"რუსეთის მოქალაქეები ახლა ანაკლიის სახლებზე ნადირობენ" - კვირის პალიტრა

"რუსეთის მოქალაქეები ახლა ანაკლიის სახლებზე ნადირობენ"

უამინდობის გამო წელს სამეგრელოს მუნიციპალიტეტში ზღვის სეზონი შედარებით გვიან დაიწყო. ხშირი წვიმები, წყალდიდობა, ქარი, შტორმი და გრილი ამინდები ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა, რაც უჩვეულოა, რადგან რეგიონში მაღალი ტემპერატურა ივნისის ბოლოდან იწყებოდა. ანაკლია-განმუხურში თვალში მოგხვდებათ ზღვის სანაპიროებზე დამსვენებლების სიმცირე და სიძვირე.

ემირ ცხადია: "დამსვენებლები გვებუ­ზღუნებიან, სულ წვიმს, სამეგრელოა თუ შოტლანდიაო... უფროსი თაობა ამბობს, წელიწადზე მეტია მეზობლად ქვეყანა ინგრევა, ამდენი ბომბი, ამდენი აფეთქება კლიმატზე აისახაო... ალბათ, მართალიც არის. სადაც რუსმა ფეხი დადგა, ყველგან სიკვდილი და ნგრევა დატოვა და კიდევ მეუბნებიან, უბრალო ხალხმა რა დაგიშავაო. ესენი "უბრალო" არც ერთი არაა, ყველა "ბრალიანია". განმუხურში აკვაპარკის ახლოს სასტუმრო შენდებოდა და 2008 წლის ომის დროს მშენებარეს დაარტყეს. რუსები გვეკითხებიან - ამ შენობაში რა იყოო. როდესაც ვეუბნები, სასტუმრო იქნებოდა, 2008 წელს თქვენს ხელისუფლებას რომ არ დაებომბა ესეც და სხვა დანარჩენიც-მეთქი, არ მოსწონთ - პოლიტიკა არ გვაინტერესებსო.

განმუხური-ანაკლიის ხიდის საფარი ალაგ-ალაგ ისეთი ამოყრილია, ველოსი­პედით მიმავლებს ზიგზაგებით უწევთ სიარული. მაღაზიებში შეხვდებით რუსულ­ პროდუქციასაც, რომლის წარმომავლობაზე მეპატრონეები გაურკვეველ პასუხს გაძლევენ, - დისტრიბუტორმა საიდან მოიტანა რა ვიცითო. ნაწილის თქმით, აფხაზეთიდან შემოიტანეს... სიძვირეს ხალხი არასტაბილური ამინდებით ხსნის, დამსვენებელი ცოტაა და "ხარჯის ამოღებას ცდილობენ..."

ორივე კურორტის სანაპიროზე თვალში­ მოგხვდებათ მოუწესრიგებელი პლაჟები, იქაურობა სუფთავდება, მაგრამ როგორც ჩანს, არც ადგილობრივები და არც ტურისტები წესრიგით დიდად არ გამოირჩევიან. სანაპიროზე მიმოფანტული ერთჯე­რადი შპრიცების გამო პლაჟზე ფეხშიშველი­ სიარული სახიფათოა. როგორც ადგილობრივები მიყვებიან, აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის "მეტადონის" პროგრამა უფასოა. ისინი კი ამით სარგებლობენ, ამბობენ, არასტაბილური მდგომარეობის გამო შესაძლოა რამდენიმე დღე ვერ შევძლოთ გადმოსვლა და ამიტომ მეტი გვჭირდებაო, თუმცა შემდეგ ქალაქში ყიდიან.

რუსულენოვანი დამსვენებლები ჯერ კიდევ ცოტაა, მაგრამ როგორც ამბობენ, ისე ხმაურობენ, რომ ბევრი გეგონებათ...

"დილიდან საღამომდე პლაჟზე არიან. ხანდახან ვხუმრობთ, რომ ჩაუვლი, შემწვარი ხორცის სუნი აქვთო", - მეუბნება ერთი მოსახლე. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებს ზოგი "არამეგობრულად" ექცევა. ახსოვთ, როგორ ბომბავდა რუსეთის საოკუპაციო ჯარი განმუხურს, ურთას, კოდორის ხეობას, ფოთსა და დანარჩენს საქართველოს და არც არასდროს აპატიებენ. არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ პუტინის გამო მათთან დაპირისპირება­ არ ღირს. ამის გამო, მოსახლეობამ ერთმანეთი "რუსთმოძულე" და "რუსთმოყვარულად" დაყო.

anaklia2-1690125524.jpg

მოსახლეობის თქმით, ანაკლიას მეტი დამსვენებელი ჰყავს, განმუხურში კი ისინი­ ჩამოდიან, სუფთა ზღვა რომ სურთ.

