სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების წინ რუსეთი ისევ ყარაბაღელი სომხების „აჯანყებას“ გეგმავს?
15 ივლისს, ბრიუსელში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მორიგი მოლაპარაკება გაიმართა, ალიევსა და ფაშინიანს ევროსაბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი მასპინძლობდა, თუმცა ეს სამმხრივი შეხვედრა 21 ივლისს იყო დაგეგმილი.
რამ გამოიწვია ამ მოლაპარაკებების დაჩქარება? ეტყობა, იმ სიტუაციამ, რაც ყარაბაღში ადგილობრივი სომხური მოსახლეობის პროტესტის გააქტიურებას მოჰყვა - ყარაბაღელი სომხები კატეგორიულად მოითხოვენ არავითარ შემთხვევაში არ მოეწეროს ხელი სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელმაც შეიძლება წერტილი დაუსვას საქართველოს ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ბოლო 35 წლის განმავლობაში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას.
1994 წლის შემდეგ დამყარებული ერთგვარი სტატუს-კვო, რაც განპირობებული იყო ყარაბაღის პირველ ომში სომხეთის გამარჯვებით რუსეთის აშკარა თუ ფარული სამხედრო-პოლიტიკური დახმარების წყალობით, კარდინალურად შეიცვალა 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შედეგებით, რომელშიც გამარჯვებას უკვე აზერბაიჯანის არმიამ მიაღწია დიდწილად იმით, რომ ამჯერად რუსეთის ხელისუფლებამ თავის სტრატეგიულ პარტნიორს, სომხეთს, ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური დახმარება აღარ გაუწია.
ყარაბაღის მეორე ომიდან სამი წლის განმავლობაში ოფიციალურმა ბაქომ უფრო განამტკიცა თავისი პოზიციები მანამდე სომხეთის მიერ დაკავებულ აზერბაიჯანულ რაიონებზე და ბოლოს ლაჩინი-სტეფანაკერტის (ჰანკენდის) გზაც სრულ კონტროლზე აიყვანა, რითაც ყარაბაღელი სომხები ფაქტობრივად ბლოკადაში მოაქცია, რაც თითქმის გამორიცხავს სომხეთიდან ყარაბაღელი სომხების სამხედრო ტექნიკით, საბრძოლო მასალებითა და ცოცხალი ძალით დამატებით დახმარებას.
ბოლო ომის დროს აზერბაიჯანის არმიას ყარაბაღსა და მის მიმდებარე რაიონებში ადგილობრივი სომხური შეიარაღებული რაზმების გარდა, სომხეთის რეგულარული არმიის შენაერთებიც უპირისპირდებოდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში ჩაცვივდებიან ერევნისგან სამხედრო მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი სტეფანაკერტელი სომხების საბრძოლო რაზმები, თუკი მათკენ მთელი აზერბაიჯანის არმია დაიძვრება.
სიტუაციის უპერსპექტივობას აცნობიერებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, რომელიც აღარც ახსენებს "მეორე სომხეთის" - "არცახის რესპუბლიკის" არსებობის შესაძლებლობას, რადგან ყარაბაღის მეორე ომში წაგებამ უდიდესი პრობლემები გაუჩინა სომხეთის რესპუბლიკას აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის საკამათო მონაკვეთებისა და ზანგეზურის დერეფნის სახით. თუკი სამი ათეული წლის განმავლობაში სომხები იქით აქტიურობდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყარაბაღის სომხური ანკლავის შექმნის სახით, ახლა პირიქით, ბოლო ომში გამარჯვების შედეგად მომძლავრებული აზერბაიჯანი სახელმწიფო საზღვრის სომხეთის მხარეს მიწებს მოითხოვს და ნახიჩევანისკენ საგზაო დერეფნის გაჭრაც სურს...
