შიმშილით შანტაჟი - "რა გავლენა ექნება საქართველოზე რუსეთის გასვლას "მარცვლეულის შეთანხმებიდან" - კვირის პალიტრა

შიმშილით შანტაჟი - "რა გავლენა ექნება საქართველოზე რუსეთის გასვლას "მარცვლეულის შეთანხმებიდან"

17 ივლისს მოსკოვმა უარი თქვა განახლებულიყო რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის არსებული ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება. შეგახსენებთ, რომ ის შარშან გაფორმდა თურქეთის დიდი ძალისხმევითა და გაეროს მონაწილეობით, შეიქმნა უსაფრთხო საზღვაო დერეფანი უკრაინის პორტებიდან საექსპორტო მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით დატვირთული გემების გასასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება არაერთხელ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, ხორბლის გატანა მაინც ხერხდებოდა. ახლა კი რუსეთმა განაცხადა, რომ "მარცვლეულის შეთანხმებამ" ჰუმანიტარული დანიშნულება ვერ გაამართლა და აშკარაა "საბოტაჟიც", რომლის გამოც ინიციატივა აზრს კარგავს, ამიტომ მის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან. რუსეთის თანახმად, ეს ნიშნავს ნაოსნობის უსაფრთხოების გარანტიათა უკან გაწვევას, შავ ზღვაში ჰუმანიტარული დერეფნის გაუქმებას, ჩრდილო-აღმოსავლეთ აკვატორიაში დროებით საშიში რაიონის რეჟიმის აღდგენას და სტამბოლში მოქმედი საკოორდინაციო ცენტრის დაშლას.

გარიგების შენარჩუნების სანაცვლოდ რუსეთი მოითხოვდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას, სატრანსპორტო ლოგისტიკის განბლოკვას და "როსსელხოზბანკის" დაბრუნებას საერთაშორისო საგადასახადო სისტემა შჭIFთ-ში, რაც, ფაქტობრივად, მისთვის დაწესებული სანქციების ნაწილია და რეალურად სანქციების გაუქმების მოთხოვნას ნიშნავს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მკვეთრად გააკრიტიკეს რუსეთის უარი მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე და უკრაინის ნავსადგურების ბლოკადას "სამხედრო აგრესიის აქტი" უწოდეს. ასეთივე პოზიცია აქვთ ევროკავშირსა და ევროკავშირის ქვეყნებს. უკრაინამ შუამავალ გაეროსა და თურქეთს მიმართა, რუსეთის გარეშე უზრუნველყონ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის მუშაობა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ უკრაინის ნავსადგურებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად. ამის გამო კი აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭო მიიჩნევს, რომ რუსეთი შესაძლოა ემზადებოდეს შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმისთვის.

რას მოასწავებს რუსეთის გასვლა "მარცვლეულის შეთანხმებიდან", რა გავლენა ექნება საქართველოზე, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის პროფესორი ვახტანგ ჭარაია გვესაუბრება.

- რუსეთი ცდილობს რამდენიმე კურდღელი ერთდროულად დაიჭიროს ან მოკლას. შეთანხმებიდან გასვლით მსოფლიოს კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის მასზე, ხორბალი არ არის ასე მრავალფეროვნად სხვადასხვა ადგილიდან ხელმისაწვდომი და ამ ბაზარზე რუსეთი თავად არის ერთ-ერთი სოლიდური მოთამაშე; პლუს მეორე სოლიდურ მოთამაშეს, უკრაინას, მნიშვნელოვნად აზიანებს მის ინფრასტრუქტურასა და ხორბლის საცავებზე დარტყმებით. რუსეთმა შესაძლოა ჩათვალა, რომ ამით ეკონომიკურად უფრო მეტი მოგების მიღება შეუძლია, რასაც გამოიყენებს სამხედრო დანიშნულებით თუ ცალკეული ქვეყნებით მანიპულირებისთვის. შესაბამისად, ამას შეიძლება მოჰყვეს გლობალურად ძალიან რთული შედეგები, შესაძლოა ისედაც შიმშილობის ზღვარზე მყოფი მილიონობით ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს. სწორედ რუსეთია ამაზე პირდაპირი პასუხისმგებელი.

