"ქარიშხლის ჩრდილის" შიშით რუსეთმა უკრაინული აეროდრომი განსაკუთრებული სისასტიკით დაბომბა, თუმცა...
26 ივლისი იქცა რუსეთის უკრაინაზე საჰაერო შეტევების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დღედ, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენეს არანაკლებ ცხრა სხვადასხვა კლასისა და ტიპის საჰაერო დაზიანების საშუალებები, მათ შორის - "ჰაერი-ხმელეთის" კლასის ფრთოსანი რაკეტები - Х-555-ები, Х-101-ები, ხომალდსაწინააღმდეგო Х-22-ები და აერობალისტიკური "კინჟალები", "ხომალდი-ხმელეთის" კლასის - ფრთოსანი "კალიბრები", "ხმელეთი-ხომალდის" კლასის "ონიქსები", "ხმელეთი-ხმელეთის" კლასის აერობალისტიკური "ისკანდერ-მ"-ები და ფრთოსანი "ისკანდერ-კ"-ები, ასევე - "შაჰიდის" ტიპის კამიკაძე-დრონები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, უკრაინელმა მეზენიტეებმა 26 ივლისს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმების 36 საშუალების ჩამოგდება შეძლეს, მათ შორის - 3 ფრთოსანი "კალიბრისა" და 33 ერთეული ფრთოსანი რაკეტის - Х-555/Х-101-ის.
მიუხედავად ამისა, რუსული რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების ნაწილმა მაინც მოახერხა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადალახვა და სამიზნეებს მიაღწია, რომელთა შორის უმთავრესი უკრაინის დედაქალაქის - კიევის ცენტრი კი არა, არამედ - ხმელნიცკის ოლქის ერთი პატარა ქალაქის, სტაროკონსტანტინოვოს გარეუბანი აღმოჩნდა...
რითი მიიპყრო რუსეთის გენშტაბის ასეთი დიდი ყურადღება ამ პატარა უკრაინულმა ქალაქმა, რომ, უკვე მერამდენედ, რუსული ძვირად ღირებული რაკეტების სამიზნეში ხვდება?
საქმე ის არის, რომ სტაროკონსტანტინოვოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, რომელზეც ომის დაწყების მომენტში ბაზირებდა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის მე-7 ბრიგადა.
ეს სწორედ ის უკრაინული საჰაერო ბრიგადაა, რომლის საბრძოლო თვითმფრინავები და ეკიპაჟები დღეს ყველაზე მეტ საშიშროებას წარმოადგენენ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსეთის საოკუპაციო ძალების შტაბებისა და საბრძოლო მასალების საწყობებისთვის, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 100 კმ-ზე მეტ სიღრმეშია "ჩაჩოჩებული", უსაფრთხოების მიზნით.
საქმე ის არის, რომ ფრონტის ხაზიდან 150-200 კმ-ით დაშორებულ რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის - ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზეც, უკრაინის განმათავისუფლებლები ბოლო პერიოდამდე ვერ სწვდებოდნენ, რადგან თითქმის ლეგენდად ქცეული "ჰაიმარსის" მართვადი რაკეტები მხოლოდ 84 კმ-მდე მიფრინავენ, ხოლო 120 კმ-ის რადიუსის მქონე "ტოჩკა-უ"-ს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების მოძველებული, მაგრამ ტექნიკურად გამართული ბალისტიკური რაკეტები უკრაინის არსენალში თითქმის გამოილია.
სიტუცია მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ნატოს წევრი ქვეყნებიდან პირველმა სწორედ დიდმა ბრიტანეთმა გაბედა და მაისში უკრაინელებს Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების პარტია გადასცა.
ეს კი რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობისთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი აღმოჩნდა, რადგან ბრიტანულ "ქარიშხლის ჩრდილებს" 250-300 კმ-ის სიშორეზე შეუძლიათ (დამოკიდებულია ამ ფრთოსანი რაკეტის ფრენის ტრაექტორიაზე - რაც უფრო დაბალ სიმაღლეზე მიფრინავს ის, მით უფრო იკლებს ფრენის სიშორე და პირიქით) კონკრეტული სამიზნის დიდი სიზუსტით განადგურება...
