"დედა განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, ისე ექცეოდა, თითქოს, შინეიდი ბიჭი იყო" - ო’კონორის მრავალრიცხოვანი ქორწინებები, შვილები და ტრაგიკული ბედი - კვირის პალიტრა

"დედა განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, ისე ექცეოდა, თითქოს, შინეიდი ბიჭი იყო" - ო’კონორის მრავალრიცხოვანი ქორწინებები, შვილები და ტრაგიკული ბედი

უცხოური მედიის ცნობით, ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.

„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი საყვარელი შინეიდი. მისი ოჯახი და მეგობრები ძალიან დამწუხრებულები არიან“, - ვკითხულობთ მუსიკოსის ოჯახის ოფიციალურ განცხადებაში.

2018 წლის შემდეგ, რაც მომღერალმა ისლამი მიიღო და სარწმუნოება შეიცვალა, საკუთარ თავს შუხადა სადაკატის სახელით მოიხსენიებდა.

მომღერალი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდა, რომ საკმაოდ დიდი ხანი ებრძოდა დეპრესიას.

2022 წელს მუსიკოსის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა, შინეიდის 17 წლის ვაჟმა - შეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ტრაგედია დიდი დარტყმა აღმოჩნდა მუსიკოსისთვის...

ირლანდიელმა მომღერალმა უდიდეს წარმატებას 1990-იან წლებში, კომპოზიციით Nothing Compares 2U მიაღწია. სიმღერის ვიდეორგოლი youtube-ზე მაყურებელმა 400 მილიონზე მეტჯერ ნახა. ო’კონორმა, საერთო ჯამში, 10 ალბომი გამოუშვა.

თავგადაპარსულმა, საუცხოო ვიზუალისა და შესრულების სტილის მქონე შინეიდმა 1990-იან წლებში მსმენელს ყველაზე განსხვავებული და საინტერესო კომპოზიცია შესთავაზა, რომლითაც მან მაშინდელ პოპ-მომღერლებს უდიდესი კონკურენცია გაუწია.

„მისი მუსიკა მთელ მსოფლიოში უყვარდათ, მისი ნიჭი კი შეუდარებელია“, - დაწერა ირლანდიის პრემიერმა ლეო ვარადკარმა „ტვიტერის“ გვერდზე, რომელმაც საზოგადოებას მუსიკოსის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

ბავშვობის წლები

შეუდარებელი მომღერალი, ირლანდიაში, დუბლინში, 1966 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. მას არც ისე დალხენილი ბავშვობა ჰქონდა. გოგონა 8 წლის იყო, როცა მშობლები დაშორდნენ, დედამ კი იგი კათოლიკურ სკოლაში შეიყვანა.

ერთხელ პატარა გოგონამ მაღაზიაში ნივთი მოიპარა, ის დასაჯეს და სამონასტრო ტიპის აღმზრდელობით დაწესებულებაში გაგზავნეს.

შინეიდს მუსიკა ბავშვობიდან ძალიან უყვარდა, სიმღერისას ის ყველა პრობლემას ივიწყებდა. შემდეგ შინეიდის ნიჭი ერთ-ერთი მუსიკალური ჯგუფის წევრებმაც შეამჩნიეს. შინეიდი კარიერას და სწავლას ერთმანეთს ვერ უთავსებდა, ამიტომ სკოლა ისე მიატოვა, რომ დაწყებითი განათლება სრულად არ მიუღია.

სხვადასხვა საკრავზე დაკვრა მან დუბლინის კაფეებში ისწავლა, პარალელურად, განათლება მუსიკალურ კოლეჯშიც მიიღო.

18 წლის გოგონა წარმატების მისაღწევად გამოწვევებს არ შეუშინდა და ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მისი შესრულებული საუნდტრეკები სხვადასხვა ფილმში გამოიყენეს. ახალგაზრდა გოგონამ შეძლო და სულ მალე პირველი ალბომიც ჩაწერა. სადებიუტო ალბომი The Lion and the Cobra უამრავ განსხვავებულ და კარგ მუსიკას აერთიანებდა. ამ ალბომებიდან რამდენიმე სიმღერა განსაკუთრებით შეიყვარა მსმენელმა, რომლებიც მუსიკალურ ჩარტებში შეუჩერებლად ისმოდა.

6335e1fb2400003600da47c0-1690444114.jpeg

მომდევნო ალბომმა - I Do Not Want What I Haven’t Got გაამართლა მსმენელის იმედები და სწორედ ამ ალბომით მიიღო მუსიკოსმა პირველი „გრემი“.

ყველაზე დიდი წარმატება სიმღერამ - Nothing Compares 2 U მოუტანა, რომელიც პირველად ჯგუფმა The Family შეასრულა, თუმცა კომპოზიცია მაშინ გახდა ჰიტი, რაც ის ირლანდიელმა მომღერალმა შეასრულა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მეორე ალბომის შემდეგ გამოშვებული არც ერთი სიმღერა არ ყოფილა წარმატებული. შინეიდმა გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნებულიყო, პაუზა აიღო და თეატრალური და საოპერო ხელოვნება შეისწავლა. 2 წლის შემდეგ მან მე-4 ალბომი გამოუშვა, რომელიც კარგი შეფასებების მიუხედავად, წარმატებული ვერ აღმოჩნდა, სულ მალე კი ცნობილი გახდა, რომ შინეიდი უარს აცხადებდა მედიასთან ურთიერთობაზე.