შევხედოთ ვითარებას საქართველოს განზომილებაშიც. ეს, ერთი მხრივ, გამოწვევა იქნება, რადგან შესაძლოა მსოფლიოში ფასები გაიზარდოს, რაც, ცხადია, ჩვენს მომხმარებელზეც უარყოფითად იმოქმედებს, მით უმეტეს, თუ ფასები ჩვენთვისაც გაიზრდება. მეორე მხრივ, შესაძლოა ეს იყოს შესაძლებლობების ფანჯარაც - ჩვენი ხორბლის მწარმოებლები უჩივიან რუსეთთან არაკონკურენტული პირობების არსებობას და შესაძლოა ადგილობრივი ხორბლის წარმოებისა და გადამუშავების საჭიროება რეალურად გაჩნდეს. თუმცა ადგილობრივი წარმოება წახალისდება თუ კვლავ რუსეთიდან გავაგრძელებთ ხორბლის შემოტანას, მომხმარებლისთვის ფასები მაინც გაიზრდება, მაგრამ ხაზს ვუსვამ - ყველა შემთხვევაში ფასების ზრდის მოლოდინში შეგვიძლია ხეირიც ვნახოთ - ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერით, ადგილობრივების დასაქმებით, რაკი ხორბლის წარმოება-გადამუშავება-გაყიდვით სარგებელს ნახავენ, გაჩნდება ადგილობრივი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც, ფაქტობრივად, რუსეთისთვის გვაქვს ამ დარგში "ნაჩუქარი", რადგან ხორბალსა და ფქვილს მისგან ვყიდულობთ.

- მუდმივად არის ლაპარაკი, რომ მარცვლეულის ადგილობრივი წარმოება საკმარისი არა გვაქვს. დღეს რა მდგომარეობა გვაქვს თვითუზრუნველყოფის თვალსაზრისით?

- რთული საქმეა თვითუზრუნველყოფა, თუმცა საჭირო ხორბლის ნახევარი მაინც რომ ადგილობრივი გვქონდეს, შემდეგ უკვე რუსეთი ჩაკეტავდა ბაზარს თუ სხვა რამეს მოიფიქრებდა, ჩვენთვის არ იქნებოდა ისეთი დარტყმა, რამაც შესაძლოა საერთოდ ხორბლის გარეშე დაგვტოვოს.

რუსეთი გავიდა შეთანხმებიდან და არ არის გამორიცხული, მისი შემდგომი ნაბიჯი იყოს ხორბლის ან ფქვილის გაყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადება. ასეთ შემთხვევაში საქართველოს რესურსი, რომ ოპერატიულად შემოიტანოს სხვა ქვეყნებიდან ეს პროდუქტი, გარანტირებულად ვერ ვიტყვი, რომ ადვილი იქნება, ხოლო თუ ადგილობრივი გვექნება, სულ ცოტა, ბალანსისა და უწყვეტობისთვის ეს კარგი ინსტრუმენტი იქნება, ნაკლებად მოწყვლადს გაგვხდის თუნდაც რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიმართ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც 20-25%-დან დავიწყოთ ადგილობრივი ბიზნესის სრულფასოვანი მხარდაჭერა, რათა ისინი არ იყვნენ რუსეთსა და რუსულ წარმოებასთან დისკრიმინაციულ პოზიციაში, ხოლო შემდეგ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, მიზანშეწონილია ხორბლის, როგორც სტრატეგიული პროდუქტის, დაბალანსებისთვის, უწყვეტობისთვის და ა.შ. გვქონდეს ადგილობრივი წარმოება, თუნდაც შედარებით უფრო ძვირი, ვიდრე ყველაზე იაფი მომწოდებლის შეიძლება იყოს.

