ყველაფერი დონაციის შესახებ
დღეს მსოფლიოში, ძირითადად, ექვსი ორგანოს გადანერგვის ოპერაცია ტარდება. შედეგად პაციენტები ახალ, ჯანმრთელ, ბედნიერ ცხოვრებას იწყებენ. ტრანსპლანტაციის, ამ კეთილშობილური საქმის ერთ-ერთი საშიში გვერდითი მოვლენაა ორგანოთა ტრეფიკინგი. ამის მიზეზი, როგორც ჩვენი რესპონდენტი, ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გია თომაძე ამბობს, ისაა, რომ ოპერაციების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, თუ რამდენია გადანერგვის საჭიროების მქონე. ვინ შეიძლება იყვნენ დონორები, რას ითვალისწინებს "ტრანსპლანტაციის შესახებ" კანონი, რა ღირს ორგანოს გადანერგვა, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ:
- პირველი შედეგიანი ორგანოს გადანერგვის ოპერაცია 1954 წელს ჩატარდა - ამერიკელმა ქირურგმა ჯოზეფ მიურეიმ თირკმელი გადანერგა. თუმცა მაშინ წესიერად არც იცოდნენ ტრანსპლანტაციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის, მოცილების რეაქციის მკურნალობა - გადანერგვის შემდეგ პაციენტის ორგანიზმი ცდილობს მოიცილოს ახალი ორგანო, როგორც უცხო სხეული. ძალიან პოპულარულად რომ ვთქვათ, თითში რომ ხიჭვი შეგვერჭობა, გვიჩირქდება და ორგანიზმი ცდილობს გამოდევნოს. ასეთი გამოდევნის რეაქციას ვუწოდებთ სამედიცინო ენაზე მოცილების რეაქციას, რაც, რომ არ განვითარდეს, პაციენტს სპეციალური იმუნიტეტის დამთრგუნავი მედიკამენტები ეძლევა. უამისოდ გადანერგილი ორგანო მოსცილდება და აღარ იმუშავებს. ეს რომ არ ან ნაკლები ინტენსივობით მოხდეს, დონორი და რეციპიენტი მაქსიმალურად შეთავსებადი უნდა იყვნენ. როგორც ყველა ჯგუფის სისხლის გადასხმა არ შეიძლება ყველასთვის, ანალოგიურადაა საჭირო დონორისა და რეციპიენტის სელექცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია გართულება.
- ვის შეუძლია იყოს დონორი?
- დონორი შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი ადამიანი, ისე გარდაცვლილი. ცოცხალი რომ იყოს, საჭიროა დონორ-რეციპიენტს შორის არსებობდეს ნათესაური კავშირი ან სხვა სახის ემოციური სიახლოვე. იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებში უცნობიც იძლევა ორგანოს, ოღონდ არა კონკრეტული, არამედ ორგანოს მოლოდინის რეჟიმში მყოფი პაციენტებისთვის. თუმცა ასეთი ფორმა საქართველოსა და ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, რათა თავიდან იყოს აცილებული ორგანოებით ვაჭრობა, რაც ორგანოების ტრეფიკინგია. ის ადამიანის ტრეფიკინგთან არის გატოლებული.
- ვთქვათ, გავიგე, რომ მჭირდება ორგანოს გადანერგვა, როგორ ვიქცევი ქართული კანონმდებლობის მიხედვით?
- ქართული კანონი "ორგანოთა გადანერგვის შესახებ" 23 წლის წინ, 2000 წელს იქნა მიღებული. წელს ხდება ამ კანონმდებლობის რევიზია, რათა მოხდეს მისი შესაბამისობის დადგენა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ამ კანონის თანახმად, თავდაპირველად დონორი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ახლო გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე. შემდგომში გაიზარდა დონორთა ჩამონათვალი და 2015 წლიდან უკვე შესაძლებელია ახლო ემოციური სიახლოვის მქონე ადამიანმა, ანუ მეგობარმაც მისცეს მეგობარს გადასანერგად ორგანო.
- ტრეფიკინგის ფაქტებზე ვისაუბროთ...
