კაბიანი "პაბლო ესკობარი" ანუ ვინ არის ბორჯომელი ხათუნა?! - კვირის პალიტრა

კაბიანი "პაბლო ესკობარი" ანუ ვინ არის ბორჯომელი ხათუნა?!

გასულ კვირას სამართალდამცავებმა ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს­ - ნარკოკარტელის სქემაში მონაწილე პირები სამი წელი ისე ასაღებდნენ ნარკოტიკებს, რომ მათ კვალს ძალოვნებმა ვერ მიაგნეს. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ბორჯომელი ნარი კაჯაევა, მეტსახელად ხათუნა,­ რომელმაც­ თურქ და ბულგარელ თანამზრახ­ველებთან ერთად საერთაშორისო­ ნარკოქსელი­ შექმნა. სავარაუდოდ, ის ჯგუფს­ თურქეთიდან მართავდა და საქართველოდან ნარკოტიკების გაყიდვით მიღებული მილიონობით ლარი უპრობლემოდ გაიტანეს­ - ფული თურქეთში ირიცხებოდა. ამ პერიოდში სხვადასხვა ვალუტაში 20 მილიონ ლარზე მეტი გადაირიცხა. როგორც ირკვევა,­ ჯგუფი შავ ფულს დაუბრკოლებლად ათეთრებდა, თურქეთსა და კვიპროსშიც ყიდულობდნენ ძვირად ღირებულ უძრავ ქონებასა და ავტომობილებს. ნარკოტიკული ნივთიერებები, ძირითადად, ტრაილერით შემოჰქონდათ და აქ აფასოებდნენ. ბოლო წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრაქტიკულად ყველა სახეობის ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა დათქმულ ადგილზე ათავსებდნენ. გაიშიფრა ასევე ნარკოტიკების­ რეალიზაციიდან შემოსული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ქვეყნიდან გატანის გზებიც.

