თუ არ გინდათ ერთი ნაფაზი 100 ლარი დაგიჯდეთ, ნუ მოწევთ სასტუმროში
ტურისტულ ზონაში, ერთ-ერთი სასტუმროს მისაღებში ხმაურმა ყურადღება მიიქცია. ახალგაზრდა მამაკაცი გასახურებელ თამბაქოს მოიხმარდა, რა დროსაც მისთვის უცნობმა ქალბატონმა მოწევის შეწყვეტა მოსთხოვა. კაცი არ დაემორჩილა, განაცხადა, რომ სასტუმროში გასახურებელი თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის მოწევის უფლება ჰქონდა, რის შესახებაც, მისი თქმით, სასტუმროში დაბინავებისას, ადმინისტრაციაში, კერძოდ, მისაღებში უთხრეს. ქალმა მოწევის რეგულაციის დამრღვევს ვიდეო გადაუღო და განუცხადა, რომ ის კანონის აღსრულების მონიტორია და უფლება აქვს, მოწევის რეგულაციის დარღვევის შესახებ აღმასრულებელს აცნობოს, რის შემდეგაც მწეველი 100 ლარით, სასტუმრო კი 500 ლარით დაჯარიმდება.
ქალმა სასტუმროს ადმინისტრაციას სტუმრების გასაგონად ჰკითხა: სასტუმროს შენობაში, რომელი კანონის საფუძველზე აძლევდნენ გასახურებელი თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის მოხმარების უფლებას. ადმინისტრაციის თქმით, მსგავსი უფლება არავისთვის მიუციათ, რამაც მოწევის რეგულაციის დამრღვევი მამაკაცი აღაშფოთა და აყვირდა - რომ არა ადმინისტრაციის თანხმობა, დახურულ სივრცეში არც მოწევდა. კონფლიქტში სხვა სტუმრებიც ჩაერივნენ და თქვეს, რომ სასტუმროებში, ბოლო დროს, მოწევის რეგულაციით შეზღუდვა მხოლოდ ტრადიციულ თამბაქოს ნაწარმს ეხება და თუ ელექტრონულ სიგარეტს, ან გასახურებელ თამბაქოს გააბოლებენ, არ ზღუდავენ. მათივე თქმით, სიურპრიზია, რომ შეიძლება ერთი ნაფაზის დარტყმა 100 ლარიანი ჯარიმა დაუჯდეთ.
„რა გამოდის, ვიღაც ცდილობს უნებლიედ შეცდომაში შეგვიყვანოს და ჯარიმებით ბიუჯეტი შეივსოს? კანონში ეს წერია?“
საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარება აკრძალულია, თუმცა საკითხის კიდევ უფრო დასაზუსტებლად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ლადო კახაძეს მივმართეთ.
- ბატონო ლადო, სასტუმროებში რამდენიმე ადგილზე გვითხრეს, რომ სიგარეტის მწარმოებელი კომპანიების ე.წ. პრომო ჯგუფები სასტუმროს ადმინისტრაციებს არწმუნებენ, სტუმრები ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოხმარებაზე არ შეზღუდონ, კანონში ცვლილება შედის და ამ მხრივ გამონაკლისი მალე ლეგალური გახდებაო.
- კანონში გარკვევით წერია, რომ დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოხმარება დასჯადია და არსებული კანონმდებლობის გამრუდების მცდელობის უფლება არავის აქვს. ყველა დაწესებულებას ვთხოვ, თუ თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან მსგავსი ტიპის აქტივობა იქნება, ახსოვდეთ, რომ ყველა შეცდომაში შემყვანია. არანაირ ჯგუფებს და შეგონებებს არ დაუჯერონ. კანონი ცალსახად მოქმედებს და იმოქმედებს და ყველას ახსოვდეს, ორგანიზაციებსაც და კერძო პირებსაც, რომ კანონი საჯარიმო სანქციებით არ იწყება, საჯარიმო სანქციები მხოლოდ კანონის დარღვევას მოჰყვება. არანაირი ცვლილება არ იგეგმება და სახელმწიფოს მხრიდან უკან დახევა არ იქნება. კანონის დარღვევა დასჯადი არის და იქნება. მწეველთა 85% მადლობელია თამბაქოს კვამლისგან გასუფთავებული სივრცის გამო. სწორედ ამიტომ, სამასპინძლო ობიექტებზე მომხმარებელთა რაოდენობამ იმატა.
ცოტა ხანში, ევროდირექტივის თანახმად, მთავრობის 5.3. დადგენილება იქნება მზად, რომლის მიხედვით, თამბაქოს ინდუსტრიას მთლიანად დაურეგულირდება სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობის ფორმაც.
- თუ საზოგადოების ამხელა ნაწილი კმაყოფილია, კანონის აღსრულებას მონიტორინგი რატომღა ჭირდება?
- ნებისმიერი ახალი საქმის წარმატებით გაგრძელება დაკვირვებას, მონიტორინგს მოითხოვს. ჯერ კიდევ ამერიკის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ თქვა, თამბაქოსთან ბრძოლა უნდა დავიწყოთო და მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწოდებიდან 60 წელზე მეტი გავიდა, ამერიკაში თამბაქოს კონტროლის მონიტორინგი დღემდე გრძელდება.
მონიტორინგი ნიშნავს არა დასჯას, არამედ შეხსენებას, არ მოწიო, დახურული სივრცე სუფთა გქონდეს, ძველი მომწამვლელი პროდუქტი ახლით არ ჩაანაცვლო, იცხოვრე ჯანსაღად და ა.შ.
21-ე საუკუნეში, კოვიდის გამო დაგვჭირდა შეხსენება, რომ ხელი დაგვებანა და რა გასაკვირია, რომ თამბაქოს კონტროლის მონიტორინგი უფრო დიდხანს დაგვჭირდება?! სხვა თუ არაფერი, რეფორმის სუსტი და ძლიერი მხარეები სწორედ მონიტორინგმა უნდა გამოავლინოს, რომ კანონის კიდევ უფრო დახვეწა და შედეგად რეფორმების უფრო ეფექტურად და შედეგიანად გატარება შევძლოთ.
ერთხელ ვთქვი, უთო რომ ჩართო, ისიც თამბაქოს პროდუქტების მავნებლობაზე უნდა ლაპარაკობდეს, რათა ადამიანებს თამბაქოს მავნებლობაზე სრული ინფორმაცია ჰქონდეთ-მეთქი. მხოლოდ ასეთი საზოგადოება შეძლებს თვითონ გახდეს კანონის აღსრულების მონიტორი. მალე, სკოლაში, პირველი კლასიდან, ასაკის შესაბამისად, ექიმის დახმარებით მიეწოდებათ ინფორმაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის, თამბაქოს მოხმარების შედეგად მოსალოდნელი ზარალის და პრობლემების შესახებ. სკოლიდან დავიწყებთ იმ საზოგადოების აღზრდას, რომელიც თვითონ გახდება საკუთარი ჯანსაღი ცხოვრების უსაფრთხოების მონიტორი.