დააკვირდით: თბილისში რუსეთის სპეცსამსახურების "ყურები" შორიდანაც კარგად მოჩანს
დაძაბულობა მოლდოვასა და რუსეთს შორის ახალ ფაზაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა ქვეყნიდან რუსეთის ფედერაციის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატების და ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობის 84-დან 25-მდე შემცირების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ, კიშინიოვში რუსეთის საელჩოში დიპლომატების რაოდენობა - 10-მდე, ხოლო ტექნიკური თანამშრომლების - 15-მდე შემცირდება. რუსეთის საელჩოს თანამშრომლების ქვეყნიდან გაძევების (სხვანაირად ეს გადაწყვეტილება ვერ შეფასდება) ფორმალურ მიზეზად მოლდოვას მთავრობის თავმჯდომარემ ქვეყანაში რუსეთის სპეცსამსახურების არნახული გააქტიურება დაასახელა. ამ ფაქტის დასადასტურებლად კი, მოლდოვას ხელისუფლებამ საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ცენტრ "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებული მასალები გამოიყენა. 2023 წლის 18 აპრილს "დოსიემ" ძალზე საინტერესო ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გაასაჯაროვა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში მდებარე რუსეთის საელჩოების სახურავები რადიოელექტრონული დაზვერვის აქტიური პოსტები იყო. სწორედ იქიდან იღებდა "კრემლი" აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობების საიდუმლო ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს. არც მოლდოვას დედაქალაქი კიშინიოვი იყო გამონაკლისი: რუსეთის საელჩოს სახურავზე დამონტაჟებულ ხილულ და ფარულ ათეულობით ანტენასა და "სატელიტური თეფშს" რუსეთის სპეცსამსახურები სადაზვერვო მიზნებისთვის იყენებდნენ.
პირდაპირ ვიტყვი: არაფერი ახალი და აქამდე უცნობი ამ ინფორმაციებში არ არის. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება იყო იმისთვის საჭირო, რომ დასავლეთი ცოტა გამოფხიზლებულიყო? მათ განა ადრეც არ იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირის ყველა საელჩო რადიოელექტრონული დაზვერვის პუნქტი იყო? რუსეთმა მოდერნიზება გაუკეთა ამ აპარატურას და ათწლეულების მანძილზე აგრძელებდა ჯაშუშობას. საბჭოთა კავშირის/ რუსეთის საელჩოები და საკონსულოები იმავდროულად ლეგალური და არალეგალური დაზვერვის მართვის ცენტრები იყო და არის. მათი კოორდინაცია დიპლომატიურ მისიას შეფარებული რეზიდენტურების მეშვეობით ხორციელდება, სადაც რადიოელექტრონულ დაზვერვას (ღია და დაშიფრული ინფორმაციის მოპოვება) და ფარული ოპერაციების უსაფრთხოებას (ადგილობრივი კონტრდაზვერვისა და პოლიციის რადიოსიხშირეების კონტროლი) სპეციალური ქვედანაყოფები ახორციელებდნენ. მათ მომზადებასა და კვალიფიკაციაზე პასუხისმგებელი კა-გე-ბეს მე-16 სამმართველო იყო. საბჭოთა კავშირის დაშლამდე საზღვარგარეთ განლაგებულ საელჩოებსა და საკონსულოებში შემდეგი რადიოელექტრონული დაზვერვის პოსტები მოქმედებდნენ :
• "რადარი" - მეხიკო (მექსიკა) - 1963 წლიდან; • "პოჩინ-1" - ვაშინგტონი (აშშ) - 1966 წლიდან - საბჭოთა საელჩოს შენობა; • "პოჩინ-2" - ვაშინგტონი - 1966 წლიდან - საბჭოთა საელჩოს საცხოვრებელი კომპლექსი; • "პრობა-1" - ნიუ-იორკი (აშშ) - 1967 წლიდან - გაეროში საბჭოთა მისიის შენობა; • "პრობა-2" - ნიუ-იორკი (აშშ) - 1967 წლიდან - საბჭოთა კავშირის საელჩოს აგარაკი ლონგ აილენდზე; • "გაზაფხული" - სან-ფრანცისკო (აშშ); • "ზეფირი" - ვაშინგტონი; • "რაკეტა" - ნიუ-იორკი; • "რუბინი" - სან ფრანცისკო; • ოტავა (კანადა); • "ვენერა" - მონრეალი (კანადა); • "ნეკერჩხალი" - ბრაზილია (ბრაზილიის ადმინისტრაციული დედაქალაქი); • "კუნძული" - რეიკიავიკი (ისლანდია); • "მერკური" - ლონდონი (დიდი ბრიტანეთი); • "ჩრდილოეთი" - ოსლო (ნორვეგია); • "იუპიტერი" - პარიზი (საფრანგეთი); • "კენტავრი-1" - ბონი (გერმანია); • "კენტავრი-2" - კიოლნი (გერმანია); • ტიროლი-1 - ზალცბურგი (ავსტრია); • ტიროლი-2 - ვენა (ავსტრია); • "ელბრუსი" - ბერნი (შვეიცარია); • "კავკასია" - ჟენევა (შვეიცარია); • "სტარტი" - რომი (იტალია); • "ალტაი" - ლისაბონი (პორტუგალია); • "ცისარტყელა" - ათენი (საბერძნეთი); • "ტიტები" - ჰააგა (ნიდერლანდები); • "ვეგა" - ბრიუსელი (ბელგია); • "იალქანი" - ბელგრადი (იუგოსლავია); • "ცისარტყელა-ტ" - ანკარა (თურქეთი); • "სირიუსი" - სტამბოლი (თურქეთი); • "მარსი" - თეირანი (ირანი); • "ორიონი" - კაირო (ეგვიპტე); • "სიგმა" - დამასკო (სირია); • "ზარია" - ტოკიო (იაპონია); • "კიბორჩხალა" - პეკინი (ჩინეთი); • "ამური" - ჰანოი (ვიეტნამი); • "დელფინი" - ჯაკარტა (ინდონეზია); • "ყირიმი" - ნაირობი (კენია); • "ტერმიტ-პ", "ტერმიტ-ს" - რადიო ელექტრონული დაზვერვის ცენტრი ლურდესში (კუბა); • რადიო ელექტრონული დაზვერვის ცენტრი კამრანის ყურეში (ვიეტნამი).