"სხვადასხვა დროსა და ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან ჯგუფის სამი ხელმძღვანელი, ჯგუფის ორი წევრი და ე.წ. 16 "დამდები", რომელთა შორის როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთისა და თურქეთის მოქალაქეები არიან. დანაშაუ­ლებრივ საქმიანობაში ჩართულ პირებს საქართველოში შემოჰქონდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ყიდდნენ: ჰეროინს, კოკაინს, "ბუპრენორფინს", "მეტადონს", "მეტამფეტამინს", "ამფეტამინსა" და "მდმას". ბრალდებულები­ ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა ადგილას ე.წ. დადების მეთოდით ასაღებდნენ, ხოლო რეალიზაციით მიღებულ თანხებს ათეთრებდნენ. სამართალდამცავებმა დაკავებულების პირადი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული­ საშუალება,­ ავტომობილები, საბრძოლო მასალა და ცეცხ­ლსასროლი იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამოღებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება­ - კომპიუტერული­ ტექ­ნიკა და მობილური ტელეფონები, რისი საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო­ საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, რამაც პროკურატურას შესაძლებლობა მისცა ორგანიზებული ჯგუფის სრული დანაშაულებრივი ინფრასტრუქტურა გამოევლინა. იდენტიფიცირებულია ყველა ის საბანკო ანგარიში, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხები ირიცხებოდა და მათი წარმომავლობის შესანიღბავად ტრანზაქციები კეთდებოდა. დადგენილია, რომ 2021-2023 წლებში სპეციალურად­ გახსნილ ქართულ საბანკო ანგარიშებზე, ძირითადად სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით ათასობით ტრანზაქციად ნარკოტიკული საშუალების შემძენებმა ჯამში 15.233.071 ლარი, 2.577.004 აშშ დოლარი და 10.210 ევრო ჩარიცხეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია რამდენიმე ხერხით ხდებოდა. კერძოდ, თანხის ნაწილი პერიოდულობით პირადი გადარიცხვის დანიშნულებით ირიცხებოდა ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უშუალოდ გამავრცელებელ პირებთან დაკავშირებულ საბანკო და ონლაინტოტალიზატორის ანგარიშებზე. თურქეთის 3 და საქართველოს 13 მოქალაქის, ე.წ. დამდების ანგარიშებზე, ჯამში, 1.251.125 ლარი და 329.750 აშშ დოლარი გადაირიცხა; დანაშაულებრივი­ საქმიანობით მიღებული თანხის დიდი ნაწილი­, გარკვეული პერიოდულობით, წარმოშობის­ წყაროსა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით, უცხოურ ვალუტაში კონვერტირდებოდა, დროის უმცირეს ინტერვალში ირიცხებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა ანგარიშებზე და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ ორგანიზებულ ჯგუფთან დაკავშირებულ, მათ შორის, ხელმძღვანელ პირთა თურქულ საბანკო დაწესებულებებში გახსნილ ანგარიშებზე. ზემოაღწერილი სქემით საზღვარგარეთ გადარიცხულია ჯამში 2.039.542 აშშ დოლარი და 531.986 გირვანქა სტერლინგი; თანხის ნაწილი კონვერტირდებოდა უცხოურ ვალუტაში, რომელსაც ანაღდებდნენ ბანკომატით ან გაჰქონდათ ანგარიშიდან როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 2021-2023 წლებში ამ თანხის ოდენობამ ჯამში 740.502 ლარი, 560.173 აშშ დოლარი და 162.124 ევრო შეადგინა. საქართველოში თანხის განაღდებას და შეგროვებას ზემოაღნიშნული დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე უზრუნველყოფდა. ბრალდებულები თანხის ნაწილს სწრაფი ფულადი გზავნილების მეშვეობით საზღვარგარეთ გზავნიდნენ; პარალელურად, ორგანიზებულმა ჯგუფმა დაიწყო საზღვარგარეთ უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა... პერიოდულად ხდებოდა ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხების კონვერტირება უცხოურ ვალუტაში და გადარიცხვა/გადახდა იმ იურიდიულ პირთა ანგარიშებზე, რომლებიც კვიპროსში უძრავი ქონებითა და ავტომანქანებით ვაჭრობენ. ხსენებული ფორმითა და დანიშნულებით, ჯამში 5.126.491 თურქული ლირა, 67.257 გირვანქა სტერლინგი და 14.289 აშშ დოლარი გადაირიცხა. გარდა ამისა, ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში დააფუძნა რამდენიმე იურიდიული პირი და განაღდებული თანხის ნაწილი თავსდებოდა ერთ-ერთი შპს-ს ანგარიშზე, როგორც ,,დამფუძნებლის შენატანი“ და უძრავი ქონების შესაძენად წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით სამშენებლო კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა. ქ. ბათუმში მდებარე სამი მშენებარე საცხოვრებელი ბინის შესაძენად ჯამში 110.314 ლარი გადაირიცხა. ასევე დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა პირადი სარგებლობისთვის საქართველოში 2 ავტომანქანა შეიძინეს. საზღვარგარეთ მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელ და საქართველოში დაკავებულ პირებს უკვე წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება) და სსკ-ის 194-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ სასამართლოს ყველა მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა. გამოძიება ჩაატარებს შესაბამის პროცედურებს საზღვარგარეთ მყოფი ბრალდებულების ზუსტი ადგილსამყოფლის დადგენისა და მართლმსაჯულების წინაშე მათი წარდგენის მიზნით. იმავდროულად, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო ორგანიზებული ჯგუფის საბანკო ანგარიშებს საქართველოში, ასევე უძრავ-მოძრავ ქონებას", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

როგორც დადგინდა, ჯგუფმა მოქმედება 2021 წლის იანვარში დაიწყო. ამ დრომდე გასაღებული აქვთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები. სასამართლომ ნარი კაჯიევას, მის ბულგარელ და თურქ თანამზრახველს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საკითხზე იმსჯელა. პროკურატურა სულ 6 პირისთვის ითხოვდა პატიმრობის შეფარდებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯგუფის ხელმძღვანელი სამივე პირი იძებნება, ხოლო განსასჯელის სკამზე ამჟამად სამი პირი ზის. ბრალდებულებს შორის ორი მოქმედი ადვოკატია, ხოლო ერთი თურქეთის მოქალაქეა. სასამართლო პროცესზე არც ერთმა მათგანმა დანაშაული არ აღიარა, თუმცა სამივეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ მაქინაციასთან მათ კავშირი არ ჰქონიათ, თუმცა საპირისპიროს ამბობს პროკურატურა.