"ზღვა სუფთა იმიტომ არის, რომ აფხაზეთთან უფრო ახლოა, იქაური ზღვა კი ყოველთვის გამორჩეული იყო. აქედან ხელის გაწვდენაზეა, ფეხით, 15 წუთში "მელე" გადახვალ (მელე - მეგრ, იქითა მხარე, ანუ გაღმა ნაპირი), მაგრამ სადაა ეს ბედნიერება. რამდენიმე წლის წინ გიორგი კეკელიძე­ შეგვპირდა, განმუხურის ზღვაში­ ძველ სეინერზე გემბიბლიოთეკას გავაკეთებთო, მაგრამ ის გემი ისევ ისე მარტო, დროისა­ და ადამიანისგან გაოხრებული ირწევა ზღვაში და მკითხველს კი არა, მხოლოდ ცნობისმოყვარე ტურისტებსა და დამთვალიერებლებს მასპინძლობს", - ამბობს ანა დუნდუა.

რუსი ტურისტები ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებენ, პირად საუბარში კი ამბობენ, რომ თავს ცუდად არ გრძნობენ.

"საქართველოში ადრეც გვინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა­ ხელი. კარგი იქნებოდა, სანაპიროები უფრო მოწე­სრიგებული იყოს და მეტი გასართობი­ ადგილი გქონდეთ. ყველგან საზამთროს ქერქები, ერთჯერადი პარკები, პლასტმასის ბოთლები, შპრიცები ყრია. ზოგი რამ შედარებით ძვირია, თუმცა მთლიანობაში სტაბილური სიტუაციაა. მთავარია, ამინდი გამოვიდეს", - ამბობს 37 წლის ალიონა.

კიდევ ერთის თქმით, რამდენიმე დღის წინ ის და მისი მეგობრები ადგილობრივებისგან პოლიციამ დაიცვა:

"ერთ კვირაში უკვე ორჯერ მოგვექცნენ­ აგრესიულად... იყო შემთხვევები, როდესაც­ თანხის გადახურდავებასა და პროდუქტის შეძენაზე უარი გვითხრეს - რუსებს არ ვემსახურებით, აქედან რამდენიმე კილომეტრში აფხაზეთია, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული და შეგიძლიათ იქ მიბრძანდეთო. თუ არასასურველი ვიზიტორები ვართ, სახელმწიფომ გვითხრას უარი. ჩვენი­ ბიჭები უკრაინაში იხოცებიანო... ჩვენებიც იხოცებიან... არც ჩვენ გვინდა ომი, ამიტომ წამოვედით აქ. საქართველოშიც არიან ადამიანები, ვინც უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებს და პუტინის პოლიტიკის მომხრეა. თავად ვესაუბრე მათ", - ამბობს 41 წლის ანასტასია.

არჩილ ხუფენია პატარა სასურსათო­ მაღაზიიდან მიღებული შემოსავლით ირჩენს თავს: "ადვილი არაა იმ ხალხის განსჯა,­ ვინც რუსებს ემსახურება და სახლებს ყიდის. აქაურები დღედაღამ მუშაობენ, მაგრამ უკეთესობა არ არის... ახლა ამბობენ, ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდებაო. პროპაგანდა, რომ თუ რუსეთს დასჭირდა, საქართველოსთან ომზეც არ დაიხევს უკან, მუშაობს. ზოგს ეშინოდა, თუ პორტის მშენებლობას ამერიკელები დაიწყებენ, რუსეთი დაგვარტყამსო. ისინი, ვისი მიწის ნაკვეთებიც პორტის­ პროექტში მოხვდება, კომპენსაციასაც ელოდებიან, სხვები კი სამუშაოს, რომელიც აქ დარჩენის სტიმულს მისცემს. იმედია, პორტი მართლა აშენდება, თორემ ტურისტისა და თხილის იმედზე, რომელიც ჩამოკრეფამდე ლპება და თეთრებში უწევთ ჩაბარება, ჩემი მტერი იყოს".

"ქართველი ყველაფერზე თითს იშვერს,­ ცხვირს იბზუებენ, რუსი შედარებით მომთმენია, მაგრამ მე სხვანაირად მგონია­ - ახლა ასე აწყობთ. როდესაც რამეს ეკითხებიან, ცდილობენ ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნონ - პოლიტიკაში არ ვერევით, ვცდილობთ მშვიდად ვიცხოვროთ. საქართველოში აგრესია ნაკლებია, ამიტომ შედარებით უსაფრთხო ქვეყნად ვთვლითო­, მითხრეს. ვუთხარი, საბჭოთა კავშირის დროს ჩემს მეზობლად რუსებმა რამდენიმე­ ათეული წელი იცხოვრეს­ და ერთი სიტყვა ქართული არ იცოდნენ-მეთქი.­ მაშინ რუსული საერთაშორისო ენა იყო და იმიტომ, ქართველებიც ხომ რუსულად იღებდნენ განათლებასო, მითხრეს. გავბრაზდი, დაპყრობილი ვყავდით რუსეთს, სხვა ალტერნატივა არ გვქონდა და იმიტომ-მეთქი, მაგრამ ელაპარაკე რამდენიც გინდა. ჩემი ემოციური საუბრის ფონზე ცხელ ხაჭაპურს მიირთმევდნენ და ცივ წვენს აყოლებდნენ, ზუგდიდში გასინჯულს ეს სჯობია, ფასიც უფრო დაბალიაო", - გვითხრა ნანა ქვარცხავამ.