ამისთვის "ქარიშხლის ჩრდილს" ყველა ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებელი უწყობს ხელს: დამზადებულია "სტელსის" ტექნოლოგიით და დაფრინავს ძალიან დაბალ სიმაღლეზე, რელიეფის მიყოლებით, რაც მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის რადიოლოკატორების მიერ მის ადრეულ აღმოჩენას ძალზე ართულებს.
ეს ფრთოსანი რაკეტა მიზანთან ახლოს თანამგზავრული ნავიგაციის სისტემას გაჰყავს, თუმცა მიზნის ამოცნობა სითბური კამერის საშუალებით ხდება, როდესაც ამავე მიზნის ადრე გადაღებულ სითბურ გამოსახულებას ედარება და, დამთხვევის შემთხვევაში, რაკეტა ერთი მეტრის სიზუსტით ხვდება სამიზნეს და მის სრულ განადგურებას იწვევს 450 კგ მასის საბრძოლო ქობინის დეტონირების შემდეგ...
მაგრამ, ბრიტანელების მიერ ნაჩუქარი Storm Shadow-ების საბრძოლო გამოყენებისთვის გასათვალისწინებელი გახლდათ ერთი მნიშვნელოვანი ტაქტიკურ-ტექნიკური ფაქტორი - ხუთი მეტრი სიგრძისა და 1,3 ტონა მასის ამ რაკეტის გასაშვებად საბრძოლო თვითმფრინავი იყო საჭირო!
უკრაინის საჰაერო ძალების შეიარაღებაში შემორჩენილ, თავის დროზე თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადებულ, Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის პილონზე 1,3 ტ მასის რაკეტის ჩამოკიდება შეუძლებელია, ეს მხოლოდ Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენებს ძალუძდათ.
და ამიტომაც ნათელი ხდება, თუ რატომ გადააფრინეს უკრაინელმა პილოტებმა თავისი Су-24М-ები მეზობელ პოლონეთში ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, როდესაც ასეთი ბომბდამშენები ჰაერივით სჭირდებოდათ ფრონტის ხაზის სიღრმეში რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვანი სამიზნეების დასაზიანებლად.
პოლონეთში, ნატოს სპეციალისტების დახმარებით, განხორციელდა რამდენიმე უკრაინული საფრონტო ბომბდამშენის ტექნიკური მოდიფიცირება იმისთვის, რომ მათ შეძლებოდათ Storm Shadow-ს წაღებაც და საბრძოლო გამოყენებაც.
მოდერნიზებული უკრაინული Су-24М -ებიდან Storm Shadow-ს გაშვების შემდეგ, შესაძლებელი გახდა მოწინააღმდეგის ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტზე მოულოდნელი და წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელება ოკუპირებული ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელ ტერიტორიებზე, ასევე, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილზე, რამაც საგრძნობი დანაკარგი გამოიწვია აფეთქებულ შტაბებში მყოფ რუს ოკუპანტთა უმაღლესი ოფიცერების (პოლკოვნიკების და გენერლების) შემადგენლობაში.
არმიისა და დივიზიის მეთაურობის შემადგენლობაში დანაკარგების ზრდის საპასუხოდ, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ განსაკუთრებული "ნადირობა" გამოაცხადა "ქარიშხლის ჩრდილებზე", რომელთა კვალის მისაგნებად რუსეთის სამხედრო დაზვერვას უნდა მოეძებნა ის ძირითადი აეროდრომი ან აეროდრომები, საიდანაც უკრაინული Су-24М-ები პილონებზე ჩამოკიდებული Storm Shadow-ებით ფრინდებოდნენ...
უკრაინის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდიდან რამდენიმე ათეული სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების აეროდრომი შემორჩა, რომლებიც გამოდგებოდა "ქარიშხლის ჩრდილით" შეიარაღებული საფრონტო ბომბდამშენების ასაფრენად, თუმცა მთავარ სამიზნედ მაინც ხმელნიცკის ოლქში სტაროკონსტანტინოვოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სამხედრო აეროდრომი შეირჩა, რომელზეც ომის დაწყების მომენტში ბაზირებდა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის მე-7 ბრიგადა, აღჭურვილი სწორედ Су-24М საფრონტო ბომბდამშენებით.
