"დედასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. დასაძინებლად კოცნის გარეშე არ დაწვებოდა..." - რა დეტალებზე საუბრობს დაკარგული ჯანო ჯიქიას ბიძა, რომელსაც 9 თვეა ეძებენ? - კვირის პალიტრა

"დედასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. დასაძინებლად კოცნის გარეშე არ დაწვებოდა..." - რა დეტალებზე საუბრობს დაკარგული ჯანო ჯიქიას ბიძა, რომელსაც 9 თვეა ეძებენ?

"მეგობრებო, ვიცი შეგაწუხეთ და დაგღალეთ უკვე, მაგრამ გთხოვთ კიდევ ერთხელ, ყველამ გააზიარეთ ნებისმიერ ჯგუფში, ვისაც სადმე ხელი მიგიწვდებათ. 2022 წლის 24 ოქტომბრიდან ვეძებ ბიძაშვილს. ბიჭს, რომელიც სახლიდან გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. რაღაც პერიოდის განმავლობაში მოდიოდა ინფორმაციები, რომ შეამჩნიეს, თუმცა, 100%-ით ვერ ვადასტურებთ, სამწუხაროდ. რადგან სხვადასხვა რეგიონებიდან მოდის ხმები (რასაც 3-5 დღის მერე ვიგებთ, ინფორმაციის არ ქონის გამო), გვინდა რომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქსა თუ სოფლებში გავრცელდეს, რომ იძებნება 23 წლამდე ასაკის ბიჭი, გამხდარი, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, 190-მდე სიმაღლის, შავი თმით და წვერით (დროიდან გამომდინარე უკვე ძალიან მოზრდილი წვერი და თმა ექნება, რაც უფრო ართულებს ამოცნობას). დაზუსტებით ვეღარ ვიტყვით რა შეიძლება ეცვას. გთხოვთ ქუჩებში სიარულის დროს იყოთ ძალიან ყურადღებით, მიტოვებულ ადგილებში, ნასახლარებთან, ეკლესიებთან, ტბის-ტყის პირას, ხიდებთან და ა.შ თუ შეამჩნევთ მსგავსი აღწერილობის უცხო პირს, საეჭვო მდგომარეობაში, გვაცნობეთ ნომერზე : 597 775471 ; 555 695354 ან დაუკავშირდით პოლიციას. 112. შეძლებისდაგვარად გადაუღეთ ფოტო, ვიდეო, ტყუილად რომ არ ავფორიაქდეთ" - წერს სოციალურ ქსელში ნინი კვარაცხელია.

ოჯახი ფოთში დაკარგულ 22 წლის ჯანო ჯიქიას 9 თვეზე მეტია უშედეგოდ ეძებს. ბიჭი სახლიდან 2022 წლის 24 ოქტომბერს გავიდა. მას შემდეგ მის კვალს ვერსად მიაგნეს. ჯანოს წითელი მოსაცმელი ეცვა და შავი ქუდი ეხურა. პოლიციამ კამერების დათვალიერების შემდეგ ნახა, რომ ბიჭის კვალი ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიკარგა, ამიტომ ძალოვნები თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც ბიჭის ბიძა, გიორგი შამათავა ჩვენთან საუბარში ამბობს, ძირითადად ზღვაში ეძებდნენ ძალოვნები დაკარგულ ახალგაზრდას, თუმცა ფაქტია, ამ დრომდე ვერც გარდაცვლილს პოულობენ და ვერც ცოცხალს. ახლობლები ამბობენ, რომ ბიჭს კონფლიქტი, ან სხვა პრობლემები არ ჰქონია. ის სრულიად აუღელვებლად, მშვიდი გავიდა სახლიდან, ამიტომ ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. ისინი საზოგადოებას ჯანოს მოძებნაში დახმარებას სთხოვენ.

