გავხდებით თუ არა ლიდერები მზის ენერგიის წარმოებაში? - კვირის პალიტრა

გავხდებით თუ არა ლიდერები მზის ენერგიის წარმოებაში?

მსოფლიოს ენერგეტიკაში მზის ფოტოელექტრული ენერგეტიკა ყველაზე სწრაფად და დინამიკურად განვითარებად დარგად ითვლება.

ბოლო წლებში მზის ელემენტების მიღების ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა მათი მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდა 17-18%-დან 20-22%-მდე. შესაბამისად, ერთი ვატი სიმძლავრის ფასის მკვეთრი შემცირება მოხდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული მზის ელსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკვე კონკურენციას უწევს ტრადიციული გზით მიღებულ ელექტროენერგიას.

სხვა ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენი მეზობელი ქვეყნები მიზნად ისახავენ, გახდნენ ლიდერები მზის ენერგიის წარმოებაში. ჩვენს ქვეყანას ამის უდიდესი პოტენციალი აქვს, მაგრამ რატომღაც პასიურობს. ჯერ კიდევ 7 წლის წინ, დოქტორთან საინჟინრო ფიზიკის დარგში - კოტე კობახიძესთან ინტერვიუ რომ ჩავწერე, მითხრა, რომ იმ დროს მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი მხოლოდ მაღალმთიან უშუქო სოფლებში, დაცული ტერიტორიების ობიექტებზე და მონასტრებში ხდებოდა. იმ პერიოდში არ არსებობდა მზის ელექტროსადგურის ქსელში მიერთების რეგულაციები....

დღეს, როდესაც ასე ყოველ ფეხის ნაბიჯზე მეზობელი ქვეყნები იბრძვიან მზის სისტემის მწარმოებლის ლიდერობის მოპოვებისთვის, მსოფლიო კი ლაპარაკობს მწვანე ენერგიის გავრცელების დაჩქარებაზე, შეუძლებელია არ მივბრუნებოდი ამ თემას და სიახლეები თქვენთვისაც არ გამეზიარებინა.

- ბატონო კოტე, როგორც მახსოვს, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, მზის ეფექტიანი და ხანგრძლივი გამოსხივება საკმაოდ მაღალია. საქართველოს უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს, რაც, წელიწადში დღის ხანგრძლივობის მიხედვით, დაახლოებით, 1 900-2 200 საათს შეადგენს...

ninos-masala-1-1690453698.jpg

- საქართველოში მზის ენერგეტიკა კი ვითარდება, მაგრამ ტემპი არასაკმარისია. ამჟამად, ძირითადად, 500 კილოვატამდე სიმძლავრის მზის სადგურები შენდება კომერციული (ბიზნეს) ორგანიზაციებისათვის.

მზის სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თვითმოხმარებისთვის გამოიყენება. ჩადებული ინვესტიციის უკუგება 5-6 წელიწადში ხდება. გამომდინარე აქედან, ბიზნესისათვის მეტად მომგებიანია.

საქართველოში მეგავატიანი მზის სადგურების მშენებლობა სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი სუბსიდირების გამო, ჯერჯერობით არ წარმოებს.

წლეულს ჩატარდა სახელმწიფო აუქციონი 70 მეგავატი ჯამური სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე. აუქციონმა განსაზღვრა სუბსიდირების თანხა, დაახლოებით, 1,5 ცენტი/კილოვატი. სუბსიდირების აღნიშნული თანხა, ჩვენი აზრით, არასაკმარისია იმისათვის, რომ საქართველოში მზის ენერგეტიკა სწრაფი ტემპით განვითარდეს...

- კარგი, მაშინ ასე გკითხავთ: წლების წინ, როდესაც ინტერვიუ ჩავწერე თქვენთან მთაგორიან ადგილებში მდებარე, ძნელად მისასვლელ და მცირედ დასახლებული სოფლების განათებისთვის, მზის ენერგიის გარდამქმნელებს ამონტაჟებდით. რა შეიცვალა დადებითისკენ ჩვენი მაშინდელი ინტერვიუდან დღემდე? აქტიურად გადმოინაცვლეთ თუ არა ქალაქებშიც?

- ის, რაც მიუვალ სოფლებში გავაკეთეთ, სადაც ერთობ პრობლემური იყო ელექტროენერგიის საკითხი, მხოლოდ საკუთარი ინიციატივითა და უცხოური დონორების დახმარებით შევძელით. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დავამონტაჟეთ 500-ზე მეტი მზის ფოტოელექტრული სისტემა.

დღესდღეობით საქართველოში, პრაქტიკულად, მაღალმთიან სოფლებში აღარ დარჩა ობიექტი ან მოსახლე სინათლის გარეშე. ამჟამად ჩვენი ჯგუფი მუშაობს საოჯახო (20 კილოვატამდე სიმძლავრის) და კომერციული (500 კილოვატამდე სიმძლავრის) ტიპის მზის ელექტროსადგურების პროექტირებასა და მონტაჟზე.

2022 წელს დავამონტაჟეთ ასეთი ტიპის 55 მზის ელექტროსადგური, აგრეთვე, დავაპროექტეთ 5-მეგავატიანი მზის ელექტროსადგური...

