პირველად - რუსული საჰაერო დარტყმები ნატოს საზღვრიდან 500 მეტრში...
რუსეთ-უკრაინის ომი ასე ახლოს, სულ რაღაც ნახევარ კმ-ში პირველად მიუახლოვდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარს, მას შემდეგ, რაც 24 ივლისის ღამეს რუსულმა კამიკაძე-დრონებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს უკრაინის ქალაქ რენის პორტზე.
ქალაქი რენი უკრაინა-რუმინეთის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს, მდინარე დუნაის დელტაში და იქ მოქმედი სავაჭრო პორტი ნატოს წევრი რუმინეთიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული.
ბოლო ერთი კვირაა, რუსეთი განსაკუთრებული დაუნდობლობით ბომბავს უკრაინის საზღვაო პორტებს ოდესაში, ჩერნომორსკში, იუჟნიში, ნიკოლაევში, რათა გაანადგუროს საპორტო ინფრასტრუქტურა და უკრაინას გაუძნელოს საზღვაო გზით მარცვლეულის ექსპორტი, რაც დღეს ომში მყოფი უკრაინის ხაზინის სავალუტო მარაგის ერთ-ერთ მთავარ შემავსებელ საშუალებას წარმოადგენს.
შავი ზღვის პორტების სისტემატური დაბომბვის ფონზე, უკრაინამ სცადა გამოსავლის პოვნა და მარცვლეულის სავაჭრო გემებზე დატვირთვა რენისა და იზმაილის პორტებში დაიწყო, რომლებიც მდინარე დუნაის დელტაში მდებარეობენ. მდინარე დუნაი შავ ზღვას უერთდება და ამასთანავე, მასზე უკრაინა-რუმინეთის სახელმწიფო საზღვარი გადის.
შეიძლება კიევში იმედოვნებდნენ, რომ ნატოს წევრი რუმინეთის საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში უკრაინულ პორტებში მარცვლეულის დატვირთვაზე ჩამდგარ უცხოურ ბალკერებს (მარცვლეულის მზიდი სატვირთო გემები) რუსი გენერლები ნატოს საზღვრის სიახლოვის შიშით ვერ შეუტევდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა და რენის პორტის ნავსაყუდელი ორჯერ გახდა რუსულ/ირანული „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონების საჰაერო თავდასხმების სამიზნე, ალბათ, იგივე ბედი მოელის იზმაილის პორტსაც...
ასეთ პერიოდში, როდესაც დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთდაპირისპირებამ მაღალ ზღვარს მიაღწია, ერთი პატარა სამხედრო სახის ინციდენტიც საკმარისია სიტუაციის უკიდურეს დონემდე დასაძაბად, რაც შეიძლება გამოიწვიოს, სულაც, რუსული კამიკაძე-დრონებისა თუ რაკეტების დამიზნების სისტემის წმინდა ტექნიკურმა ცდომილებამ და მათ უკრაინული პორტის ნაცვლად, ხუთასიოდე მეტრში, რუმინეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტი დააზიანონ და მსხვერპლიც გამოიწვიონ...
რუმინეთი კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანაა და მასზე ვრცელდება ნატოს წესდების მეხუთე პუნქტი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს და ალიანსის ერთ წევრზე შეტევა აღიქმება, როგორც მთლიანად ნატოს ბლოკზე თავდასხმად, შესაბამისი საპასუხო ქმედებების მექანიზმების ამუშავების გათვალისწინებით...
ისე კი, რუსეთმა აქამდე ნატოს საზღვართან ყველაზე ახლოს საბრძოლო საჰაერო დაბომბვა 15 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს განახორციელა, როდესაც რუსულმა საფრონტო ბომბდამშენებმა საავიაციო ბომბები ჩამოყარეს აჭარაში, ნატოს წევრი თურქეთის საზღვრიდან სულ რაღაც ათიოდე კმ-ში...