"გიორგი იცინოდა, რაღა 11-ათასი დოლარიდან დავიწყე კარიერა ქრთამის აღებაშიო, მეტი კომედია რა გინდათ?!"
"მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის - როდესაც მას უთხრეს, რომ 10 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან მხოლოდ ის თქვა, ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო, ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად, გაყიდვა დაუშვა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა... გიორგი მარგველაშვილის ირგვლივ ასეთი კომენტარები ორი დღეა არ წყდება, რაზეც სასაუბროდ ყოფილ პირველ ლედის - მაკა ჩიჩუას დავუკავშირდით...
- ეს ამბავი კომედიაა, გიორგი იცინოდა, რაღა 11-ათასი დოლარიდან დავიწყე კარიერა ქრთამის აღებაშიო, მე და გიორგიმ ძალიან ბევრი ვიშაყირეთ...
- ანუ, ამ ყველაფერს იუმორით შეხედეთ?
- რა თქმა უნდა, გვეცინებოდა! ასეთ ამბავში 11-ათასი დოლარის ქრთამად აღება, იმდენად ცოტაა, ეს თემა იმდენად არასერიოზულია, უაზრობა, რომ არც შეფასებას, არც კომენტარს გავაკეთებდი, მაგრამ აუცილებელია... "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ისეთ რამეს ამბობენ, მათთან დისკუსიაში შესვლა არც შეიძლება! როგორ უნდა ველაპარაკო ვინმეს ასეთ თემაზე, როგორიც არის გიორგისთან ასეთი საქმეების დაკავშირება?! ფულის გადახდა გიორგისთვის - ეს იმდენად დიდი აბსურდია, კომედიაა! თუმცა მათი ტვინი რომ ამ მდგომარეობაშია, ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა!
- რა მოხდა რეალურად?
- გიული ალასანია ტელევიზიით გამოვიდა და ყველაფერი ძალიან ნათლად ახსნა... მან გარკვეულ პიარკომპანიას გადაუხადა საფასური, რომ ინფორმაცია მსოფლიოში მკაფიოდ გაეჟღერებინათ. როგორც ხდება დღეს, მე თუ ნახატის გაყიდვა მინდა, ამისთვის ხომ სპეციალურ სამსახურს ვუკავშირდები, რომელიც ინფორმაციას გააჟღერებს?!
ჩვენი ქვეყანა რომ ასეთ უბედურ დღეში არ ყოფილიყო, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ყველას თვალწინ აწამებენ, კლავენ, გიორგი ამისთვის რამდენიმე ქვეყნის ყოფილ პირველ პირს, პრეზიდენტებს დაუკავშირდა. დაახლოებით ოცი ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერა შეაგროვა, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი და თქვენ რას ფიქრობთო? რასაკვირველია, მათაც დაუდასტურეს...
შემდეგ, როგორც გაირკვა, ამ ხელმოწერების შესახებ რომ ხმამაღლა გაჟღერებულიყო, გიული ალასანიამ (რომელთანაც ჩვენ პირდაპირი კავშირი არასოდეს გვქონია) გადაუხადა პიარკომპანიას...
თავისი ერთადერთი შვილისთვის, მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის, დედაა!
აგერ ყველა ვხედავთ, მიხეილ სააკაშვილი რა შესახედიც არის. მიუხედავად ჩემი ოპონირებისა მის მიმართ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ და მით უმეტეს, ყოფილმა პრეზიდენტმა, ხმა უნდა ამოიღო! გიორგიმ მიმართა იმ პრეზიდენტებს, რომლებთანაც მეგობრობა აკავშირებდა, ისინიც აღშფოთდნენ და თანადგომა დაუდასტურეს, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი რომ არ უნდა აწამონ! ცივილურ ქვეყნებში პრეზიდენტებს არ აწამებენ. სასამართლოს წინაშე გვარდება ყველაფერი, ასე პირველყოფილი წამება და ინკვიზიცია სხვა დროს ჩაბარდა. ამ რეჟიმში აღარ ვცხოვრობთ.
ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ არის, სად რა გადაიხადა გიული ალასანიამ... გიორგი მხოლოდ იმის ინიციატორი იყო, რომ საქართველოს სახელით კიდევ ერთი პრეზიდენტი არ მოვკლათ... მე არც ვიცოდი, რაზე იყო ლაპარაკი და გადავირიე, რომ ვისმენდი, რას ბოდავენ-მეთქი... გიული ალასანიამ ტელევიზიით განაცხადა, არც გიორგიმ, არც ჟურნალისტებმა არაფერი იცოდნენ, მე პირდაპირ პიარკომპანიას დავუკავშირდი, ამდენი პრეზიდენტების ხელმოწერები რომ მქონდაო...
- რომ დავაზუსტოთ, როდესაც ბატონმა გიორგიმ ხელმოწერები შეაგროვა, ქალბატონ გიულის გადასცა?
- პირადად ქალბატონი გიულისთვის არ გადაუცია... გადასცა იმ ადამიანებს, ვინც პრეზიდენტის ინტერესებს იცავენ. თუ არ ვცდები, ზურაბ ჭიაბერაშვილს და სხვებს...
სულ ეს იყო და ისე გამოიყვანეს, თითქოს გიორგი დადის, ხელმოწერებს აგროვებს და ამაში საფასურს იღებს. თან ასე პატარა თანხას. მეტი კომედია რა გინდათ?!
ყველაფერი ძალიან ნათელია, კითხვის ნიშანი საერთოდ არ არსებობს! "ქართული ოცნება" მტრებს აქეთ ეძებს, რეალურ მტერს კი კარს უღებს და შემოჰყავს. მობრძანდით, აქ რაც გინდათ, ის აკეთეთო... თანაც იმ ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს და კიდევ ზემოდან გვემუქრება, თუ ისე არ მოვიქცევით, როგორც სურს! ესენიც ამბობენ, ჰო, აბა, როგორ, ომი გინდათო?! რაღაც აბსურდის თეატრში მოგვახვედრეს და უძლურად ვგრძნობთ თავს მთელი ამ უბედურების წინაშე. ყველამ ერთხმად უნდა ვთქვათ, ეს რა ჯოჯოხეთში გვაცხოვრებთო! თან ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა მსოფლიო გადაეწყო და შავ-თეთრი ნათლად ჩანს... რა გაუკეთა რუსეთმა ჩეჩნეთს? - საშინელება მოუწყვეს! აქაც კადიროვიზაცია მიდის, კადიროვს უღებენ ფართოდ კარს! ნორმალურებს კარს უხურავენ...
ცხოვრება ძალიან მძიმე რეალობაში გვიწევს, კიდევ რა მოხდება, ღმერთმა უწყის და ეს ტენდენცია კარგს არაფერს გვიქადის... გიორგიზე, რომელსაც ცხოვრებაში უნებართვოდ ერთი ნემსი არ აუღია, რაღაც სისულელეებზე ლაპარაკობენ! ვიმეორებ, ეს არის კომედია, მაგრამ ქვეყნისთვის ტრაგედია! გიორგის იმით არაფერი აკლდება, ვიღაც კობახიძე რასაც იტყვის მასზე! ამ კაცისგან მილიონი სისულელე მოვისმინეთ, ისეთებს ლაპარაკობს! აწყობს, ასე რომ ილაპარაკოს. რაღაც დავალება აქვს მიღებული და ასრულებს, მაგრამ როგორ ასრულებს, უკვე თვითონ არის ქვეყნის სასაცილო. ამიტომაც იყო, რომ გიორგიმ მხოლოდ შაყირით უპასუხა. ამის სერიოზული კომენტირება არ შეიძლებოდა! კობახიძეს რა უნდა ელაპარაკო?!
გიორგიმ მხოლოდ ის იხუმრა, ასე ჩამომალაბორანტეს, მექრთამეობის კარიერას 11-ათასი დოლარით ვიწყებო... მე ესეც გამიკვირდა რომ უპასუხა, რადგან გიორგი ასეთ სისულელეებზე მაგათთან დებატებში არ შედის!
(სპეციალურად საიტისთვის)