„ბრუკლინში პატარა საქართველო გვაქვს, ჩემ თვალწინ ქართველების ერთი თაობა­ გაიზარდა“ - კვირის პალიტრა

„ბრუკლინში პატარა საქართველო გვაქვს, ჩემ თვალწინ ქართველების ერთი თაობა­ გაიზარდა“

ამერიკაში, ქალაქ ბრუკლინში, ამერიკელმა კაცმა ქართველებისთვის ნამდვილი სამოთხე შექმნა ქართული კულტურის ცენტრის სახით - ჯერ ამერიკელები ააცეკვა და აამღერა ქართულად, მერე ემიგრანტი ქართველებისთვის შექმნა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, საბალეტო სკოლები, თეატრები - დიდებისა და პატარებისთვის, სამხატვრო წრეები, საკვირაო სკოლა... ეს კაცი ვიქტორ სირელსონია, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს. როგორც მისი მეუღლე ლიკა ბახტურიძე ამბობს, ქართული ფოლკლორი მისთვის ყოველთვის ძვირფასი იყო, მაგრამ ვიქტორზე დაქორწინების შემდეგ უფრო მეტად დააფასა მშობლიური კულტურა. მათ ოჯახში დილა ქართული ჰანგებით იწყება, დღე გრძელდება ქართველებთან­ ურთიერთობით და საღამო სრულდება ქართველებზე საუბრით. როდესაც ახალდაქორწინებული ლიკა მეუღლის სახლში პირველად მივიდა, ცხრა ქართველი მოცეკვავე დახვდა. ისინი ბატონ ვიქტორთან სრულიად უსასყიდლოდ ცხოვრობდნენ. ვიქტორ სირელსონი და ლიკა ბახტურიძე დღემდე ეხმარებიან და გულშემატკივრობენ ამერიკაში ჩასულ ქართველებს, განსაკუთრებით კი ხელოვანებს. როგორ შეხვდა ეს წყვილი ერთმანეთს, რით არის განპირობებული ამერიკელი კაცის ქართული კულტურისადმი უსაზღვრო სიყვარული, ამ და სხვა საინტერესო ამბებზე ლიკა ბახტურიძე გვესაუბრება:

- ძალიან უცნაურად გავიცანი ვიქტორი, ნიუ-იორკში ვიყავი ჩემს მეგობარ ეკასთან. ვიქტორი მისი მეგობარია. მითხრა, აქ ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლია და წამოხვალო? ისე უცნაურად მომეჩვენა, რამდენჯერმე გავამეორებინე. კი მაგრამ, აქ ქართველები არ არიან და ვინ ცეკვავს-მეთქი?! ერთი სიტყვით, წავყევი და იქ გავიცანი ვიქტორი. სცენაზე ერთადერთი ქართველი იყო, დარბაზში - მხოლოდ მე და ეკა. კონცერტი რომ დასრულდა, მაყურებელი ადგა და ისე დაუკრა ტაში. 26 წლის წინ ამერიკელების შესრულებული ქართული ხალხური ცეკვა საოცარი სანახავი­ იყო. ამერიკელებმა სიხარულის ცრემლებით მატირეს.

- როგორ მოახერხა ამერიკელმა ვიქტორ სირელსონმა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის შექმნა, ან რის საფუძველზე­ გაუჩნდა ასეთი სურვილი?

- ვიქტორმა საქართველოში 1964 წელს იმოგზაურა. ერთ-ერთი პირველი­ სტუდენტი იყო, რომელიც ქვეყნებს შორის საერთაშორისო გაცვლის მონაწილე გახდა. დიახ, ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა­ სტუდენტები გაცვალეს. 20 ამერიკელი სტუდენტი გაემგზავრა საბჭოთა კავშირში. ვიქტორმა მოიარა მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი, ერევანი, თბილისში მატარებლით წამოსულა. მგზავრობისას, როგორც ამბობს, უცნაური სიმღერა შემოესმა. გაჰყვა ამ ხმას და ერთ კუპესთან მივიდა. ჯერ გარედან მიაყურადა, შემდეგ კარი გამოაღო, შეიხედა... მომღერლებმა, რომლებიც ქართველები­ აღმოჩნდნენ, ვიქტორი მიიპატიჟეს და გამოელაპარაკნენ. თავად ამ ამბავს ასე ჰყვება: ბიჭები რაღაც უცხო საჭმელს ჭამდნენ. მეც დამპატიჟეს, გავსინჯე და მომეწონა, ძალიან გემრიელი იყო, ხორცისა და ბადრიჯნის კერძი. მერე მათთან ერთად ღვინოც დავლიე და სადღეგრძელოც ვთქვი. როგორც აღმოჩნდა, სიმღერა, რომელმაც ვიქტორი მოაჯადოვა, "ჩაკრულო" იყო, ახალგაზრდები კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. მე, რა თქმა უნდა, ისედაც მიყვარდა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამერიკელზე დავქორწინდი, მეტად დავაფასე ჩვენი კულტურა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ყოველდღიურობა გახდა, ყოველი დილა ქართული ხალხური სიმღერით იწყებოდა.