ერთი წლის შემდეგ ო’კონორმა განაცხადა, რომ მუსიკალურ კარიერაზე საერთოდ უარს ამბობდა, თუმცა ამ განცხადების მიუხედავად, 2003-2014 წლებში მან ალბომი გამოსცა. ხოლო 2022 წელს "ტვიტერზე" მომღერალმა დაწერა, რომ როგორც კი მისი ბოლო ალბომი გამოიცემოდა, ის დაასრულებდა კარიერას. ეს განცხადებაც არ აღმოჩნდა სწორი, რადგან ის რამდენიმე საათში მსმენელის წინაშე წარსდგა, შემდეგ კი განაცხადა, რომ პრესა აკეთებდა განცხადებების ინტერპრეტირებას.

sinead-oconnor-2-0b0c9d2b2729490b8af40fe54d112cb7-1690444114.jpg

პირადი ცხოვრება

მომღერლის პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის ყოველთვის საინტერესო იყო. მისი პირველი მეუღლე მუსიკოსი ჯონ რეინოლდსი იყო, რომელთანაც 1987 წელს შეუღლდა და ვაჟი - ჯეიკი შეეძინა. ისინი 1990 წელს დაშორდნენ, ამის შემდეგ მუსიკოსს რომანი ჟურნალისტ ჯონ უოტერსთან ჰქონდა, რომელთანაც გოგონა გაუჩნდა. დაშორების შემდეგ წყვილი სასამართლოში ბავშვის მეურვეობაზე იბრძოდა, საბოლოოდ, შინეიდი დათანხმდა, რომ შვილი მამასთან იცხოვრებდა.

2001 წელს მუსიკოსი კიდევ გათხოვდა, მისი რჩეული ამჯერად ჟურნალისტი ნიკ სომერლენდი იყო, მათ ვაჟი - შეინი შეეძინათ. ქორწინება 3 წელს გაგრძელდა. 2006 წელს ფრენკ ბონადიოსთან რომანის შემდეგ მას მეოთხე შვილი შეეძინა.

მესამედ ოჯახი ოფიციალურად ო’კონორმა 2010 წელს სტივ კუნისთან შექმნა, ისინი 2011 წლის შემოდგომაზე განქორწინდნენ. ხოლო მეოთხე ოფიციალური ქორწინება თერაპევტ ბარი ჰერიჯთან ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. ისინი ლოს-ანჯელესში დაქორწინდნენ, რამდენიმედღიანი თანაცხოვრების შემდეგ კი - განქორწინდნენ.

sinead-oconnor-death-072623-tout-a9f07ca4559f4d2a9894dac490e51547-1690444114.jpg

მრავალფეროვანი პირადი ცხოვრების გამო, მუსიკოსის მიმართ ყოველთვის იყო საზოგადოების დიდი ინტერესი.

შინეიდი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა დეპრესიას, 2017 წელს მან ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მსმენელს გაუმხილა, რომ დიდი ხანია, ბიპოლარული აშლილობა აწუხებდა.

2021 წელს მუსიკოსმა გამოსცა წიგნი, რომელშიც ის ოჯახში რთულ ვითარებას აღწერდა, რაც მისი ფსიქიკური პრობლემების საწყისად იქცა. როგორც მომღერალი თავის ბიოგრაფიაში წერდა, დედამისი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ქალი გოგონას ისე ექცეოდა, თითქოს შინეიდი ბიჭი იყო.

ბავშვობის ტრავმა მას მთელი ცხოვრება თან სდევდა, ერთხელ ისიც კი განაცხადა, რომ 8-ჯერ სცადა სიცოცხლის დასრულება. კიდევ ერთი დიდი დარტყმა მუსიკოსმა 2013 წელს მიიღო, როცა ვაჟზე, შეინზე მეურვეობა ჩამოართვეს. 2021 წელს ბიჭი მკურნალობდა კიდეც, რადგან რამდენჯერმე თვითმკვლელობა მანაც სცადა.

2022 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირლანდიელი მუსიკოსის ვაჟი რამდენიმე დღე გაუჩინარდა, სულ მალე კი საზოგადოებამ ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.

შინეიდმა ძალიან განიცადა ვაჟის გარდაცვალების ამბავი, ის სოციალურ ქსელში ყველას მოუწოდებდა, რომ არ გაემეორებინათ მისი შვილის ბედი...

2820117-11-seoimage4x3-sinead-shane-o-connor-1-1690444114.jpeg
შინეიდი შეინთან ერთად

შინეიდ ო’კონორმა რამდენჯერმე შეიცვალა რელიგიური შეხედულება. თავდაპირველად ის კათოლიკე იყო, თუმცა 2018 წლის დეკემბერში ისლამი მიიღო.

ირლანდიელი მუსიკოსი 2023 წლის 26 ივლისს გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების მიზეზი კი სიმსივნე გახდა.