"საქართველოში ყოველთვის იყვნენ გენეტიკურად ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები. ეს გენეტიკა არსად გაფანტულა და ამის ნათელი მაგალითია ხვიჩა კვარაცხელიას გაბრწყინება იტალიაში"
ავაღორძინოთ ქართული ფეხბურთი
(სახალხო პროექტი)
დიდი ანდრო ჟორდანია ამბობდა: „ფეხბურთს ყველა ვერ თამაშობს, მაგრამ მისი ცოდნის პრეტენზია ყველას აქვს“. ასეა. განსაკუთრებით – საქართველოში, სადაც სპორტის ეს სახეობა გამორჩეულად უყვართ და ბევრსაც ფიქრობენ მისი დღევანდელობისა თუ ხვალინდელი დღის შესახებ. წლებია, „კვირის პალიტრა“ ცდილობს, სპორტის ამა თუ იმ სახეობის სპეციალისტებთან ერთად, გულშემატკივრებსაც მისცეს მათი შეხედულებებისა და იდეების სამზეოზე გამოტანის შესაძლებლობა. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი მარლენ მელქაძე ვეტერანი ფეხბურთელია, შვიდი ათწლეულია, ქართულ ფეხბურთს გულშემატკივრობს და დარწმუნებულია, რომ ჩვენი ფეხბურთის წარსული და დღევანდელობა არის გარანტი მომავალი წარმატებებისა. რა არის ამისთვის საჭირო? ბატონი მარლენის მოსაზრებას მის წერილში გაეცნობით:
...სპორტსა და კულტურაში მიღწეული წარმატებებით საქართველოს ღირსეული ადგილი უკავია მსოფლიო არენაზე. გამორჩეულია ქართველი მოჭიდავეების, მოფარიკავეების, მასობრივი წარმატებები, ფენომენურია ტალახაძის 6-გზის მსოფლიო ჩემპიონობა ძალოსნობაში, საამაყოა ქართველი ქალი მოჭადრაკეების შედეგები... გამორჩეული წარმატებაა თბილისის „დინამოს“ კალათბურთელთა გუნდის გამარჯვება ევროპის ჩემპიონთა თასის 1962 წლის ფინალში. ჟენევაში, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართულ იმ მატჩს, ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს ცნობილი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე. „რეალი“ მაშინაც უმაღლესი კლასის ესპანელი და ამერიკელი კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა მათ ვერაფერი მოუხერხეს დიდებულად მოთამაშე ქართველებს! ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ზემოაღნიშნული სპორტსმენების კოჰორტა ნათელ წარმოდგენას ტოვებს მსოფლიო სპორტში ქართული სპორტის ადგილთან დაკავშირებით.
ეს ყველაფერი მართლაც საამაყოა, მაგრამ ფეხბურთი რატომ არ არის ამ სიაში? რატომ არის ის გამოტანილი სტატიის სათაურში? რატომ სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, აღორძინება, რისთვის არის საჭირო სახალხო პროექტი?
ფეხბურთი გამოირჩევა თავისი მასობრიობით, ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით. იგი შემოჭრილია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეკონომიკასა და პოლიტიკაში. რატომ გვიწევს ლაპარაკი მისი განვითარების საკითხზე დღეს, ქართული ფეხბურთი ხომ უკვე 30 წელია, დამუკიდებლად აგრძელებს არსებობას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ?
რატომ დღეს? ამ კითხვაზე პასუხია – ხვიჩა კვარაცხელიას გაბრწყინება ევროპის საფეხბურთო ჰორიზონტზე! ხვიჩა 2001 წლის 12 თებერვალს დაიბადა და 22 წლის არის. ფეხბურთში წარმატების მისაღწევად ეს ასაკი არც ცოტაა და არც ბევრი. ამ ასაკში ბრწყინავდნენ მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, ვოვა გუცაევი, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია, გიორგი სიჭინავა და სხვები. ამ ასაკში, პელეს უკვე მოგებული ჰქონდა მსოფლიოს ორი ჩემპიონატი... სასიხარულოა, რომ ხვიჩამ იტალიის ჩემპიონატის მისთვის სადებიუტო სეზონში შეძლო თავის გამოჩენა და მალევე გახდა „ნაპოლის“ გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშე. ნეაპოლში, რომელიც გამორჩეულია განსაკუთრებული ტიფოზებით და მარადონას მიმართ საოცარი სიყვარულით, „ნაპოლის“ მაისურით პირველივე სეზონში გაიტანა 14 გოლი, გააკეთა 17 საგოლო გადაცემა (მათ შორის - უეფას ჩემპიონთა ლიგაზე), მოიგო სკუდეტო, დასახელდა იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად, რაც უმაღლესი აღიარებაა. კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ საქართველო ფეხბურთის ქვეყანაა. კვარაცხელიას გამოჩენამ იტალიელ ხალხში საქართველოსთან ურთიერთობის სურვილი გააორმაგა, „ნაპოლის“ სტადიონზე გამოკრულია ქართული რეკლამები, ნეაპოლში თითქმის ყველა მატჩზე ჩადის უამრავი ქართველი გულშემატკივარი და ა.შ.
