ძეგლი გორულად - "კალოშები ვაშლებზე"... - კვირის პალიტრა

ძეგლი გორულად - "კალოშები ვაშლებზე"...

ვაშლის მოსავალი ხარჯებსაც ძნელად ფარავს

წლეულს საქართველოში შარშანდელთან შედარებით ვაშლის კარგი მოსავალია, ფასიც ბევრად ნაკლებია. შარშანდელი მცირე მოსავლის გამო გაზაფხულზე 1 კგ ქართული ვაშლის ფასი 3-4 ლარს აღწევდა, "ანტონოვკა" კი 6-7 ლარი ღირდა. ვაშლის წლევანდელი მოსავლისა და პირველი ხელიდან მისი გასაყიდი ფასის შესაფასებლად გორის საკოლმეურნეო ბაზარში ჩავედით.

კვირა დღეს, გამთენიისას, ბაზარში უამრავი გლეხი ჩამოდის. სოფლის ნობათი აქ ბითუმად, ძირითადად, ვედროებით იყიდება, მყიდველები კი ადგილობრივი ან საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოვაჭრეები არიან, იშვიათად - საცალო მომხმარებლებიც. გორელები ამბობენ, რომ მოსავლის სიუხვის მიუხედავად, გაყიდული ვაშლით ბაღის მოვლის ხარჯს ძლივს ინაზღაურებენ და გაწეული შრომის საზღაურს აღარ დაეძებენ.

- "ბანანს" როგორ ყიდით?

- 13 ლარს ვიძახი "ლატოკზე" და მერე ცოტას დავაკლებ.

- რამდენი კილოგრამია?

- 15-16 კილოგრამი ჩადის ყუთში, კილოგრამი 80 თეთრიც არ გამოდის. "ანტონოვკაც" იმავე ფასში მაქვს. ვარიანის მეურნეობის ვაშლია. თუ რეალური მყიდველი ხარ, ორ ყუთს 12,5 ლარადაც მოგცემ. წლეულს, მართალია, კარგი მოსავალია, მაგრამ 12 ლარად, დამიჯერე, ხარჯსაც ძლივს ვინაზღაურებ. გლეხს არაფერი რჩება, ყველაზე კარგად ჩვენი მოსავლით გადამყიდველები ხეირობენ - ორმაგ ფასად ყიდიან. აქ დგომისთვის 6 ლარი უნდა გადავიხადო, 2 ლარსაც ავტოსადგომში მთხოვენ, სადაც მანქანა მყავს გაჩერებული. ჩემი მოყვანილი ვაშლია და თან ყველა არჩეული. ისე კი არ გაგატან, ვაჭრებმა "მოკეთება" რომ იციან...

გლეხები ამბობენ, რომ ხარისხიანი ვაშლის მოყვანა ძვირი უჯდებათ, რადგან კარგი მოსავალი რომ მოიწიო, 1 ჰექტარზე 3 ათასი ლარის ხარჯი უნდა გასწიო. დანახარჯს, ძირითადად, უმაღლესი ხარისხის ვაშლის გაყიდვით ინაზღაურებენ, ე.წ. სასურსათო ვაშლს, რომელიც მოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, თითქმის მუქთად აბარებენ საკონსერვო ქარხნებსა და ხილის გადამმუშავებელ კომბინატებს.

- "ბროცკი" რა ღირს?

- ვედრას 5 ლარში მოგცემ, 8 კილოგრამს იტევს. "სინაპსაც" 5 ლარში ვყიდი, მაგრამ თუ ნამდვილი მყიდველი ხარ, 4 ლარში გაგატან. ხიდისთავის ვაშლია, ჩემი მოყვანილი. ამ წელს არ გამიმართლა მოსავალმა, შარშანდელზე ნაკლები მოვიწიე. ჩემს ბაღში 250 ყუთს ვკრეფდი და წელს 100 ყუთი ძლივს მოვკრიფე.

- ყველას კარგი მოსავალი აქვს და თქვენი რამ გააფუჭა?

- მეც ველოდებოდი, რომ ბარაქიანი შემოდგომა მექნებოდა, მაგრამ არ მოისხა. არადა, წამლობა არ დამიკლია. ყველაფერი მაქვს ბაღში, ზაფხულის ხილიც: ბალი, ალუბალი, ქლიავი, ატამი.

- მთელ მოსავალს გორში ყიდით თუ გაგაქვთ სადმე?

- სად უნდა გავიტანოთ?

- თბილისში, მაგალითად, ორჯერ უფრო ძვირი ღირს ვაშლი.

- მერე თბილისამდე ტრანსპორტირებაც ძვირი ღირს. თბილისამდე მატარებლით ერთი ვედრო ვაშლი რომ ჩაიტანო, 50 თეთრი აქვს ხარჯი. 50 თეთრიც ბაზარში ჩეკია გადასახდელი ვედროზე. საღამოს 8 საათამდე სახლში ვერ ბრუნდები და მთელი დღე, ფაქტობრივად, დაკარგული გაქვს.

- ვაშლის ბაღის მოვლა ძვირი გიჯდებათ?

- ჩვენს შრომას აღარ დავეძებთ, მხოლოდ წამლობა რაც გვიჯდება, იმის ხარჯის ამოღებას ვცდილობთ და სოფლიდან აქამდე ტრანსპორტირებაზე რაც იხარჯება.

ჩვენს საუბარში კიდევ ერთი გორელი გლეხი ერთვება.

- მე სახლში ვაშლს არ ვწამლი.