ერევანში ხვდებიან, რომ არც სომხეთის არმიას და არც მთლიანად ქვეყანას ამ ეტაპზე არ შესწევს იმის უნარი აზერბაიჯანს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს, თუკი ბაქომ მთელი თავისი სამხედრო პოტენციალი სომხეთის წინააღმდეგ დაძრა - აზერბაიჯანის არმიას შესწევს იმის უნარი, რომ შეიჭრას სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში და ძალით გაჭრას გზა ნახიჩევანამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ ყარაბაღში დარჩენილი სომხური ფორმირებების განაირაღება-განადგურებაზე. წესით, ერევანს დიდი იმედი უნდა ჰქონდეს სომხეთში ათწლეულობით დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზების, მაგრამ ყარაბაღის ბოლო ომში კრემლისგან "გაყიდულ" ერევანს "მოსკოვის ცრემლების" ნაკლებად სჯერა. სწორედ ამიტომაცაა, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანხმდება ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართვას სომხეთის აზერბაიჯანთან საბოლოო დაზავებისთვის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
და მართლაც, ეს მოლაპარაკებები როგორც ბრიუსელში, ისე ვაშინგტონში საოცარი სისწრაფით იძლევა შედეგს - სომხეთი და აზერბაიჯანი ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ზღურბლზე დგანან, რომელიც შეიძლება... ვერ გადალახონ. ვერ გადალახონ იმიტომ, რომ რუსეთი ამის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან თავის თავს ისტორიულად მიიჩნევს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების "მომგვარებლად", რეალურად კი თავისივე ძალებით სომხებსა და აზერბაიჯანელებს, ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების მთავარი დამგეგმავ-ინიციატორი გახლდათ, "გაყავი და იბატონეს" პრინციპით მართავდა ბოლო სამი ათეული წელი პროცესებს სამხრეთ კავკასიაში და რაში აწყობს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება და თანაც ეს დამსახურება ევროპელებს და ამერიკელებს ჩაეწეროთ? ამიტომაც, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების ჩასაშლელად რუსეთმა ხელახლა სცადოს ყარაბაღელი სომხების "აფეთქება" და მათი გააქტიურება შეიარაღების გამოყენებით, რასაც აუცილებლად მოჰყვება ოფიციალური ბაქოს საპასუხო ძალოვანი მოქმედება, შემდეგ კი სომხეთის მოსახლეობაში სწრაფად აგორდება მოწოდება, ყარაბაღში თანამოძმეებს გვიხოცავენ, დავირაზმოთო, რაც აუცილებლად გადაიზრდება პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ხელისუფლების ძალისმიერი გზით დამხობის ცდასა და ქვეყნის სათავეში პრორუსული ძალების მოყვანით.
ყარაბაღის მეორე ომში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაში კრემლის დაჟინებული მოთხოვნა ყარაბაღში რუსული "სამშვიდობო ძალების" ჩაყენების თაობაზე შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან ზემოხსენებული მოვლენების შესაძლო განვითარების გეგმა კონფლიქტის ზონაში ჩაყვანილი რუსი სამხედროების გარეშე ვერ შესრულდება, როგორც ეს უკვე მოხდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც დისლოცირებულმა ე.წ. რუსულმა სამშვიდობო ძალებმა ერთგვარი პლაცდარმის ფუნქცია შეასრულეს რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებისას საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში.
მაგრამ ყარაბაღში რუს "მშვიდობისმყოფელებს" მანდატი 2025 წლის ნოემბერში უმთავრდებათ და ძნელად წარმოსადგენია, აზერბაიჯანის მხარე მის გაგრძელებას დათანხმდეს. ეტყობა, ბაქო სამხედრო ძალას მანამდე არ გამოიყენებს ყარაბაღელი სომხების შეიარაღებული ფორმირებების სალიკვიდაციოდ, რადგან ძალაუნებურად რუსულ ე.წ. სამშვიდობო ძალებს დაუპირისპირდება.
ბაქო ყარაბაღის გასათავისუფლებელ სამხედრო ოპერაციის დაწყებას ჯერ კიდევ 2009 წელს აპირებდა, მაგრამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შემხედვარე ალიევმა მოცდადა რაც მთავარია, თვით პუტინთან ურთიერთობის დალაგება ამჯობინა, სანამ 2020 წელს გადამწყვეტ შეტევას დაიწყებდა და მოგებულიც დარჩა. ასე რომ, ყარაბაღელი სომხური რაზმების განაირაღება გარდაუვალია, რაც შეიძლება ბაქომ "ანტიტერორისტული ოპერაციის" დაწყების აუცილებლობითაც კი შენიღბოს. თუმცა მანამდე ალიევი ყარაბაღელ სომხებს დაჟინებით უმეორებს, დაყარეთ იარაღი, გააუქმეთ სეპარატისტული მართვის ორგანოები და გახდით აზერბაიჯანის სრულუფლებიანი მოქალაქეები. თუ ეს არ გსურთ, მაშინ სასწრაფოდ დატოვეთ აზერბაიჯანის ტერიტორიაო.
