"გოგი დაყაჭე ფულები!" - როგორ გახდა ედუარდ შევარდნაძე მის მიერვე  წახალისებული კორუმპირებული სისტემის მძევალი - კვირის პალიტრა

"გოგი დაყაჭე ფულები!" - როგორ გახდა ედუარდ შევარდნაძე მის მიერვე  წახალისებული კორუმპირებული სისტემის მძევალი

1994-1996 წლები საქართველოს ეკონომიკისთვის უმძიმესი პერიოდი იყო. „ძალოვანი სამინისტროები“ ღიად იყვნენ ჩაერთულნი ბენზინის, სიგარეტისა და იარაღის კონტრაბანდაში. სწორედ ამას გულისხმობდა პრეზიდენტი შევარდნაძე, როდესაც აცხადებდა: "ვიცი, რომ იპარავენ, მაგრამ ვინც ისინი უნდა დაიჭიროს, თვითონ არიან დასაჭერი". თუმცა მხოლოდ ეს არ იყო იმის მიზეზი, რომ შევარდნაძე თვალს ხუჭავდა კორუფციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის „გაფურჩქვნაზე“. საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ყოველგვარი გზით - აი, რა იყო „ბაბუს“ მთავარი მიზანი. გარკვეული პერიოდ ის ოსტატურად ახერხებდა ლავირებას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის. „დასავლეთის“ გულის მოსაგებად საკანონმდებლო ორგანო მთლიანად „ზ. ჟვანიას გუნდს“ ჩააბარა, სამაგიეროდ აღმასრულებელ ხელისუფლებას თავად აკონტროლებდა. მისი სრული ნდობით სარგებლობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს (ეუს) მდივანი ნუგზარ საჯაია. ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობის მთავარი სპეციფიკა ის გახლდათ, რომ მისი აპარატი მხოლოდ რეკომენდაციებს წარუდგენდა პრეზიდენტს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის პირველ პირზე იყო დამოკიდებული. სამწუხაროდ, როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რეკომენდაციების დიდ უმრავლესობას შევარდნაძე არ ითვალისწინებდა და ხშირად საპირისპირო გადაწყვეტილებებსაც კი იღებდა.

“ეუს აპარატში“ მუშაობის პერიოდში პრეზიდენტისთვის რამდენიმე ათეული მნიშვნელოვანი რეკომენდაციის მომზადება მომიწია. მაშინაც და ახლაც ეს პრობლემები საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის აქტუალურია, ამიტომ მიმაჩნია, რომ საინტერესო იქნება მათი გაცნობა. წინა ბლოგში წარმოდგენილი იყო საქართველოს საბაჟო და საგადასახადო სისტემებში არსებული მდგომარეობის ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციები. ქვემოთ პრეზიდენტისთვის მომზადებულ რამდენიმე რეკომენდაციის შემოკლებულ ტექსტს გაგაცნობთ და თავად დარწმუნდებით, თუ რამდენი პრობლემა იყო მოსაგვარებელი.

1996 წლის ზაფხულში „პურისა და ხორბლის მაფიის“ მოქმედებები უკვე ყოველგვარ საზღვარს გასცდა: პურის მაღაზიებში მხოლოდ უხარისხო და თანაც გაძვირებულ პურს თუ შეიძენდით. ამ ფაქტის შესწავლის შედეგად 1996 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტისთვის მოვამზადე ანალიტიკური ინფორმაცია: „ საქართველოს მოსახლეობის პურპროდუქტებით უზრუნველყოფაში არსებული დარღვევებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ“. თავს არ შეგაწყენთ საკმაოდ დიდი მოცულობის ციფრობრივი მასალით და მხოლოდ ძირითადს გაგაცნობთ. იმ წლებში ხორბლის და ფქვილის „მაფიოზური კლანის“ ძირითადი „მოთამაშენი“ იყვნენ: ფირმა „აგროინვესტი“ - „პურპროდუქტების კორპორაცია“ - საქართველოს სოფლის მეურნების სამინისტრო - იტალიური ფირმა „გრანდ მოლინი“ - პურის ქარხნები. ისინი აკონტროლებდნენ ხორბლისა და ფქვილის იმპორტს, ასევე პურის რეალიზაციას. ეს ბიზნესი, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ტრადიციულად ყოველთვის „ჩრდილოვანი ეკონომიკის ნიმუში“ იყო და ასევე დარჩა შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც. უხარისხო ფქვილის იმპორტი, თვითღირებულების ხელოვნური გაზრდა და მოგების შემცირება, აღურიცხავი პურის რეალიზაცია: აი ის ძირითად დარღვევები, რაც ანალიზის შედეგად დადგინდა, ამის საფუძველზე ე. შევარდნაძეს შემდეგი რეკომენდაციები შევთავაზე:

shev5-1690265899.jpg

თუმცა არაფერი შეცლილა და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა.