- ტრეფიკინგი საშიში გვერდითი მოვლენაა ამ კეთილშობილური საქმისა. რეალურად, მოლოდინის სიაში უფრო მეტი ხალხია, ვიდრე დონორებული ორგანოების რაოდენობაა. ამიტომ არსებობს შეუსაბამობა მოთხოვნასა და რეალურად არსებულ საშუალებებს შორის, რაც წარმოშობს შავ ბაზარს. სწორედ ეს შავი ბაზარი არის საფუძველი იმ იატაკქვეშა ბიზნესისა, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მსოფლიოში გადანერგვების 10% არალეგალურია - ანუ თუ მსოფლიოში საშუალოდ 150 000 ახალი ორგანო ინერგება წელიწადში, გამოდის, მინიმუმ 15 000 გადანერგვა არალეგალურია. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ეს რაოდენობა 10%-ია იმ საჭიროებისა, რაც მსოფლიოშია.
- კონკრეტული საქმეები თუ არის ცნობილი არაკანონიერი ოპერაციების შესახებ?
- არაერთი. მაგალითად, 90-იან წლებში მოსკოვის მეტროში ქალმა განაცხადა, რომ ჩანთიდან 25.000 დოლარი მოჰპარეს. როცა ჰკითხეს, ამხელა ფული თუ გქონდა, მეტროთი რატომ მგზავრობდიო, უპასუხა, ეს დონორებისთვის მისაცემი თანხააო. ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება და იატაკქვეშა საქმიანობის კვალი მოლდოვამდე მივიდა. გაჭირვებული მოლდოველები მიჰყავდათ სხვადასხვა ქვეყანაში და იქ მდიდარ ადამიანებს უნერგავდნენ მათ ორგანოებს. როცა ინტერპოლმა დაიწყო საქმის შესწავლა, აქცენტი საქართველოზეც კეთდებოდა. სწორედ ამიტომ, მე, როგორც ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს დამჭირდა პოლიციაში სიარული, რათა წარგვედგინა შესრულებული ოპერაციების შესახებ მონაცემები - გვარები, იყვნენ თუ არა მათ შორის უცხოელები და ა.შ. ხანგრძლივი საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობდა და საბოლოოდ მივიღეთ წერილი მოლდოვის შს სამინისტროდან, რომ საქართველოს მონაწილეობა ორგანოთა ტრეფიკინგის საქმეში არ დასტურდებოდა. როგორც გაირკვა, პაციენტებს ეუბნებოდნენ, რომ საქართველოში უკეთებდნენ ოპერაციას, სინამდვილეში კი თურქეთში აკეთებდნენ. მოლდოველი დონორებისგან ამოღებულ თირკმელებს ისრაელიდან ჩამოყვანილ პაციენტებს უნერგავდნენ. ორგანოთა ტრეფიკინგის შემთხვევები მრავლადაა მსოფლიოში. არსებობს 2008 წლის "სტამბოლის დეკლარაცია", რომელიც მიმართულია ორგანოთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ. მასში კარგად ჩანს, თუ რაოდენ დიდია ამ უკანონო საქმიანობის მასშტაბი. დეკლარაციის მიხედვით განასხვავებენ 2 ტერმინს: ტრანსპლანტაციური ტურიზმი და მგზავრობა ორგანოთა გადანერგვისათვის. ტრანსპლანტაციურ ტურიზმში იგულისხმება გადანერგვები, როცა დონორს იძულებით ან ფინანსური დაინტერესების გამო ამოაცალეს ორგანო. 2015 წელს ევროსაბჭომ მიიღო კონვენცია ორგანოთა ტრეფიკინგის წინაღმდეგ, რომელზეც საქართველო ჯერ მიერთებული არ არის. ამ კონვენციის მიზანია, ყველა ევროპული ქვეყანა გაერთიანდეს ორგანოთა კომერციული გადანერგვის წინააღმდეგ.
- კომერციული გადანერგვა რომელ ქვეყნებში ხდება?