ბრალდებულები მანუჩარ ზოიძე და ასლან­ ფუტკარაძე ადვოკატები არიან, ისინი­ აჭარაში მუშაობდნენ. "ბრალდებული­ ადვოკ­ატები ჩართული იყვნენ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში... ისინი ახდენდნენ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და ასაღებდნენ ნარკოტიკებს, განკარგავდნენ ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებულ თანხებს და უზრუნველყოფდნენ ხელმძღვანელ პირთან მიტანას. ასევე უზრუნველყოფდნენ ფულის კონვერტაციას, გადარიცხვებს საქართველოსა და თურქეთში უძრავ-მოძრავი ქონების შეძენისთვის. 3 წლის განმავლობაში 16 პირზე დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა", - განაცხადა პროკურორმა შმაგი­ გობეჯიშვილმა. მანუჩარ ზოიძის ადვოკატის გიორგი ბერიძის განცხადებით, მისი დაცვის პირს ირიბი შემხებლობაც კი არა აქვს ნარკოტიკების გასაღებასა და სხვა დანაშაულებთან. "ეს არის პროკურატურის ფანტაზიის ნაყოფი, აბსოლუტურად სუბიექტური შეხედულება და პრაგმატული პოზიციისგან დაცლილი. მტკიცებულებითი ხასიათის მიდგომები საერთოდ არ არის. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ვარაუდები. ბრალდების მხარე საუბრობდა მხოლოდ "მგონიათი" და "მიმაჩნიათი". ჩემი დაცვის პირი მოქმედი ადვოკატია, ხალხს უწევდა იურიდიულ დახმარებას და ეს ბუნებრივიც არის. ბრალდების მხარე ცდილობს დამიმტკიცოს, რომ ის ფულს ათეთრებდა, ნარკოტიკს ასაღებდა და მაფიასთან ურთიერთობდა. მითხრან ერთი მტკიცებულება მაინც, რომლის მიხედვითაც მან იცოდა, რომ ეს იყო "შავი ფული". მისი მოვალეობა იყო ბანკში იურიდიული საკითხების გარკვევა და მოგვარება. ბანკში­ იმიტომ მივიდა, რომ ფულის გატანის პრობლემა იყო. იურიდიული მომსახურება გაუწია, ბანკში მოაგვარა საკითხები და ფულიც გადაურიცხა. ამ საქმეში მისთვის ხელის დადება არასწორია", - განაცხადა ზოიძის ადვოკატმა გიორგი ბერიძემ. არადა, ძალოვნების გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ისმის, როგორ ატყობინებს ადვოკატი ზოიძე კაჯიევას ზუგდიდში ერთ-ერთი დილერის დაკავების ამბავს და ის როგორ აძლევს მითითებებს.

მესამე დაკავებული მეჰმედ ჩითლაქი თურქეთის მოქალაქეა. ის აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

არსებული ინფორმაციით, ნარი კაჯიევა, მეტსახელად ხათუნა, ბორჯომელია. როგორც მეზობლები ამბობენ, დიდი ხანია მათი ოჯახი საქართველოდან თურქეთში საცხოვრებლად არის გადასული და ამიტომ ბორჯომში მის საქმიანობაზე არაფერი იციან. ქართველ ძალოვნებს იმედი აქვთ, რომ თურქი სამართალდამცავები დაეხმარებიან და გადმოსცემენ საქართველოს ნარი კაჯიევას. თუმცა არც ის არის გამორიცხული ამ სკანდალის გახმაურების შემდეგ ქალს თურქეთიც დატოვებული ჰქონდეს. ტრანსნაციონალური დანაშაულის ორგანიზატორებს გამოძიება ფულის გათეთრებასაც ედავება.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია: - ნარკოკარტერული დანაშაული რთული გამოსავლენია, რადგან მაღალ დონეზეა ორგანიზებული. ის ელიტური ტიპის ორგანიზაციულ დანაშაულად მიიჩნევა. პირველ ადგილზეა იარაღის უკანონო ვაჭრობა, მაგრამ იარაღის ვაჭრობის ტრასებისგან განსხვავებით ნარკოტრასებს მაღალი მობილობა აქვს და შეიძლება იცვლებოდეს გარკვეული პირობებიდან და ფაქტორებიდან გამომდინარე. თუ ადრე ავღანეთი იყო ნარკოტიკების წარმოების მექა და მასზე მოდიოდა მთელი მსოფლიო ნარკოწარმოების 70%, ეს მოცემულობა შეიცვალა. გაეროს მონაცემებით სხვა არეალებში გადავიდა, კერძოდ, ცენტრალური აზიის მიმართულებაზე. ეს იწვევს ნარკოტრასების შეცვლასაც. ნარკოვაჭრობიდან შემოსავალი ძალიან მაღალია და ეს იძლევა საშუალებას, რომ სხვადასხვა სქემამ იმუშაოს. კერძოდ, კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირი, კორუფციული სქემების ამუშავება, სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკოსებისა და ძალოვნების მფარველობა. შემოსავალს წელიწადში სამჯერ იღებენ, ნარკოტიკული მცენარეული სეზონურად მოჰყავთ და ეს ზრდის უკანონო ბიზნესის რენტაბელურობას.