იმ წლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი გაზით მოსახლეობისა და წარმოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. მაშინ ამ რესურსის ერთადერთი მომწოდებელი რუსეთი იყო. ბუნებრივი გაზი ყოველთვის არ გვყოფნიდა და ამ დროს ოპერატიული ინფორმაციით გაირკვა, რომ თურმე მილიონობით კბმ ბუნებრივი გაზი „ჰაერში იკარგება“. საკითხის შესწავლის შემდეგ პრეზიდენტს შემდეგი „ანალიტიკური ცნობა“ წარუდგინეთ: „საქართველოს მაგისტრლურ გაზსადენზე ბუნებრივი გაზის დანაკარგების შესახებ“.

shev2-1690265899.jpg

ზურაბ ჟვანია და ედუარდ შევარდნაძე:

„მოპოვებული ინფორმაციით (მათ შორის ოპერატიული გზით) დადგინდა, რომ ადგილი ქვს ს/ს „საქტრანსგაზის“ მიერ ბუნებრივი გაზის სისტემატურ ზენორმატიულ გადახარჯვას. მხოლოდ 1996 წლის ოთხ თვეში (აპრილი-ივლისი) ბუნებრივი გაზის ზენორმატიულმა დანახარჯებმა და ტექნიკურმა დანაკარგებმა 14,3 მლნ კბმ. შეადგინა, რომლის სარეალიზაციო ღირებულება 1.5 მლნ ლარზე მეტი იყო. ს/ს „საქტრანსგაზის“ ხელმძღვანელობა კი ამგვარად ხსნის ამ ფაქტს: “დანაკარგების ნახევარი განპირობებულია ფიზიკური გაჟონვით, 5-10 % - პერსონალის შეცდომა ან არასამართლებრივი მოქმედებაა. დარჩენილი 40% თანამედროვ საშუალებებით ვერ პროგნოზირდება“. რეალურად კი ხდება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის „მარცხენა“ რეალიზაცია, ძირითადად სასათბურე მეურნეობებში მოსახმარად“.

სამწუხაროდ პრეზიდენტ შევარდნაძის რეაგირება ამ ინფორმაციაზეც ნულოვანი იყო და ბუნებრივი გაზის დანაკარგების ხელოვნურად გაზრდა წლობით გრძელდებოდა.

1996 წლის წლის მაის-ივნისში საქართველოში ადგილი ჰქონდა ბენზინზე ფასების “ნახტომისებურ” და დაუსაბუთებელ ზრდას. ივლისში პრეზიდენტისთვის მომზადდა ანალიტიკური ცნობა : „საქართველოში 1996 წლის მაის-ივნისში ბენზინის ფასების ზრდასთასთან დაკავშირებით“ .

„მიმდინარე წლის მაის-ივნისში საქართველოში ადგილი ჰქონდა ბენზინზე ფასების “ნახტომისებურ” ზრდას. ფასები ყოველდღიურად 5-10% იზრდებოდა და პიკს მაისის ბოლოს - ივნისის დასაწყისში მიაღწია, როცა 1ლ. ბენზინის ფასი 0.70 ლარი გახდა. 1993-1994 წლებში საქართველოში დაწყებულმა დემოკრატიულმა პროცესებმა გარკვეული სიძნელეები შეუქმნა “ნავთობპროდუქტების მაფიას”. კერძოდ, ნავთობპროდუქტების შემოტანის დეცენტრალიზაციამ (იმპორტიორ ფირმათა რიცხვმა რამდენიმე ათეულს მიაღწია) და რეალიზაციის ობიექტების სიმრავლემ (უპირველესად მოძრავი ავტოცისტერნები) კარგი კონკურენტული გარემო შექმნა, ეს კი “მაფიას” არ აწყობდა. თანდათანობით განხორციელდა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა რიცხოვნობის შეზღუდვა, რისთვისაც “ურჩ” იმპორტიორებზე ზემოქმედების მრავალი ხერხი გამოიყენებოდა (შანტაჟი, თავდასხმა, გაკოტრება და ა.შ). 1994-1995 წლებში რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი “მხედრიონის” მიერ ბენზინის ხელოვნური დეფიციტის შექმნას და ერთი დღის მანძილზე ფასების “პანიკურ” ზრდას (კერძოდ 1995 წლის გაზაფხულზე, როცა 1ლ ბენზინის ფასი ერთ დღეში 1300 მანეთიდან 2500 მანეთამდე გაიზარდა).