კვარაცხელია პირველი მერცხალია დღეს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა, მაგრამ საბედნიეროდ, არ არის ერთადერთი: ევროპის კლუბებში წარმატებით თამაშობენ ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, დავითაშვილი, ლობჟანიძე, კაშია. გვყავს ძლიერი მეკარეები - მამარდაშვილი, ლორია და სხვები. მოდის კარგი თაობა, რომელსაც უკვე სახელმწიფო დონეზე სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ეს გაბრწყინება შემთხვევითი არ არის. ამას ადასტურებს საბჭოთა ეპოქაში ქართული ფეხბურთის ისტორია 1936-1989 წლებში.
სანამ გავაგრძელებ, რამდენიმე სიტყვას მოგახსენებთ ფეხბურთთან ჩემი ურთიერთობის პირველ წლებზე. ქართულ ფეხბურთში ჩემი მონაწილეობა მოკრძალებულია - ყველაზე დიდი წარმატება იყო აჭარის ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრებში მოხვედრა. თუმცა, ფეხბურთმა ბევრი რამ მომცა:
პირველ რიგში ის, რომ უდიდესი სიამაყე იყო მთელი აჭარის მასშტაბით 11 ფეხბურთელში მოხვედრა - ამით, პატარა ბიჭის პირველი ოცნება ასრულდა. მე-11 კლასში (ისევ თერთმეტი), ჩვენი გუნდი ჩაირიცხა ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის რეზერვში. „დინამოს“ ცენტრალურ სტადიონზე ვვარჯიშობდით იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც პატარაობიდან ჩვენი კუმირები იყვნენ. ამ დღიდან მოყოლებული ფეხბურთი – სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება სულ თან სდევდა ჩემს ცხოვრებას, ყველა წარმატება გოლით იზომებოდა. 1957 წელს, საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე – ეს იყო ჩემი პირველი მნიშვნელოვანი გოლი ცხოვრებაში. ცხოვრების ერთი ეტაპი დამთავრდა, ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკულ ფაკულტეტზე.
ამ დღიდან, გზა თითქოს გაიყო ფეხბურთსა და ტექნიკას შორის, ფეხბურთსა და მეცნიერებას შორის, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ისეთივე სიხშირით არა, მაგრამ ვარჯიში მაინც გრძელდებოდა. კაპიტნის სამკლავურით ვთამაშობდი ინსტიტუტში, ალმა-ატის მძიმე მანქანათმშენებელი ქარხნის (სადაც 30 000 კაცი მუშაობდა!) ფეხბურთელთა გუნდში! საერთოდ, ფეხბურთს ისეთი ემოციები მოყვება, სიტყვებით რომ ვერ გადმოსცემ...
სხვათა შორის, ყოფილი ფეხბურთელები, კარიერის დასრულების შემდეგ, წარმატებულ სამეურნეო საქმიანობას ეწეოდნენ - მათ უკვე იცოდნენ გუნდური თამაშის პრინციპი, კოლექტივთან ურთიერთობა, მეგობრის გატანა, მისთვის დროულად „პასის მიცემა“. სულ მაგონდება ის 11 ფეხბურთელი - მეკარე როინ კვასხვაძე - ბათუმის „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების მეკარის სახელოვანი ბაბუა - ისიც მეკარე იყო და მოგვიანებით, წარმატებითაც თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“. დიახ, ქართული ფეხბურთის გენი არ კვდება, გრძელდება და ბაბუადან შვილიშვილზე გადადის. მახსენდება კიდევ ერთი სახელოვანი მეკარე - ანზორ კავაზაშვილი, რომელიც, 1970 წელს, მეხიკოში საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა გუნდის ღირსებას იცავდა. ის იყო გუნდის ძირითადი მეკარე, მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩი ითამაშა, ლეგენდარული რუსი გოლკიპერი ლევ იაშინი კი, მაშინ თადარიგში იყო.
