უკრაინა მთავარ კონტრშეტევაზე გადადის და რუსი ოკუპანტების თავდაცვაში ნაპრალს აჩენს? - კვირის პალიტრა

უკრაინა მთავარ კონტრშეტევაზე გადადის და რუსი ოკუპანტების თავდაცვაში ნაპრალს აჩენს?

ბოლო ორი დღეა მსოფლიოს ის მასმედია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს პროფესიონალურად და დეტალურად აანალიზებს, ალაპარაკდა უკრაინის არმიის მხრიდან მთავარ კონტრშეტევაზე გადასვლის ნიშნებზე...

უკრაინამ რუსი ოკუპანტების თავდაცვის ზღუდეების მიმართულებით კონტრიერიშები ჯერ კიდევ 4-5 ივნისს წამოიწყო, მაგრამ ამ შეტევებს ბევრი ისეთი რამ აკლდა, რომ ისინი მთავარ კონტრიერიშად აღქმულიყო...

შესაბამისად, თითქმის ორი თვის განმავლობაში, ამ მცირე მაშტაბების შეტევებმა დიდი შედეგი ვერც გამოიღო და ერთგვარი გულისდაწყვეტაც კი გამოიწვია უკრაინის ქომაგებში.

მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინის არმიამ გაძლიერებული შეტევები წამოიწყო ორეხოვოს, ბახმუტისა და განსაკუთრებით კი დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვრების შესაყართან.

უკრაინელები დღეს სწორედ დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვრების შესაყართან რუსი ოკუპანტების თავდაცვითი ზღუდის გარღვევასა და სოფელ სტარომაიორსკოეს განთავისუფლებას ზეიმობენ.

თითქოს ერთი სოფლის დაბრუნება დიდი ვერაფერი ბედენაა, მაგრამ აქედან იხსნება გზა სამხრეთისკენ, აზოვის ზღვის სანაპიროსკენ, თუმცა ოკუპირებულ ბერდიანსკამდე პირდაპირი ხაზით ჯერ კიდევ 108 კმ-ია ბრძოლებით გასავლელი...

ანალოგიური სიტუაცია იქმნება ბახმუტის სამხრეთ მიმართულებაზე, სოფელ კლეშჩევკასთან, რომლის სიახლოვეს სიმაღლეების საბოლოო გაკონტროლების შემდეგ უკრაინის არმიას ეძლევა შესაძლებლობა ოკუპირებულ ბახმუტს სამხრეთი მიმართულებიდან შემოერტყას...

მაგრამ, მთავარი ბრძოლები ეტყობა მაინც ფრონტის ორეხოვოს უბანზე წარიმართება ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ მიმართულებით.

2-kr-1690544450.png
ფრონტის ხაზის ორეხოვოს მონაკვეთიდან პირდაპირი ხაზით 80-ზე მეტი კმ აქვს დარჩენილი უკრაინის არმიას,რომ გაშლილ სტეპებში ბრძოლებით გადალახოს ეს მანძილი და აზოვის ზღვის სანაპიროზე გავიდეს,რითაც გადაჭრის რუსი ოკუპანტების სახმელეთო გზას ანექსირებულ ყირიმამდე,რასაც შეიძლება დაემატოს ყირიმის ხიდის მესამედ და საბოლოოდ აფეთქებაც...

უკრაინელებს 80 კმ-ზე მეტი აქვთ დარჩენილი, რომ ორეხოვოდან ბრძოლებით ჩააღწიონ მელიტოპოლამდე და გადაჭრან რუსეთის როსტოვის ოლქიდან ანექსირებულ ყირიმამდე გამავალი სახმელეთო დერეფანი, თუმცა მანამდე შუა გზაზე, ტოკმაკის განთავისუფლება მოუწევთ, სადაც რუს ოკუპანტებს კიდევ ერთი თავდაცვითი ზღუდე აქვთ მოწყობილი...

უკრაინის წინაშე ძალზე რთული ამოცანა დგას, რომ წელს როგორმე მოახერხონ აზოვის ზღვის ნაპირამდე ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც დამატებით ძალზე გაძნელდება ნოემბრისკენ, როდესაც უკრაინის სამხრეთ ნაწილში საშემოდგომო წვიმის სეზონი დაიწყება და მძიმე საბრძოლო ტექნიკის გადაადგილება ატალახებულ გრუნტზე ურთულესი გახდება.

გარდა ამისა, დაინახა რა, რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობამ, რომ უკრაინისა არმიის კონტრშეტევების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა, თავად წამოიწყო ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ, კრემენოე-კუპიანსკის მონაკვეთზე კონტრშეტევა და მოახერხა მდინარე ჟერებეცის ფორსირება და მის მარცხენა სანაპიროზე გამაგრება.

რითი ემუქრება ეს უკრაინის მთავარ კონტრშეტევას სამხრეთ მიმართულებაზე?

თუკი უკრაინის არმია მთელ თავის ძალებს (მათ შორის რეზერვში დარჩენილ არანაკლებ კიდევ ცხრა ბრიგადას) მიმართავს სამხრეთ მიმართულებაზე რუსი ოკუპანტების ძლიერი თავდაცვითი ზღუდის გასარღვევად, დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ რუსეთის გენშტაბმა განავითაროს თავისი შეტევა კრემენოე-კუპინსკიდან დასავლეთით, ხარკოვის მიმართულებით და დამატებით რუსეთის ბელგოროდიდან კვლავ წამოიწყოს შეტევა სამხრეთით, იმავე ხარკოვისკენ...

ასეთ შემთხვევაში, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იძულებული გახდება მოხსნას სამხრეთი ფრონტიდან ბრიგადები და ისინი ჩრდილოეთში სასწრაფოდ გადაისროლოს ხარკოვის თავდაცვის გასამაგრებლად.

3-kr-1690544474.png
რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობამ შეიძლება ისარგებლოს უკრაინის არმიის მთელი რესურსის სამხრეთ მიმართულებაზე კონცეტრაციით და ოკუპირებული ლუგანსკის ოლქიდან და რუსეთის ბელგოროდიდან ხარკოვზე შეტევის განვითარება სცადოს...

მოკლედ, უკრაინის ფრონტზე შექმნილი სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია, რომლის გასარკვევად მხოლდ ტანკებისა თუ ჰაუბიცების რაოდენობა არ კმარა, აქ წინა პლანზე მოქმედების ტაქტიკა გამოდის, როდესაც ვა-ბანკზე წასვლამ და უკრაინის მთელი სამხედრო რესურსის თავმოყრამ ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე შეიძლება მართლაც ჩამოშალოს რუსი ოკუპანტების კარგად გამაგრებული თავდაცვის ზღუდეები და ოკუპანტები პანიკით ანექსირებული ყირიმისკენ და ოკუპირებული მარიუპოლისკენ გააქციოს ან კიდევ პირიქით, ამით ისარგებლოს კრემლმა და ხარკოვის დაპყრობა სცადოს მაშინ, როდესაც უკრაინის არმიის მთელი ძალები სამხრეთით დიდ კონტრშეტევაზე იქნებიან გადასულები...