"ღალატი და საყვარლის ყოლა ძალიან ცუდია, მაგრამ ამის გამო ადამიანი ციხისთვის როგორ უნდა გაიმეტო?"
"ახალი თაობა ქუჩას და ღამის კლუბებს მივუგდეთ, სადაც ეს ბავშვები კარგს არაფერს სწავლობენ!", - გულისტკივილით გვითხრა პიარ ტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ, რომელსაც ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მტკივნეულ პრობლემებზე ვესაუბრეთ:
- გულისყურით ვადევნებ თვალს ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება და მართლა გული მტკივა: წელს გამოქვეყნდა საგანგაშო მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში ურთულესია: წელს გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა პირველად გადააჭარბა ახალშობილთა რიცხვს - ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ერის განადგურება დაწყებულია! თუ დროულად არ ვიპოვით მიზეზს, რატომ ხდება ასეთი რამ, ვითარება მომავალში კიდევ უფრო გართულდება. მიზეზი, რის გამოც ადამიანები შვილებს ვერ აჩენენ და დიდხანს ვერ ცოცხლობენ, ბევრია: ჰაერის დაბინძურება, მძიმე სოციალური პირობები, ნარკოტიკები და ა.შ. ჩემი აზრით, ნარკოტიკები, ეს არის ყველაზე საშიში მტერი, რომელიც ჩვენს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ვინ იცის, რამდენი საუკეთესო ახალგაზრდის სიცოცხლე წაგვართვა ამ ვერაგმა სენმა! თუ ამ საშინელი პრობლემის მოგვარებაში ყველა თავის წვლილს არ შეიტანს, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
- ქალბატონო ლალი, ნარკოტიკები საქართველოში ადრეც იყო... ამ ბოლო წლებში რატომ გვეღუპება ამდენი ახალგაზრდა, რომელსაც უნდა ეცოცხლა და ერი გაემრავლებინა?
- თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში ძალიან დაბალი ხარისხის ნარკოტიკი შემოდის, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ფიტავს და ახალგაზრდობას გვიღუპავს. ჩემი დაკვირვებით, ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც საქართველოში ოჯახების ნგრევას იწვევს. ბოლო წლებში, არა მხოლოდ ბიჭები, გოგონებიც კი გახდნენ ნარკოტიკების მომხმარებლები. სწორედ ამ შხამის ბრალია მათი დანგრეული ფსიქიკა, ჯანმრთელობის პრობლემები, უშვილობა და ყველა ის სატკივარი, რომელიც დღეს გვაქვს. მე მგონი, იმაზე უფრო მწვავე პრობლემა, როგორიც ნარკოტიკებია, დღეს საქართველოში არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენი ახალგაზრდები ახერხებენ და ამისათვის ფულს იოლად შოულობენ. ეს შხამი ადამიანს აბრუებს, რეალობას აშორებს და ყველაფრის სურვილს უკარგავს, სწორედ ასე იწყება ოჯახური კონფლიქტები და პრობლემები! თუ ჩემს თაობაში ოჯახების ნგრევის მთავარ მიზეზად ალკოჰოლს ასახელებდნენ, ახლა ალკოჰოლი სანატრელი გაგვიხდა!
- ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მსუბუქი ნარკოტიკი იმდენად მავნებელი არ არის...
- ასეთ ხალხს მეც ვიცნობ და სულ ვეუბნები, რომ ისინი სასტიკად ცდებიან - მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს - ადამიანს ნებისმიერი ნარკოტიკი ადრე თუ გვიან კლავს და ამის დასტურად არა ერთი ფაქტის მოყვანა შემიძლია. მე ვფიქრობ, რომ კანაფის ლეგალიზაციაც დიდი დანაშაული იყო. არ ვამბობ, რომ ადამიანები ამის გამო ციხეში უნდა ამოალპო, როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, მაგრამ პრევენცია აუცილებელია. სამწუხაროდ, ჩვენ თავის დროზე არ მივაქციეთ ყურადღება, რომ ახალგაზრდები სპორტით დაკავებულიყვნენ, თავიდანვე არ ჩავუნერგეთ, რომ ნარკოტიკებით გაბრუებას კარგი არაფერი მოაქვს. მათთან სერიოზულად უნდა გვემუშავა, რომ მცდარ გზაზე არ დამდგარიყვნენ! ჩვენი შვილების თაობა მივუგდეთ ქუჩას და კლუბებს, სადაც ნარკოტიკები თავისუფლად იყიდება. თუნდაც ფონიჭალა რომ ავიღოთ: როგორ შეიძლება ერთ პატარა დასახლებაში ამდენი ნარკოდილერი ცხოვრობდეს? ყველას სახელი და გვარი ცნობილია, მეც რომ მომინდეს ნარკოტიკის შეძენა, 15 წუთში მოვახერხებ... ჩემი აზრით, რაც დღეს ჩვენს თვალწინ ხდება, კატასტროფაა!
- ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა და დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ეს ფაქტორიც მოქმედებს. თქვენი აზრით, რა უნდა დათმოს ქალმა, რომელსაც ოჯახის შენარჩუნება სურს?
