"ჩინეთს აინტერესებს შავი ზღვის პორტები, როგორიც არის, ბათუმი, ფოთი, ისე ანაკლია და შეიძლება ეს იყოს ფასი ამ დაახლოებისა" - რას ამბობს ექსპერტი ირაკლი ღარიბაშვილისა და სი ძინპინის შეხვედრაზე - კვირის პალიტრა

"ჩინეთს აინტერესებს შავი ზღვის პორტები, როგორიც არის, ბათუმი, ფოთი, ისე ანაკლია და შეიძლება ეს იყოს ფასი ამ დაახლოებისა" - რას ამბობს ექსპერტი ირაკლი ღარიბაშვილისა და სი ძინპინის შეხვედრაზე

ჩემთვის ისტორიული ვიზიტია, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება, - ასეაფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ვიზიტს. თავად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობაში არ შეიცვლება. "მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, ბატონო პრემიერო. კეთილი იყოს თქვენი ჩენგდუს რიგით 31-ე მსოფლიო საუნივერსიტეტო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრება. თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ საქართველო - ჩინეთის ურთიერთობებს, აქტიურად უწყობთ ხელს ორმხრივ თანამშრომლობას. მე ამას მაღალ დონეზე ვაფასებ. უკვე 31 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი - შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში. ამას ვიტყოდი. მადლობა", - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ამ ვიზიტს უკვე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. "საქართველო და ჩინეთი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, რომელსაც ექნება ძალიან ახალი მნიშვნელოვანი იმპულსი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, - ამბობს ილია დარჩიაშვილი. მისი თქმით, გაძლიერდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობები.

იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ასპარეზზე სიტუაცია შეცვლილია, როგორ შეაფასებენ საქართველოს პრემიერის ამ ნაბიჯებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი გვესაუბრება:

- მართლა მნიშვნელოვანი ვიზიტია და უფრო დადებითად ვაფასებ ამ ნაბიჯს, ვიდრე - უარყოფითად. თუმცა ბევრი კითხვა არსებობს, ისტორიული ვიზიტი აღმოჩნდება თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს, უნდა ვნახოთ. არ არის გამორიცხული, მართლაც იყოს ისტორიული ვიზიტი, მაგრამ ამასაც შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე - უარყოფითი მხარე. ერთი რამ აშკარად ჩანს, საქართველოს ხელისუფლება მკაფოდ და ცალსახად უარყოფს დასავლურ ინსტიტუტებს, ევროატლანტიკურ ღირებულებებს. ფაქტობრივად, ფეხს ითრევს როგორც ნატოში, ასევე - ევროკავშირში შესვლაზე. ვხედავთ, ლანძღავენ და აგინებენ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით - ელჩებს. საზოგადოებაში ქმნიან უარყოფით დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიმართ. აშკარად ჩანს, რომ საქართველო ტრიალდება ზურგით ევროატლანტიკური ღირებულებებისკენ. მე არ ვთვლი, რომ ჩინეთში ჩასვლა რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა, მაგრამ ეს ნამდვილად არის ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება.

- ამბობთ, რომ ვშორდებით ევროატლანტიკურ გზას?

- ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, მთავარი ის არის, თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები ჩინეთში. როგორც ამბობენ, ეშმაკი დეტალებში იმალება. არ იყო ანონსირებული ასეთი მაღალი დონის შეხვედრა და უცებ იგებ ამის შესახებ. არადა, მსგავსი დონის შეხვედრების შესახებ ინფორმაცია წინასწარ უნდა გავრცელდეს.

შესაძლოა, მხარეებმა განიხილეს ანაკლიის პორტიც. როცა პომპეო (აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი - რედ.) ჩამოვიდა საქართველოში, მაშინ უკვე წაგებული ჰქონდა არჩევნები ტრამპს და ძალიან მკაცრად და მკაფიოდ გაგვაფრთხილა, ანაკლიის პორტი ჩინეთის არ უნდა იყოსო. ჩემი აზრით, ერთადერთი რაც აინტერესებს ჩინეთს საქართველოში, ეს არის ანაკლია და თუ ჩვენ მას გადავეცით ეს პორტი, მაშინ გამოდის, ახალი ეპოქა იწყება და ახლა უნდა დაველოდით ამერიკის რეაქციას.

