„არ ვიცოდი, თუ საქართველოში 350 000-ზე მეტი დევნილი იყო. როცა ეს გავიგე, მინდა ეს ფაქტი გავაპროტესტო!“
1946 წელს ლონდონში მსახიობისა და სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ლეიტენანტის ოჯახში დაიბადა გოგონა, სახელად ჯეინ მელონი ბირკინი, რომელსაც მოგვიანებით მსოფლიო გაიცნობს როგორც ჯეინ ბირკინს. სცენისა და კინოს ლეგენდა, სტილის ეტალონად აღიარებული ჯეინ ბირკინი ცნობილია არა მარტო კინოროლებით, არამედ მოდაში გამორჩეული სტილის დამკვიდრებითაც. მისი სახელი მომღერალ სერჟ გენსბურთან ერთად კი იმ ჰიტებს შორისაა, რომლებიც 1960-იანი წლებიდან დღემდე პოპულარულია. ჯეინ ბირკინმა სახელი გაითქვა როგორც მსახიობმა და მომღერალმა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ 2010 წელს ის საქართველოში ჩამოვიდა და ზუგდიდში კონცერტი გამართა. როგორი იყო ჯეინ ბირკინის შთამბეჭდავი ცხოვრება და რა აკავშირებს მას მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ჩანთასთან? - ამ კითხვებზე პასუხებს მედიაში სხვადასხვა პერიოდში გაშუქებული ჯეინ ბირკინის ინტერვიუებიდან გთავაზობთ.
"რომ არა ჩემი ინგლისური აქცენტი, ალბათ, ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდი"
1968 წელს ინგლისელი მსახიობი ჯეინ ბირკინი პარიზში რომანტიკული კომედია "სლოგანის" კინოსინჯებზე მიიწვიეს. 22 წლის ბირკინს მაშინ ვერ წამოედგინა, რომ ეს ფილმი მის ცხოვრებას შეცვლიდა. სწორედ "სლოგანის" გადაღებაზე გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე სერჟ გენსბური, რომლის მუზაც გახდა და რომელთანაც თანამშრომლობამ მსოფლიოს მრავალი ჰიტი აჩუქა, თუმცა მანამდე იყო ქარტეხილებითა და სკანდალებით სავსე 13-წლიანი თანაცხოვრება. Fფილმის გადაღების დასასრულისთვის წყვილს უკვე იმდენად უყვარდა ერთმანეთი, რომ ჯეინი პარიზში სამუდამოდ დარჩა. 1969 წელს გენსბურმა ბირკინთან ერთად შეასრულა სიმღერა "მე მიყვარხარ... მეც - არა", რომლის სექსუალური შინაარსის გამო იმხელა სკანდალი დატრიალდა, რომ იტალიის, ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს რადიოსადგურებმა აკრძალეს. 1975 წელს სერჟ გენსბურმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, მთავარ როლში ჯეინ ბირკინის მონაწილეობით, და ფილმსაც იგივე ბედი ერგო, მრავალ ქვეყანაში ფილმის ჩვენება აიკრძალა. რუსეთში კი პირველად 2004 წელს სერჟ გენსბურისადმი მიძღვნილ ფესტივალზე აჩვენეს. ფილმში შესრულებული როლისთვის ჯეინ ბირკინი წარდგენილი იყო "სეზარის" ჯილდოზე, კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი. ჯეინ ბირკინს შესრულებული აქვს 70-ზე მეტი კინოროლი და ჩაწერილი აქვს 10-ზე მეტი მუსიკალური ალბომი.
