კორეული ჭურვები რუსული ხორბლის სანაცვლოდ - რას შეცვლის ფხენიანის სამხედრო დახმარება უკრაინის ფრონტზე, რუსეთის სასარგებლოდ? - კვირის პალიტრა

კორეული ჭურვები რუსული ხორბლის სანაცვლოდ - რას შეცვლის ფხენიანის სამხედრო დახმარება უკრაინის ფრონტზე, რუსეთის სასარგებლოდ?

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩრდილოეთ კორეას - რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ ფხენიანში ჩაფრინდა, კორეის ომის დამთავრებიდან 70 წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად.

2-p-1690366277.png
რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს ფხენიანის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს...

მაგრამ სცალია კი სერიოზულ ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს იმისთვის, რომ ფრონტის ხაზიდან სრულიად საპირისპირო მხარეს, შვიდი ათასი კმ-ით დაშორებულ ფხენიანში ჩავიდეს სამხედრო აღლუმის საყურებლად, როდესაც მის არმიას უკრაინელების მუდმივი კონტრიერიშების შეკავება უწევს?

რა თქმა უნდა, სცალია, თუკი საქმე კორეული ჭურვებით დახმარებას შეეხება - "ჭურვების შიმშილის" პრობლემის დადგომისთანავე რუსეთმა დაიწყო საარტილერიო საბრძოლო მასალების დამატებით მოძიება მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებსაც თავის დროზე მოსკოვმა საბჭოთა სტანდარტის არტილერიის არსენალი შეუქმნა.

1-p-1690366248.jpg
ჩრდილოეთ კორეის არტილერია ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია მსოფლიოში...

ასეთ ქვეყნებს შორის კი ერთ-ერთი პირველი სწორედ ჩრდილოეთ კორეაა, რომელსაც 70 წლის წინ, 1950-53 წლის კორეის ომში დაუმარცხებლობის საშუალება სტალინის ბრძანებით გაგზავნილმა დიდძალმა საბჭოთა სამხედრო ტექნიკამ, მათ შორის - არტილერიამ მისცა.

მას შემდეგ, 70 წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეას ერთი დღითაც კი არ შეუწყვეტია შეიარაღების წარმოება, უფრო მეტიც, კომუნისტური კორეა მსოფლიოს მეცხრე ქვეყანა გახდა, რომელსაც ბირთვული იარაღი გაუჩნდა და, ამასთან, უკვე აქვს საკონტინენტთაშორისო მოქმედების ბალისტიკური რაკეტებიც, რომლებიც ჩრდილოთ კორეიდან 8 ათას კმ-ზე უფრო მეტად დაშორებულ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტსაც სწვდებიან...

ჩრდილოეთ კორეას ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი აქვს მილიონობით სხვადასხვა ტიპის საარტილერიო ჭურვი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების უმართავი რაკეტა, რომელთა კალიბრები, გასაგები მიზეზის გამო, საბჭოთა სტანდარტისაა და უპრობლემოდ მიდის უკრაინის ფრონტზე, რუსეთის არმიის მიერ გამოყენებულ საარტილერიო დანადგარებზე - ნაღმსატორცნებზე, ქვემეხებზე, ჰაუბიცებსა და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე.

25 მლნ-იან ჩრდილოეთ კორეას 1,3 მლნ-იანი არმია ჰყავს, რაც პროცენტული თვალსაზრისით, ამ მრავალჯერ სანქცირებულ ქვეყანას მსოფლიოს ყველაზე მილიტარიზებულ სახელმწიფოდ აქცევს, რისთვისაც სამხედრო მიზნებისთვის მთლიანი შიდაპროდუქტის 27 %-მდე ხარჯავს მაშინ, როდესაც ცივილურ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ხშირად 2%-მდეც კი ვერ ადის.

ამიტომაც გასაგებია ჩრდილოეთ კორეელთა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, როდესაც თავდაცვაზე ასეთი ასტრონომიული თანხები იხარჯება და დღეს კიმ ჩენ ინს უჩნდება საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ათწლეულობით დაგროვილი ასიათასობით ჭურვი რუსეთს მიჰყიდოს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად და ამით ვალუტის მარაგი შეავსოს ქვეყნის ხაზინაში...

ფხენიანი ისედაც გარიყული ჰყავს მსოფლიოს და კიმ ჩენ ინს დამატებითი ეკონომიკური სანქციებით ამერიკელები დიდად ვეღარ შეაშინებენ. ის, სურვილის შემთხვევაში, გააგრძელებს რუსეთისთვის საბრძოლო მასალის და, შეიძლება, თავად საბრძოლო ტექნიკის მიყიდვასაც ...ან სულაც ხორბალში გაცვლას...

მართალია, ჩრდილო-კორეამ ბოლო წლებში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია თანამედროვე შეიარაღების, მათ შორის - სტრატეგიული დანიშნულების, შექმნა-წარმოებაში, მაგრამ ჩრილოეთ კორეის მოსახლეობას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს და ელემენტარული საკვები პროდუქტების დიდ დეფიციტს განიცდის.

კიმ ჩენ ინმა ერთი, 152 მმ კალიბრის მსხვრევად-ფუგასური ჭურვი შოიგუს არმიას, ვთქვათ, ათას დოლარად რომ მიჰყიდოს, ეს ფხენიანის სავალუტო რეზერვებს მნიშვნელოვნად შეავსებს, რადგან კომუნისტურ კორეას საარტილერიო ჭურვების დიდძალი მარაგი აქვს დაგროვებული.

თუკი უკრაინის ფრონტზე ასი ათასობით კორეული ჭურვი გამოჩნდა, ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას ომის მიმდინარეობაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების სასარგებლოდ...

თუმცა სადარდებელი, უკრაინელების გარდა, დასავლეთსა და, პირველ რიგში - აშშ-ს და იაპონიასაც გაუჩნდება, რადგან რუსეთისთვის მიყიდული ჭურვების სანაცვლოდ მიღებული დოლარებით კიმ ჩენ ინი თავის დამშეულ მოსახლეობას კი არ დააპურებს, არამედ კიდევ უფრო გააძლიერებს სარაკეტო-ბირთვულ არსენალს…

ამიტომაც აშშ-ს, რომელიც, პრინციპში, ვერაფრით შეუშლის ხელს ფხენიანსა და მოსკოვს შორის შესაძლო "ჭურვების გარიგებას"(ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციაზე უკვე ისედაც იმდენი საერთაშორისო სანქციაა დაწესებული, რომ ახალი სანქციების დადება ბევრს არაფერს შეცვლის), იმის იმედიღა უნდა ჰქონდეს, რომ რუსეთის ხაზინას აღარ დარჩა მნიშვნელოვანი სავალუტო რეზერვი და კრემლი კიმ ჩენ ინს ჭურვების სანაცვლოდ დოლარებს კი არ გადაუხდის, არამედ ბარტერს ანუ ხორბალში გაცვლას შესთავაზებს...