358853199-146527165136768-1458787374325397893-n-1690626371.jpg

დაკარგული ბიჭის ბიძა, გიორგი შამათავა:

- ჩემი დისშვილი 24 ოქტომბერს დაიკარგა, საღამოს, დაახლოებით 7 საათიდან 8 ნახევრამდე პერიოდში. სახლიდან გავიდა, არც მობილური ტელეფონი წაუღია, არც საფულე და პატარა ჩანთა, რომელსაც სულ ატარებდა. დისტრიბუტორად მუშაობდა, იმ დღეს ჩვეულებრივ იყო სამსახურში, დღისით დაბრუნდა სახლში. ჩემი და პედაგოგია, ბავშვებს ამზადებს და დაელოდა დედას, როდის მორჩებოდა გაკვეთილს. დედა-შვილი ერთად მიდიოდნენ ნათესავთან, რომელიც იქვე, 300 მეტრში ცხოვრობს. ერთად გავიდნენ სახლიდან. წვიმას იწყებდა, ამიტომ ჩემი და უკან შებრუნდა, ბავშვს უთხრა ქურთუკს მოვიცმევო. რომ დაბრუნდა, უკვე ქუჩაში აღარ დახვდა შვილი. იფიქრა, რომელიმე მეზობელთან იყო. ერთი საათი რომ არ გამოჩნდა, ამის შემდეგ დაიწყო მოკითხვა ახლობლებთან. ვერსად ვიპოვეთ. საათნახევარში უკვე ყველგან ვეძებდით. მეორე დღიდან ჩაერთო პოლიცია, ამოიღეს კამერების ჩანაწერები. იქ ჩანს, რომ ზღვისკენ მიდის. ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, იმის უკან არის ზღვა და ტერმინალი, გემის კამერას აქვს დაფიქსირებული, რომ მიდის ზღვისკენ, მაგრამ ზღვამდე 150 -200 მეტრით დაშორებით ჩანს კადრში, მერე არაფერი ჩანს. რადგან პოლიციამ დაინახა, რომ ზღვისკენ წავიდა, ჩათვალა, რომ თავი მოიკლა. ერთი თვე ეძებდნენ წყალში კატერებით, სკანირებაო, მყვინთავები, ჩვენ ოჯახს არ გვჯეროდა ამ ვერსიის. ადამიანი ასეთ ნაბიჯს რომ დგამს, ამას წინაპირობა ხომ უნდა ჰქონოდა. ასეთი ბავშვი ეს არ იყო. მშვიდი ბიჭია. ახლა სწავლას ამთავრებდა, დიპლომი უნდა აეღო, უნდა ჩამოსულიყო თბილისში, მიზნები ჰქონდა, რატომ უნდა მოეკლა თავი? სხვებისთვის სათქმელად მარტივია თქვას თავი მოიკლაო, მაგრამ ოჯახისთვის მარტივი არ არის, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. რაიმე წინაპირობა ყოფილიყო, მაშინ შეიძლებოდა ჩვენც დაგვეშვა, მაგრამ არაფრის გამო თავს ხომ არ მოიკლავს ადამიანი. ყველგან ვეძებთ დღემდე, მაგრამ პოლიცია მიზანმიმართულად მხოლოდ წყალში ეძებდა, ანაკლიის მხარეს, ბათუმი, ქობულეთი, გრიგოლეთისკენ, მაგრამ ფაქტია, ვერც დამხრჩვალი იპოვეს. ალბათ წყალში არ შესულა, თორემ ისტორიას არ ახსოვს ასეთი ფაქტი, ვინმე წყალში დამხრჩვალიყო და წყალს არ ამოეგდო. უბედური შემთხვევები რომ ხდება, მაქსიმუმ 3-4 დღე სჭირდება ცხედრის ამოგდებას. სპეციალისტებმაც ახსნეს, ოქტომბერში როცა წყალი გრილია 5-6 დღე სჭირდება წყალმა რომ ამოაგდოსო, მაგრამ ამ დრომდე არაფერია ხელჩასაჭიდი. ცოტა მცივანა ბავშვი იყო, ჰაიმორიტი ჰქონდა და თავს უფრთხილდებოდა, ქუდი ეხურა, ე.წ პლაშოვკა ეცვა და კედები. ფეხსაცმელი, ან ტანსაცმელი მაინც ხომ უნდა გამოერიყა წყალს. თვითმკვლელობის ვერსიის ჩვენ არ გვჯერა. მეათე თვე დაიწყო და არ ჩანს.

- ალბათ შეისწავლეს მისი სატელეფონო საუბრები, ბოლო კომუნიკაცია ვისთან ჰქონდა?