- ამერიკაში ქართული ცეკვების დადგმა როგორ შეძლო, ან ცეკვისთვის საჭირო ფორმები როგორ ჩაიტანა?

- საქართველოში მოგზაურობის შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიძლება მეტი გაეგო ქართულ კულტურის შესახებ. ამერიკაში არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა. ქართულ სათვისტომოსაც ძალიან მწირი მასალა ჰქონდა. დიდხანს ეძება და, როგორც იქნა, მიაგნო ნიუ-იორკში ქართველ ქორეოგრაფს. ვიქტორს ძალიან დიდი წრე ჰყავს, უმრავლესობა ხელოვნებითაა დაინტერესებული. შესაბამისად, როდესაც ვიქტორმა ანსამბლის შექმნის იდეა გაახმოვანა, ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდა. სხვათა შორის, ვიქტორის ჩამოყალიბებულ ქართულ ანსამბლში მეტროპოლიტენ-ოპერის სამი სოლისტი ცეკვავდა. ამერიკელები­ ძალიან ინტერესიანები არიან, მოსწონთ და აფასებენ უცხო კულტურას, ქართული ცეკვა და სიმღერა კი მათთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა. პირველი კონცერტი კოსტიუმების გარეშე ჩაატარეს, მოგვიანებით კი ბატონი გელოდი ფოცხიშვილის დახმარებით შეიძინეს კოსტიუმები.

- ბატონი ვიქტორი რა პროფესიის წარმომადგენელია?

- მათემატიკოსია და ლექციებსაც კითხულობს. ეს მისი ძირითადი პროფესიაა, თუმცა ფოლკლორისტიც არის.

bruk2-1690126815.jpg

- როგორც ჩანს, საქმეში თქვენც ჩაერთეთ და საკმაოდ წარმატებულადაც.

- დიახ, 1998 წლის შემდეგ, როდესაც ამერიკაში ქართველი ემიგრანტების ჩამოსვლა მასობრივად დაიწყო, გადავწყვიტეთ, საკვირაო სკოლა შეგვექმნა. ამას ქართული­ თეატრი მოჰყვა, სიმღერის ანსამბლი და ა.შ. იმ პერიოდისთვის ჩვენ უკვე შექმნილი გვქონდა კორპორაცია და მისი სახელით ბატონმა ლექსო გოდერძიშვილმა პირველი ვოკალური ჯგუფი "მგზავრული" ჩამოაყალიბა, მერე ტრიო "მაგნოლია"... დღეს უკვე გვყავს უფროსების პროფესიონალური ცეკვის ანსამბლი, ასევე საბავშვო ანსამბლი "დაკარგული ლეგენდები", ვოკალური ჯგუფი "ზეკარი", ნიუ-იორკის ქართული თეატრი. პირველი საბავშვო ანსამბლი "ფესვები" დავაფრთიანეთ და გავუშვით. დღემდე ვგულშემატკივრობთ. მერე იყო "ჯორჯია", რომელიც ახლა დამოუკიდებლად მუშაობს და დღემდე ჩვენი სიამაყისა და სიხარულის საგანია. "დაკარგულ ლეგენდებსაც" რომ დავაფრთიანებთ, მერე არ ვიცი, რა იქნება.­ აქ უკვე იმდენი ქართველი ბავშვია, ერთი-ორი სტუდია ვერ აუვა. სხვათა შორის, საბავშვო ბალეტიც გვაქვს.

- როგორც ვიცი, ცუცა კაპანაძეც თქვენთან მუშაობს.

- დიახ, ცუცა ჩემი მეგობარია. ამ ყველაფერთან ერთად ორი მუსიკალური თეატრიც გვაქვს, სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის. გვაქვს მუსიკალური სკოლაც, ხატვის წრე, ფილმების სტუდია. ახლა საბავშვო ტელევიზიის გაკეთებასაც ვგეგმავთ.