- შარშან ამბობდნენ, რომ ხორბლის ნათესები გაიზარდა, დააწესეს ექსპორტზე მორატორიუმი და გაზაფხულზე კი ამ ხორბალს ვერ ყიდდნენ. ამ საქმეზე ჩვენი მთავრობის პოლიტიკა რამდენად სწორია.

- ყველაფერს სახელმწიფოს ვერ ავკიდებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ხორბლის პროდუქციის დასაბალანსებლად მთავრობის უზარმაზარი მხარდაჭერაა წარმოების ნებისმიერ ეტაპზე და შეღავათებიც აქვთ. თუმცა რეალიზაციაში სახელმწიფო უკვე აღარ ერევა. ერთი მხრივ, ეს სწორია, რადგან თავისუფალი ბაზარია და თავად უნდა დაარეგულიროს ფასები, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ წარმოებაში სახელმწიფო ფულს დებს და ამ დროს პროდუქტს შესაძლოა უზარმაზარი საფრთხე შეექმნას, მაგალითად, არ გაიყიდოს - ეს წინასწარ ხომ ვიცით და მაშინ რატომღა ვდებთ ფულს? თუ ვდებთ ამ ფულს, მაშინ ისეთი სტრატეგიული პროდუქტის შემთხვევაში, როგორიც არის ხორბალი, შესაძლოა სახელმწიფოს მეტი პასუხისმგებლობა უნდა მართებდეს, მინიმალური ფასით იქნება თუ მინიმალური ოდენობით დაუჭიროს მხარი ადგილობრივი ხორბლის რეალიზაციას. თუნდაც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის (ჯარი, სკოლები, ბაღები), სადაც კვებას სახელმწიფო უზრუნველყოფს და პურს ყიდულობს, პრიორიტეტი ადგილობრივ მწარმოებელს მიენიჭოს. შესაძლოა ეს არ იყოს "უკიდეგანო" პრიორიტეტი, მაგრამ რაღაც პრიორიტეტის მინიჭება ნამდვილად შეიძლება, რათა რეალურად შეეწყოს წარმოებას ხელი. ადგილობრივში თუნდაც ცოტათი ძვირის გადახდა ჯობს, თუკი ხარისხის მინიმალურ პირობებს აკმაყოფილებს, რადგან იმპორტირებული პროდუქტი, საბოლოოდ ეკონომიკაში ვერ დააგენერირებს იმდენ ფინანსურ რესურსს თუ ეკონომიკურ წარმოებას, ვიდრე ეს ადგილობრივ წარმოებას შეუძლია - ანუ ადგილობრივი ხორბლისთვის თუნდაც 20%-იანი საფასო უპირატესობა შესაძლოა მეტ ეკონომიკურ შედეგს იძლეოდეს, ვიდრე ამ ხორბლის 20%-ით უფრო იაფად უცხოეთში შეძენა. ამას სჭირდება კვლევების ჩატარება. შესაძლებელია თუ არა სახელმწიფომ თუნდაც უფრო ძვირად იყიდოს, საბოლოოდ კი ეკონომიკურად უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს. ასევე შეიძლება მექანიზმის შემუშავება, რომ თუ სახელმწიფომ არა, რომელიმე კონკრეტულმა სეგმენტმა იყიდოს ადგილობრივი შედარებით ძვირად - იმის ხარჯზე, რომ სხვა შეღავათებით დაუკომპენსირებენ. რთულია, დასათვლელია, მაგრამ აუცილებლად არის გასაკეთებელი. ასეთი პრობლემები სისტემურია და პასუხებიც სისტემური სჭირდება, მით უმეტეს რომ ვიცით, ასეთ საკითხებს რუსეთი იარაღად იყენებს. ისეთი მდიდარი ქვეყანა არა ვართ, რომ ყველა პროდუქტი ადგილობრივი წარმოებით ჩავანაცვლოთ, მაგრამ ხორბალი სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტია და ეს გასაკეთებელია.

