"ნიუ-იორკში ზოგჯერ კაბა ცალკეა და გოგო - ცალკე" - ვინ არის ქართველი დიზაინერი, რომელიც აშშ-ში საქორწილო კაბებს ქმნის - კვირის პალიტრა

"ნიუ-იორკში ზოგჯერ კაბა ცალკეა და გოგო - ცალკე" - ვინ არის ქართველი დიზაინერი, რომელიც აშშ-ში საქორწილო კაბებს ქმნის

"საქართველოში უფრო ლამაზ პატარძლებს ნახავთ, ვიდრე აქ"

მიხეილ ბაჩუკაშვილი ქალაქ გურჯაანში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის პარალელურად კარატეს, ჭიდაობას, ცეკვას, ხატვას სწავლობდა... საბოლოოდ ხატვის ნიჭს მიანიჭა უპირატესობა, მიზნისკენ მიმავალ გზაზე ბევრი დაბრკოლება გადალახა, ამერიკული ოცნებაც აიხდინა და დღეს ამერიკაში საქორწინო კაბებს ქმნის, ბევრ ქალს ოცნებას უსრულებს...

გთავაზობთ ამონარიდებს რეპორტაჟიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა... ამ გადასახედიდან, ურთულესი წლები იყო: უშუქობა, უგაზობა, მოკლედ უყველაფრობა... თბილისში რაც იყო, საყოველთაოდ არის ცნობილი, მაგრამ კიდევ უფრო რთული ვითარება რეგიონებში გახლდათ, მაგალითად გურჯაანში, სადაც გავიზარდე..."

marseille-1-1690364269.jpg

"როდესაც უნივერსიტეტი დავასრულეთ, სამსახურზე ზრუნვა დავიწყე... დახვეული რულონებით იმ დროისთვის ცნობილ დიზაინერებთან დავდიოდი, ჩემი ნამუშევრები მათთვის რომ გამეცნო. სამწუხაროდ, სამსახური ვერ ვიშოვე. ერთი ქალბატონის ვინაობას არ გავამხელ, მასთან სამი-ოთხი დღე ვიმუშავე, ისიც თვითონ მითხრა, დავხმარებოდი, მაგრამ რატომღაც თანამშრომლობა არ გამოგვივიდა და ის ჰონორარი, რაც უნდა ამეღო, არ მომცა..."

"ერთი კვირის წინ საფრანგეთში გოგოს ქორწილი ჰქონდა, რომელმაც კაბაში დაახლოებით 9 ათასი დოლარი გადაიხადა... სამოსის კოპირებას აღარ ვაკეთებ. ყველა საქორწინო კაბა საავტოროა. თუ ვინმე შეკვეთას მომცემს, მისთვის სასურველ სამოსს შევქმნი, მაგრამ ჩემთვის ეს საინტერესო სამუშაო აღარ არის..."

6m7a0643-1690364350.jpg

"შეიძლება ჩემი ნათქვამი უხეშად ჟღერდეს, მაგრამ საქართველოში უფრო ლამაზ პატარძლებს ნახავთ, ვიდრე აქ. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენთან ვიზუალის შესაბამისი კაბა აცვიათ, ნიუ-იორკში კი ზოგჯერ კაბა ცალკეა და გოგო - ცალკე. არის შემთხვევები, როდესაც პატარძალს შავი კაბა აცვია. ასეთი პატარძლები ქორწილს ძირითადად, ჰელოვინის პერიოდს ამთხვევენ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 27 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე