"კუნძულ ბალიზე გატარებული დღეები ძალიან კარგად მახსენდება" - როგორ დასვენებაზე ოცნებობენ შოუბიზნესის წარმომადგენლები
ზაფხული წელიწადის ყველაზე ნათელი, ლამაზი და განსაკუთრებული დროა. მას განუმეორებელი ხიბლი აქვს თუნდაც იმის გამო, რომ მთელი წლის ნანატრ შვებულებას ემთხვევა. როგორ აპირებენ წლევანდელი ზაფხულის გატარებას შოუბიზნესის წარმომადგენლები, ამის თაობაზე თავად გვიამბობენ:
კრისტი ყიფშიძე, მოდელი, ტელეწამყვანი:
"ძალიან მიყვარს ფეხით სიარული, მზეზე გარუჯვა და ცურვა..."
- ზაფხული ყველა სეზონზე მეტად მიყვარს, რადგან ზღვა, მზე, რუჯი და ცურვა ჩემი სტიქიაა. თუმცა, ძალიან მინდა მთაში წასვლაც მოვახერხო. ყოველ წელს ვაპირებ თუშეთში წასვლას, მაგრამ ჯერჯერობით, ეს ჩემი აუსრულებელი ნატვრაა: ვიცი, რომ თუშეთში საკმაოდ რთული გზებია, მე ბუნებით ფრთხილი ადამიანი ვარ და თუ წასვლას გადავწყვეტ, მხოლოდ ძალიან კარგ მძღოლს ვენდობი. ასე მგონია, რომ თუშეთში 2-3 დღითაც რომ ავიდე, იქიდან სულ სხვანაირი წამოვალ, რადგან მთაში ყოფნისას, საოცარი სიმშვიდის განცდა მეუფლება.
როგორი დასვენება მიყვარს? - ჩემთვის მთავარია სიმშვიდე, სიწყნარე დამხვდეს და ჯანსაღი ცხოვრების წესი შევინარჩუნო. მომწონს ფეხით სიარული, სირბილი, მზეზე გარუჯვა და ცურვა, თუ ამ ყველაფერს სპა-პროცედურებიც დაემატება, ეს ჩემთვის იდეალური დასვენება იქნება. ვეცდები, ამ ზაფხულს სწორედ ასე დავისვენო, მაგრამ სად წავალ, ჯერ არ გადამიწყვეტია. ჩვენ ხომ მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობთ და მუდმივი სტრესის ქვეშ ვართ? - მხოლოდ შვებულების დღეები გვრჩება საიმისოდ, რომ განტვირთვა და დასვენება მოვახერხოთ.
მე ასე მგონია: შეიძლება ადამიანი ვერსად წავიდეს, მაგრამ საკუთარ სახლშიც შესანიშნავად შეძლოს გონების და ნერვული სისტემის დასვენება. როგორ? - თუნდაც სოციალურ ქსელზე თქვას ცოტა ხნით უარი: "ფეისბუკში" რომ შევდივართ, იქ რამდენი მძიმე, უარყოფით ინფორმაციას ვაწყდებით. გვინდა თუ არა, ეს ინფორმაცია ჩვენს ფსიქიკაში ილექება, ამიტომაც არის, რომ ლამის ყოველ მეორე ადამიანს ნევროზი აქვს. მე როცა ვისვენებ, ვცდილობ, ტელეფონთან ახლოს არ ვიყო. ასე მოვიქეცი კუნძულ ბალიზე და ახლა იქ გატარებული დღეები ახლაც ძალიან კარგად მახსენდება. ტელეფონით მარტო ფოტოებს ვიღებდი და სოციალურ ქსელშიც არ შევდიოდი. განსაზღვრული დრო მქონდა, რომ რამდენიმე წუთით ჩემი შვილისთვის დამერეკა და დედა მომეკითხა. მგონი, რაღაც პერიოდის განმავლობაში აუცილებელია, გონება გათიშო და კავშირი გაწყვიტო არა მარტო რეალურ, არამედ, ვირტუალურ სამყაროსთან - ეს ადამიანის ფსიქიკაზე ძალიან კარგად მოქმედებს.