ჩანთა "ბირკინი"
ჯეინ ბირკინის სტილის განუყოფელი ნაწილი იყო ჩალის ჩანთა, რომელიც მას ყველგან დაჰქონდა. ერთხელაც, 1983 წელს, ლონდონი-პარიზის რეისზე ჯეინმა ჩანთა თავისი ადგილის ზედა ნაწილში შემოდო, თუმცა ჩანთა გადმოგორდა და მისი ნივთებიც მიმოიფანტა, მაშინ დაიწუწუნა მეზობელ მგზავრთან, რომ ჯერ ვერ იპოვა სასურველი ფორმის ჩანთა, რომელიც მის განუყრელ ჩალის აქსესუარს ჩაანაცვლებდა. ის მგზავრი კომპანია "ჰერმესის" მთავარი დიზაინერი ჟან-ლუი დიუმა იყო. მაშინ "ჰერმესს" უკვე შექმნილი ჰქონდა ჩანთა გრეის კელის შთაგონებით, სახელწოდებით "კელი". ჯეინთან საუბრის შემდეგ, თვითმფრინავში გულისრევისთვის განკუთვნილ პარკზე, ჯეინმა ჩანთის ესკიზი დახატა, მომდევნო წელს კი ამ ესკიზის მიხედვით ჟან-ლუი დიუმამ შექმნა ჩანთა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულია. ბირკინის ჩანთების რეკორდულად დიდი რაოდენობა გაიყიდა პანდემიის პერიოდში. "ქრისტის" აუქციონის წარმომადგენლობის განცხადებით, აუქციონის ისტორიაში ყველაზე მაღალ ფასად გაყიდულ ჩანთებს შორისაა ნიანგის ტყავის "ბირკინი", რომელიც - 390.000 დოლარად, ხოლო კელის ჩანთა - 450.000 დოლარად გაიყიდა. ხბოს, ან ნიანგის ტყავისგან შექმნილ ამ მდიდრულ ჩანთაზე, სახელად "ბირკინი", 40 წლის შემდეგაც დიდი მოთხოვნაა. მისი ფასი 10.000 დოლარიდან იწყება, ზოგიერთი მოდელის ღირებულება 500.000 დოლარს აღემატება. 2015 წელს ჯეინმა ოფიციალურად მისწერა "ჰერმესის" წარმომადგენლობას, რომ მისი სახელი მოეშორებინათ ცნობილი ჩანთებიდან ცხოველის ტყავის გამოყენების გამო.
ჯეინ ბირკინი ქართველებს - "მე თქვენ არასდროს დამავიწყდებით!"
2010 წლის მაისში გამოცემა "ტაბულა" წერდა: "დამოუკიდებლობის დღეზე, ზუგდიდს ჯეინ ბირკინი ესტუმრა და რამდენიმე სიმღერა საყვარლად უღიღინა. ბირკინი არასდროს დაავიწყდება დაცვის პოლიციის ერთ თანამშრომელს, რომელსაც ჯეინმა სიმღერის ბოლოს ლოყაზე აკოცა".
ლეგენდად აღიარებული მსახიობი საქართველოში "ალტერვიჟენ გრუპისა" და კოალიცია "სამართლიანობის" ორგანიზებულ აქციაზე მივიდა. ქართველი დევნილების მხარდასაჭერ აქციაზე, ჯეინ ბირკინის გარდა, სხვა შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ.K ცნობილია, რომ კონცერტამდე ენგურის ხიდზე საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, დევნილები, თბილისიდან ჩასული სტუმრები და ჯეინ ბირკინიც მონაწილეობდნენ, მათ ერთად გააპროტესტეს რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკა. კონცერტის ბოლოს კი ჯეინ ბირკინმა საზოგადოებას მიმართა: "აქა ვარ იმიტომ, რომ გავაგონო ჩვენი სიტყვები მათ - ჩემს მთავრობას ვგულისხმობ, ვისაც საქართველოს პრობლემის გადაჭრა შეუძლია. მე არ ვიცოდი, თუ საქართველოში 350 000-ზე მეტი დევნილი იყო. როცა ეს გავიგე, საშინლად აღვშფოთდი და მინდა ეს ფაქტი გავაპროტესტო! მჯერა, რომ ერთად ყველაფერს შევცვლით, თქვენ მე არასდროს დამავიწყდებით!"
ჯეინ ბირკინი 16 ივლისს პარიზში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, მსოფლიოს კი დაუტოვა უკვდავი ჰიტები, განსახიერებული როლები, განსაკუთრებული სტილი, რომელმაც ის მოდის ეტალონად აქცია, და ჩანთა, სახელად "ბირკინი".