4 მესიჯი ეროვნული სულისკვეთების ასამაღლებლად  ბესტსელერიდან „ერთი კვირა ერთ ოთახში“ - კვირის პალიტრა

4 მესიჯი ეროვნული სულისკვეთების ასამაღლებლად  ბესტსელერიდან „ერთი კვირა ერთ ოთახში“

გაცხოველებული გლობალიზაციის პირობებში, როდესაც საზღვრების გახსნამ და თვალსაწიერის გაფართოებამ გააქტიურა ინფორმაციული ნაკადების შემოდინება და ნელ-ნელა წაშალა ზღვარი კულტურებს შორის, გამოიკვეთა ეროვნული თვითგამორკვევის საჭიროება, განსაკუთრებით მცირე, ისტორიული ერებისთვის; დღის წესრიგში დადგა მათი თვითმყოფადობის შენარჩუნების საკითხიც. საქართველოს შემთხვევაში სიტუაციას ამწვავებს „ახლო სამეზობლოში“ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რომლის ამინდსაც მეტწილად „რუსული ქარი“ განსაზღვრავს. „ერთმორწმუნე დიდი ძმის“ იმპერიალისტური მისწრაფებები (რომლის მიღმა არც საქართველო რჩება) დიდი ხანია ცნობილია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. რუსული პროპაგანდა და უხილავი ხელი, რომელიც მთელ კავკასიას სწვდება, თავის მხრივ, დამატებითი საშიშროებაა ერებისთვის და აუცილებელს ხდის ეროვნული საკითხების წინ წამოწევას. აღნიშნულ ფაქტორთა გათვალისწინებით, გასაკვირი არც უნდა იყოს თანამედროვე მწერლებში ეროვნული საკითხების წინ წამოწევა, მათ შორისაა ორი ბესტსელერის ავტორი თათული ღვინიანიძეც, რომელმაც რომანში „ერთი კვირა ერთ ოთახში“ 4 თვალსაჩინო მესიჯი გამოგვიგზავნა ეროვნული სულისკვეთების გასაძლიერებლად:

1. გზავნილი პირველი: მიუხედავად იმისა, სად ხარ, შენ ეკუთვნი საკუთარ სამშობლოს

„საქსტატის“ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო მიზეზებით 2022 წელს საქართველო დატოვა 100 802-მა ქართველმა. აღნიშნული მონაცემი ემიგრაციას ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად წარმოაჩენს. ვინაიდან ლიტერატურა დიდწილად თანამედროვეობის აღწერაა და ადამიანს სარკედ ევლინება, სავსებით ბუნებრივია, რომ რომანის პროტაგონისტი - ლუკასიც - ერუდიციული მიზნებით ევროპაში მიემგზავრება, სადაც სულ მალე აღმოაჩენს, რამდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანი საკუთარ სამშობლოსთან: „მეძახდა ჩემი ქვეყნის მიწა, დაბრუნდიო; მიხმობდა მისი ყოველი გოჯი და მთელი ძალით უკან მექაჩებოდა - ისეთი ძლიერი იყო, წინააღმდეგობას ვერ გაუწევდი; გტანჯავდა თქვენ შორის არსებული სიშორე და სულს გიფორიაქებდა გადაულახავი მანძილი. მაშინ მივხვდი, რომ განუყოფელნი ვიყავით - სამშობლო ჩემში ღვიოდა, მე კი მასში ჩემი არყოფნითაც ვარსებობდი; ვერასოდეს განვცალკევდებოდით, რაოდენ შორსაც უნდა გავქცეულიყავი, სადაც უნდა მეძებნა თავისუფლება, თავგადასავლები, საკუთარი თავი თუ რაღაც ისეთი, რისი სახელიც ჯერ არ ვიცოდი.“