ნიკა ლომიძე - პროდიუსერი:
"დიდ ქალაქებში დასვენება ზაფხულობით არ მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის სასურველია ნიუ-იორკში ყოფნა"
- მეც მშვიდი, წყნარი დასვენების მომხრე ვარ. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ ჩემი შვილი უცხოეთიდან ახლახან ჩამოვიდა. დაგეგმილი მაქვს, ოჯახთან ერთად სადმე წავიდე და ყოველგვარი ხმაურის და ჟრიამულის გარეშე, ერთად დავისვენოთ. მთავარია, იქვე ახლოს ზღვის ნაპირი და მზე იყოს.
სამწუხაროდ, აფხაზეთში ვეღარ მივდივარ, ამიტომ აჭარაში ვისვენებ ხოლმე. ჩემი ოჯახის საყვარელი ადგილი მწვანე კონცხია, სადაც ყველაფერია, რომ ადამიანმა ნორმალური შვებულება გაატაროს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ იქ მთელი წლის სამყოფი ენერგიის დაგროვება შეიძლება, თუმცა, ყველაზე საინტერესო, განსაკუთრებული შვებულება ინდოეთში მაქვს გატარებული, ოკეანის ნაპირზე, სადაც ყველაფერი იყო, რაც მიყვარს: სიმშვიდე, ზღვა, მზე და კომფორტი.
დიდ ქალაქებში დასვენება ზაფხულობით არ მომწონს, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის სასურველია ნიუ-იორკში ყოფნა, განსაკუთრებით, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. როცა შანსი მაქვს, სულ ვცდილობ, ამ საოცარ ქალაქში მოვხვდე. რა თქმა უნდა, საოცნებო ქვეყნებიც მაქვს: ჩვენს პლანეტაზე უამრავი ადგილია, სადაც სიამოვნებით ვიმოგზაურებდი: აფრიკის ქვეყნები, ჩინეთი ტიბეტი, იაპონია და სამხრეთ ამერიკა, სადაც ბევრი იდუმალი ადგილია.
ირმა სოხაძე, მომღერალი:
"ასეთი პლაჟი, ასეთი მზე და ზღვა არც ესპანეთში მინახავს, არც საბერძნეთში და არც იტალიაში"
- როდესაც ზაფხულზე მეკითხებიან, მაშინვე ბავშვობის ბედნიერი დღეები მახსენდება: ჯერ მთაში მივდიოდით, მერე კი, აფხაზეთში - ბიჭვინთა ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი იყო. სიგიჟემდე მიყვარს ზღვა: ის ჩემთვის უსასრულო ენერგიის წყაროა. ერთკვირიანი შვებულებაც რომ მქონდეს, მირჩევნია ზღვაზე გავატარო და არა მსოფლიოს ცნობილ, დიდ ქალაქებში, რუჯი მივიღო და საღამოობით მზის ჩასვლას დავაკვირდე - ამ ყველაფრის გარეშე ზაფხული ვერც კი წარმომიდგენია. წელსაც, შვებულება 10 აგვისტოდან 24 აგვისტომდე მექნება და როგორც ყოველ წელიწადს, ჩემს ოჯახთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, შეკვეთილში წასვლას ვაპირებ. გურია ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა, შეკვეთილის ქვიშა რომ აღმოვაჩინე, ამის შემდეგ ბულგარეთის ქვიშაც კი აღარ მომწონს. ჩემი საქართველო იმდენად მიყვარს, რომ უცხოეთში წასვლას აქ დასვენება მირჩევნია.