ანზორ კავაზაშვილი იყო ერთადერთი ქართველი მეკარე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატში ითამაშა, ერთადერთი კარის დარაჯი, მაგრამ არა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი. მსოფლიო ჩემპიონატებში უთამაშიათ გივი ნოდიას, გიორგი სიჭინავას, ვიტალი დარასელიას, რამაზ შენგელიას (მარტო მეგრელები რად ღირდნენ), რევაზ ძოძუაშვილს, გივი ჩოხელს, კახი ასათიანს, ქართველ ბეკენბაუერ ალექსანდრე ჩივაძეს, რამაზ ურუშაძეს, სლავა მეტრეველს, მიხეილ მესხს... ნიჭიერების გენეტიკური კოდი, ძველი თაობის ქართველი ფეხბურთელებიდან დღევანდელ თაობაში გადადის და მჯერა – ასე იქნება მუდამ. მეტრეველი და მესხი შორს წავიდნენ, ისინი შეყვანილი იყვნენ მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრების 11 ფეხბურთელში. რას შევადაროთ ეს შედეგი: ეს უკვე მყინვარწვერია – ევროპის უმაღლესი მწვერვალი. მე, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრობის 75-წლიანი სტაჟით, მჯერა ჩვენი ფეხბურთის მომავლის, მჯერა, „სახალხო პროექტი“ აუცილებლად განხორციელდება, ჩვენ ხომ ხვიჩა კვარაცხელიას წინამორბედები ვართ...
ჩვენი ფეხბურთის რეფორმისთვის საჭიროა:
1. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართულ ფეხბურთში წარმოქმნილი პრობლემების ღრმა ანალიზი;
2. ჩვენი ფეხბურთის ისტორიის გახსენება (რა იყო სსრკ-ს დაშლამდე);
3. ფეხბურთი: პოლიტიკა, ეკონომიკა, ყოველდღიურობა;
4. კორუფციასთან ბრძოლა;
5. ემოციური მხარე: ფანკლუბები მუშტაიდისა და კიროვის პარკებში;
7. დახმარება: სახელმწიფო პროექტი, ფინანსირება: სახელმწიფო ფონდის გარდა, მეცენატების ჩართვა. დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვება პროექტში (საქართველოში მისი მონაწილეობის გარეშე არცერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ განხორციელებულა);
8. ფეხბურთის ფონდში ფულს ჩარიცხავს რიგითი მოსახლეობაც, მათ შორის - პენსიონერებიც, ყველა, ვინც იწამებს ფეხბურთის პროექტის წარმატებას. პროექტი განხილული უნდა იყოს საჯაროდ და დაერქვას „სახალხო პროექტი“.
დავეხმაროთ, ავაღორძინოთ ქართული ფეხბურთი. სანამ წინ წავიდოდეთ, ჯერ აღვიდგინოთ წარსულის დიდება
რა წარმატებები გვქონდა დღემდე:
საქართველოს ფეხბურთის ისტორია (თბილისის „დინამო“) მხატვრულად რომ ვთქვათ, მოიცავს პერიოდს დაწყებული ძმები პაიჭაძეებიდან, ძმები არველაძეების ჩათვლით. არც იქამდე და არც შემდეგ, დიდი ფეხბურთი არა გვქონია. რადგან ძმები ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ ამ პერიოდში იყვნენ სხვა ძმებიც: გაგნიძეები, კოტრიკაძეები, მაჩაიძეები...
* თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა 1936 წლიდან საბჭოთა კავშირის არსებობამდე და არასოდეს დაქვეითებულა ქვედა ლიგაში;
* უმეტეს შემთხვევაში, იკავებდა საპრიზო ადგილებს: მე-2, მე-3. ხუთეულში ძალიან ხშირად იყო.
* წარმატებით ასაპრეზობდა საზღვარგარეთ: რუმინეთის, საფრანგეთის, ინგლისის, სხვა ქვეყნების სტადიონებზე.
ფეხბურთელების პერსონალური წარმატებები:
* საუკეთესო გოლეადორები იყვნენ: ღოღობერიძე, გავაშელი, შენგელია;
* საუკეთესო მეკარეები: მარღანია, კოტრიკაძე, კავაზაშვილი, გაბელია;
* პერსონალური წარმატებები საბჭოთა კავშირის ნაკრებში საერთაშორისო მატჩებში. აქ შეიძლებოდა მოგვეყვანა ქართველი ფეხბურთელების საკმაოდ გრძელი სია, შემოვიფარგლებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგებით;
გუნდური წარმატებები:
* საბჭოთა კავშირის ჩეპიონი 2-ჯერ: 1964, 1980.
* საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი 2-ჯერ: 1976, 1979.
* ყველაზე მაღალი მწვერვალი – 1981 წლის 13 მაისი (დიუსელდორფი) ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგება.
სხვადასხვა დროს, საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტნები იყვნენ: მურთაზ ხურცილავა და ალექსანდრე ჩივაძე.
ტექნიკური არსენალი
მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში შეყვანილ იყვნენ: მესხი და მეტრეველი, თვითმყოფადი ტექნიკით და საფეხბურთო აზროვნებით გამოირჩეოდნენ დავით ყიფიანი და სხვები.
ევროპის თასების თასის ფინალში გადამწყვეტი გოლის გატანით და ფილიგრანული ტექნიკით მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი ვიტალი დარასელიამ. ევროპის პირველი ჩემპიონატის ფინალში, 1960 წელს, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა პარიზში 2:1 დაამარცხა იუგოსლავიის ძლიერი ნაკრები; პირველი გოლი გაიტანა მეტრეველმა, ხოლო მეორე პონედელნიკმა - მიხეილ მესხის პასით.
1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, საბჭოთა კავშირის ამხანაგური მატჩების დროს, მეტრეველმა და მესხმა გააოგნეს ბრაზილიისა და არგენტინის გულშემატკივრები.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია თბილისის „დინამოს“ მესამე ადგილი 1981 წლის მადრიდის ტურნირზე: ქართველი ფეხბურთელების თამაშით აღტაცებულმა მადრიდის „რეალის“ მენეჯერმა, ვლადიმერ გუცაევს კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა - ეს იყო ქართული ფებურთის უდიდესი აღიარება!
საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში:
* 1960 წელს, პარიზში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: მესხი, მეტრეველი, ჩოხელი;
* 1966 წლის ინგლისის მსოფლიო თასზე, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ბრიჯაოს მედლები მოიპოვა. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: მეტრეველი, ხურცილავა, სიჭინავა და კავაზაშვილი;
* 1970 წელს მეხიკოში საბჭოთა კავშირის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო ანზორ კავაზაშვილი, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები - რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, მურთაზ ხურცილავა და გივი ნოდია.
ეს არის ძალიან მოკლე ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელების წარმატებების შესახებ, მაგრამ აქედან შეგვიძლია დავასკვნათ:
1. საქართველოში ყოველთვის იყვნენ გენეტიკურად ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები;
2. ეს გენეტიკა არსად არ გაფანტულა და ამის მაგალითია: ხვიჩა კვარაცხელიას გაბრწყინება იტალიაში, მეკარე მამარდაშვილის შესანიშნავი სეივები ესპანეთის ჩემპიონატში, მიქაუტაძის და დავითაშვილის თამაში საფრანგეთში და სხვ.
სპორტის სათამაშო სახეობებს შორის, ფეხბურთი ყველაზე პოპულარულია, მასობრივია, ემოციურია - საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც. ფეხბურთის გულშემატკივარია საქართველოს მცხოვრებ მამაკაცთა დიდი ნაწილი და უამრავი ქალბატონიც, ფეხბურთის გულშემატკივარია მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი. ფეხბურთი შესულია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში. მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, ხასიათზე. საქართველო ფეხბურთის ქვეყანაა, პირობითად, მისი ისტორია 5 ეტაპად დავყავით. ყველა ეტაპზე გვყავდა ვარსკვლავები ყველა სათამაშო რგოლში:
- მეკარეები: მარღანია, კოტრიკაძე, კავაზაშვილი;
- მცველები: ხურცილავა, ჩოხელი, ძოძუაშვილი, კეტაშვილი, (ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი), ცხადაძე, კალაძე (იტალიის „მილანის“ შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებული).
- ნახევარმცველები: ყიფიანი, ანთაძე, გაგუა, იამანიძე, მაჩაიძე, სიჭინავა, კობიაშვილი;
- თავდამსხმელები: პაიჭაძე (ჭკუასელი, ღოღობერიძე – 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მონაწილეები), მესხი, მეტრეველი, არველაძე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართული ფეხბურთის დონე მნიშვნელოვნად დაეცა. საბედნიეროდ, ბოლო წლებში, გამოჩნდა აღორძინების პირველი ნიშნები, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია, იმედის მომცემი მეკარე მამარდაშვილი, სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც წარმატებით თამაშობენ ევროპაში.
