რას ნიშნავს რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლება - კვირის პალიტრა

რას ნიშნავს რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლება

რუსეთმა ჩინეთთან ერთად იაპონიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო სწავლება ჩაატარა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სწავლების მიზანია სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის განმტკიცება ორ ქვეყანას შორის და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება. ივნისში­ ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება ჩაატარეს იაპონიის და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვების თავზე, რის გამოც სამხრეთ კორეამ გაფრთხილების მიზნით იქ თავისი გამანადგურებლები გაგზავნა. უკრაინასთან ომის დროს ამ წვრთნების ჩატარება, სამხედრო კომპონენტზე აქც­ენტირება რას ცვლის თუნდაც ჩინეთისა და დასავლეთის ურთიერთობაში, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გიორგი ბილანიშვილს­ ვესაუბრეთ.

- ერთობლივი წვრთნები რუსეთსა­ და ჩინეთს ადრეც ჩაუტარებიათ სამხრეთ ჩინეთისა და ბალტიის ზღვებშიც რუსეთის ინიციატივით, სადაც ჩინეთიც მონაწილეობდა­ - ანუ ერთობლივ წვრთნებს ყოველთვის ისეთ ადგილებში ატარებენ, რომლებიც სადავოა, კონფრონტაციაშია დასავლეთთან და ამით ხაზს უსვამენ ერთმანეთთან თანამშრომლობას. ეს ქვეყნები დიდი ხანია მჭიდრო პარტნიორები არიან, ისინი ერთობლივად მოქმედებენ და ხშირად დასავლეთთან წინააღმდეგობის კონტექსტში. ეს დღის წესრიგი არ იცვლება, მიუხედავად უკრაინაში რუსეთის ინტერვენციისა. \რეგიონულ დონეზე რუსეთს და ჩინეთს განსხვავებული ინტერესები აქვთ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ისინი დასავლეთს თავის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ, თვლიან, რომ დასავლეთის დასუსტება ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია.

- ეს გასაგებია, მაგრამ ახლა ჩინეთს დასავლეთის ისე დასუსტება, რომ რუსეთი გამარჯვებული გამოვიდეს, რამდენად აწყობს?

- ეს უფრო იდეოლოგიური კონტექსტია­ - რუსეთსა და ჩინეთს რაც არ უნდა განსხვავებული ინტერესები ჰქონდეთ, ორივე თვლის, რომ მათი მთავარი საფრთხე დასავლეთის ლიბერალური წესრიგია. დასავლეთის დასუსტება ავტომატურად რუსეთის გაძლიერებას ხომ არ ნიშნავს? როდესაც­ დასავლეთის დასუსტებაზე ვსაუბრობთ, ეს მის გაქრობას არ ნიშნავს საერთაშორისო არენიდან.

- გაქრობა არა, მაგრამ უკრაინის ომში რუსეთის გამარჯვება ხომ რუსეთის განუზომლად გაძლიერებას ნიშნავს.

- ჩინეთი ამას მთავარ საფრთხედ არ აღიქვამს, რადგან თვლის, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას მოახერხებს. თურქეთი და ირანიც ასე ფიქრობენ, რომ ჩინეთი და რუსეთი, ირანი და რუსეთი, თურქეთი და რუსეთი მოახერხებენ შეთანხმებას და ერთმანეთს უმთავრეს საფრთხედ არ აღიქვამენ.

- რუსეთის პოლიტიკიდან გამომდინარე, მათი ასეთი მოლოდინი რამდენად სწორად მიგაჩნიათ, როცა რუსეთი არ არის სანდო?

- რუსეთი თავის საგარეო პოლიტიკას როდესაც გეგმავს, ის მოკლე და საშუალოვადიან გათვლებს აკეთებს და ამ გათვლებში ის მთავარ მოწინააღმდეგედ დასავლეთს თვლის. ამიტომ არჩევს პარტნიორობას სხვა ქვეყნებთან, ჩინეთი იქნება, ირანი თუ სხვა, რომლებიც მას დასავლეთთან ბრძოლაში­ სჭირდება. ამიტომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ეს სწორია, ხოლო რამდენად სიკეთის მომტანია, ცხადია, სადავოა.

- ჩინეთი ხომ თავისი პოლიტიკის გათვლისას აქცენტს ყოველთვის გრძელვადიან პერსპექტივაზე აკეთებს? ძლიერი რუსეთი არ არის მისთვის იმაზე მეტი საფრთხე, ვიდრე ძლიერი დასავლეთი? თუნდაც ეკონომიკური ინტერესებით ხელმძღვანელობდეს, რუსეთის ბაზარი ხომ არ არის საკმარისი, მას ამერიკული ბაზარიც სჭირდება და ევროპულიც.

- თუ ვინმე არის შესული ერთმანეთის­ გავლენის სფეროში, ჩინეთია ეკონომიკურად­ შესული ცენტრალურ აზიაში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში და არა რუსეთი ჩინეთის­ გავლენის სფეროში. ამიტომ რუსეთისგან­ დიდ კონკურენციას არ გრძნობს.

- უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩინეთს ჰქონდა პრეტენზია, რომ ევროპას ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ამერიკა ევროპას­ არ აძლევს ამის საშუალებას. როდესაც ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს, ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩინეთი თავად უწყობს ხელს ევროპამ მასზე წნეხი გააძლიეროს.

- რა თქმა უნდა, ამიტომაც არის, რომ აქტიურად არ ერევა ამ ომში. არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ჩინეთმა რუსეთს მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გაუწია. მიუხედავად იდეოლოგიური დაპირისპირებისა ჩინეთსა და დასავლეთს შორის, აშკარა კონფრონტაცია არც ერთ მხარეს არ აწყობს. ამის დამადასტურებელია ბოლო პერიოდში ამერიკასა და ჩინეთს შორის გააქტიურებული დიპლომატიური ურთიერთობები. ეს იმისკენ არის მიმართული, რომ საერთო ენა გამოინახოს და ის პრობლემები, რაც მათ ურთიერთობებში წარმოიშვა, როგორმე გადაილახოს.

- საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს ამარაგებს არალეტალური დანიშნულების სამხედრო­ აღჭურვილობით. რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს ამას დასავლეთისგან?

- ჩინეთი რუსეთს რაღაც დოზით არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სამხედრო დახმარებასაც უწევს, თუმცა, არ აწვდის ისეთ შეიარაღებას, რაც რუსეთისთვის ამ ომში განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნებოდა, ირანისგან განსხვავებით.

- იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება, დასავლეთის და ჩინეთის ურთიერთობა­ როგორ შეიძლება განვითარდეს?

- არსებობს უამრავი მდგენელი, რომ­ლებმაც მათ ურთიერთობაზე­ შეიძლება გავლენა მოახდინოს, დაწყებული,­ როგორ დამთავრდება უკრაინაში ომი და ტაივანის საკითხით გაგრძელებული. უახლოეს პერსპექტივაში ისე ჩანს, რომ მათ ურთიერთობაში გამწვავებას არ უნდა ველოდოთ, რადგან ამერიკაც, ევროპის ქვეყნებიც და ჩინეთიც ერთმანეთთან დაპირისპირებას ერიდებიან.

რუსა მაჩაიძე