"როდესაც ქაჯებს ვყრით, ქაჯები ქაჯებს გვეძახიან"... "ნაცები" ვერ ისვენებენ, ხალხს მიუსევენ და თავად ბუჩქებში შემძვრალნი აკვირდებიან" - ხელოვანების აზრთა სხვადასხვაობა საკრუიზო ლაინერის შემოსვლაზე - კვირის პალიტრა

"როდესაც ქაჯებს ვყრით, ქაჯები ქაჯებს გვეძახიან"... "ნაცები" ვერ ისვენებენ, ხალხს მიუსევენ და თავად ბუჩქებში შემძვრალნი აკვირდებიან" - ხელოვანების აზრთა სხვადასხვაობა საკრუიზო ლაინერის შემოსვლაზე

"ერთი უხეში ტერმინი მინდა გამოვიყენო: რასაც ვხედავთ, მათ შორის, დღეს რაც ვიხილეთ, არის უბრალოდ ქაჯობა და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს, ეს იყო 1990-იანი წლების დასაწყისი, ეს იყო შედარებით გვიანდელი პერიოდი, ეს იყო 2004-2012 წლები, მათ შორის, 2008 წელი", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძემ, სოჭიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის თაობაზე ბათუმის პორტში განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციის მიერ გამოთქმული კრიტიკის შესახებ განაცხადა"...

ირაკლი კობახიძის ამ სიტყვებს ბევრი ადამიანის დიდი აღშფოთება მოჰყვა. მათ შორის არის ცნობილი მხატვარი - გია ბუღაძე, რომელმაც ეს ფაქტი მწვავედ გააკრიტიკა "კვირის პალიტრასთან":

- ასეთი სურათია: როდესაც ქაჯებს ვყრით, ქაჯები ქაჯებს გვეძახიან... თვითონ იქაჯებენ თავს, რადგან გუშინ რეალურად მართლაც ქაჯების შემოსევა იყო! ამბობენ, რომ კიდევ გავიმეორებთო, მაგრამ რამდენჯერაც შემოვლენ, იმდენჯერ გავყრით! საერთოდ, საბოლოოდ მოვიშორებთ! ირაკლი კობახიძემ რაც უნდა ილაპარაკოს, ქაჯები თვითონ არიან მთელი "ქოცობა"!

ხომ შევხედეთ როგორ იქცეოდნენ?! ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ადამიანობა, ღირსება, სიყვარული, ერთადერთი, რაც გააჩნიათ არის ჟინი დაპყრობისა! მათი ქცევა თავხედობის ყველაზე დიდი გამოვლინებაა! სულ ვფიქრობ, ამათგან რაღა უნდა გამიკვირდეს-მეთქი, მაგრამ ყოველდღე მაინც მაკვირვებენ რუსებიც და "ქოცებიც"! ჩვენი და იმათი ქაჯები, ერთად აღებული.

არ უნდა შევდრკეთ, უკან არ უნდა დავიხიოთ და რამდენჯერაც შემოვლენ, იმდენჯერ კინწისკვრით უნდა გავყაროთ, იქიდან, აქედან და ყველა გვერდიდან!

ყოველდღიურად ამაზე უნდა ვიმუშაოთ!

გეგე სულხანიშვილი, მსახიობი:

- როგორც გუშინ ჩვენები იქცეოდნენ, როგორ შეიძლება ამაზე ვინმეს დადებითი აზრი ჰქონდეს?! არ გვეკადრება ხალხო, არა!

- რატომ არ გვეკადრება, ბატონო გეგე?

- ეს ხალხი მოგზაურები იყვნენ, ასე ტურისტულად ყველგან დადიან... მარტო ბათუმში ხომ ვერ შემოვიდოდნენ, ასე კიდევ რამდენ ქალაქში გაივლიდნენ?! მე ასე მგონია და სამხედროები ხომ არ იყვნენ, იარაღით მოსული?! ჩვეულებრივი რუსები იყვნენ და თბილისშიც, რუსთაველის ქუჩა სავსეა რუსებით, სულ ეგენი დადიან!

რაღა იმათ ვეცით? - შემოვიდნენ და წავლენ!

- ირაკლი კობახიძემ ქაჯობა უწოდა, ვინც მათ უშვერი სიტყვებით გაედევნა...

- ასე არ გავბრაზებულვარ, ასეთი სიტყვები გამოვიყენო, მაგრამ ძალიან უარყოფითი რეაქცია მქონდა. ჩემზე საშინლად იმოქმედა ქართველების საქციელმა. ათასი აზრია, მაგრამ პირადად მე, ეს ქცევა სწორად არ მიმაჩნია.

ხომ შეიძლება მეც რუსი ვიყო, იქაურ პოლიტიკას არ ვეთანხმებოდე, მაგრამ აზრის გამოხატვა იქ მარტივი არ არის. აქაც რომ იყვნენ, შეიძლება სულაც არ იყვნენ მომხრე, მათ ქვეყანას ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული ჰქონდეს, მაგრამ მაგათ ვინ მოუსმენს?!

ასე ამ ხალხს არ უნდა მოექცე, ამას ვამბობ!

ჯერ კიდევ როდის თქვა ვაჟამ - "თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა... "

ეს ყველაფერი ქართველი კაცის ბუნებაში იყო! როცა ასეთი მწერლები, ასეთი წინაპრები გვყავდა, ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ... ვაჟამ და სხვა მწერლებმა თავის მოსაწონებლად კი არ დაწერეს ასეთი დიდებული შემოქმედება, არამედ, საზოგადოებისთვის, მკითხველისთვის...

არ მინდა პოლიტიკაში შევიჭრა, მაგრამ გუშინდელ მომხდარში ლომის წილი "ნაციონალებს" მიუძღვით. შეიძლება თვითონ არ ჩანდნენ, ბუჩქებიდან უყურებდნენ, მაგრამ ეგ ამბავი მაგათი ატეხილია! ვითომ ხალხი გაბრაზდაო და თვითონ არიან თავი და თავი ყველაფრის!

მაგათი ბევრი მომხრე, ასევე, უკრაინის ბევრი მოყვარული იყო და პროტესტი ასე გამოხატეს... არ არიან მართლები! ის იკარგება, რაც ჩვენ გვაქვს ქართველებს - სტუმრის პატივისცემა, რაც ყველასგან გამოგვარჩევდა! ამით ვამაყობდით და თუ ეგ დავკარგეთ, რაღა დაგვრჩება საამაყო, მე არ ვიცი!

(სპეციალურად საიტისთვის)