"კოალიცია შეიძლება იყოს "ენმ-თან", შეიძლება - "ოცნებასთან", არც იმას გამოვრიცხავ, რომ "ოცნებამ" და "ნაციონალებმა" შეძლონ კოალიციის გაკეთება, საქართველოში ყველაფერი "მოსულა"
საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წელზე მეტი დარჩა, თუმცა ოპოზიციაში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, თუ რა კონფიგურაციით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" უკვე შექმნეს ერთობლივი "გამარჯვების პლატფორმა", სადაც გაერთიანებისკენ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებენ.
საკითხზე, თუ როგორი ფორმირება იქნება ოპოზიციისთვის წინასაარჩევნოდ მომგებიანი, "კვირის პალიტრა" პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა, რომლის აზრითაც, ე.წ. წვრილმა პარტიებმა ერთი ან რამდენიმე მსხვილი გაერთიანება უნდა შექმნან. მისი განცხადებით, თუ პარტია ხედავს, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაძლევის შანსი არ აქვს, უმჯობესია, რომელიმე ჯგუფს, მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდეს, ვიდრე კენჭი "რაც იქნება, იქნებას" პრინციპით იყაროს.
"უპირველესად, საჭიროა, გაკეთდეს ანალიზი, როგორია განწყობა ელექტორატში. ეს უნდა გახდეს საფუძველი, როგორ მოხდეს შემდეგ დაჯგუფება. ელექტორატში სამი ძირითადი კვანძია:
- ეს არის "ქართული ოცნების" ამომრჩეველი, რომელიც, მიუხედავად იმისა, თუ რას გააკეთებს "ქართული ოცნება" და რა დაპირება ექნება, მყარი ამომრჩეველია;
- მეორე "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც ასევე მყარი ამომრჩეველი ჰყავს, როგორი საოცრებაც უნდა იყოს მისი წარსულის გათვალისწინებით - "ნაციონალურმა მოძრაობამ" რაც უნდა გააკეთოს, ამ ამომრჩევლის ძირითადი ბირთვი "ნაციონალურ მოძრაობაზე" იქნება მიბმული;
- არის კიდევ მესამე ჯგუფი, რომელსაც არც "ქართული ოცნება" მოსწონს და არც "ნაციონალური მოძრაობა".
დღეს ამომრჩევლის დაახლოებით 2/3 ოპოზიციურად განწყობილია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ დღევანდელ ოპოზიციურ პარტიათა მთლიანი სპექტრი, ერთად დაჯგუფებული, ამ 2/3-ს ვერ აერთიანებს, რადგან მესამე ჯგუფში, არც "ქართული ოცნება" მოსწონთ და არც "ნაციონალური მოძრაობა". იმ შემთხვევაში კი, თუ ორპოლუსიანი საარჩევნო გარემო რჩება, მესამე ჯგუფის 60% ისევ "ქართული ოცნებას" აძლევს ხმას, 40% კი - "ნაციონალურ მოძრაობაში" მიდის ანუ ასეთ შემთხვევაში, "ქართულ ოცნებას" გამარჯვება გარანტირებული აქვს. ამის საფუძველზე ოპოზიციას აქვს შემდეგი ამოცანა - რადგან 5%-იანი ბარიერია, ოპოზიციურ ფლანგზე ისეთი დაჯგუფებები უნდა შეიქმნას, რომელთაც 5%-იანი ბარიერის დაძლევის გარანტია ექნებათ. დაკარგული ხმები გადანაწილდება იმ პარტიებზე, ვინც 5% გადალახა. ამიტომ წვრილმა პარტიებმა უნდა შეძლონ დაჯგუფება ისე, რომ მათთვის 5%-იანი ბარიერის დაძლევა პრობლემური არ იყოს",- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანებას, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ აღნიშნული ფაქტით არც ამომრჩეველში და არც პოლიტიკურ სპექტრში ბევრი არაფერი შეცლილა.
