"ჩინეთი იდეალური დამაბალანსებელი შეიძლება გახდეს საქართველოზე რუსული გავლენის შემცირების საკითხში. არც ერთი ქვეყანა არ უფრთხის ჩინეთს ისე, როგორც რუსეთი" - კვირის პალიტრა

"ჩინეთი იდეალური დამაბალანსებელი შეიძლება გახდეს საქართველოზე რუსული გავლენის შემცირების საკითხში. არც ერთი ქვეყანა არ უფრთხის ჩინეთს ისე, როგორც რუსეთი"

საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესების პრობლემურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ტექნოლოგისტს, ბლოკჩეინის სამართლის სპეციალისტს, ტექნოლოგიური სუვერენიტეტის ექსპერტს, ლევან ბოძაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, თქვენი დაკავებულობის გამო თქვენთან კარგა ხანია არ გვიმსჯელია საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებზე.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტითაა ჩინეთში ვითარებაში, როცა საერთაშორისო ასპარეზზე სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვლილია და ჩვენს ქვეყანას აშკარად გაზრდილი აქვს საფრთხეებიც და გამოწვევებიც.

ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე რამდენად თანხვედრაშია ქვეყნის საგარეო კურსთან პრემიერის ვიზიტი ჩინეთში?

- ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია ეძებს ეროვნული უსაფრთხოების სტაბილურ და მშვიდობიანი განვითარების მექანიზმებს, ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისე სხვა ნებისმიერი მოქმედება და გეგმა. მათ შორის ჩინეთთან ურთიერთობა.

ვფიქრობ, პრემიერის ეს ვიზიტი საკმაოდ დროულია და კარგად ეხმიანება დღევანდელ დაძაბულ ვითარებაში ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფის პოლიტიკას. თუმცა შედეგები რომელიც ამ ვიზიტს ექნება, არ და ვერ იქნება ერთჯერადი და არც უნდა იყოს შემდეგი მიზეზების გამო - ერთი, რომ ჩინეთი თავისი მზარდი პოტენციალით, რომელიც თავისი დღევანდელი განვითარების და ხვალინდელი პოზიციონირების კუთხით პრაქტიკულად ყველა ქვეყანას უსწრებს და თითქმის ტოლს არ უდებს ამერიკას, განსაკუთრებით ტექნოლოგიებში, შეიძლება გახდეს საქართველოს მომავალი 30-40 წლის სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

მეორე, სტრატეგიული თვალსაზრისით, სტრატეგიული ღირებულების თვალსაზრისით, ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობას შეუძლია საქართველოს შესძინოს დამატებითი სტრატეგიული ღირებულება. ეს ღირებულება დასავლეთის თვალში, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა გვეჩვენოს, შემცირდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რადგან დასავლეთის სტრატეგიული მოლოდინი არ გამართლდა და ალბათ უნდა ვაღიაროთ, რომ ვერც გამართლდებოდა, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესების დაცვის ხარჯზე.

შესაბამისად, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის საფუძვლის ჩაყრა დამატებით გამაძლიერებელი მექანიზმია ეროვნული სტრატეგიული ღირებულებისთვის, როგორც გეოპოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სატრანზიტო თვალსაზრისით. ამდენად, ჩინეთი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეროვნული და გეოპოლიტიკური ფუნქციის განსავითარებლად.

მესამე, ჩინეთის ლიდერმა სი-მ გაზაფხულზე წარმოადგინა გლობალური ცივილიზაციური ინიციატივა, რომლის ოთხივე პუნქტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მსოფლიოს სრულიად ახლებურ ხედვაზე აკეთებს აქცენტებს. იქ ხაზგასმულია გლობალური ფინანსური კრიზისის თემატიკაც, მათ შორის არსებული გლობალური ფინანსური სისტემის არასტაბილურობაც, კერძოდ, სილიკონის ბანკებისა და Credit Suisse-თან დაკავშირებული პრობლემების სახით და სხვა.

ამავე დროს, განსხვავებით, დავაკვირდეთ ამას, დასავლური ცალსახოვანი ღირებულებითი და იდეოლოგიური პოლიტიკისგან, ჩინეთი მსოფლიოს სთავაზობს ცივილიზაციური განსხვავებების პატივისცემას, რაც გამორიცხავს იდეოლოგიური სტერეოტიპების თავსმოხვევას.