მართალია, ყარაბაღელ სომხებს ოფიციალური ერევნისა და მთლიანად სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური დახმარების იმედი ნაკლებადღა აქვთ, მაგრამ ებღაუჭებიან აზრს, რომ ყარაბაღში დისლოცირებული რუსული ე.წ. სამშვიდობო ძალები აზერბაიჯანის არმიასთნ შესაძლო მომავალ ომში მათ მხარდამხარ იბრძოლებს.
2025 წლამდე, როდესაც რუს "მშვიდობისმყოფელებს" ყარაბაღში ოფიციალურად ყოფნის დრო გასდით, არავინ იცის, რა მოხდება რუსეთ-უკრაინის ომში. დღესაც, ამ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მე-17 თვის თავზე, რუსეთის სამხედრო პოტენციალი უკრაინის ფრონტმა სერიოზულად "შეფერთხა" და ერთ-ორი წლის შემდეგ ექნება კი რუსეთს იმის თავი ან სულაც სურვილი ყარაბაღელ სომხებზე იზრუნოს? არ უნდა გამოვრიცხოთ თურქეთის ფაქტორიც, რომლის პრეზიდენტის პოსტზე მოსახლეობამ ისევ ერდოღანს გამოუცხადა ნდობა. იმ ერდოღანს, რომლის ფარულ თუ აშკარა გეგმაში "ოსმალეთის იმპერიის" აღდგენაა, რისთვისაც აუცილებელია თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის უფრო გაზრდა შუა აზიის თურქულეროვან პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების სივრცეში, ეს კი ნახიჩევანიდან აზერბაიჯანისკენ სომხეთის ტერიტორიის გავლით არზრუმის დერეფნის გაჭრას მოითხოვს. მოკლედ, უახლოეს მომავალში სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში დიდი მოვლენების მომსწრენი შეიძლება გავხდეთ - ან მართლაც დაიდება ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება, ან კიდევ მოლაპარაკებები კრემლის დესტრუქციული ქმედებების შედეგად ჩაიშლება, ყარაბაღელი სომხების "აჯანყებისა" და ერევანში სამხედრო გადატრიალების ცდებით, რასაც შეიძლება მოჰყვეს სომხეთ-აზერბაიჯანის დიდი ომი, რომელშიც აქტიურ მხარედ ოფიციალური ბაქო მოგვევლინება.
რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე ჩვენს უშუალო სამეზობლოში მიმდინარე ამ რთულმა სამხედრო-პოლიტიკურმა პროცესებმა?
საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის დაზავების პერსპექტივას და თავადაც შეაქვს წვლილი შუამავლის სტატუსით. თუმცა თბილისი ბრიუსელივითა და ვაშინგტონივით მთავარი მომრიგებლის როლს, ბუნებრივია, ვერ "გაქაჩავს".
სამაგიეროდ, დასავლეთი, თუკი მართლაც მოაგვარებს ათწლეულების განმავლობაში დაპირისპირებული მეზობლების, სომხეთ-აზერბაიჯანის პრობლემებს, მაშინ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის დონე სამხრეთ კავკასიაში შემცირდება, უპირველესად თავად სომხეთში, სადაც საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ მათი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების დარჩენა უაზრობა ხდება, რადგან სომხეთი საზღვრებს გახსნის არა მარტო აზერბაიჯანთან, არამედ თურქეთთანაც.
სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლისა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ სავარაუდო ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად შეეხება საქართველოსაც სხვადასხვა პოტენციური საფრთხეების სახით. ეს საფრთხეები შეიძლება გამოიხატოს ამ ომში სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების კომბატანტებად ჩართვით, საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების შემთხვევით (ან მიზანმიმართულადაც) გადმოტანით თუ საჰაერო შეტევების შეცდომით მოყენებით.