- დავუშვათ, ამ ეტაპზე რუსეთმა ხორბალზე არ შეგვიქმნა პრობლემები, მაგრამ თუ "ხორბლის შეთანხმება" არ აღდგა, მაშინ კრიზისი როგორ განვითარდება და რა გავლენა ექნება საქართველოზე?

- ასეთ ვითარებაში შესაძლებელია რუსეთმა პოლიტიკურად ისიც კი გააკეთოს, რომ თუნდაც დემპინგური ფასით გაგვიგრძელოს ხორბლის მიწოდება - ამით დასავლეთის თვალში საქართველო კიდევ ერთხელ დააკნინოს და ისე წარმოაჩინოს, რომ აი, საქართველო რუსეთთან რომ "მეგობრობს", იმიტომ იღებს ხორბალსა და ფქვილს უფრო იაფად, ვიდრე დანარჩენი მსოფლიოო; ამით შესაძლოა კიდევ ერთხელ ჩაგვარტყას ზურგში დანა, უარყოფით კონტექსტში წარმოგვაჩინოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მაშინ როცა ამ პარტნიორობას არავითარ შემთხვევაში არ ვღალატობთ და დასავლეთია ჩვენი პრიორიტეტი. ცხადია, საქართველოს არა აქვს იმის ინსტრუმენტი, რომ უფრო იაფად შემოთავაზებული ხორბალი არ იყიდოს. ამიტომ თავის დასაზღვევად რაღაც მომენტში შეიძლება ისე გააკეთო, რომ ადგილობრივი იყიდო უფრო ძვირად, რათა ჩვენს პარტნიორებს სალაპარაკო არ დავუტოვოთ. როცა რაღაც რესურსი გაქვს და გაძლევს ერთხანს ბაზრის შევსების შესაძლებლობას, შეიძლება ადგილობრივი მწარმოებლების წახალისება; ამ რესურსის გამოყენება შესაძლოა უფრო გამართლებული იყოს და არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანიც კი აღმოჩნდეს.

რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბს, ამ საკითხის დაურეგულირებლობა ერთმნიშვნელოვნად დიდ ჰუმანიტარულ ზიანს მოიტანს. ბევრი ქვეყნის მოსახლეობა დაბალშემოსავლიანია, მათთვის ხორბალი და ხორბლის პროდუქტები პირველადი მნიშვნელობისაა, მისი ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება და შეიძლება დაიწყოს დიდი ჰუმანიტარული კრიზისი. პლუს ამას ხორბალსა და ხორბლის პროდუქციაზე ფასების ზრდამ, შესაძლოა სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდაც წაახალისოს.

- აქვს მსოფლიოს შანსი, რომ ეს პრობლემა რუსეთის გარეშე მოაგვაროს?

- სამწუხაროდ, ეს არ არის ის კომპონენტი, სადაც რუსეთი დომინანტი მოთამაშე არ არის.

- დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?

- შეიძლება რამდენიმე სცენარით წავიდეს პროცესები: პირველი - ამან შესაძლოა უკიდურესად დაძაბოს ვითარება მსოფლიო მასშტაბით ჰუმანიტარულად, პოლიტიკურად და შესაძლოა სამხედრო კონტექსტშიც უფრო მეტად. მაგრამ შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ამ საკითხის დაძაბვამ და დუღილის ტემპერატურამდე ასვლამ მსოფლიო ლიდერები რაღაც დათმობაზე წაიყვანოს, ან მსოფლიო უკიდურეს ულტიმატუმამდე მიიყვანოს, რათა რუსეთი აიძულოს შეწყვიტოს ეს მოქმედება. ეს შესაძლოა იყოს სანაცვლოდ რაღაცის მიცემის გზა, ან უფრო მეტი სანქციის მუქარით ამ ნაბიჯისკენ იძულება.

რუსა მაჩაიძე