"ეს, ფაქტობრივად, ერთი ელექტორატი იყო ადრეც და შემდეგაც. რომ ვთქვა, ამით "ნაციონალური მოძრაობამ" ბევრი რამ შეიძინა-მეთქი, ხმების თვალსაზრისით, ასე არაა. მეორე მხრივ - პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არჩევნებზე გადის და ვერ ძლევს 5%-იან ბარიერს, ფაქტობრივად, ხმებსა და მანდატებს აძლევს "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას". "სტრატეგია აღმაშენებელსა" და სხვა წვრილ პარტიებს, 5%-იანი ბარიერის დაძლევის შანსი არ აქვთ, ამიტომ, ასეთმა პარტიებმა ან კენჭი საერთოდ არ უნდა იყარონ, ან უნდა შეძლონ მსხვილ დაჯგუფებებში მონაწილეობის მიღება, თუ გვინდა, რომ 2024 წლის შემდეგ კოალიციური მთავრობა მივიღოთ. კოალიცია შეიძლება იყოს "ნაციონალურ მოძრაობასთან", შეიძლება "ქართულ ოცნებასთან", არც იმას გამოვრიცხავ, რომ "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლონ კოალიციის გაკეთება. საქართველოში ყველაფერი "მოსულა", მით უმეტეს - პოლიტიკურ სპექტრში. "გამარჯვების ფორმულა" და ასეთი მყვირალა ფრაზებით დაიწყეს საუბარი გაერთიანების შემდეგ, მაგრამ ასეთი არაფერი არ არის. ამ გაერთიანებით ბევრი არაფერი შეცვლილა არც ამომრჩეველში, არც პოლიტიკურ სპექტრში.
ამასთან, გახარიამ, რომელსაც თითქოს ყველაზე მეტი შანსი აქვს და ყველაზე ახლოს დგას 5%-იან ბარიერის დაძლევასთან, ვეჭვობ, რომ შეძლოს 5%-იანი ბარიერის გადალახვა, მით უმეტეს, როდესაც საარჩევნო პროცესი დაიწყება, ამიტომ, მანაც უნდა იფიქროს... მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი დღეს მეტ-ნაკლებად ნორმალურად გამოიყურება, ვგულისხმობ საპარლამენტო ჯგუფს, გახარიას მაინც აქვს გუნდში პოლიტიკოსთა შიმშილი, ამიტომ მის გუნდში ვიღაცების დამატება, ცალკეულ პერსონებს ვგულისხმობ, შესაძლოა, მისთვის მომგებიანი იყოს.
გაერთიანების შემდეგ გაჩნდება ლიდერის პრობლემა. აქ უფრო რთულადაა საქმე, რადგან ლიდერობაზე პრეტენზია ბევრს აქვს, ამომრჩევლისთვის კი დღევანდელი ლიდერები რამდენად მისაღებია, ეს საკითხავია. ამიტომ დღის წესრიგში იქნება საკითხი, ვინ იქნება გაერთიანების ლიდერი. შესაძლოა, იყოს ერთი გაერთიანება, შეიძლება - 2 ან 3. ამას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, 5%-იანი ბარიერის დაძლევის გარანტირებული შანსი უნდა ჰქონდეთ. ასე თუ დაჯგუფდება, პროცესი ნორმალურად წავა. თუმცა ყველა ჯგუფს სჭირდება ლიდერი და პროგრამები.
ასე რომ, თუ ხედავს პარტია, რომ ვერ ძლევს 5%-იან ბარიერს და აქვს შანსი, რომელიმე ჯგუფს, მათ შორის - "ნაციონალურ მოძრაობას", შეუერთდეს, უმჯობესია, ასე გააკეთოს, ვიდრე კენჭი იყაროს "რაც იქნება, იქნებას" პრინციპით",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
(სპეციალურად საიტისთვის)
ლიკა რუაძე