"არასოდეს დამავიწყდება, ნანი აცრემლებული თვალებით რომ მოვიდა და მადლობა მითხრა... დიდი ქალბატონია" - კვირის პალიტრა

"არასოდეს დამავიწყდება, ნანი აცრემლებული თვალებით რომ მოვიდა და მადლობა მითხრა... დიდი ქალბატონია"

"პრემიერამდე ქალბატონი ნანი ბრეგვაძეც დაესწრო ჩვენს რეპეტიციას. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სწორედ იგი გახლდათ პირველი ადამიანი, ვინც პრემიერამდე მოისმინა აღნიშნული ვოკალურ-თეატრალური მინიატურა. არასოდეს დამავიწყდება მისი გამომეტყველება, რომელიც სავსე იყო სიამოვნებითა და სიამაყით...", - მწერალი გიორგი სარჯველაძე უდიდეს ფესტივალზე მისი წარმატების შესახებ გვიამბობს...

361892414-1292048404771303-3173338725948296663-n-1690354234.jpg

- ვერასოდეს წარმომედგინა, თუ ასეთ დიდ ფესტივალზე შესრულდებოდა ჩემი ვერლიბრი, თანაც, მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანოს - ნატალია ქუთათელაძის მიერ... ეს იყო აუდიტორიის ჯანსაღი რეაქცია, აპლოდისმენტებითა და შეძახილებით გამოხატული, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება... ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2021 წლის წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ნატალია ქუთათელაძემ ჩემი და პიანისტისა და კომპოზიტორის - სანდრო ნებიერიძის მიერ დაწერილი “პომპეზური რაფსოდია” შეასრულა. ეს გახლავთ ვოკალურ-თეატრალური მინიატურა (ჩემი ტექსტით და სანდრო ნებიერიძის მუსიკით), რომელიც დაიწერა სპეციალურად წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის - ლიზა ბათიაშვილის დაკვეთით... მოგვიანებით ის კონსერვატორიის დარბაზშიც შესრულდა და ცნობილი იტალიელი დირიჟორის თხოვნით, გერმანულ ენაზე ითარგმნა.

natalia-1690354145.jpg

„პომპეზური რაფსოდია” ქართველმა რეჟისორმა და წინანდლის ფესტივალის დირექტორმა, ბატონმა დავით საყვარელიძემ შეაფასა, როგორც შუბერტის “ლიდების” კლასიკური ტრადიციის ეკვივალენტი ქართულ მუსიკალურ ლიტერატურაში. სულ მალე მე და სანდრო ვაპირებთ ციკლის დაწერას, რომელიც დაიწყება “პომპეზური რაფსოდიით” და გაგრძელდება სხვა ჩანახატებით. სათაურად ამ ციკლს “უცოდველი აღსარება” ერქმევა. “პომპეზური რაფსოდიის” არსი და შინაარსი განხილულია, როგორც “ფსევდოცინიკური ლექსი, რომელიც ხელოვანისა და მისი ალტერ ეგოს გრძნობებს გადმოსცემს.

- როგორ შეიქმნა ეს ნაწარმოები?

- ნაწარმოები საკმაოდ მცირე დროში დაიწერა, ფაქტობრივად, რამდენიმე დღე ინტენსიურად, გადაბმულად ვმუშაობდით; ეს პროცესი უაღრესად საინტერესო გამოდგა, როგორც ჩემთვის, ისე - სანდროსთვისაც: ორივე ჩვენგანისთვის ეს იყო პირველი ნაბიჯი კლასიკურ ვოკალურ მინიატურულ ჟანრში - ვეცადეთ, ყოველი სიტყვა თუ აკორდი ერთმანეთთან შეთანხმებით და ერთმანეთის არტისტული ხედვის გათვალისწინებით შეგვესაბამებინა.

პრემიერამდე ქალბატონი ნანი ბრეგვაძეც დაესწრო ჩვენ რეპეტიციას, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სწორედ იგი გახლდათ პირველი ადამიანი, ვინც პრემიერამდე მოისმინა აღნიშნული ვოკალურ-თეატრალური მინიატურა. არასოდეს დამავიწყდება მისი გამომეტყველება, რომელიც სავსე იყო სიამოვნებითა და სიამაყით;

ახლანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად ღირდა ეს ყოველივე იმ შრომად, რაც ამ ნაწარმოებში ჩავდეთ... არ შეიძლება არ აღინიშნოს ნატალია ქუთათელაძის, ყველასათვის საყვარელი მეცო-სოპრანოს და საერთაშორისო სცენის ვარსკვლავის არაჩვეულებრივი შესრულება - სწორედ მისმა მეცადინეობამ და ზუსტმა მიდგომამ, ისევე, როგორც ჩვენი საავტორო იდეებისა და ხედვების ყურადღებამ განაპირობა “პომპეზური რაფსოდიის” დიდი წარმატება. სცენაზე მას საფორტეპიანო თანხლება თვით სანდრომ გაუწია, რამაც პრემიერას, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი პროფესიონალიზმი და სინამდვილე შესძინა.

362308168-236496702658746-8749262953163505670-n-1690354198.jpg

წინანდლის პრემიერის შემდგომ დაინტერესება წამოვიდა ერთ-ერთი ცნობილი კლასიკური მუსიკის ფესტივალიდან, კონკრეტულად - “Verbier Festival”-იდან, თუმცა პანდემიამ იმდენად შეგვიშალა ხელი, რომ ქვეყნის გარეთ დაგეგმილი პრემიერის გამართვა ჩაგვეშალა. მიუხედავად ამისა, მეც და სანდროც არ ვუშინდებით პრობლემებს, ვნახოთ, რა გამოგვივა, შემართება დიდია, ვიტყოდი, იმაზე მეტი, ვიდრე - “პომპეზური რაფსოდიის” წერისას იყო. ამიტომაც გადავწყვიტეთ “უცოდველი აღსარების” დაწერა. მუშაობა, უხეშად რომ ვთქვათ, დაწყებულია: იდეა და მონახაზი მზად გვაქვს, ახლა ველოდებით შესაფერის დროს წერის დასაწყებად.

ციკლი, ჩანაფიქრის მიხედვით, ოთხი მინიატურით დაკომპლექტდება - მათ შორის - რიგით პირველი, როგორც ზემოთ ვახსენე, “პომპეზური რაფსოდიაა”. დანარჩენი მინიატურები მკაფიოდ განსხვავებული და მრავლისმომცველი, ემოციური თუ ფილოსოფიური კითხვებით იქნება დატვირთული, რაც, იმედი მაქვს, აუდიტორიის დიდ ინტერესს და ყურადღებას გამოიწვევს. საამაყოა ისიც, რომ მსგავსი ფორმატის კლასიკური ვოკალური შემოქმედება ქართულ მუსიკალურ ლიტერატურაში საკმაოდ მწირია, ეს კი მეც და სანდროსაც ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს იმისთვის, რომ ჩვენი განსხვავებული და ორიგინალური ხედვა შევთავაზოთ დღევანდელ მსმენელს...

პრემიერის შემდგომ, ქალბატონი ნანი აცრემლებული თვალებით მოვიდა ჩემთან და მისი შთაბეჭდილება რიდით გამიმხილა... ძალიან დიდი ქალბატონია…

(სპეციალურად საიტისთვის)