ლუკაშენკო „ვაგნერით“ პოლონელების დაშინებას ცდილობს...
ვერ მოასწრო რუსულმა კერძო სამხედრო კომპანიამ „ვაგნერმა“ რუსეთიდან ბელარუსში სრულად გადაბარგება,რომ ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ „ვაგნერის“ თავისი პოლიტიკური თამაშებისთვის გამოყენების მცდელობა დაიწყო ...პოლონეთის წინააღმდეგ.
გუშინ,სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას,ლუკაშენკომ მას განუცხადა- „ვაგნერელებმა“ დაგვძაბეს,დასავლეთისკენ წასვლას ითხოვენ,ამბობენ,რომ ვარშავასა და რზეშუვში „ექსკურსიაზე“ გასეირნება სურთ...
ლუკაშენკოსა და პუტინის,ეს წინასაწარ შეთანხმებული დიალოგი ტელეკამერების წინ,უდავოდ ისახავს მიზნად ნატოს წევრი პოლონეთის დაშინების მცდელობას,რომ უკრაინასთან ომში გამოცდილი 25 ათასამდე „ვაგნერელი“ ბელარუსმა შეიძლება მეზობელი პოლონეთის წინააღმდეგ გამოიყენოს...
ლუკაშენკოს ამ „შავ იუმორს“, „ვაგნერელების“ პოლონეთში „ექსკურიასთან“ დაკავშირებით, წინ უძღოდა ერთი საინტერესო მოვლენა-როგორც კი ვარშავაში საბოლოოდ დარწმუნდნენ,რომ რუსეთიდან „გაძევებული“ ათასობით „ვაგნერელი“ ბელარუსის ცენტრალურ ნაწილში სამხედრო ბაზას ქმნის და იქ თავსდება,პოლონეთმა სასწრაფოდ დაიწყო ქმედებები და ბელარუსთან სახელმწიფო საზღვრის გაძლიერება,რისთვისაც იქ ათასმდე სამხედრო და ორასამდე ერთეული სამხედრო ტექნიკა გადაისროლა.
თუკი პუტინისთვის ამ ეტპზე მთავარ მოწინააღმდეგედ მეზობელი უკრაინა რჩება,ლუკაშენკო პოტენციურ მტრად ასევე მეზობელ პოლონეთს მიიჩნევს და ცდილობს მას სასაზღვრო პრობლემები შეუქმნას,რაც სირიელი თუ ერაყელი მიგრანტების ბელარუს-პოლონეთის საზღვართან თავმოყრისა და საზღვრის უკანონოდ გადალახვის ხელშეწყობაშიც არაერთხელ გამოიხატა.
ამჯერად პრეზიდენტ ლუკაშენკოს „ვაგნერის“ სახით ახალი ბერკეტი გაუჩნდა,პოლონელებისთვის ნერვების დასაწყვეტად და დიდი ალბათობით, ეტყობა ამიტომაც დათანხმდა პრიგოჟინის „ვაგნერზე“ გაბრაზებულ პუტინს,მათ ბელარუსში შეფარებაზეც...
არადა,ზუსტად სამი წლის წინ,2020 წლის 29 ივლისს ბელარუსში დააკავეს „ვაგნერის“ 32 მებრძოლი,რომელთა შეტყუებას უკრაინის ტერიტორიაზე ცდილობდა უკრაინის სამხედრო დაზვერვა.მაშინ ლუკაშენკო ძალზე გაბრაზდა და პუტინზე განაწყენდა,რადგან ჩათვალა,რომ ეს „ვაგნერელები“ ქვეყანაში სწორედ კრემლმა გამოუგზავნა საპრეზიდენტო არჩევნების წინ,რომ ლუკაშენკოს მართველობის ხანა დასრულებულიყო.სიტუაციაში გარკვევის შემდეგ,ეს „ვაგნერელები“ ლუკაშენკომ რუსეთს დაუბრუნა და ეტყობა იმ პერიოდში უფრო ახლოს გაიცნო „ვაგნერის“ ხელმძღვანელი პრიგოჟინიც...
ბელარუსში საწვრთნელი ბაზის ამოქმედების შემდეგ, „ვაგნერის“ სამხედრო ინსტრუქტორებს ყოველთვიურად ათასობით ახალი მებრძოლის მომზადება/გადამზადება შეეძლებათ,რაც საერთო ჯამში ძალზე ანგარიშგასაწევ ძალას შექმნის უკრაინისთვის,რათა აღარ განმეორდეს ისევ ბელარუსის მხრიდან უკრაინის დედაქალაქ-კიევზე სახმელეთო შეტევა,როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა 2022 წლის თებერვლის ბოლოსკენ.
თუმცა,უკრაინელების გარდა,პოლონელებიც ძალზე დიდი ინტერესით დააკვირდებიან „ვაგნერელების“ საქმიანობას ბელარუსში,რადგან მისი პრეზიდენტისგან,ლუკაშენკოსგან ყველაფერია მოსალოდნელი,მათ შორის ბელარუსი სპეცრაზმელებისა და „ვაგნერელების“ ერთობლივი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გააქტიურება პოლონეთის საზღვარზე ან სულაც დივერსიული აქტების განხორციელება რჟეშუვში-უკრაინის საზღვრიდან 70 კმ-ში მდებარე პოლონურ ქალაქში,რომლის აეროპორტშიც სისტემატურად ეშვებიან აშშ-ებიდან და ევროპის ქვეყნებიდან გამოფრენილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები,რომლებიც უკრაინის არმიისთვის დასავლურ შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებს ეზიდებიან...