მე საერთოდ არ მიყვარს კენჭებიანი და ქვიანი ნაპირები, შეკვეთილში საოცრად კარგი, ქვიშიან ნაპირი ვიპოვე და ბოლო 12 წელია, მარტო იქ დავდივართ. მთელმა ოჯახმა ერთი სასტუმრო ამოვიჩემეთ და ზაფხულობით, მართლა კარგად ვისვენებთ. იქვე ახლოსაა "ბლექ სი არენა" და თუ რაღაც კარგი კონცერტი იმართება, ვცდილობ, დავესწრო, თუმცა, მაინც ვცდილობ, ყველაფერს მოვწყდე და ბავშვებთან ერთად, ზღვის ნაპირას, მშვიდად დავისვენო. უკვე გითხარით, რომ გურიაზე ვგიჟდები, გრიგოლეთი, ურეკი, შეკვეთილი შეუდარებელია! ბევრ ადგილას ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი პლაჟი, ასეთი ზღვა და მზე არც ესპანეთში მინახავს, არც საბერძნეთში და არც იტალიაში. შეიძლება ვიღაცამ თქვას, უცხოეთში უკეთესიაო, მაგრამ ვერ დავეთანხმები. რასაკვირველია, ეს ჩემი მოსაზრებაა და ამ საკითხზე კამათს არ ვაპირებ.
ნუცა ჯანელიძე, მუსიკოსი:
"ამ ბავშვებმა მასწავლეს, როგორ შევუთავსო სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთს"
- რა თქმა უნდა, ზაფხული მეც ძალიან მიყვარს, სიამოვნებით წავიდოდი უნგრეთში, სადაც წლების წინ ვიყავი - ეს იმდენად ლამაზი, საინტერესო ქვეყანაა, რომ კიდევ ერთხელ მოვინახულებდი. არანაკლებ მომწონს ავსტრია და იქაც წავიდოდი, მაგრამ ამ ზაფხულს მომიწევს სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთს შევუთავსო. 2-3-დღიანი გასვლები მაქვს, როცა დასვენებას და მუშაობას ერთმანეთს ვუთავსებ: რეგიონებიდან მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები ჩამოგვყავს და მასტერკლასებს ვუტარებთ. ამ ბავშვებს ვამეცადინებთ და მერე მათი მონაწილეობით, კონცერტებს ვმართავთ. უკვე 2-3 წელია ასე ვაკეთებთ და მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ჩემი მეგობრის - მაია ჯამალაშვილის ინიციატივაა, რომელიც ძალიან აქტიური, მონდომებული, თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანია - სულ ცდილობს, ბავშვებმა ქართულად იმღერონ და ქართული მუსიკა შეიყვარონ. ის ყველა გუბერნიაში აგზავნის წერილს, სადაც წერია, რომ ჩვენ ასეთ ღონისძიებას ვატარებთ. ვისაც სურვილი აქვს, რომ მის შვილს მასტერკლასი ჩავუტაროთ, სიამოვნებით აგზავნის, ბევრი მშობელი თვითონაც მოჰყვება. უკვე ვიყავით ბაკურიანში, ქობულეთში, ბათუმში და ამ ღონისძიებას აგვისტოშიც გავაგრძელებთ.
ქობულეთში ყოფნისას, ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით, ზღვაზეც ერთად გავდიოდით და ყოველდღე ორსაათიან გაკვეთილს ვატარებდით. ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან, ზოგიერთი ღამესაც ათენებს, რომ თავისი სიმღერა შეისწავლოს. დაახლოებით ერთ კვირაში რეპერტუარი მზად გვაქვს და ძალზე შთამბეჭდავ, საბავშვო კონცერტებს ვმართავთ ხოლმე. ამ კონცერტებზე ჩვენი ნაცნობებიც მოგვყავს, ძირითადად, შოუბიზნესის წარმომადგენლები და მათთან საინტერესო შეხვედრებს ვმართავთ.
საოცრად სასიამოვნო პროცესია, როცა მოზარდებს ვავარჯიშებთ, ქართული სიმღერის საიდუმლოებას ვაზიარებთ და მერე სცენაზე ჩვენი შრომის შედეგს ვხედავთ. გამოგიტყდებით: ამას ვერც ერთი ცნობილი კურორტი და უმაღლესი დონის დასვენება ვერ შეედრება.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)