2. გზავნილი მეორე: საზღვრის გადაკვეთისთანავე შენი ქვეყნის ელჩი ხდები

არსებულმა ეკონომიკურმა ფონმა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს სასოწარკვეთილი ქმედებებისკენ უბიძგა; ასე და ამგვარად რამდენიმე წელიწადია რაც ქართველებმა ევროპაში ქურდობით „სახელი გავითქვით“. ეს არასახარბიელო ფაქტი, ლოგიკურად, არასასურველ მიგრანტებად გვაქცევს მასპინძელი ქვეყნებისთვის. ვინაიდან ერთეულები ქმნიან ქვეყნის იმიჯს, ყალიბდება მცდარი წარმოდგენები მთელი ნაციის შესახებ. აღნიშნული საკითხი იკვეთება, რომანში „ერთი კვირა ერთ ოთახში“, როცა გაუგებრობაში მოყოლილი ლუკასი არასასიამოვნო ფაქტს ეჯახება - საქმის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე, მას ძალადობაში ადანაშაულებენ, მხოლოდ იმიტომ რომ ქართველია. სწორედ ამ მომენტში ლუკასი აცნობიერებს, რომ საკუთარი სამშობლოს სავიზიტო ბარათია და სანამ გაჭრის ასჯერ გაზომვა მართებს: „თითქოს გონება გამინათდაო, მივხვდი იმას, რაზეც უწინ არ მიფიქრია... რომ ყველანი - ემიგრანტები და ტურისტები - საზღვრის გადაკვეთისთანავე ჩვენი ქვეყნის ელჩებად ვიქცეოდით; ამისთვის არც დიპლომატიური იმუნიტეტი იყო საჭირო და არც - საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის დიპლომი. თითოეული სიტყვა, ქცევა და გადაწყვეტილება, საბოლოოდ, მარტოოდენ ჩვენზე კი არა, მთელ სახელმწიფოზე მეტყველებდა. ისე მკაფიოდ, როგორც არასოდეს, სამშობლოს წინაშე დაკისრებული პასუხისმგებლობის სიმძიმე ვიგრძენი და სიამაყეც შემომეპარა, როცა გავაცნობიერე, რომ მისი ზიდვის ძალა შემწევდა.“

3. გზავნილი მესამე: „დამნაშავე“ ჩვენშია - მავნებელი მოქმედება და უმოქმედობა თანაბრად აზიანებს ქვეყანას

სხვისი დადანაშაულების ტენდენცია ადამიანური ბუნების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ აქვე არსებობს ინტელექტი, რომელიც ჩვენივე სიუსტეების მართვის უძლიერეს ბერკეტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თათული ღვინიანიძე ცდილობს დაგვანახოს, რა როლს თამაშობს მოქალაქე ქვეყანაში არსებული რეალობის შექმნაში; მის განვითარებასა თუ ვერ განვითარებაში. „ჩვენ, ყველას თანაბრად მიგვიძღვის ბრალი იმაში, რასაც ვაკრიტიკებთ, ვგმობთ ანდა, თავქუდმოგლეჯილი გავურბივართ უცხოეთში გადახვეწით - სიდუხჭირე, უსამართლობა, თვალებში ნაცრის ყრა, პოლიტიკური სულის ღაფვა, კულტურული დეგრადაცია და უკიდურესობამდე მისული გონებრივი სიბნელე, ინფორმაციის ეპოქაშიც კი. ისინი, ვინც აშავებენ; ისინი, ვინც დანაშაულზე თვალს ხუჭავენ და დუმილს ამჯობინებენ; ისინიც, ვინც გაიბრძოლა, მაგრამ ფარ-ხმალი დაყარა და ფართხალი შეწყვიტა... ყველანი თავის აგურს დებენ იმ სისტემის მშენებლობაში, რომელიც საბოლოოდ მათვე შეიწირავს - გაჭყლეტს, სასიცოცხლო ძალებს ამოსწოვს, ყოველგავრი რესურსისგან დააცარიელებს და გადახვეწისკენ უბიძგებს; რადგან ასეთ დროს გადაქანცულსა და სასოწარკვთილს გაქცევა გადარჩენის ერთადერთ გზად მოეჩვენება,“- ამბობს რომანის მთავარი გმირი.

4. გზავნილი მეოთხე: კოლექტიური კეთილდღეობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პირადი