1992 წლის შემდეგ, რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსის დროს (რაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ), ამ "პოსტების" ნაწილი დაიხურა, თუმცა პუტინის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო მათი აღდგენა და ახალი რადიოელექტრონული დაზვერვის ცენტრების გახსნა.
"ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ბატონობს სხვებზე"- ესაა ჭეშმარიტება, რომელსაც ყავლი არ გასდის და ინფორმაციის მოპოვების მნიშვნელობა დღეს იმდენად დიდია, რომ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობენ არა მარტო სახელმწიფო ორგანიზაციების ჩინოვნიკებისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების საუბრები და გადაადგილება აკონტროლონ, არამედ მათთვის საინტერესო კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელებიც ჰყავდეთ კონტროლზე.
ყველა ქვეყნის საელჩო, გარდა იმისა, რომ ქვეყნის და ერის სახეა უცხოეთში, თან სამშობლოს ღია და ფარული პოლიტიკის გამტარებელია. თანაც ნებისმიერი "ნორმალური" ქვეყნის საელჩო უმნიშვნელოვანესი სადაზვერვო დანაყოფია: სწორედ იქიდან იმართება მათი ლეგალური და არალეგალური დაზვერვა.
ამიტომ საელჩოსთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებს და მათ ადგილმდებარეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოწინააღმდეგის ( ამ დროს მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს, როგორც ადგილობრივი სპეცსამსახურები, ასევე ამ ქვეყანაში მდებარე სხვა ქვეყნების საელჩოები და მათი პარსონალი) მხრიდან ცოცხალი ძალითა და ტექნიკური საშუალებებით თვალთვალის, მიყურადების და სათანადო ოპერატიული ღონისძიებების ჩატარების დროს. ამისთვის კი ყველა ქვეყნის საელჩო და დიპლომატიური მისია აღჭურვილია რადიოელექტრონული დაზვერვის თანამედროვე აპარატურით. ისინი ცდილობენ ხელში ჩაიგდონ სხვა ქვეყნების დაშიფრული დიპლომატიური დეპეშები, აკონტროლონ სატელეფონო ზარები (მათ შორის თანამგზავრული) და ასე მოახდინონ საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარების კოორდინირება. ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი კონტრდაზვერვის მუშაობას. საელჩოს სახურავების "მონიტორინგისთვის" ადრე თუ ვერტმფრენებს იყენებდნენ, დღეს ამისთვის დრონებია ეფექტიანი.
სპეციალური აპარატურის სახეობების, კონფიგურაციის, განლაგებისა და მიმართულების ანალიზი რადიოელექტრონული დაზვერვის მიზნების დადგენის საშუალებას იძლევა. უნდა ითქვას, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოს უშიშროების სამინისტრო წარმატებით იყენებდა ლოკალური რადიოელექტრონული დაზვერვის დანაყოფს (ე.წ. "ერ" სამსახურს) "პანკისის კრიზისის" დროს. ზამთარ-ზაფხულ ამ ქვედანაყოფის ოპერატიული თანამშროლები მიწურებში შენიღბულები აკონტროლებდნენ მაშინ პანკისში მყოფი "ბოევიკების" სატელეფონო საუბრებს და გადაადგილებას.
2008 წლის "აგვისტოს ომის" შემდეგ თბილისში არ ფუნქციონირებს რუსეთის საელჩო, თუმცა ფუნქციონირებს "რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილება საქართველოში მოქმედ შვეიცარიის საელჩოში". ეს "განყოფილება" კვლავ რუსეთის ფედერაციის საელჩოს შენობაშია განლაგებული და ბუნებრივია, კვლავ ახორციელებს სადაზვერვო ოპერაციებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ. დრონიც არ სჭირდება იმის დაფიქსირებას, რომ ათზე მეტი სხვადასხვა დიამეტრის პარაბოლური ანტენა (ეს რაც ჩანს!) და სხვა სპეციალური აპარატურა (რაც შენიღბულია და არ ჩანს!) "ერთგულად ემსახურება" რუსეთის სპეცსამსახურებს. საინტერესოა რა ღონისძიებებს ატარებს ჩვენი კონტრდაზვერვა?