- ტელეფონი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. წარმოიდგინეთ, ამ დრომდე ტელეფონი ვერ გახსნეს. რა გამოძიებაზე ვსაუბრობთ. წარმოუდგენელია ეს. სად ვცხოვრობთ. 9 თვეა ველოდებით ტელეფონის გახსნას და ექსპერტიზას. ვითხოვ ტელეფონი დამიბრუნონ, მე ვიპოვი ისეთ ადამიანს, ვინც გახსნის ამ ტელეფონს, იქნებ რამე ხელჩასაჭიდი იყოს იქ, მაგრამ არც მე მაძლევენ და არც თვითონ ხსნიან. სამსუნგის ტელეფონი ვერ გახსნეს 9 თვეა. გვატყუებენ დაგიბრუნებთო, მაგრამ იწელება ეს პროცესი. რამდენჯერ ვეჩხუბე გამომძიებელს, შედეგი არ არის. ახალგაზრდა, 22 წლის ბიჭი დაიკარგა და ვერაფერს გვეუბნებიან. რისთვის არის პოლიცია? პირველად გვქონდა შეხება პოლიციასთან და ვერაფერში ვერ დაგვეხმარნენ. მოდიოდნენ და მე მეკითხებოდნენ, სად შეიძლება იყოსო, ეს რომ ვიცოდე, პოლიცია რისთვის მჭირდება. მე თვითონ მოვძებნი. მთელი საქართველო მოვლილი გვაქვს, ვეძებთ ყველგან, მაგრამ ვერსად ვპოულობთ. სოციალური ქსელებით რომ გავრცელდა ინფორმაცია დაკარგვაზე, მას შემდეგ შემოდიოდა ზარები მითითებულ ტელეფონის ნომრებზე და გვეუბნებოდნენ სხვადასხვა მისამართებს, აქ ვნახე, იქ ვნახე და ჩვენც გავრბოდით იქ. მართლა მოვლილი გვაქვს მთელი საქართველო, მაგრამ არაფერი ხელჩასაჭიდი არ არის. რამდენიმე ადგილას შეზღუდული გონების ახალგაზრდა დამხვდა. ჯანოს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, არც გონებრივი და არც სხვანაირი. ოჯახს გვჯერა, რომ წყალში არ არის ჩასული და მას თავი არ მოუკლავს.

- რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონდა?