მართალია, ადამიანს ძირითადად საკითხისადმი ეგოცენტრიკული მიდგომა ახასიათებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის მაინც სოციალური არსებაა. თვალსაჩინოებისთვის, „მასლოუს მოთხოვილებათა იერარქიაში“ საბაზისო მოთხოვნილებებს (ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და უსაფრთხოება) თან სდევს სოციალური მოთხოვნილებები (დაფასება და თვიტრეალიზაცია), რაც შეუძლებელია გარემომცველი საზოგადოების გარეშე. ვინაიდან პერსონის სრულქმნილებისთის საჭიროა სოციუმიც, ბუნებრივია, რომ პირად კეთილდღეობასთან ერთად, წარმოიშვება კოლექტიური კეთილდღეობის აუცილებლობაც. მარქსიზმისა და სოციალიზმის პრაქტიკაში დანერგვამ კარგად აჩვენა ის საშიშროები, რაც შეიძლება წარმოშვას კოლექტიური კეთილდღეობის იდეამ (ამ ისტორიულ გაკვეთილს, ალბათ არასდროს დავივიწყებთ), თუმცა ბესტსელერში „ერთი კვირა ერთ ოთახში“ თათული ღვინიანიძე გვთავაზობს ე.წ. ოქროს შუალედსა და ბალანსს, როცა მთავარი პერსონაჟი, ელიტური ფენის წარმომადგენელი ლუკასი თავისი ნეპოტიზმითა და კორუფციის თავსე ცხოვრების გაანალიზებას იწყებს: „საჭირო ხალხისთვის“ ფულის „ჩაჯიბვით“ სასურველი შედეგის მიღება არის მავნებლობა სოციუმის წინაშე - ასეთ დროს მის სენს ვკვებავთ. ჯანსაღ კონკურენციას ვსპობთ; „რბოლაში“ უშანსოდ ვტოვებთ მათ, ვინც ნაკლები სახსრებით იბრძვის; ჩვენნაირების გამო წინ ვერ მიდიან; არ მინდა იმ სოციალური სისტემის განმტკიცებას შევუწყო ხელი, რომელიც მდიდრების წისქვილზე ასხამს წყალს, ღარიბებს კი შესაძლებლობებს ხელიდან აცლის და სამშობლოდან გადახვეწას აიძულებს. პრობლემის ძირი მენტალიტეტშია; იოლად გაძრომის სურვილში; არაჯანსაღ ამბიციაში, გარშემომყოფებზე მეტის მიღების მოწადინებაში, ოღონდ ზედმეტი შრომისა და გაღებული მსხვერპლის გარეშე, ერთი ხელის მოსმით. თუ ამ პროცესს - პრობლემის წარმოშობა, გამოკვება, ზრდა-განვითარებას - ვიზუალურად წარმოვიდგენთ, ხეს დავინახავთ, რომელიც ფესვებით იწყება, ზროდ გარდაიქმნება და ათასგზის დატოტვილ ვარჯად ბოლოვდება. პრობლემა იწყება ბაღში, როცა სპექტაკლში მთავარ როლს იმ ბავშვს აძლევენ, ვისი მშობელიც უფრო შეძლებულია და არა იმას, ვინც უფრო ნიჭიერია. გრძელდება სკოლაში, როცა გაკვეთილის გამოკითხვისას თუ დავალების შეფასებისას, პედაგოგი იმ მოსწავლის მიმართ უფრო ლმობიერი და ხელგაშლილია, რომელიც მასთან ემზადება; გვხვდება უნივერსიტეტშიც, როცა სტიპენდიას ის იღებს, ვისი ოჯახიც უფრო გავლენიანია ან ვინც ლექტორებს თავს უქონავს; დოქტორის წოდება კი მათთვისაა ხელმისავწდომი, ვინც „საჭირო ხალხს“ შეაწუხებს ანდა ჯიბეზე გაიკრავს ხელს; პრობლემა კუდს მოიქნევს სამსახურში, როცა ის დასაქმდება ან დაწინაურდება, ვისაც უკეთესი „ზურგი აქვს“ და არა ცოდნა ან პროფესიონალიზმი. პრობლემა ღვივდება მაღაზიის რიგში, როცა „შენიანს“ ურიგოდ უშვებ; როცა კლინიკაში გადარეკვაა საჭირო ("ჩემიანია, მიმიხედეთო") პაციენტთან სათანადო მოპყრობისთვის, რადგან ახლობელს უფრო გულიანად იკვლევ და მკურნალობ; უცხოს ჯანმრთელობა კი ფეხებზე გკიდია - რეცეპტს მიუჯღაპნი და მერე თავში ქვა უხლია. უსასრულოდ გრძელდება ჩამონათვალი... ყველა კუნჭულში აწყდები მზარდ საცეცებს, რომელიც მალე მთელ ქვეყნიერებას მოედება; შენ კი ვერც ხვდები, რომ „მადა ჭამაში მოდის“ და ამ ურჩხულს ყოველდღიური წვრილმანებით თავადვე კვებავ.“

(R)