მოახლოვდა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში ჩვენი მონაწილეობის დროც. თუმცა ეს თავისით არ მოვა. საჭიროა სერიოზული დაფინანსება. საქართველოში გაჩნდა ფეხბურთის სახელმწიფო ფონდი, არიან ინვესტორებიც, მაგრამ ეს არ კმარა.
მაგალითისთვის, მინდა ვახსენო თურქული ფეხბურთი: მეოცე საუკუნის შუა წლებში, თურქეთის კლუბებს საკმაოდ ხშირად, დიდი სხვაობით ვამარცხებდით. თუმცა თურქეთმა განახორციელა სერიოზული სახელმწიფო პროგრამა ფეხბურთში და შედეგმაც არ დააყოვნა: მე-3 ადგილი 2002 წლის მუნდიალზე! მისაბაძია ხორვატიის მაგალითიც: ჩვენსავით პატარა ქვეყანაა, მაგრამ ფეხბურთში მსოფლიოს დიდ ქვეყნებს არ ჩამორჩება.
ჩვენც გვჭირდება სერიოზული სახელმწიფო პროგრამა, მრავალწლიანი, დიდი მიზნებით, გვჭირდება მეცენატების აქტივობაც.
2021 წლის მარტში, მასმედიაში გაიელვა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ, სადაც ფეხბურთიც იყო ნახსენები. მოკლე შინაარსი ასეთია: მისი ნათესავის შუამავლობით, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური დახმარებისთვის მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ. ბატონი ბიძინა თანხის გამოყოფაზე თანახმა იყო იმ პირობით, თუ ფედერაცია გარანტიას მისცემდა წარდგენილი პროექტის შესრულებაზე, საქმეზე საქმეზე კონტროლს კი უშუალოდ მისი წარმომადგენელი განახორციელებდა. შეთანხმება არ შედგა. მოგვიანებით, ივანიშვილმა ეს ფული რაგბისთვის გამოყო. შედეგი სახეზეა, რაგბის წარმატებებს ყველა ვხედავთ!
ქართულ რაგბის წარმატებას ვუსურვებთ. და თუმცა, ჩვენმა ფეხბურთმა განვითარების ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან, მართალია, მისთვის შედეგი უარყოფითია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ბატონ ბიძინას კარგად აქვს გათვითცნობიერებული ფეხბურთის განვითარების აუცილებლობა. ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის, უპირველესად, საჭიროა სპორტის ამ სახეობისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა.
სახელმწიფო პროგრამა
(მოკლე თეზისები)
1. მიზანი: ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების დასკვნით ნაწილში მონაწილეობა.
2. ნაბიჯები მიზნისაკენ:
2.1 მრავალწლიანი პროექტის შემუშავება მაღალი რანგის სპეციალისტების მოწვევით;
3. პროექტის შემადგენელი ნაწილების შემუშავება:
3.1 ინფრასტრუქტურა – სტადიონი, დარბაზი;
3.2 მწვრთნელებისა და მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლება, საკუთარი სკოლის შექმნა;
3.3 წვრთნის მსოფლიო დონის მეთოდოლოგიის შემუშავება, არსებულის გამოყენება, საქართველოს კლიმატის და სხვა პირობების გათვალისწინებით;
3.4 საერთაშორისო მატჩების რაოდენობისა და ხარისხის გაზრდა;
3.5 მინდვრების მოვლის ტექნოლოგიის დახვეწა;
3.6. ამიერკავკასიის ქვეყნების ჩემპიონატის ორგანიზება;
3.7. ბავშვთა ფეხბურთის განვითარება: სასკოლო შეჯიბრებების ჩატარება ორ სეზონად – საგაზაფხულო და საშემოდგომო სეზონებში, შოუ პროგრამები კალათბურთის მოედანზე (თავით და ფეხით ბურთის კალათში ჩაგდება და სხვ.).
სახელმწიფო პროგრამა უნდა შეიმუშაონ ფეხბურთის გამოცდილმა სპეციალისტებმა.
დადგება დრო, როცა ქართული ფეხბურთი გახდება რენტაბელური, გვეყოლება ტოპგუნდები, სტადიონები გაივსება ხალხით, ქართველი ხალხის გულები საფეხბურთო ზეიმით აივსება. საჭიროა, საზოგადოება გაერთიანდეს იდეით - განვახორციელოთ ფეხბურთის „სახალხო პროექტი“.
მარლენ მელქაძე
პირველთანრიგოსანი ვეტერანი ფეხბურთელი,
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი