მოსკოვის ცათამბჯენებზე საჰაერო დარტყმები ოდესის დაბომბვის სანაცვლოდ...
დღეს, 24 ივლისის დილაუთენია, მოსკოველების ნაწილი ცაში დაბალ სიმაღლეზე მფრენი დრონების ხმამ გააღვიძა, რასაც მალევე მოჰყვა ორი აფეთქება და ადგილობრივი მაცხოვრებლები ერთ-ერთ მაღალსართულიან შენობაზე კამიკაძე-დრონის თავდასხმის შედეგის მხილველნი გახდნენ...
უშუალოდ მოსკოვზე, აქამდე, ორჯერ უკვე განხორციელდა საჰაერო დარტყმები კამიკაძე-დრონების გამოყენებით - პირველად ა/წ 3 მაისს, როდესაც ორმა დრონმა უშუალოდ კრემლს შეუტია და 30 მაისს, არანაკლებ სამი დრონის თავდასხმა მოხდა მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე...
დღევანდელი, ორი კამიკაძე-დრონის მორიგი "სტუმრობა" რუსეთის ფედერაციის დედაქალაქზე, ეტყობა, შემთხვევითი არ ყოფილა და ის ერთგვარ შურისმაძიებელ ქმედებას წარმოადგენს ბოლო დღეებში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის სამხრეთი კარიბჭის - ოდესის დაუნდობელი საჰაერო დაბომბვების გამო...
საერთოდ, ხარკოვი და ოდესა ერთ-ერთ ყველაზე პრორუსულ ქალაქებად ითვლებოდნენ უკრაინაში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა სჭარბობდა და ლოგიკურად მოჩანდა, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთი ყველაზე მეტად სწორედ ამ ორი პრორუსული ქალაქის რუსულეროვან ადგილობრივ მოსახლეობას დაინდობდა.
მაგრამ რეალობაში პირიქით მოხდა - ომის პირველ თვეებში ხარკოვის არა მარტო საავიაციო, არამედ - საარტილერიო დაბომბვებს დიდი მსხვერპლი მოჰყვა ქალაქის მაცხოვრებლებს შორის, რამაც მნიშვნელოვნად ჩააცხრო პრორუსული განწყობა ადგილობრივ მოსახლეობაში.
რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობის ასეთი მოქმედება კი შეიძლება იმით იყო გამოწვეული, რომ მათ ვერ შეძლეს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის დაპყრობა და მისი "ჩრდილოეთ დონეცკად" გადაქცევა.
ოდესას, საბედნიეროდ, რუსი ოკუპანტების საარტილერიო ზალპები ვერც მაშინ სწვდებოდა, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონი დროებით დაიპყრეს და ნიკოლაევს მიუახლოვდნენ და ახლა, მით უმეტეს, ამ მხრივ საშიშროება ნაკლებად ელით, მაგრამ ოდესა - "მამა-ქალაქი", როგორც ოდესელებს უყვართ მისი მოხსენიება, დღეს რუსული რაკეტების მთავარი სამიზნე აღმოჩნდა...
ამის ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს:
პირველი - რუსეთის ხელისუფლება შურს იძიებს "პუტინის სიამაყის" - ყირიმის ხიდის მეორედ აფეთქების გამო, რაც კრემლის აზრით, სწორედ ოდესის პორტიდან გაშვებულმა საზღვაო კამიკაძე-დრონებმა განახორციელეს.
მეორე - "მარცვლეულის საზღვაო დერეფნის" პროგრამის ამოწურვის შემდეგ, რის გაგრძელებაზეც მოსკოვმა უარი განაცხადა, რუსეთმა დაიწყო უკრაინის შავი ზღვის პორტების ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურება, იმავე ოდესასა და ნიკოლაევში, შეიძლება იმ მიზნითაც, რომ საერთოდ შეუძლებელი გახადოს უკრაინის ამ პორტებში მარცვლეულის გემებში გადატვირთვის ტექნიკური შესაძლებლობა და უკრაინას მოუკლას ხორბლისა და სიმინდის დიდი მოსავლის მსოფლიოს სხვა რეგიონებში საზღვაო გზით გატანის საშუალება.
მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები თანამედროვე სარაკეტო შეიარაღებასთან ერთად ინტენსიურად იყენებენ საბჭოთადროინდელ Х-22 ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებსაც, ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურის გარდა, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ოდესის ცენტრალურ ნაწილშიც, რაც გამოწვეულია ამ რაკეტების დამიზნების სისტემის დიდი ცდომილებით.
23 ივლისის ღამეს, ოდესის მორიგი დაბომბვის შედეგად, დაზიანდა და დაინგრა 29 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მათ შორის სპასო-პრეობრაჟენსკის ოდესის ტაძარი, რამაც განსაკუთრებული გულისწყრომა გამოიწვია მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის... რუს პროპაგანდისტებს ეყოთ იმის თავხედობა, რომ ოდესის მთავარი ქრისტიანული ტაძრის სერიოზულად დაზიანება უკრაინელების მიერ გაშვებული საზენიტო რაკეტისთვის დაებრალებინათ, თითქოს, ამ რაკეტამ გეზი იცვალა და ოდესის ცენტრში ჩავარდა და აფეთქდა... თუმცა ამაშიც ახალი არაფერია, ყოველთვის ასე ცდილობენ საერთაშორისო სამხედრო დანაშაულის "მოწმენდას" რუსეთის საოკუპაციო ძალები, როდესაც მათ მიერ გაშვებულ რაკეტებს უკრაინის მორიგ ქალაქში წმინდა სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი - საცხოვრებელი სახლი, სავაჭრო ცენტრი თუ ეკლესიები ეწირება...
ოდესის დაბომბვის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაიქადნა, რომ ამისთვის რუსეთი სათანადო პასუხს მიიღებდა და მეორე დღესვე რუსეთის დედაქალაქზე კამიკაძე-დრონებით განხორციელებული შეტევა შეიძლება ამის მაჩვენებელიც იყოს. თუმცა ასეთ საპასუხო დარტყმებს, ძირითადად, უფრო ინფორმაციული და პროპაგანდისტული დატვირთვა თუ აქვს, რადგან ერთი-ორი კამიკაძე-დრონის "სტუმრობა" უზარმაზარ მოსკოვს ვერაფერს დააკლებს. სამხედრო თვალსაზრისით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდებოდა, ასეთი საჰაერო დარტყმები მოსკოვთან ან უშუალოდ მოსკოვში მდებარე სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე რომ განხორციელებულიყო...