაკლის ყურეს, იმავე ალაზნის ჭალას, და ტახტითეფას ტალახის ვულკანებს.
სიცხისგან გათანგულებს რეინჯერთა სადგურში ცივი ყავა მოგვართვეს. მოგვიანებით დაცული ტერიტორიების დირექტორი მერაბ ფიროსმანიშვილი შემოგვიერთდა. სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ ნაკრძალში 250-კილომეტრიანი ბილიკი, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოუწყვიათ, ასე რომ, ვიზიტორების სტუმრობასღა ელიან.
ქურციკზე ნადირობა აკრძალულია!

ამირან კოდიაშვილი საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენის მრავალწლიანი პროექტის აქტიური მონაწილეა: - სამუხის ველზე რამდენიმე ქურციკი ჩამოვიყვანეთ ბუხარის საჯეირნე საშენიდან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათ მოსავლელად რესურსი აღარ გვქონდა, ვოლიერში მგლები გადახტნენ და ქურციკები დახოცეს. 2010 წლიდან დაცული ტერიტორიების სააგენტომ კვლავ დაიწყო ამ პროგრამაზე მუშაობა. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დახმარებით ქურციკები თურქეთიდან შემოვიყვანეთ და დიდ ვოლიერში გავუშვით, მაგრამ ეს გზაც არ აღმოჩნდა მათი გამრავლებისთვის ხელსაყრელი. შემდეგ წლებში აზერბაიჯანიდან შემოყვანილი ქურციკები სამუხის ველზე, ველურ გარემოში გავუშვით. ქურციკების რაოდენობამ დღეისათვის 300 მიაღწია. ამ მნიშვნელოვანი პროექტის კონსულტანტი ვაჟიკო ყოჩიაშვილი თავაუღებლად შრომობს. ქურციკი სწრაფად მრავლდება, ერთ, ორ ან სამ ლიკლიკს შობს. ისინი გუნდურად ცხოვრობენ. სხეული ჩალისფერი აქვთ, კუდის მხარე კი - თეთრი. გუნდში ყოველთვის ჰყავთ ე.წ. დარაჯი ქურციკი, რომელიც საფრთხის შესახებ პირველი იგებს და დაახლოებით 8-მეტრიანი ნახტომებით იწყებს გაქცევას. მაღალი ნახტომების დროს სხეულის უკანა ნაწილში განლაგებული თეთრი ლაქები ადვილად შესამჩნევია, რაც სხვა ქურციკებისთვის საფრთხის მომასწავებელია და სხვებიც მიჰყვებიან სირბილით. ქურციკის ხორცი დელიკატესად ითვლება, მაგრამ მსოფლიოში მათი რაოდენობა იმდენად შემცირებულია, მასზე ნადირობა ყველა ქვეყანაში აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ბრაკონიერები არ ისვენებენ. ერთხელ მოკლეს ქურციკი, რომელსაც სატელიტური საყელო ეკეთა, და სატელიტის მიხედვით გახდა ცნობილი ბრაკონიერთა ვინაობა და ადგილსამყოფელი, მაგრამ ქურციკი ვერ ვიპოვეთ და ბრაკონიერობაც ვერ დავუმტკიცეთ.
ბოლო დროს ვაშლოვანს ბევრი ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი ჰყავს. 20 წელიწადი ვაშლოვნის ნაკრძალში ვიმუშავე და ფოცხვერი სულ სამჯერ ვნახე, დათვი - ორჯერ, მგელი უფრო ხშირად... თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, ამ ტერიტორიაზე ვიზიტორისთვის გარეულ ცხოველს რაიმე დაეშავებინოს. ერთხელ მეცნიერ ბეჟან ლორთქიფანიძესა და ერთ-ერთ რეინჯერს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ტყეში ბრაკონიერები დადიოდნენ. გაეკიდნენ და უკან დაბრუნებულებს ლეოპარდმა გადაურბინათ. ლეოპარდის იქ არსებობის შესახებ მანამდე მხოლოდ ფოტოხაფანგებიდან ვიცოდით. ამით იმის თქმა მინდა, რომ მტაცებელთან შეხვედრა იშვიათობაა და წესების დაცვის შემთხვევაში სახიფათოც არ არის.
ნელი ვარდიაშვილი