"სააკაშვილი განიხილებოდა დაზვერვის მომავალ თანამშრომლად. მასა და პოროშენკოსთან უკრაინული სპეცსამსახურები მუშაობდნენ,­ რომლებიც კა-გე-ბეს ექვემდებარებოდნენ" - სკანდალური ინტერვიუ უკრაინის დაზვერვის ყოფილ შეფთან - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი განიხილებოდა დაზვერვის მომავალ თანამშრომლად. მასა და პოროშენკოსთან უკრაინული სპეცსამსახურები მუშაობდნენ,­ რომლებიც კა-გე-ბეს ექვემდებარებოდნენ" - სკანდალური ინტერვიუ უკრაინის დაზვერვის ყოფილ შეფთან

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე, არმიის გენერალი, ნიკოლაი მალომუჟი "კვირის პალიტრას" უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე, საბჭოთა კა-გე-ბეს მუშაობის პრინციპებსა და სხვა თემებზე ესაუბრა.

გამოიწერე "კვირის პალიტრა" და ნახე სტატია სრულად

მალომუჟი 1980-იანი წლებიდან მუშაობდით სსრკ-ისა და უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებში. ამასთან, 80-იანი წლების მიწურულს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწავლობდა, უშიშროების სამსახურის კურატორი იყო და პერსპექტიული კადრების შერჩევაზე მუშაობდა.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელშიც ნიკოლაი მალომუჟი სწორედ ამ პერიოდს იხსენებს:

- სხვა თემაზეც გკითხავთ - 1980-იანი წლებიდან მუშაობდით სსრკ-ისა და უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებში, 1997-1998 წლებში იყავით უკრაინის უშიშროების სამსახურის ეროვნული სახელმწიფოებრიობის დაცვის განყოფილების უფროსი. 80-იანი წლების მიწურულს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწავლობდა, უშიშროების სამსახურის კურატორი იყავით და პერსპექტიული კადრების შერჩევაზე მუშაობდით. თქვენს სიაში ის რა კრიტერიუმებით მოხვდა?

- მხოლოდ კიევში არა, მაშინ წამყვან უნივერსიტეტებში ყოველთვის იყო უშიშროების წარმომადგენლობა ახალი კადრების შესარჩევად. ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი საბჭოთა სივრცეში ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა. რადგან საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა ფაკულტეტები ჰქონდა, იქ 102 ქვეყნის წარმომადგენელი ირიცხებოდა, მხოლოდ სოციალისტური რესპუბლიკებიდან კი არა, ამერიკის, ევროპის, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან, მთლიანობაში, 2500-მდე სტუდენტი, მაგისტრანტი და ასპირანტი, რაც ძალიან კარგი ბაზა იყო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის კადრების შესარჩევად. მათ უნდა ჰქონოდათ გამორჩეული, მრავა­ლმხრივი უნარები,­ ორატორული ნიჭი, სიტუაციის სწრაფად შეფასების, გადაწყვეტილების მიღების უნარი. სრულყოფილად სცოდნოდათ საერთაშორისო სამართალი, აუცილებელი იყო, სულ ცოტა, ორი ენის ფლობა, რათა უცხოეთში მივლინების შემთხვევაში თავისუფლად ემოქმედათ. თუმცა მანამდე მრავალმხრივ შემოწმებას გადიოდნენ, სამედიცინოს, ფსიქოლოგიურს და ა.შ. საბჭოთა სისტემას თავისი კადრების სრული ნდობა უნდა ჰქონოდა, ძალიან დიდ შრომას დებდა მათში. მხოლოდ ინფორმაციის მოგროვება ან სხვა მსგავსი დავალება კი არა, უფრო მნიშვნელოვანი დავალებებიც ჰქონდათ, მაგალითად, თავიანთ ქვეყნებში პოლიტიკური ცვლილებები, ლიდერობა და სხვ... ამიტომ კადრი სისტემაზე სრულად იყო დამოკიდებული. ჩვენ დაზვერვისა და კონტრდაზვერვის კადრების შერჩევა გვევალებოდა. ამ სიაში აღმოჩნდნენ მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო. სიმართლე გითხრათ, საბჭოთა ქვეყნებიდან დიდი არჩევანი არ იყო, განსხვავებით, უცხოეთის ქვეყნებიდან, არადა, დაზვერვის კადრები­ რესპუბლიკებშიც საჭირო იყო. იმ ეტაპზე ისინი დაზვერვის მეთოდოლოგიას, სპეციფიკას სწავლობდნენ. მაღალი განათლება მთავარი მოთხოვნა იყო. ყველა მზვერავი ვერ ხდებოდა, ანუ ამ უნარებს ყველა ვერ ავითარებდა. ამიტომ კადრების შერჩევა, შესაძლებლობების მიხედვით ხდებოდა. საბჭოთა წლებში ყველა სტუდენტს ვსწავლობდით, ნაწილი ვერ გახდა მზვერავი, ამიტომაც სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ, ზოგი შეიხი გახდა, ზოგიც პრემიერ-მინისტრი, ან პრეზიდენტი...

- მაგალითად, სააკაშვილი და პოროშენკო?­

- სააკაშვილს სხვა მოცემულობა ჰქონდა, საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა შეუშალა ხელი, თან სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო იმ პერიოდში სწავლობდნენ, როდესაც უკვე საბჭოთა სისტემა მორყეული იყო, გორბაჩოვმა პერესტროიკა გამოაცხადა, რასაც­ რესპუბლიკებში წლების განმავლობაში დაგროვილი თავისუფლების სურვილის ამოხეთქა მოჰყვა... თუმცა, დიახ, სააკაშვილი განიხილებოდა დაზვერვის მომავალ თანამშრომლად. მასა და პოროშენკოსთან უკრაინული სპეცსამსახურები მუშაობდნენ,­ რომლებიც კა-გე-ბეს ექვემდებარებოდნენ. ეს იყო საბაზისო ეტაპი. როგორც ვთქვი, საბჭოთა კავშირი­ დაშლის პირას იყო, ამიტომაც ისინი უკრაინის­ უშიშროების სამსახურმა გადაიბარა. სააკაშვილმა გასაუბრება გაიარა, რეკომენდაციები მიიღო და საქართველოში გაემგზავრა, თუმცა იქ უკვე არეულობა იყო დაწყებული. ზვიად გამსახურდია და მისი მომხრეები ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდნენ.

- ვინ უნდა დახვედროდა სააკაშვილს?

- არავინ დახვედრია, რადგან ქვეყანაში­ უკვე არეულობა იყო და ეს ადგილობრივ­ სისტემაზეც აისახა, ფუნქცია თითქმის დაკარგული ჰქონდა. დაბნეული­ იყვნენ, არ იცოდნენ და რა როგორ შეიცვლებოდა, მათ რა ბედი ეწეოდათ, ვის მხარეს დადგებოდნენ... ამ სიტუაციაში სააკაშვილს ვისთვის უნდა ეჩვენებინა რეკომენდაცია? უკრაინული მხრიდან ყველამ მიიღო რეკომენდაციები­ იმ ვარაუდით, რომ იქ დახვდებოდნენ კოლეგები, მაგრამ საქართველოში ეროვნული მოძრაობა გუგუნებდა და არავინ იყო, ვინც მიიღებდა... თუმცა ამ კითხვას ჩემს ქვეყანაში, ადგილობრივი ჟურნალისტი რომ მისვამდეს პოროშენკოზე ან სხვა პირზე, ვინც კიევის უნივერსიტეტის სიაში იყო, ვერც მაშინ ვუპასუხებდი, რადგან არსებობს საკითხები, რომლებსაც დღემდე გრიფი "საიდუმლო" ადევს და იურიდიულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თუკი ამას სამართლებრივი სახე მიეცემა და სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, აუცილებლად ვისაუბრებ. სხვა შემთხვევაში, ამის პუბლიკაცია არაკორექტული და არაკომპეტენტური იქნება, განსაკუთრებით, როდესაც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე, ამ შემთხვევაში, საქართველოზე ვსაუბრობთ, რომელმაც რამდენჯერმე გადაიტანა რუსეთის სამხედრო აგრესია. თუმცა დარწმუნებული ვარ, საყრდენი მაინც ჰყავს, რომელიც ბოლო ძალებით იბრძვის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის ჩასაშლელად. სამაგიეროდ, საქართველოს ჰყავს ახალი თაობა, რომელმაც საგარეო კურსზე მკაფიო პოზიცია დააფიქსირა. მოკლედ, საქართველო ახლა გარდამავალ პერიოდს გადის. ქვეყნის საზოგადოება ძალზე პოლარიზებულია და ეს მის ევროპისკენ სწრაფვას აზიანებს. ამიტომ ამ ვითარებაში სიტუაციის გამწვავება, კორექტულად რომ ვთქვათ, არამეგობრული იქნება. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო მტერი ჰყავთ.

საქართველოში, დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში, ლუსტრაციის კანონი რომ მიეღოთ, რომელიც საბჭოთა წარსულის ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, კითხვაზე პასუხი თავადაც გექნებოდათ. დაზვერვის კადრების მომზადებაში ყველა ქვეყანაში დიდი ფული იხარჯებოდა. თითოეულს 4-5 წლის განმავლობაში ამზადებენ. ხშირად ურევენ ერთმანეთში აგენტებსა და "გავლენის პირებს", რაც სხვადასხვა რამეა. აგენტი ვალდებულია ნებისმიერ ფასად შეასრულოს უწყების დავალება, უნდა ეს თუ არა, მისი პირადი ინტერესები იკვეთება თუ არა. ის სრულად კონტროლდებოდა, დაზვერვას ეკუთვნოდა და მორჩა. არსებობდნენ ორმაგი აგენტებიც, ისინი, ვინც რუსეთისა და აშშ-ის დავალებებს ასრულებდნენ. დაზვერვის აგენტურა ძალიან რთული და ჩახლართული თემაა და შეიძლება სრულიად მოულოდნელ, წარმოუდგენელ პერსონებს გადააწყდე. აგენტები მხოლოდ პოლიტიკაში, შსს-ში ან თავდაცვაში კი არა, ყველგან იყვნენ (და არიან): კულტურის, განათლების, ხელოვნების, ლიტერატურის, სამედიცინო სფეროში. ისეთი პირები, ვის სიტყვასაც პატივს სცემენ, ასევე, საზოგადოებისთვის თითქმის შეუმჩნეველი ადამიანებიც. ზოგ შემთხვევაში ცალკეულ პერსონებს ძალიან მარტივი დავალება ჰქონდათ - ვინმეს "გაშავება". თუმცა მე მაინც საერთაშორისო იურისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები მაოცებდნენ, რომლებიც რუსული (შესაძლოა აშშ-ისიც) სპეცსამსახურების საფარქვეშ ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობდნენ, პარალელურად კი, სხვადასხვა პირზე ინფორმაციას აგროვებდნენ. შემდეგ მათთან მუშაობას სპეცსამსახურები იწყებდნენ... ეს ძალიან დიდი ჯაჭვური სისტემა იყო. "გავლენის პირებს" ჰქონდათ არჩევანის უფლება. ზოგ შემთხვევაში, მათი გვარებიც კი არ ვიცოდით, კოდური სახელები ჰქონდათ. ზოგჯერ რუსულ სპეცსამსახურებთან ისინი უფრო აქტიურობდნენ, ვიდრე ოფიციალური აგენტები. ზოგს მართლა სჯეროდა, რომ სასარგებლო საქმეს ემსახურებოდა, მისი ქვეყნისთვის ასე ჯობდა და ანგარების ან სარგებლის გარეშე ჯაშუშობდა.

აგენტის დავალება და საქმიანობა ძალზე მრავალფეროვანია - თუ აგენტი ვერ ასრულებს პოლიტიკურ დავალებას, ის მუშაობს სავაჭრო, ეკონომიკური, საზოგადოებრივი მიმართულებით. მაგალითად, თუ პოლიტიკური ბმა, კავშირი ვერ ხერხდება, ანუ რუსეთს გავლენის ქვეყანაში პოლიტიკური შესაძლებლობები ამოწურული აქვს, ის ცდილობს ეკონომიკური, სავაჭრო არხები გაჭრას, ოღონდ ეს სწორად უნდა შეფუთოს, თუ საჭიროა მუშაობას გუნდური ფორმა მისცეს, ანუ სანდო კადრებით საზოგადოებრივი აზრი შექმნას. თუ ერთი მიმართულება არ გაამართლებს, ყოვნდება და საჭირო მომენტს ელოდება, რათა სხვაგვარად იმოქმედოს. უამრავი დეტალია. ერთი სიტყვით, სპეციფიკა არ შეცვლილა - ისინი ცდილობენ ხელმძღვანელი პირების გარემოცვაში მოხვდნენ და შიგნიდან იმუშაონ, ლობირებენ რუსეთისთვის სასარგებლო საკითხებს. არის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც არ უნდა გავიდეს, საზოგადოებას ისე უნდა მიაწოდონ, რომ ჩაიშალოს. აუცილებელი არ არის, მხარედ იყვნენ წარმოდგენილი, სპეციფიკურად მუშაობენ, ნეიტრალური პოზიცია უჭირავთ. მომხრეებს პოულობენ აზრის გასავრცობად. ამ ყველაფერს დიდი ფინანსები სჭირდება, რაც ჰქონდათ კიდეც. პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, უკრაინაში, დეპუტატებსა და მინისტრებში, ასევე, უშიშროების სამსახურებში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე, რუსეთის არაერთი აგენტი იყო.

- გამოდის, ექსპრეზიდენტის გარდა, სხვა ქართული გვარებიც შეგხვედრიათ.

- სისტემა ისე იყო შექმნილი, რომ შესაძლოა ერთ ოჯახში რამდენიმე წევრი ყოფილიყო აგენტი, ისე, რომ ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ. ეს მათი არჩევანი არ ყოფილა. თუმცა ზოგი აგენტის საქმიანობას წინსვლისთვის იყენებდნენ... ჩემი თაობის მკითხველი კარგად გაიგებს. ვიღაცები ახლა რეჟიმის რომანტიზებასაც ცდილობენ, რაც საშინელებაა... დროთა განმავლობაში აგენტები იცვლიან მუშაობის მეთოდებს. უკრაინის მაგალითზე შეიძლება ვისაუბროთ. რუსეთის სპეცსამსახურების გადაბირებული აგენტები ცდილობდნენ გავლენა ჰქონოდათ ქვეყნის პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ საკითხებზე, საგარეო კურსზე. მოგვიანებით ეს შეეხო ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს, საზოგადოებაში უნდა დაენერგათ ნიჰილიზმი, თითქოს იქ არავინ გველოდება, არ ვჭირდებით, ამასობაში კი რუსეთი, რომელიც გვინდა თუ არა, ჩვენი მეზობელია, გადავიმტერეთ და ამან კარგი არაფერი მოგვიტანა. ეს მეთოდი ახლაც კარგად მუშაობს. ნახე სტატია სრულად