ამასთან, 2021 წელს უკრაინის სწორედ ამ სამხედრო აეროდრომზე ჩატარდა რეკონსტრუქცია და მოდერნიზება აშშ-ის დახმარებით, რის შემდეგაც სტაროკონსტანტინოვოს სამხედრო აეროდრომმა ნატოს სტანდარტის სერტიფიცირება მიიღო, რაც ასევე "აწუხებთ" რუსეთის გენშტაბში, რადგან არ გამორიცხავენ, რომ F-16-ების უკრაინისთვის გადაცემის შემდეგ ისინი სწორედ ამ სერტიფიცირებულ სამხედრო აეროდრომზე განთავსდნენ...
მოკლედ, სტაროკონსტანტინოვოს სამხედრო აეროდრომი, გუშინდლის ჩათვლით, რამდენჯერმე სერიოზულად დაიბომბა, მაგრამ მიაღწია კი რუსეთმა მთავარ საწადელს და გაანადგურა კი უკრაინული მოდერნიზებული Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენები თავისი Storm Shadow-ებით?
დიდი ალბათობით - ვერა, რადგან მორიგი საჰაერო დარტყმების მომენტში ისინი ან სხვა ოპერატიულ აეროდრომებზე იყვნენ "გაბნეულნი" ან მართლაც იმყოფებოდნენ სტაროკონსტანტინოვოს სამხედრო აეროდრომზე, მაგრამ...კარგად დაცულ სააეროდრომო თავშესაფრებში - მთლიანად გადახურული თაღოვანი კონსტრუქციის ანგარებში იყვნენ გადამალულნი…
ეს დაცული ანგარები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენდა სტაროკონსტანტინოვოს სამხედრო აეროდრომზე და სწორედ Су-24М საფრონტო ბომბდამშენების დასაცავად იყო განკუთვნილი, ნატოს საჰაერო დარტყმების შემთხვევაში, მაგრამ ისტორიამ ისე განსაზღვრა, რომ რუსული ბომბებისგან დაცვა მოუწიათ...
Су-24М საფრონტო ბომბდამშენების ერთ-ერთი საინტერესო ტექნიკური მახასიათებელი ის არის, რომ მისი ფრთის ორივე, მარცხენა და მარჯვენა კონსოლი ისრისებურობას იცვლის და თუკი თვითმფრინავის მაქსიმალური ფრთაგაშლილობა 17,6 მ-ს შეადგენს, ფრთის "შეკეცვის" შემდეგ ის 10,3 მ-მდე მცირდება და ბევრად ადვილი ხდება ამხელა ბომბდამშენის ისეთ ანგარში შეყვანა, რომელშიც ბევრად მსუბუქი "ჩვენებური" Су-25 მოიერიშე, უბრალოდ, ვერ ეტევა, რადგან მისი ფრთაგაშლილობა 14,3 მ-ს აღწევს, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებს აქვთ ეს, არცთუ უმნიშვნელო პრობლემა, თუ როგორ გადავმალოთ ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავები მთლიანად გადახურულ თაღოვანი კონსტრუქციის ანგარებში (რომელთა რაოდენობა საკმარისადაა შემორჩენილი ვაზიანისა და სენაკის სამხედრო აეროდრომებზე), თუკი ამისი სასწრაფო აუცილოებლობის ქვეშ აღმოვჩნდებით, ისევე, როგორც აგვისტოს ომის დროს...
სტაროკონსტანტინოვოს სამხედრო აეროდრომზე არანაკლებ 22, მთლიანად გადახურულთაღოვანი კონსტრუქციის ანგარია (რომელიც 250-500 კგ კალიბრის მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბის პირდაპირ დაცემასაც კი უძლებს) და მათგან რომელში იქნება გადამალული "ქარიშხლის ჩრდილის" მატარებელი რამდენიმე მოდერნიზებული უკრაინული საფრონტო ბომბდამშენი, ამის "გამოცნობა" რუსი ოკუპანტების კოსმოსურ დაზვერვასაც კი გაუჭირდება...