იმ დროიდან მოყოლებული, მზის ფოტოელექტრო ენერგეტიკაში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. ამაზე ციფრებიც მეტყველებს: ნეტო აღრიცხვამდე 2015 წელს მზის ფოტოელექტრო სისტემების დადგმული ჯამური სიმძლავრე, დაახლოებით, 100 კილოვატი იყო. დღეის მდგომარეობით კი მზის ფოტოელექტრო სისტემების დადგმული ჯამური სიმძლავრე, სავარაუდოდ, 30 000 კილოვატია.

ბოლო წლებში ამ სფეროში ცნობიერება საგრძნობლად ამაღლდა: ყოველწლიურად ტარდება მდგრადი ენერგეტიკის კვირეულები, საინფორმაციო საშუალებებით უფრო ხშირად აშუქებენ ამ თემას, მომრავლებული მზის სადგურებიც თავისთავად უკეთ მოქმედებს საზოგადოების ცნობიერებაზე.

- როგორც ვიცი, ემისიების 13 % შენობებზე მოდის.. რამდენად ინტენსიურად ხდება ელექტრო ენერგიის ჩანაცვლება მწვანე ენერგიით? ხარჯები, რომელიც ამ სისტემას მოჰყვება და ამასთან, სარგებელი, რასაც იღებს მაცხოვრებელი თუ გარემო?

- კერძო სახლების და კომერციული შენობების სახურავებზე ჩვენს მიერ დამონტაჟებულია 100-ზე მეტ ქსელს მიერთებული მზის ფოტოელექტრო სადგური.

მზის ელექტროსადგურის მფლობელებს მასში გადახდილი თანხა უბრუნდებათ (ინვესტიციის უკუგება ხდება), საოჯახო სადგურების შემთხვევაში დაახლოებით 8 წელიწადში, ხოლო კომერციული ორგანიზაციების შემთხვევაში დაახლოებით 6 წელიწადში. ამ ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლებს/მფლობელებს კიდევ დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ექნებათ მზიდან მიღებული უფასო ელექტროენერგია.

ასევე, მაგალითად, თუ ერთ-ერთ სოფელში ელექტროხაზის გაყვანა 50-ათასი დოლარი ჯდებოდა, ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენ შევძელით ალტერნატიული გზით - მზის ენერგიის გამოყენებით, სულ რაღაც 5 ათას დოლარად და თანაც სოფლის მაცხოვრებელს არ უწევს ყოველთვიური გადასახადის გადახდა ელექტროენერგიაზე.

მზის ელექტროსადგურები გარდა იმისა, რომ მატერიალურ სარგებელს იძლევიან, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი როლი გლობალური კლიმატის ცვლილების შერბილებაში, იგულისხმება ნახშირორჟანგის ემისიის შემცირება.

დაყენებული მზის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე წინა პერიოდთან შედარებით 300-ჯერ გაიზარდა.

- მაშინდელი დიალოგიდან გავიხსენებ, ვამბობდით, რომ საქართველო მზის ქვეყანაა. აქ ერთ კვადრატულ მეტრ ფართზე დღიურად 4 კილოვატ საათი ენერგია მოდის, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია. ეს ჩვენი სიმდიდრეა და შეუძლებელია არ გამოვიყენოთ... თქვენ სურვილსაც კი გამოთქვამდით, რომ ამ პოტენციალის გამო ჩვენი ქვეყანა ლიდერი გამხდარიყო, თუმცა მაშინ დაინტერესება მინიმალური იყო. დღეს კი თვალში მხვდება არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც კი ამ მხრივ როგორ სურთ ლიდერობა...

ninos-masala-2-1690453558.jpg

- ევროპასთან „ასოცირების ხელშეკრულების" კანონიდან გამომდინარე, კანონი ელექტრო ენერგიის დისტრიბუტორებს ავალდებულებს საკუთარ ქსელებში ჩართონ აღნიშნული სისტემა, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარებას.

მაგრამ აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ტერიტორიის 2/3 მთაგორიანი და ტყიანია. დარჩენილი ტერიტორიების ნაწილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავიათ. ტერიტორიები, რომლების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ნაკლებად გამოსადეგია და ამასთან ამ ტერიტორიებზე მზის რადიაცია (მზის ენერგიის მაჩვენებელი) მაღალია, არც ისე ბევრია საქართველოში. აქედან, გამომდინარე მზის ფოტოელექტრო ენერგეტიკაში რეგიონში, საქართველოს ლიდერის როლი ვერ ექნება.

საქართველოში მზის ენერგეტიკის განვითარებისათვის მთავრობამ უნდა გამონახოს ფინანსური სახსრები სუბსიდირების გაზრდისთვის.

მიწაზე განთავსებული მეგავატიანი სადგურების განვითარების პარალელურად ყურადღება უნდა მიექცეს შენობების სახურავებზე საოჯახო და კომერციული მზის ელექტრო სადგურების განვითარებას.

საქართველოში ჩვენი აზრით საერთო ჯამში შესაძლებელია რამდენიმე გიგავატი ჯამური სიმძლავრის მზის სადგურების აშენებაც...

ესაუბრა ჟურნალისტი ნინო ცხვარაშვილი