დღეისთვის “ნავთობპროდუქტების ჯაჭვიდან” მონოპოლიურად რჩება ნავთობბაზებისა და საცავების რგოლი, რომელსაც მთლიანად სახელმწიფო (ჰოლდინგ “ნავთობპროდუქტების” სახით ) აკონტროლებს. ბენზინზე ფასების ხელოვნური ზრდა ვერ მოხერხდებოდა, რომ არა ნავთობპროდუქტების საცავების მომსახურების ბაზარზე ჰოლდინგ “საქნავთობპროდუქტის” მონოპოლია.

შეიძლება დავასკვნათ, რომ 1996 წლის მაის-ივნისის პერიოდში საქართველოში ბენზინის ფასების 70-100%-ით ზრდა გამოწვეული იყო მაფიოზურ-კლანური ჯგუფების მიერ, რომლებიც მოქმედებენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში (“საქნავთობპროდუქტი”), ასევე კერძო ფირმებში. მათ შეძლეს ნავთობპროდუქტების მთელი “ჯაჭვის” (იმპორტი>ტრანსპორტირება>საცავებში შენახვა>საბითუმო რეალიზაცია>საცალო რეალიზაცია) გაკონტროლება. ჰოლდინგი “საქნავთობპროდუქტების” ხელმძღვანელობა თავს ვერ ართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას - ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას. ამიტომ ანალოგიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად ქონების მართვის სამინისტრომ უნდა დააჩქაროს “საქნავთობპროდუქტის” დემონოპოლიზაცია“.

რაღა თქმა უნდა ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ნავთობის“ და „ხორბალ-ფქვილის“ მაფიის უკან ე. შევარდნაძის უახლოესი ნათესავები და ახლობლები იდგნენ, თუმცა მაინც აუცილებლად მიმაჩნდა რეალური მდგომარეობის დაფიქსირება.

თამბაქო ყოველთვის იყო ლიკვიდური პროდუქცია და ამიტომაც ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო. გასული საუკუნის 90 იან წლებში ამ ბიზნესს ჯერ „მხედრიონი“ და „გვარდია“ „კრიშავდნენ“, შემდეგ კი ისინი შსს-მ და უშიშროებამ ჩაანაცვლა. საბაჟო დეპარტამენტსაც „თავისი ინტერესები“ ჰქონდა „თამბაქოს იმპორტში“. საბაჟოს ხელმძღვანელობა აფიქისირებდა თამბაქოს იმპორტის მხოლოდ მცირე ნაწილს, საიდანაც გადასახადები ბიუჯეტში მიდიოდა. უდიდესი ნაწილი კი განბაჟების გარეშე ხვდებოდა საცალო ქსელში. თუმცა ამ დროს საბაჟოს უხდებოდა „სიტუაციის დალაგება“ ათეულობით თამბაქოს იმპორტიორთან - ეს კი გარკვეული პერიოდის შემდეგ, არასასურველ თავისტკივილად იქცა და ამ უწყების ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს „თამბაქოს ბაზრზე“ საკუთარი თამაშის წესების შემოღება.

shev3-1690265899.jpg

გოგი თოფაძე

1996 წლის სექტემბერში საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ საქართველოს პრეზიდენტს მოხსენებითი ბარათით მიმართა, სადაც ამტკიცებდა, რომ თამბაქოს იმპორტიდან საბაჟო შემოსულობების გაზრდის მიზნით აუცილებელი იყო თამბაქოს ნაწარმის იმპორტის, ტრანსპორტირების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის ლიცენზირება და ამ პროდუქციის იმპორტის ნებართვის მხოლოდ „მსხვილი კომპანიებისთვის“ გადაცემა. მგონი ყველასთვის გასაგებია, რომ ამ დროს საახელმწიფო ბიუჯეტის ბედი კი არ აინტერესებდათ, არამედ საკუთარი ოჯახის. ჩემს მიერ მომზადებული დასკვნა მკვეთრად უარყოფითი იყო და თამბაქოს ნაწარმის იმპორტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის ლიცენზირების და ამით ხელოვნური მონოპოლიების შექმნა ჩაიშალა. თუმცა განუბაჟებელი თამბაქოს იმპორტირება კვლავ გრძელდებოდა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტს“ უკავშირდება. ეს საწარმო კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე დიდი მწარმოებელი იყო და არის. იმ პერიოდში თითო-ოროლა სამრეწველო საწარმო თუ მუშაობდა და წესით „აზოტიც“ ქვეყნის იმედი უნდა ყოფილიყო. თუმცა რა, საწარმოს ხელმძღვანელობა სულ წუწუნებდა მოგება არ გვაქვს, ზარალზე ვართ, ბუნებრივი გაზის დავალიანებას ვერ ვიხდითო. ერთადერთი მომწოდებელი მაშინ რუსული “გაზპრომის” მიერ დაფუძნებული “იტერა“ იყო. მასთან „თანამშრომლობის“ შემდეგ საქართველოს დავალიანებამ რუსული კომპანიის მიმართ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს გადააჭარბა. 1996 წლის ბოლოს „იტერამ“ ოფიციალურად მიმართა საქართველოს ხელისუფლებას რუსთავის „აზოტის“ ქარხნის საკონტროლო პაკეტის ბუნებრივი გაზის მიწოდების ვალში გადაცემის მოთხოვნით. საკითხი უშიშროების საბჭოზე უნდა გასულიყო, ამიტომაც რეკომენდაციების მომზადება მე დამევალა. ღია და ოპერატიული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ „აზოტის“ წარმოებული პროდუქცია (მინერალური სასუქები) წარმატებით გადიოდა ექსპორტზე და საწარმოს თავისუფლად შეეძლო ბუნებრივი გაზის დავალიანების გასტუმრება, თუმცა ამას არ აკეთებდა და წლების მანძილზე დავალიანება იზრდებოდა. სახეზე იყო დანაშაულებრივი გარიგება „იტერასა“ და „აზოტს“ შორის. შესაბამისი რეკომენდაციებიც მოვამზადე. მაშინ რუსეთის შეტევა მოგერიებული იქნა, თუმცა გავიდა წლები და რუსეთმა თავის მიზანს მაინც მიაღწია. 2002 წლის 16 აგვისტოს საქართველოს მთავრობასა და “იტერას” წარმომადგენლებს შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს, რომლის თანახმად, თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის “თბილგაზისა” და რუსთავის ქიმკომბინატის “აზოტის” აქციების სამართავი პაკეტი “იტერას” გადაეცა. ამის შემდეგ “იტერა” (“აჭარაგაზის” გარდა) საქართველოს მასშტაბით ყველა გაზგამანაწილებელ კომპანიას დაეუფლა. ამით მოსკოვმა საქართველოზე ზემოქმედების კიდევ ერთი მძლავრი ბერკეტი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს „ქარის წისქვილებს“ ვებრძოდი, მაინც მგონია, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემქონდა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის საქმეში.

პრეზიდენტი შევარდნაძე ინფორმაციის ნაკლებობას არ უჩიოდა და ძალზე კარგად იცოდა არსებული პრობლემების შესახებ, თუმცა წლების მანძილზე არაფერი შეცვალა. თავიდან ალბათ იყო გარკვეული გარიგება შევარდნაძესა და „კორუმპირებულ ჩინოვნიკებს“ შორის: „ხელშეუხებლობა პოლიტიკური მხარდაჭერის ნაცვლად“. თუმცა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მობერებული შევარდნაძე მის მიერვე წახალისებული კორუმპირებული სისტემის მძევალი გახდა: საკადრო ცვლილებები უკვე აღარ იყო საკმარისი მდგომარეობის გამოსასწორებლად. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე შევარდნაძემ ტრიბუნიდან ასე მოუწოდა ბიზნესმენ -პოლიტიკოს გოგი თოფაძეს: „გოგი დაყაჭე ფულები!“, თუმცა გ. თოფაძის პასუხმა არ დააყოვნა: „არაფერსაც არ დავყაჭავ, მთავრობაში ყველა კორუმპირებულია და მე რატომ უნდა გადავიხადო გადასახადები?“

შევარდნაძის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მან არ გაატარა ის მინიმალური რეფორმებიც კი, რაც მოსახლეობის ცხოვრების დონეს ოდნავ მაინც გააუმჯობესებდა. გაუცემელი ხელფასები და პენსიები, უშუქობა, ზამთარ-ზაფხულს ბუნბერივი გაზის მუდმივი დეფიციტი, უხარისხო პური, ირგვლივ კორუფცია და მომავლის არავითარი იმედი: მოსახლეობის მოთმინების ფიალა აივსო და „უკმაყოფილების ვულკანმა“ 2003 წლის შემოდგომაზე ამოხეთქა. ამით კარგად ისარგებლეს ავანტიურისტებმა და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს.

ნახეთ ბლოგის წინა ნაწილი

(მეცხრე ნაწილის დასასრული)