ანაკლიელი დაურ მებონიას თქმით, დამსვენებლების გარდა, კვირაში რამდენჯე­რმე რუსეთის მოქალაქეები ავტომანქანით ჩამოივლიან და გასაყიდ სახლებს ეძებენ.

"ბოლო დღეში ათზე მეტმა კაცმა­ იკითხა, ვინმე სახლს ხომ არ ყიდისო. ბოლო წლებში უამრავი ოჯახი აიყარა და საცხოვრებლად თბილისში, ევროპაში ან ამერიკაში წავიდა. ზოგმა სახლი დაკეტა. თანდათან ზოგს სახურავი დაუზიანდა, ზოგს კარი, ქარმა ღრიჭო იპოვა და მოარყია, იქ საქონელმა ღობე და ჭიშკარი დააზიანა. იციან, ვატყობინებთ, დარდობენ, მაგრამ ვერ ჩამოდიან. სულ ჩამოქცევას, მირჩევნია,­ გავყიდო და ფული შვილებს მოვახმაროო, უთქვამთ. რუსეთის მოქალაქეები ახლა ასეთ სახლებზე ნადირობენ. ზოგ მეპატრონეს ტელეფონის ნომერი ჭიშკარზე უწერია, ან მეზობელს, მაღაზიის გამყიდველს დაუტოვა, თუ მყიდვ­ელი გამოჩნდეს, შემატყობინეო. რუსები კარ-მიდამოს უფრო ზღვის ახლოს ეძებენ, განაშენიანებულს, ხეხილით, თხილით­. 5-6 კილომეტრის დაშორებითაც არ არის პრობლემაო. ზოგი ამბობს, ტურები­ და მგლები რომ კიოდნენ, იმას არ ჯობია, ადამიანები ცხოვრობდნენ და აქაურობა გამოცოცხლდებაო, მაგრამ არ ვეთანხმები, უთოფოდ აგვიღებენ. თუ ბევრი მოგროვდნენ, რუსულენოვან სკოლასაც მოითხოვენ... ჩვენი­ ხალხი გარბის, ისინი­ კი ჩამოდიან და ჩამოდ­იან. ბიზნესს გეგმავენ - თან ონლაინ ვიმუშავებთ, თან სოფლის მეურნეობას მივხედავთო. ერთმა მითხრა, სახლს რომ გავარემონტებ, გესტჰაუსს გავაკეთებ, შემდეგ კი ჩემი მინივენით რუსეთიდან და ბელარუსიდან დამსვენებლებს ჩამოვიყვან, ბევრი აქ ჩამოსვლისგან თავს იკავებს, არადა, ყირიმშიც არასტაბილური მდგომარეობაა, აფხაზეთში კი საშუალოზე დაბალი ფენა ჩადის, რადგან ადამიანის უფლებები დაცული არ არის, საქართველოში სიმშვიდეა, შედარებით განვითარებული ქვეყანაა, დაბალი ფასებია, რუსეთში წასვლის პრობლემაც არ არის და აქ გვირჩევნიაო... ზოგი უკმაყოფილოა, თქვენთან სიძვირეაო, ანუ თან გვიპყრობენ და თან გვაყვედრიან. სამწუხაროდ, არიან ისეთები, ვინც რუსებს ეუბნება, არაფერში გვჭირდება "გარყვნილი ევროპა", სიამოვნებით ვიქნებით რუსეთთან, საბჭოთა კავშირის დროს არავინ გვებრძოდაო. საბჭოთა ნოსტალგია უფროს თაობას აქვს, მაგრამ გოგო-ბიჭებიც აკრიტიკებენ ევროპას. თუმცა სამუშაოდ მაინც ევროპაში გარბიან. ჩემს მეზობლებს ვეუბნები, აჭარაშიც უხაროდათ რუსების შემოსვლა, მაგრამ რუსებმა თავად იყიდეს ფართობები და აჭარლები ახლა რუსებს ემსახურებიან-მეთქი. ერთმა მითხრა, ვინც იყიდა, მისი სტუმრები და ახლობლები ხომ ჭამენ და სვამენ, ის ფული კი ბიუჯეტში არ გროვდებაო?! ისევ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ - მოსახლეობას განათლების პრობლემა აქვს.