კიდევ ერთი ფაქტორია გეოპოლიტიკური ვითარება. არსებობს ორი ძირითადი გეოსტრატეგიული ნარკოტრაფიკული ბუდე: ე.წ. ოქროს ნახევარმთვარე და ოქროს სამკუთხედი. "ოქროს სამკუთხედი" მოიცავს აზიურ ნარკოტრაფიკს, ხოლო ავღანეთში არის ავღანური ჰეროინი და ოპიუმი. საქართველომდე აზიური "ოქროს სამკუთხედიდან" წამოსული ნარკოტრაფიკი ნაკლებად მოდის, ჩვენთან უმეტესად ავღანური, პაკისტანური და ცენტრალური აზიის ჰეროინი შემოდის. სააკაშვილის პერიოდში ვითომ ძალიან მკაცრი ნარკოპოლიტიკა იყო, მაგრამ ამის მიღმა იმალებოდა სერიოზული ნარკოხაზები, რომელთაც პოლიტიკური ელიტა მფარველობდა და დიდ თანხებსაც იღებდნენ. 2012 წლიდან სიტუაცია შეიცვალა. ახლა უკრაინაში ომის პერიოდში ძალზე იოლია ნარკოტრასების გაყვანა და ფიქსირდება კიდეც აღმოსავლეთი და ევროპის მიმართულება. ასეთი ჯგუფები შეიძლება არაერთი იყოს საქართველოში. თუ გახსოვთ, როცა "თალიბანმა" თხევადი ოპიუმი გამოუშვა, მაშინ სწორედ "კვირის პალიტრამ" გაახმაურა ეს ფაქტი და გამოააშკარავა "თალიბანის" ტვირთი, შემდეგ ოფიციალურადაც დაადასტურეს "კვირის პალიტრის" ინფორმაცია. ეტყობა, ახლაც ახალი სინდიკატის ჩამოყალიბება იწყება. ეს ჯგუფი შეიძლება ამ სინდიკატის წევრი იყოს და ახლა იწყებდეს ამ სქემების აწყობას.

- როგორც ირკვევა, სამი წელი უპრობლემოდ ასაღებდნენ ნარკოტიკებს­, მათ მფარველები ეყოლებოდათ?

- ასეთ დანაშაულებს თან სდევს ხოლმე კორუფციული სქემები, არც ეს არის გამორიცხული. ნარკოტრასის შექმნას 5 ეტაპი აქვს. პირველი ეტაპია, როცა ხდება გზების მოსინჯვა, მეორე ეტაპია ორგანიზებული სქემის შექმნა და ნაწილდება, ვინ რას გააკეთებს, მესამე ეტაპზე გადიან კავშირებზე და ხდება კორუფციული გარიგებები სახელმწიფო მოხელეებთან, რომლებიც მათ მფარველობენ. მეოთხე საფეხურზე საერთაშორისო დონეზე ვითარდება მათი საქმიანობა და ამაში ერთვება რამდენიმე ქვეყანა. მეხუთე ეტაპზე ხდება ნარკოტიკების დიდი პარტიების გატარება და მუდმივი ტრასის ჩამოყალიბება, რასაც 5-დან 7 წელი სჭირდება. ასე რომ, ნარკოვაჭრობა უმსხვილესი მსხვილი ბიზნესია და მოითხოვს გონივრულად ორგანიზებას, გამოირჩევა სპეციფიკური კორუფციული გარიგებებით. იმ ბორჯომელ ქალზე არაფერი მსმენია, ალბათ, საშუალო რგოლზე დაბალი რგოლის წევრია. კარგია, რომ დროული გააუვნებლეს ეს ქსელი. სამი წელი არც ისე დიდი დროა ასეთი ტიპის დანაშაულებრივი ორგანიზაციისთვის. ეს ჩანასახის პერიოდია. ჩამოყალიბებას მინიმუმ 5 წელი სჭირდება. კარგია, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა ეს ქსელი ლოკალურ დონეზე, ჩანასახშივე გაანადგურეს და არ მისცეს საშუალება გადასულიყო სხვა დონეზე.