- კომერციულ გადანერგვას ვუწოდებთ ორგანოს გაყიდვას. ეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის ნებადართული. ერთადერთი ქვეყანა იყო ირანი, სადაც 5.000 დოლარი ღირდა თირკმელი, მაგრამ 2000-იან წლებში იქაც აიკრძალა. საქართველოს კანონმდებლობით ორგანოს გაყიდვა ან მასში მონაწილეობა სისხლის სამართლის დანაშაულია და 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ისეთ ქვეყნებში, სადაც კანონმდებლობა არ არის, ან ცუდად მუშაობს, ან არეულობაა, ვთქვათ, ომია, ასეთი შემთხვევები არის. კოსოვოს ომის დროს ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე ექიმი დააკავა არალეგალური ტრანსპლანტაციის გამო.- ამჟამად მსოფლიოში რომელი ორგანოების გადანერგვა ხდება?- თირკმლის, ღვიძლის, გულის, ფილტვის, პანკრეასის და წვრილი ნაწლავის. ბოლო დროს დაიწყო საშვილოსნოს გადანერგვაც, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში. ქალს, რომელსაც საშვილოსნო არა აქვს, უნერგავენ და როცა იმშობიარებს, გადანერგილ საშვილოსნოს ამოუღებენ, რათა მთელი ცხოვრება ტყუილად არ მიიღოს იმუნიტეტის დამთრგუნავი პრეპარატები.
- რომელი ორგანოების გადანერგვა ხდება საქართველოში?
- თირკმლისა და ღვიძლის. ჩვენთან ყველა გადანერგვა ცოცხალი დონორიდან წარმოებს, გვამური გადანერგვა, ანუ გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების გადანერგვა, ჯერ არ არის. გარდაცვლილი დონორი ორგვარი სახის შეიძლება იყოს: ერთია, როცა გულისცემა და სუნთქვა შეწყვეტილია, მეორე - როცა თავის ტვინის სიკვდილი უკვე დადასტურებულია, მაგრამ მას ჯერ გულისცემა შენარჩუნებული აქვს ავტომატურ რეჟიმში და ამიტომ მისი ორგანოები დათრომბილი არ არის, სისხლის მიმოქცევა ჯერ კიდევ მიდის. იმისათვის, რომ ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დაისვას, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კრიტერიუმი არსებობს. საქართველოში მიღებული კრიტერიუმების თანახმად, ეს უნდა მოხდეს კლინიკურად, ფიზიკური გასინჯვის საფუძველზე, რაც უნდა დადასტურდეს შემდგომ ინსტრუმენტულად. ასეთი პროცედურა ორჯერ 12-საათიანი ინტერვალით ტარდება. თუ ორივეჯერ დადასტურდება, რომ თავის ტვინი მკვდარია, ე.ი. ადამიანი გარდაცვლილია და უკვე შეიძლება მისი ორგანოების გამოყენება, თუ ამის შესახებ არსებობს მის სიცოცხლეში გაცხადებული თანხმობა, ან მისი ოჯახის წევრების თანხმობა.
- ტყუპისცალი ყველაზე კარგი დონორია?
- დიახ, რადგან ტყუპს შორის იმუნოლოგიური კონფლიქტი არ არის, ანტიგენურად ერთნაირები არიან. პირველი გადანერგვა, 1954 წელს, სწორედ ტყუპისცალებს შორის ჩატარდა.
- რა ღირს საქართველოში ორგანოთა გადანერგვა?
- 20.000 ლარი ღირს თირკმლის გადანერგვა, 120.000 ლარი - ღვიძლის გადანერგვა. თირკმლის გადანერგვას აქამდეც აფინანსებდა სახელმწიფო, რამდენიმე კვირის წინ კი ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღვიძლის გადანერგვასაც მთლიანად დააფინანსებს.
- დონორი რა ასაკის შეიძლება იყოს?
- ნებისმიერი. ბავშვის დონორის ორგანო შეიძლება გადაენერგოს ბავშვს, დიდის - დიდს.
- ცოცხალი დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენად შეიძლება შეიცვალოს დონაციის შემდეგ?
- ცოცხალი დონაცია იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ დონორი სრულყოფილად გამოკვლეულია და დადგენილია, რომ ამ ორგანოს წამოღება არ არის დონორისთვის მნიშვნელოვან რისკთან დაკავშირებული. დონორი პრაქტიკულად ჯანმრთელი უნდა დარჩეს ოპერაციის შემდეგ.