- რომ დაიდო ინფორმაცია დაკარგვაზე, ხალხმა დაიწყო თავისი ფანტაზიით ვერსიების გავრცელება. რამდენიმეს ვუპასუხე კიდეც, მაგრამ ყველას ახსნას ვერ დავუწყებ. ის არ იყო მოთამაშე, რომ კაზინოში თანხა წაეგო. არც წამალდამოკიდებული, ან სხვა რამე მავნე ჩვევაზე, ერთადერთი, რაც ვიფიქრეთ, დისტრიბუციაში რომ მუშაობდა, იქ ხომ არ დაედო ვალი და სასწრაფოდ ესეც გადავამოწმეთ. არანაირი მსგავსი რამ არ ყოფილა. გვითხრეს, ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებდა და ყოველი დღის ბოლოს თეთრს თეთრზე აჯენდა თანხასო. 23 წლის გახდა იანვარში. აღარ ვიცი რა გავაკეთოთ და სად ვეძებოთ. პოლიცია გვეუბნებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით ვეძებთო, გვეგონა მართლა ყველა ინფორმირებული იყო, მაგრამ გულდასაწყვეტია, აღმოვაჩინეთ, რომ თავად სამართალდამცავებსაც კი არ ჰქონდათ ინფორმაცია სხვადასხვა რაიონში, რომ 22 წლის ბ,იჭი იყო დაკარგული. მაგალითად ჩავედით ზესტაფონში, რადგან გვქონდა ინფორმაცია რომ იქ ნახეს. ქალი დარწმუნებით ამბობდა, ეს ბიჭი ვნახეო. ზესტაფონის პოლიციამ ოპერატიულად იმუშავა, გადაგვამოწმებინა, ჩვენი ბიჭი არ აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ ფოთელი ბიჭი იყო დაკარგული. ვსვამ კითხვას, რატომ არ იცოდა პოლიციამ. თუნდაც ზესტაფონში, რომ 22 წლის ბიჭი იყო დაკარგული. მახსოვს პატარა ბიჭი, ფილფანი სვანეთში რომ დაიკარგა, მისი ფოტოებით აჭრელებული იყო მთელი საქართველო, ჩემი დისშვილის სურათები არსად არ იყო გაკრული. 22 წლის ბიჭს არ ვიცით რა მოუვიდა, ასეთი გულგრილობა გამაღიზიანებელია. მეცხრე თვეა ტელეფონი ვერ გახსნეს, ეს დაუშვებელია. ვინმემ რამე რომ მოიპაროს ამდენი თვეები დაელოდებიან? პოლიციის იმედი საერთოდ არ მაქვს. იქნებ ვინმე შეხვდა ზღვის სანაპიროზე. თუ წყალში ჩავიდა და დაიხრჩო, ცხედარს მაინც ხომ იპოვიდნენ. გვჯერა რომ ცოცხალია, ოღონდ არ ვიცით სად არის, რა მოუვიდა. დავდივართ დედაოებთან. დედა ანა, დედა თამარი, ყველა გვეუბნება, რომ ბავშვი არის ცოცხალი, მოძებნეთ კარგადო. დედა თამარმა გვითხრა, ცოცხალია, მაგრამ ახლა თუ ვერ იპოვით, მერე მისი პოვნა გაგიჭირდებათ, ეშმაკის შეპყრობლიაო. გაგვიჭირდა მართლა, 9 თვე გავიდა და კვალს ვერ მივაგენით. ჩვენ ისევ ყველგან ვეძებთ. საინტერესოა, ან რატომ არ მოიყვანა პოლიციამ მაშინვე კინოლოგები შემთხვევის ადგილას, იქნებ კვალზე გასულიყვნენ. ჩვენ, ოჯახის წევრები ისეთ დღეში ვიყავით, ვერ ვაზროვნებდით, თორემ თუ სადმე იყო კინოლოგიის სამსახური, მოეყვანათ და რა თანხაც არ უნდა ყოფილიყო გადასახდელი, გადავიხდიდით. პოლიციას აქეთ უნდა შემოეთავაზებინა, მაგრამ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ თავი დაიხრჩო და სხვა მიმართულებით არც კი უმუშავიათ. ვთხოვდით პოლიციას შეემოწმებინა ფოთის ტერმინალის კამერები, ტერმინალიდან გამოდის 300 ევაკუატორი მანქანა, შეიძლება ვინმეს ჩაუჯდა, შევამოწმეთ 60 მანქანაო გვითხრეს. იქნებ იმ 240-ში იყო. მხოლოდ საზოგადოების იმედი მაქვს, იქნებ თვალი მოკრან სადმე, გთხოვთ შეგვატყობინეთ. დედასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. კოცნის გარეშე არ დაწვებოდა დასაძინებლად. ჩემი და ამბობს, ჩემი შვილი ცოცხალიაო, გული ასე უგრძნობს. არასდროს მივლია ადრე ნათელმხილველებთან, მაგრამ ამის შემდეგ თუკი ვინმე ნათელმხილველია საქართველოში ყველგან მივედით. ყველა ამბობს, ცოცხალია და კარგად მოძებნეთო, ცოტა დასუსტებულიაო. დაქცეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, კვალს ვერსად მივაგენით. იქნებ სადმე მონასტერშია, ყველაფერს ვფიქრობთ, თუ შავ ბერებთან არის, ისინი არ გეტყვიანო, პოლიციას ხომ ეტყვიან, პოლიციამ ხომ უნდა გადაამოწმოს მონასტრები მაშინ. ყველას ვთხოვთ დახმარებას. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია და სადმე შეხვდათ, შეგვატყობინეთ. ახლა მხოლოდ უფლის იმედად ვართ, სხვა არაფერი დაგვრჩენია. ხალხს ვთხოვთ, იქნებ დაგვეხმაროთ და მოგვაძებნინოთ ჩვენი ბიჭი", - ამბობს დაკარგული ჯანო ჯიქიას ბიძა.