- უკვე გითხარით, რომ ოჯახების ნგრევის მთავარი მიზეზი, ხშირად, სწორედ ნარკოტიკებია. ისე, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ქალია თუ კაცი - ადამიანმა, რაც დასათმობია, უნდა დათმო და რაც არ არის დასათმობი, არ უნდა დათმო. სამწუხაროდ, ჩვენ ახლა მეორე უკიდურესობაში გადავვარდით: მცირე პრობლემის ან წაკინკლავების გამო ცოლები 112-ში რეკავენ და ქმრებს უჩივიან. ამის წყალობით, ციხეები გამოტენილია ახალგაზრდა ბიჭებით, რომლებსაც სერიოზული არაფერი დაუშავებიათ. მე ვიტყოდი, რომ ამ მხრივ საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, სააპელაციო მექანიზმები უნდა არსებობდეს, რადგან არ შეიძლება უბრალო წაკინკლავების გამო, ადამიანმა ორი წელიწადი გისოსებს მიღმა გაატაროს!
- თუმცა, მათ შორის მოძალადეებიც ხომ არიან?
- მოძალადეები ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც იქნებიან...
- თუმცა, სტატისტიკაც ადასტურებს, რომ ბოლო წლებში, საქართველოში, ფემიციდის და ქალზე ძალადობის ფაქტებმა მოიმატა...
- მე არ ვიტყოდი, რომ ფემიციდის და ქალზე ძალადობის შემთხვევები მომატებულია: მსგავსი რამ ყოველთვის ხდებოდა, უბრალოდ, ადრე რაღაცების მიჩქმალვა და დამალვა უფრო ადვილად შეიძლებოდა. მე წლების წინ ვმუშაობდი ძალადობის ფაქტებზე, კვლევაც ჩავატარეთ და მაშინაც დიდი ციფრები მივიღეთ. ახლაც, თითქმის არაფერი შეცვლილა, მაგრამ არსებობს სოციალური ქსელი, სადაც ყველაფერი სააშკარაოზე გამოდის და ყველაფერი იწერება. ჩვენ ნამდვილად არ გვყავს ცუდი ბიჭები და ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოვხარშოთ! გარეწრები და მოძალადეები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ცუდი ახალგაზრდობა გვყავს, უსაფუძვლოდ მიმაჩნია. ეს პრობლემაც გაზვიადებული მგონია.
- რატომ ქალბატონო ლალი?
- უამრავი ფაქტი ვიცი, როცა ცოლმა ქმარი საყვარელთან "გამოიჭირა" და ამის გამო ციხეში გაუშვა. ღალატი და საყვარლის ყოლა ძალიან ცუდია, მაგრამ ამის გამო ადამიანი ციხისთვის როგორ უნდა გაიმეტო? - მე ეს არ მესმის! კიდევ ერთხელ ვამბობ: ოჯახის დანგრევა და მეუღლის ღალატი არავის სიამოვნებს, მაგრამ იმის გამო, რომ ქმარზე გამწარებული ხარ, ორწლიან პატიმრობაში არ უნდა გაუშვა. ისიც ხომ ადამიანია? - მასაც ხომ დედა ჰყავს და მისი ოჯახიც ხომ იღუპება?! სამწუხაროდ, ასეთი პატიმრებით ციხეები გადავსებულია და ეს არასწორი პოლიტიკის ბრალია. როგორც ყოველთვის, ჩვენ უცხოური ტენდენცია გადმოვიღეთ, მაგრამ ყველაფერი ისე არ გავაკეთეთ, როგორც საჭირო იყო, საბოლოოდ კი, ანგარებიანმა ადამიანებმა ისარგებლეს. რას ვგულისხმობ? - მსგავსი რამ უცხოეთშიც ხშირად ხდება: როდესაც ცოლს სურს თავისი მეუღლის ქონებას დაეპატრონოს, მას ძალადობაში "ამხელს"! თუნდაც, ცნობილი სპორტსმენის - ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი გავიხსენოთ. მსგავსი მაგალითი უამრავია, უბრალოდ, ყველას არა აქვს საშუალება, ადვოკატები აიყვანოს და ციხეს გადაურჩეს. მე ვიცი არა ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ძალადობის ბრალდებით ციხეში ზის, მაგრამ დამნაშავე არ არის. დამერწმუნეთ, ნიკოლოზ ბასილაშვილს მატერიალური სახსრები რომ არ ჰქონოდა, ახლა ისიც ციხეში იქნებოდა გამომწყვდეული.
- თუმცა მოძალადე, რომელიც ცოლს სცემს, სათანადოდ უნდა დაისაჯოს...
- ცხადია, მოძალადეს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ ოჯახის დანგრევის ან ღალატის გამო შურისძიება დაუშვებლად მიმაჩნია! ადამიანები ქორწინდებიან, მაგრამ მერე ერთმანეთზე გული უცივდებათ და ოჯახი ინგრევა, მაგრამ შურისძიების გამო ადამიანის გაუბედურება როგორ შეიძლება? მე არავის ვამართლებ, ძალადობას გამართლება არა აქვს, მაგრამ არც ის მომწონს, რაც დღეს ხდება: რაღაცით გაბრაზებულ ცოლს შეუძლია მეუღლის ბედი ერთი ზარით გადაწყვიტოს და ციხეში გამოკეტოს - ჩემი აზრით, ეს დიდი უსამართლობაა!
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)