- საზღვარგარეთ რატომ მიდიან გადასანერგად?
- ორი მიზეზის გამო: პირველი - რაც სჭირდებათ, იმ ორგანოების გადანერგვა საქართველოში ტექნიკურად შეუძლებელია, მეორე - იმ ორგანოების გადანერგვის გამო, რომელთაც ცოცხალი დონორი ვერ გასცემს და მხოლოდ გარდაცვლილი დონორი ესაჭიროება.
საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციაში ფუნქციონირებს ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრი, რომლის მონაცემების მიხედვითაც, დღეს საქართველოში ცხოვრობს 535 ორგანოგადანერგილი პაციენტი. მათგან 300-ზე მეტი თირკმელგადანერგილია, 150-მდე - ღვიძლგადანერგილი. აღრიცხვაზე გვყავს 10 გულგადანერგილი პაციენტი. დაახლოებით 25%-ია უცხოეთში ნაოპერაციევი. ბევრია ისეთი, რომელთაც შესაფერისი ცოცხალი დონორი არ ჰყავდა და ამიტომ საზღარგარეთ წავიდნენ, რათა გარდაცვლილის ორგანო გადაენერგათ.
- როგორც გავიგე, თავადაც ბრძანდებით დონორი.
- კი ბატონო, მაქვს დონორის ბარათი. მე გაცხადებული მაქვს თანხმობა, რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩემი ორგანოები შეიძლება გამოიყენონ გადასანერგად. ჩვენი ასოციაციის ვებგვერდზე არის დასახელება: "გახდი დონორი", თუ მასში შეხვალთ, 2 არჩევანი გაქვთ: შეგიძლიათ განაცხადოთ "მე მინდა ვიყო დონორი". ასეთ შემთხვევაში მოგვიანებით დაგირეკავენ, მიბრძანდებით ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრში, დარეგისტრირდებით და მიიღებთ დონორის ბარათს. ასევე შეგიძლიათ დაადასტუროთ თქვენი სურვილი "არ მინდა ვიყო დონორი". ასეთ შემთხვევაში თქვენი გარდაცვალების შემდგომ არავინ დააყენებს საკითხს თქვენი ორგანოების შესაძლო გადანერგვის შესახებ. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალოთ გადაწყვეტილება.
- როგორია დონაციის ხვალინდელი დღე?
- საქართველოში უნდა დაიწყოს გვამური გადანერგვა და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება გადანერგვათა რაოდენობის გაზრდა. თუ ახლა თირკმელსა და ღვიძლს ვნერგავთ, ამას შემდეგ დაემატება გულის, ფილტვისა და სხვა ორგანოების გადანერგვა. უკვე ბევრი რამ კეთდება ქსენოტრანსპლანტაციის განვითარებისთვისაც.
- რას ნიშნავს ქსენოტრანსპლანტაცია?
- როცა ერთი სახეობის ორგანიზმიდან მეორე სახეობის ორგანიზმში ხდება გადანერგვა. მაგალითად, ღორის თირკმელი შეიძლება გადაენერგოს ადამიანს. 2022 წელს აშშ-ში პირველად გადანერგეს ღორის თირკმელი ადამიანში და ღორის გული - ადამიანში. ღორები გენმოდიფიცირებული იყვნენ - ანუ მათგან ამოიღეს ის გენები, რომლებიც მონაწილეობენ მოცილების რეაქციის განვითარებაში. ამიტომ ერთ-ერთი მიმართულება დღეისთვის არის ქსენოტრანსპლანტაციის განვითარება გენმოდიფიცირებული ორგანოების გამოყენებით. მეორე კიდევ უფრო საინტერესო პერსპექტივაა საკუთარი ორგანოების შექმნა ღეროვანი უჯრედებისგან - ღეროვანი უჯრედებით წარმოიქმნას თირკმელი, ღვიძლი, სხვა ორგანოები, ამ შემთხვევაში უკვე მოცილების რეაქცია აღარ განვითარდება.