- რა რეაქცია ექნება ამაზე ამერიკას?

- რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკელები არ გვაშინებენ, ისინი იტყვიან, არ გინდათ, ნუ გინდათ, კარგად იყავითო. იაპონიის პრეზიდენტის მნიშვნელოვანი სიტყვები მოვისმინეთ, რომელმაც თქვა, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა პოლიტიკური ვექტორი ექნება საქართველოს, ჩვენთვის ყოველთვის არის მნიშვნელოვანი ურთიერთობა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისაო. ეს თქვა განსხვავებით ამერიკელებისგან, რომლებიც ამბობენ, ჩინეთი არ დამანახოო. ჩინეთის პოლიტიკა კი უფრო მოქნილია და არ არის კატეგორიული, რადიკალური. ამიტომ ჩინეთისთვის მისაღებია ნებისმიერი პირობები. მისთვის საქართველო პატარა სახელმწიფოა და მას ის არ აინტერესებს... აინტერესებს პორტები და პორტებთან მისასვლელი გზები. მგონია, ჩინეთს აინტერესებს შავი ზღვის პორტები, როგორიც არის, ბათუმი, ფოთი, ისე ანაკლია და შეიძლება ეს იყოს ფასი ამ დაახლოებისა.

- ეს ნაბიჯი ანტიდასავლურია?

- ვიტყოდი, არ არის პრორუსული, მაგრამ ცალსახაა, ეს არის ანტიდასავლური, ეს ცხადია. "ქართული ოცნება" არ მგონია რამის გამკეთებელი იყოს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ახლა, წესით, უნდა ელაპარაკებოდეს ამერიკას. რამდენად შეიძლება ჩინური გავლენების მიღება საქართველოსთვის ისე, რომ საქართველომ არ დაკარგოს ვექტორი და მიმართულება ევროატლანტიკური მიმართულებით. ჩვენ, მგონი, ეს არ გვადარდებს, ვგულისხმობ "ქართულ ოცნებას" და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ მივიღოთ ევროატლანტიკური ღირებულებები. ძალიან გაუხარდებათ, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები რაღაცნაირად დისტანცირებას მოახდენს ჩვენგან.

- პრემიერი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი არის სიკეთეების მომტანიო.

- თუ ვამბობთ უარს დემოკრატიაზე, ამერიკაზე და ევროპაზე და ვიღებთ ეკონომიკურ სიკეთეებს, ალბათ, ამას გულისხმობს. ეს ბევრისთვის მისაღები იქნება საქართველოში. აბა, რამდენს აინტერესებს დემოკრატია? ნახეთ, რა ხდება ისრაელში, დღე და ღამე ხალხი გამოდის ქუჩაში და აპროტესტებს სასამართლო რეფორმას. ჩვენთან ეს არ მოხდება. "ქართულმა ოცნებამ" იცის ეს და მშვენივრად შემოატრიალებს ქვეყანას აზიისკენ და ამით შეიქმნება გარკვეული "სიკეთეები", შემოვა ინვესტიციები, ქართული ღვინო, ატამი გაიყიდება ჩინეთში და ამით ბედნიერი ვიქნებით.

ჩინეთს არ აქვს საქართველოში არანაირი კულტურული, ცივილიზაციური, რელიგიური, ენობრივი ინტერესი, მხოლოდ ეკონომიკურად შემოვა. რუსეთს სურს, რომ შემოვიდეს რელიგიური ბმით, ისევე, როგორც თურქეთი აზერბაიჯანში შედის ისლამით. ჩინეთს ექნება მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი. მას მეტი არ სჭირდება. საყურადღებოა ის, რომ ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი სუსტდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის ვარიანტი, რომ ეს რუსული პროექტია, მაგრამ მე ამის არ მჯერა. ჩინეთი და თურქეთი არიან რუსეთის ბუნებრივი მეტოქეები და ახლა მხოლოდ სიტუაციური პარტნიორობა აკავშირებთ. დღეს რუსეთი სუსტდება. როგორც თურქეთი ძლიერდება კავკასიაში, ასევე უნდა ჩინეთსაც - გაძლიერდეს კავკასიაში რუსეთის ხარჯზე.

(სპეციალურად საიტისთვის)

თეა ხურცილავა