„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2023“-ის გამარჯვებულებსა და „პალიტრა L“-ის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა
"პალიტრა L" საბავშვო ავტორების აღმოჩენას აგრძელებს. კონკურსი "გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი" უკვე მეორედ ჩატარდა და პროფესიონალი ჟიურის შერჩეული გამარჯვებულებიც საზოგადოებისთვის ცოტა ხნის წინ გახდნენ ცნობილი.
6 გამარჯვებულს, რომელთა ტექსტებიც ჟიურიმ ყველაზე საინტერესოდ, ორიგინალურად და აქტუალურად მიიჩნია, პატარა მკითხველი რამდენიმე თვეში გაეცნობა.
გამარჯვებულები: ულიანა მესხი, თამარ შალუაშვილი, ქეთევან დეკანოსიძე, ნინო ქადაგიძე, გვანცა ასათიანი და სოფია ბარშოვა "პალიტრა L"-ის დირექტორს, თინა ასათიანს, მთავარ რედაქტორს, მაია ალუდაურს, საბავშვო პროექტების მენეჯერსა და მარკეტინგის ჯგუფს პირველად შეხვდნენ. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ნამუშევრების შესახებ, შეთანხმდნენ მუშაობის ფორმატზე და გაეცნენ გასულ წელს გამარჯვებული ავტორების წიგნებს, რომელთა ილუსტრაციებმაც გამარჯვებულებზე შთაბეჭდილება მოახდინა.
"პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა მაია ალუდაურმა გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადასცა და ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მაია ალუდაურმა აღნიშნა, 2022 წელს ჩატარებული "გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის" შედეგებით გამოიკვეთა, რომ კონკურსი ლიტერატურის აღნიშნული მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კონკურსსა და თავიანთ ტექსტებზე ისაუბრეს გამარჯვებულებმა. რამდენიმე მათგანის თქმით, ნამუშევრების სიუჟეტები წლების განმავლობაში იქმნებოდა, იხვეწებოდა, მათ ისმენდნენ პატარა ოჯახის წევრები, საბოლოოდ კი გასცდა სახლის კედლებს და მალე მკითხველთა ფართო წრემდე მიაღწევს.
კონკურსის გამარჯვებულები თავიანთი ნამუშევრების შესახებ:
ქეთევან დეკანოსიძე: "ერთ-ერთ ზღაპარს ბავშვობაში ჩემს შვილებს ვუამბობდი. დღეს უკვე ზრდასრულები არიან, თუმცა, რა თქმა უნდა, ახსოვთ. მისი მთავარი გმირი ჩემი შვილი იყო და ამბავიც მის გარშემო ტრიალებდა. ამ სიუჟეტის ფურცელზე გადატანა და გამოგზავნა სპონტანურად გადაწყდა. ეს წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზღაპრები მოგვითხრობს ურთიერთპატივისცემის, ერთმანეთის გრძნობების გააზრების, გაზიარების, თანადგომის შესახებ. ვფიქრობ, მათი წაკითხვა ბავშვებს ჰუმანურობის მნიშვნელობაზე დააფიქრებს, რაც დღეს ძალიან გვჭირდება".
თამარ შალუაშვილი: "ჩემს ზღაპარში ძველი ზღაპრის ჯადოქარი უცებ თანამედროვე რეალობაში ხვდება და მოვლენები მოულოდნელად და საინტერესოდ ვითარდება. ჩემმა პატარა შვილიშვილმა მთხოვა: "შენ როცა აღარ იქნები, მინდა მქონდეს შენი ზღაპრები" და მის გასახარებლად დავიწყე წერა, ბევრი ვიფიქრე და ზღაპრები კონკურსშიც სულ ბოლო დღეს გამოვგზავნე. მასში გამარჯვება ძალიან სასიხარულოა".
ულიანა მესხი: "მე ვარ მხატვარი, ილუსტრატორი, დავიბადე ქალაქ სოხუმში. ჩემი ჩანახატების საშუალებით პატარებს ვუყვები აფხაზეთში გატარებულ ადრეულ ბავშვობაზე, უზრუნველ დღეებსა და ბედნიერ წუთებზე. ნაწარმოები აგებულია მცირე ილუსტრაციებით. ყველაფერი ავტობიოგრაფიულია. მინდა ჩვენი დროის ბავშვებს მოვუყვე, რომ ჩვენ ყველა ერთი მიწის შვილები ვართ და ერთად დგომითა და კეთილგონიერებით აუცილებლად დავბრუნდებით".
ჟიურის წევრები: ნატო ინგოროყვა, დიანა ანფიმიადი და პაატა პაპავა აღნიშნავენ, რომ კონკურსი მნიშვნელოვანია თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის გაცოცხლებისა და განვითარებისთვის. მწერლის, განათლების ციფრული სახლისა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების პროგრამის მენეჯერის (TPDC), სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ნატო ინგოროყვას შეფასებით, საკონკურსოდ შემოსული ნამუშევრები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა:
"ჩვენ ხშირად საბავშვო ლიტერატურას მხოლოდ შემეცნებით და აღმზრდელობით დატვირთვას ვაძლევთ. ცხადია, არც უმაგისობაა, მაგრამ ასევე აუცილებელია ტექსტმა ბავშვი გააცინოს, სახალისო იყოს, ინტერესი გაუღვივოს და ახალ ცოდნასთან ერთად, მრავალფეროვანი ემოციები გაუჩინოს.
თანამედროვე საბავშვო ავტორებს და წიგნებს სჭირდება მეტი ყურადღება, მეტი რეკლამა, მეტი საჯარო წაკითხვა, რეცენზიები და ა.შ. ქართველმა საბავშვო ავტორებმა უნდა იფიქრონ თემატიკის თანამედროვეობასა და თანამედროვე ბავშვის ენის სტილის თავისებურებებზე. სინამდვილე და გამონაგონიც 21-ე საუკუნის ბავშვის მსოფლმხედველობას უნდა მოერგოს. ხშირად უნდა იმართებოდეს საბავშვო ლიტერატურის კონკურსები, მათ შორის თემატურიც, რომლებიც მოტივაციას ზრდიან ავტორებში და მოლოდინს მკითხველში", - აღნიშნა მან. აღსანიშნავია, რომ კონკურსი სხვადასხვა ასაკობრივი ტექსტისთვის ჩატარდა და გამოვლენილი 6 გამარჯვებულის ნამუშევრებმა თითქმის ყველა მათგანი მოიცვა. საინტერესო და აქტუალურ ტექსტებთან ერთად უნიკალური ილუსტრაციები მათ კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის.
(R)