ამდენად, ჩინეთი, პოლიტიკური ადაპტირების გაცილებით მოქნილ მექანიზმს სთავაზობს პარტნიორ ან პოტენციურ პარტნიორ ქვეყნებს, რაც კომფორტული უნდა იყოს ჩინეთთან პარტნიორობის განხორციელების პროცესში ბევრი და მათ შორის საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის.

მეოთხე, ჩინეთი იდეალური დამაბალანსებელი შეიძლება გახდეს საქართველოზე რუსული გავლენის შემცირების საკითხში. არც ერთი ქვეყანა არ უფრთხის ჩინეთს ისე, როგორც რუსეთი და არც ერთ ქვეყანას არ აქვს იმხელა გავლენა რუსეთზე, როგორც ჩინეთს.

ამდენად, აქაც, მნიშვნელოვან სტრატეგიულ ფანჯარას ვხედავ. ამდენად, როგორც თავში აღვნიშნე, მეტი მოქნილობა გვმართებს გეოპოლიტიკური სტერეოტიპებისგან გათავისუფლების საკითხში, ერთადერთი „სტერეოტიპი“ რომელიც უნდა გვქონდეს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობაა. რა თქმა უნდა არსებობს ბევრი რისკიც, თუმცა მათი განეიტრალება ჩვენს ეროვნულ, შიდასახელმწიფოებრივ დონეზე უნდა შევძლოთ.

- კონკრეტულად, რა შეიძლება მოგვცეს ჩინეთთან პარტნიორულმა ურთიერთობამ?

- პირდაპირ რომ ვთქვათ, გლობალურად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხოლოდ ორი გასაღები არსებობს, ერთი ვაშინგტონში და ახლა უკვე პეკინშიც. თუ რუსეთისგან სრული დაცულობის უზრუნველსაყოფად ჩვენ გვჭირდება ნატოში სრული ინტეგრაცია, მანამდე ეს როლი კარგად შეიძლება ჩინეთმა განახორციელოს.

ამ სტრატეგიული პარადოქსის გარდა, ჩინეთთან ურთიერთობა, განსაკუთრებით თავისუფალია ვაჭრობის შეთანხმების ფონზე, წარმოუდგენლად დიდ შესაძლებლობებს უჩენს ქართულ ბიზნესს, სოფლის მეურნეობას, ღვინოს, და ზოგადად ეკონომიკას.

ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ეროვნული ფუნქცია სატრანზიტო სტრატეგიული როლის შესრულებაში მნიშვნელოვნად სწორედ ჩინეთის ფაქტორის გამო ძლიერდება. ავიღოთ ანაკლიის პორტი.

რომ ვნახოთ რა რაოდენობის ინვესტიციები აქვს ჩინეთის ჩადებული სინგაპურის, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის და ავსტრალიის განვითარებაში, სწორედ საპორტო და სატრანსპორტო თვალსაზრისით, გავოცდებით.

თავად ამ პორტის დატვირთვის საკითხიც კი ჩინეთზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. და ტექნოლოგიური განვითარება, რომელიც არ არის მხოლოდ განვითარება, არამედ წარმოშობს სერიოზულ საფრთხეებსა და რისკებს სოციალური და ეროვნული თვალსაზრისით. ამ ნაწილში, ჩვენ ჩინეთისგან ბევრი შეგვიძლია ვისწავლოთ.

თუ მაგალითად, თეთრი სახლი სთხოვს ტექნოლოგიურ გიგანტებს დაიცვან ეთიკური მიდგომები, ანუ ამით მოახდინონ ტექნოლოგიური სუვერენიტეტს უზრუნველყოფა, ჩინეთი ამ საკითხს სრული ცენტრალიზაციით მიუდგა.

საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ ჩინეთი არის ოფციათა ყუთის გაფართოება საქართველოსთვის, რაც თავის მხრივ დაბალანსების კარგ საშუალებებს იძლევა. მსოფლიო რადიკალურად იცვლება და ჩვენ მოქნილები უნდა ვიყოთ ჩვენს სახელმწიფოებრივ მიდგომებში. გააგრძელე კითხვა