"არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან შეუძლია მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად" - კვირის პალიტრა

"არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან შეუძლია მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად"

გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება სამოქალაქო საკითხებზე კითხვების გამოგზავნა. ჩვენი ერთგული მკითხველების შეკითხვებს უპასუხებს საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი, იურისტი გვანცა­ გურგენიძე:

- ბავშვი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად არის ბინის მესაკუთრე, ვაპირებთ გაყიდვას და სხვა ბინის შეძენას. მითხრეს, რომ ამას ვერ გავაკეთებ სასამართლოს გარეშე, იქნებ ამიხსნათ, შემიძლია თუ არა განვკარგო არასრულწლოვნის ქონება და საერთოდ რა უფლებები აქვთ არასრულწლოვნებს?

- ბავშვებს, ისევე როგორც სრულწლოვნებს, აქვთ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. თავდაპირველად აღვნიშნოთ, რომ არასრულწლოვანი პირების კანონიერი წარმომადგენლები არიან მშობლები. ისინი განსაკუთრებული რწმუნებულების გარეშე გამოდიან ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში. 2019 წლის 20 სექტემბერს მიღებულია ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომლის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. კანონის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, თავისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით დადოს გარიგება და ისარგებლოს საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა უფლებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ბავშვს უფლება აქვს მშობლისგან მიიღოს ნაღდი ფული ან პლასტიკური ბარათი ლიმიტის შესაბამისი თანხით სარგებლობისთვის, მისი თავისუფალი დროისა და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ყოველდღიური გამოყენებისთვის. თანხის ოდენობა ინდივიდუალურად, ბავშვის ასაკის შესაბამისად, მშობლების კეთილი ნების საფუძველზე განისაზღვრება. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა დათქმა, რომლის თანახმადაც, ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. აქ შეიძლება გაგვიჩნდეს რამდენიმე კითხვა. კერძოდ, რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ვინ უნდა დაადგინოს და რა მოიაზრება ქონების განკარგვაში. ბავშვთა უფლებათა კოდექსის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესი არის ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით.

მიუხედავად აღნიშნულისა, აუცილებელია მოვიხმოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დანაწესი, რომელიც აკონკრეტებს, რომ ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის და 1.000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. შესაბამისად, ბავშვის ქონების განკარგვისას საკმარისი არ არის მხოლოდ მშობლის მიერ შეფასება და აუცილებელია სასამართლოს თანხმობა. რაც შეეხება განკარგვას, განკარგვა გულისხმობს ნივთის გასხვისებას. მაგალითად, ბავშვის საკუთრებაში არსებული სახლის გაქირავებისათვის მშობელს სასამართლოს ნებართვა არ სჭირდება. მოქალაქეებისათვის მარტივი შესაფასებელი იქნება, თუ მარტივად განვსაზღვრავთ, რომ განკარგვა არის ისეთი ქმედება, რომლის შედეგადაც ბავშვი კარგავს ქონებაზე საკუთრების უფლებას. მას შემდეგ, რაც დავადგინეთ, რა შემთხვევაში სჭირდება პირს მოსამართლის თანხმობა, განვიხილოთ, თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ იგი. ყველაზე მარტივი და სწორი გზა არის შესაბამისი კომპეტენციის იურისტისთვის მიმართვა. თუმცა, თუ პირი მაინც თავად გადაწყვეტს დასახელებული თანხმობის მოპოვებას, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს სასამართლოსათვის მისაწოდებელ ინფორმაციას. მოქმედი კანონმდებლობით, არ არის შემუშავებული სპეციალური ფორმა, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს სასამართლოსთვის მიმართვა ქონების გასხვისებაზე სასამართლოს თანხმობის მოპოვების თაობაზე. შესაბამისად, პირს შეუძლია მიმართვა განცხადების ფორმით. განცხადებაში პირმა ტექნიკური დეტალების გარდა, უნდა აღწეროს ბავშვის ქონება და დაასაბუთოს მისი განკარგვის აუცილებლობა და ასევე ბავშვის საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილებასაც მოხმარდება მიღებული სარგებელი. დასახელებული საკითხი წარმოადგენს განცხადების რთულ ნაწილს და კვლავ გავიმეორებ, რომ უმჯობესია, მაინც უზრუნველვყოთ ადვოკატის ჩართულობა. სასამართლოს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რა ქონება აქვს ბავშვს, ქონების რა ნაწილის განკარგვა სურს მშობელს და რაც მთავარია, რატომ არის აუცილებელი და მიზანშეწონილი აღნიშნული ქონების განკარგვა ბავშვის საუკეთესო ინტერესის დასაცავად. მსგავსი საფუძველი შესაძლოა იყოს, მაგალითად, ბავშვისთვის ახალი, უკეთესი ბინის ყიდვა, ან ბავშვის აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილება, რასაც მშობელი ქონების გაყიდვის გარეშე ვერ ახერხებს. აუცილებელია, განცხადებას თან დავურთოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლო სწორედ მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დაადგენს, ქონების გასხვისება შეესაბამება თუ არა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და აღნიშნულზე განაცხადებს თანხმობას, ან უარს.

- როცა ბავშვი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, როგორ უნდა დავიცვათ არასრულწლოვანი მოძალადე მშობლისგან?

- ასეთ დროს აუცილებელია სასწრაფოდ დარეკოთ 112-ში და აცნობოთ ფაქტი. არასრულწლოვანზე ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია დროებითი ღონისძიების სახით მოძალადე მშობლისაგან არასრულწლოვანი გააცალკეოს. არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის წარმომადგენლის უფლების დატოვება საზიანოა არასრულწლოვნის ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის არასრულწლოვანზე ერთობლივი მეურვეობის დატოვება, თუ არსებობს მასზე ერთ-ერთი მშობლის ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი. არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. დაუშვებელია ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით; დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა, ან რომლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე; ასევე, მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების გაცნობა ან გადაცემა. არასრულწლოვანზე ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულება აკისრია ყველას: სამედიცინო დაწესებულებას, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს.

გაზეთი "კვირის პალიტრა" N30