"საქართველოში რუსული თვითმფრინავები უკვე დაჯდა, შემოდიან გემები, არ გამიკვირდება, თუ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე მოლაპარაკებები დაიწყება"
არ გამიკვირდება, თუ ხელისუფლება დაიწყებს მოლაპარაკებას აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით - მმართველი გუნდი ცეცხლზე ნავთს ასხამს ისევ. ალბათ, ვერ ისწავლა გაკვეთილი იქიდან, რაც 8-9 მარტის მოვლენებზე მიიღო, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სოჭიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის თაობაზე ბათუმის პორტში განვითარებულ მოვლენებსა და კობახიძის შეფასებას, რომ ის, რა ვნახეთ, „ქაჯობაა“.
ჩიტაძის განცხადებით, სამწუხაროა, როდესაც საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის დროშით საკრუიზო გემი შემოდის და ამას მმართველი გუნდი ემიჯნება.
„სამწუხაროა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი გამოდის და "ქაჯებს" უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საზოგადოების მოღვაწეები და რომლებიც იცავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, აპროტესტებენ ოკუპანტი ქვეყნის საკრუიზო გემის საქართველოში შემოსვლას. მითუმეტეს, საკრუიზო გემის, რომლის გემბანზეც გამოფენილი იყო აგრესორი, ოკუპანტი ქვეყნის დროშა. ასევე, სამწუხაროა, რომ გემის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა - "ჩვენ გავათავისუფლეთ აფხაზეთი თქვენგანო". ჩამოდიან ქართულ მიწაზე კიდევ პრეტენზიებით და ასეთ დროს სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ემიჯნება გემის შემოსვლას, თუმცა, აქ ექსტრაორდინარული, ალბათ, არაფერია იმის გათვალისწინებით, რომ უკვე რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოფრინდა და დაჯდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის აეროპორტში რუსეთიდან. ბუნებრივია, უკვე შემოდიან გემები. არ გამიკვირდება თუ ხელისუფლება დაიწყებს მოლაპარაკებას აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით. იმედია, ეს არ მოხდება, მაგრამ ხელისუფლება ცეცხლზე ნავთს ასხამს ისევ. ალბათ, ვერ ისწავლა გაკვეთილი იქიდან, რაც მმართველმა პარტიამ მიმდინარე წლის 8-9 მარტის მოვლენებზე მიიღო“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
გარდა ამისა, ჩიტაძემ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღების მიზნით მიმდინარე პროცესზეც ისაუბრა. მისი აზრით, დეკემბერში აღნიშნული სტატუსის მიღება ქვეყანას გაუჭირდება.
„სამწუხაროდ, დღევანდელ ეტაპზე, თითქმის არცერთი პუნქტი 12 პუნქტიდან, რომელიც ევროკავშირის მიერ იყო წარმოდგენილი საქართველოს წინაშე, არ სრულდება. განსაკუთრებით დიდი პრობლემა არსებობს დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ხელისუფლების ქმედებების შედეგად, საზოგადოება, არა მარტო პოლიტიკური ელიტა, დაყოფილია „ოცნების“ მომხრეებად, პრორუსულებად, პროევროპულებად და ბუნებრივია, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებებს.
ასევე, ხელისუფლება არ ჩქარობს მიიღოს კონკრეტული კანონი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" და ბიძინა ივანიშვილი არ არის აღიარებული ოლიგარქად. ხელისუფლება თვლის და აცხადებს, რომ ის არის მეცენატი. სასამართლო სისტემისა და პროკურატურის დამოუკიდებლობასთან, ასევე, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პარამეტრებით საქართველო არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსს. შედეგი ვნახეთ გასულ წელს, როდესაც საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ჩემი აზრით, საქართველოსთვის მიმდინარე წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღება ძალიან გაჭირდება. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ პრობლემები არსებობს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
IPN