"არ უნდა შეშინდეთ": ამერიკელმა კონგრესმენებმა პენტაგონს უცხოპლანეტელებზე არსებული ინფორმაციის გამჟღავნება მოსთხოვეს..."
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - BBC-ის რუსულმა სამსახურმა (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "არ უნდა შეშინდეთ": ამერიკელმა კონგრესმენებმა პენტაგონს უცხოპლანეტელებზე არსებული ინფორმაციის გამჟღავნება მოსთხოვეს, პენტაგონი კი აცხადებს, რომ არაფერს მალავს".
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
აშშ-ის ხელისუფლების განკარგულებაში არსებობს ისეთი ნივთები, რომლებიც არამიწიერი ცივილიზაციის მიერაა შექმნილი, მათ შორის - უცხოპლანეტური წარმოშობის მქონე სატრანსპორტო საშუალებები (მაგალითად, საფრენი აპარატები), მაგრამ უცხოპლანეტელებთან კონტაქტების შესახებ სიმართლეს აშშ-ის სადაზვერვო ორგანოები და პენტაგონი ფართო საზოგადოებას უმალავენ.
ასეთი სენსაციური განცხადება გაისმა ოთხშაბათს ამერიკის კონგრესში, ისტორიაში პირველად მოწყობილი მოსმენების დროს, რომელიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან (ამო) და არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებთან ხელისუფლების კონტაქტებს ეხება. თანაც ეს განცხადება გაკეთდა ფიცის ქვეშ, აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის - დევიდ გრაშის მიერ.
ბოლო დრომდე დევიდ გრაში აშშ-ის გეოსივრცობრივი დაზვერვის ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა და ანალიზს უკეთებდა "ამოუცნობ მოვლენებსა და ტრანსმედიური ობიექტების მოქმედების" ამსახველ ფაქტებს.
დევიდ გრაშის თქმით, ასეთი რთული გადაწყვეტილება, რომ თავისი სამუშაო ადგილის გაცხადებით, ფაქტობრივად, დაასრულა საკუთარი კარიერა, მიიღო სამხედრო და სადაზვერვო ორგანოების ფრიად პატივცემული წარმომადგენლების მიერ მრავალრიცხოვანი მოხსენების ზეგავლენით, რომლებშიც გამოხატულია შეშფოთება, რომ "აშშ-ის მთავრობა "ამოსთან" მიმართებით რაღაც საიდუმლო ანუ კონგრესის კონტროლგარეშე საქმიანობას ეწევა".
"ამერიკის მოქალაქეებს უფლება აქვთ, იცოდნენ ის, თუ რა ხდება მათ თავებს ზემოთ, ცაში", - განაცხადა გადამდგარმა მზვერავმა, თან დააზუსტა, რომ პენტაგონი მართლაც უკვე არა ერთი ათეული წელია, სწავლობს ობიექტებს, რომლებიც "ამოს" ჩამოვარდნის ადგილასაა ნაპოვნი.
"ვინც რაიმეს იტყვის, ის სასტიკად ისჯება"
კონგრესმენ მარკ გარსიას მიერ დასმულ პირდაპირ კითხვაზე, - "არის თუ არა იგი, როგორც მოწმე, დარწმუნებული იმაში, რომ აშშ-ის მთავრობას მართლაც აქვს არამიწიური წარმოშობის არტეფაქტები და მათ შესწავლას აწარმოებს?" - დევიდ გრაშმა განაცხადა: "აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის განმავლობაში ორმოცამდე ადამიანთან საუბრის საფუძველზე".
გადამდგარმა მზვერავმა განმარტა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელთან უწევდა საუბარი, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებულები არამიწიური წარმოშობის ობიექტების შესწავლით.
კითხვაზე, დაემუქრნენ თუ არა მას იმ განზრახვის გაცხადების შემდეგ, რომ სურს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება, დევიდ გრაშმა თქვა, რომ "დიახ, დაემუქრნენ". მისი თქმით, წინა წლებში ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უცხოპლანეტელებზე ან არამიწიერ ტექნოლოგიებზე ლაპარაკს იწყებდნენ, ჩვეულებრივ, სასტიკად ისჯებოდნენ.
ჭეშმარიტება სადღაც ახლოსაა?
პენტაგონში დევიდ გრაშის სენსაციური მოხსენების უარსაყოფად მზად იყვნენ. განცხადებაში, რომელიც ოპერატიულად გაავრცელა თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა სტიუ გრაფმა, ნათქვამია, რომ "სამხედრო უწყებაში ყურადღებით შეისწავლეს დევიდ გრაშის ჩვენება და მასში ვერანაირი ისეთი ინფორმაცია ვერ იპოვეს, რომელიც დაადასტურებდა საიდუმლო სამთავრობო პროგრამების არსებობას უცხოპლანეტური წარმოშობის არტეფაქტებთან დაკავშირებით და რომელიც გადამოწმებას მოითხოვს - არც ახლა და არც ოდესმე, წარსულში".
დევიდ გრაშთან ერთად მოსმენების დროს კიდევ ორი მოწმე გამოდიოდა, რომელთაგან ერთი ჯერ ისევ პენტაგონში მუშაობს, მეორე კი უკვე გადამდგარი თანამშრომელია.
სამივე გამომსვლელმა გაუზიარა კონგრესმენებს უცხოპლანეტელებთან თავიანთი კონტაქტების გამოცდილება და უპასუხა კანონმდებლების კითხვებს - იმდენად, რამდენდაც ამას მონაცემების საიდუმლოების დონე განაპირობებდა. მათ განაცხადეს, რომ არ აქვთ ამ საკითხების ღიად, საზოგადოების წინაშე განხილვის უფლება, მაგრამ მზად არიან, ვრცლად ისაუბრონ დახურულ კარს მიღმა.
ამ თემაზე, ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ამერიკელების ორ მესამედზე მეტს სჯერა, რომ ხელისუფლება მართლაც უმალავს სიმართლეს მოსახლეობას უცხოპლანეტელებზე.
მარკ გარსიას თქმით, პენტაგონს მსგავსი ინფორმაციების დამალვაში ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ბევრ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს მართლაც ეშინია, გაამჟღავნოს "ამო"-სთან თავისი კონტაქტები - იმ სტიგმის გამო, რომელიც ამ სფეროს ირგვლივ არსებობს.
"კითხვების დასმის არ უნდა შეგვეშინდეს. სიმართლის შიში არ უნდა გვქონდეს", - აღნიშნა მარკ გარსიამ და აშშ-ის არმიის სარდლობას მეტი გამჭვირვალობისაკენ მოუწოდა. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