შეიძლება ითქვას, ბრუკლინში პატარა­ საქართველო გვაქვს, ჩემ თვალწინ აქ ქართველების ერთი თაობა­ გაიზარდა. მე უკვე 26 წელია ამერიკაში ვცხოვრობ.

- ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ქართველი წამოვიდა ამერიკაში. როგორია თქვენი თვალით დანახული მათი ყოფა?

- კი, ძალიან ბევრი ქართველი გამოჩნდა ბრუკლინში. შესაძლოა ქუჩაში რამდენჯერმე შეხვდე ქართველს. ადრე ეს ასე არ იყო, თვეები ისე გადიოდა, ვერ შეხვდებოდი. ამ რამდენიმე ხნის წინ ქუჩაში ორი ქართველის საუბარს შევესწარი, ერთი მეორეს ეუბნებოდა, ჩემთან მშენებლობაზე ავიყვანე ქართველი, კი არ მჭირდებოდა, მაგრამ რა მექნა, სამუშაო სჭირდებოდაო.

- როგორ გგონიათ, ფიქრობს ეს ხალხი სამშობლოში დაბრუნებაზე?

- ჩვენი ტრიოდან სამი მომღერალი უკვე დაბრუნდა საქართველოში. ბევრი ისეთიც ვიცი, ვინც გეგმავს დაბრუნებას. მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ შვილები ზაფხულში საქართველოში გამოუშვან. ერთხელ ჩვენს სტუდიაში ბავშვებს ვკითხე, მიზანს რომ მიაღწევთ და ვისაც რა გინდათ, ის რომ გამოხვალთ, მერე რას აპირებთ-მეთქი? როგორც გაირკვა, ყველა საქართველოში გეგმავს საკუთარი ცოდნის და შესაძლებლობების გამოყენებას. რამდენიმე დღე ბედნიერი დავდიოდი.

- ემიგრანტების პრობლემები ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ საინტერესოა ქართველები, რომლებსაც ამერიკის მოქალაქეობა აქვთ, რა სირთულეებს აწყდებიან ამ ქვეყანაში?

- ამერიკელები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ტოლერანტულები არიან სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ.

- აქ გაზრდილი ქართველები ან თუნდაც­ ისინი, ვინც დიდი ხანია აქ ცხოვრობთ,­ რითი განსხვავდებით ამერიკელებისგან?

- აქ ცხოვრების სხვანაირი ტემპია და ჩვენი დღის წესრიგიც ამაზეა აგებული. შესაბამისად, ჩვენც ვიცვლებით. ახლა 63 წლის ვარ და სხვანაირი გავხდი, სხვანაირად ვაზროვნებ. აქ დაბადებული ქართველები უფრო სხვანაირები არიან, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ ამერიკელებისგან­ არ განსხვავდებიან. ჩვენს ბავშვებს ნამდვილად აქვთ თავიანთი იდენტობა შენარჩუნებული და ამაში მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით. თავს იკლავენ იმისთვის, რომ შვილები ქართულ წრეებზე ატარონ. ჩვენც ამაზე ვართ ორიენტირებული. მერე ბავშვები ერთმანეთს უმეგობრდებიან, თავიანთ წრეებს აყალიბებენ, წვეულებებს ერთად მართავენ. ზოგიერთი ძლივს ლაპარაკობდა ქართულად, მერე კი სპექტაკლებშიც მონაწილეობდნენ. ბავშვები, რომლებსაც ხათუნა იოსელიანი და ცუცა კაპანაძე ასწავლიდნენ, ახლა ნიუ-იორკის თეატრის ახალგაზრდული დასის წევრები არიან. სხვათა შორის, ვიქტორს ასეთი პროექტიც ჰქონდა - რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენები ბრუკლინის სკოლებში ქართულ ცეკვას ასწავლიდნენ და საოცარი შედეგი მივიღეთ. ამერიკელმა ბავშვებმა ვიქტორს მადლობის წერილები მისწერეს და ნახატები გადმოსცეს, რომელზეც მათი პირველი ცეკვა იყო ასახული. გულის ამაჩუყებელია, სიყვარული, რომელსაც ქართველი და ამერიკელი ბავშვებისაგან ვიღებთ.

ხათუნა ბახტურიძე