- რატომ?

- პატარა ნაკვეთი მაქვს, ამიტომ რა ხარჯიც უნდა მქონდეს, იმდენი მოსავალი მაინც არ მომივა. ბუნებრივად რაც მოდის, ეგ არის და ეგ.

- საკონსერვო და ხილის გადამმუშავებელი ქარხნებიც ხომ იბარებენ ვაშლს?

- კილოგრამში 5 თეთრს გვიხდიან. ახლა გორში "კულას" ცეხი მუშაობს, რას არ ამზადებენ: შინდის, ლეღვის, ჟოლოს მურაბასაც კი. მოკლედ, ოცი სახეობის პროდუქციას აწარმოებენ და ყველაფერს გორის რაიონში მოწეული და ადგილობრივი გლეხებისგან შესყიდული ხილით. შემდეგ ეს პროდუქცია ექსპორტზე 18 ქვეყანაში გააქვთ. ხილი თუ არ მოეწონათ, არ ჩაიბარებენ, სათითაოდ არჩევენ ნაყოფს. მაგრამ ეგ არის, რომ ყველაფერი იაფად უნდათ. მაგალითად, ზაფხულში გლეხებისგან კილოგრამი პომიდორი 13 თეთრად ჩაიბარეს. გამოდის, რომ მაგათ ვამდიდრებთ.

გორელი გლეხები ამბობენ, რომ არსებული ბაღების გადარჩენა და ახლის გაშენება დამოუკიდებლად უჭირთ, სახელმწიფო კი არაფრით ეხმარებათ. მხოლოდ ერთხელ, ომის შემდეგ დაურიგეს შხამქიმიკატები, ისიც გვიან, როცა ხილის წამლობა უკვე დასრულებული იყო. "აპრილში ყველაფერი მომარაგებული უნდა გქონდეს, რომ დაიწყო და გახვიდე ბოლოში", - ამბობენ გლეხები. ამის გამო ბევრმა თურმე ბაღი გაჩეხა და ახლა  მარცვლეული კულტურები მოჰყავთ.

- მობრძანდით, გენაცვალე, არბოს ვაშლი წაიღეთ, 4 ლარად გაგატანთ. Eეს ჩვენ ვყიდით იაფად, თორემ ჩვენზე მეტს ვაჭარი იღებს. ერთი იმდენს უმატებს ფასში და თან წონაში თუ არ დაგაკლო, ზედმეტს ნამდვილად არ გადაგაყოლებს. ჩვენ კი ჩვენს მოსავალს ალალად ვყიდით, ზედმეტსაც ვატანთ მუშტარს და ფასსაც დაბალს ვეუბნებით. რომ ამბობენ, წლეულს ვაშლის კარგი მოსავალიაო, არც მთლად მასეა საქმე. ნაადრევმა ყინვამ გაუფუჭა ბევრს მოსავალი და დაუკრეფავი დარჩა. ბევრმა გაყინული დაკრიფა, მაგრამ "ნაქარში" ჩააბარა ქარხანას - ყუთი 4,5 ლარად. ქარხნებმა ახლა უნდა დაამზადონ კიდევ მეორე ხარისხის ვაშლი და ზოგს სახლში უკვე ვაშლი აღარ აქვს, ამიტომ არ არის გამორიცხული, ახალი წლების შემდეგ, ვაშლის ფასი გაიზარდოს. ჩემი მეზობელი იბარებს ვაშლს და შემდეგ აგარაში მიაქვს ხილის გადამმუშავებელ კომბინატში. რამდენიმე დღის წინ სულ გაყინული, გაშავებული ნაყოფი მოუტანეს და ისიც კი ჩაიბარა.

- ყველაზე დიდი მოთხოვნა რომელ ვაშლზეა?

- კარგად იყიდება "ანტონოვკა", "გოლდენი" და "ივერია". რუსეთში აღარ გადის ჩვენი ვაშლი, მაგრამ აქაც კარგად იყიდება, გაუყიდავი არავის რჩება. ერთი ეგ არის, რომ ძალიან დაბალი ფასი აქვთ გადამმუშავებელ ქარხნებს, თითქოს პირი აქვთ შეკრული და ერთნაირ დაბალ ფასად იბარებენ. არადა, მოწეული მოსავალი სამ ხარისხად მაინც უნდა გადაარჩიო, აქედან სუფრის ვაშლი - პირველი ხარისხის 1/3 თუ გამოვა, დანარჩენი გადამმუშავებელს უნდა ჩააბარო.

P .S. გლეხის შრომას ფასი არა აქვსო, ამბობენ გორელები და ხელისუფლებას უთვლიან: ეს სტალინის ძეგლი კი იყო ჩამოსაგდები, მაგრამ იქნებ მის ნაცვლად ჩვენი შრომის დასანახავად ვაშლებზე შემოდგმული კალოში მაინც დაგვიდგათო.

ციფრების ენით

- "საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოში 1 კგ ვაშლის საშუალო წლიური ფასი წლების მიხედვით ასე იცვლებოდა: 2006 წელს იყო 1,05 ლარი, 2007 წელს - 1,82 ლარი, 2008-ში 1,16 ლარი, 2009-ში - 1,71 ლარი და 2010 წელს - 1.,6 ლარი.

- შიდა ქართლში ვაშლის მოსავალმა 2009-ში 52 ათას ტონას მიაღწია, 2010-ში კი 8 ათას ტონას ვერ ასცდა.

(სპეციალურად საიტისთვის)