(+VIDEO) თბილისურმა მოიერიშეებმა გრანდიოზული სამხედრო აღლუმის ღამისეულ ცაში ფურორი მოახდინეს...
1950-53 წლის კორეის ომის დამთავრებიდან 70 წლისთავი ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გრანდიოზული სამხედრო აღლუმით აღნიშნა, რომლის მსგავსი მსოფლიოში შეიძლება აქამდე არც კი გამართულა...
სამხედრო აღლუმების გრანდიოზულობა, ძირითადად, მასში მონაწილე სამხედროებისა და ტექნიკის რაოდენობითა და სიახლეების ჩვენებით განისაზღვრება, თუმცა პროპაგანდისტული თვალსაზრისით, მის სანახაობრივ მხარესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
უყურეთ Су-25К ტიპის მოიერიშეების აფრენას 3:12 წუთიდან
სწორედ სანახაობრივი უმაღლესი ეფექტის გამოწვევის გამო, ჩრდილოთ კორეის ლიდერის - კიმ ჩენ ინის მოთხოვნით, დედაქალაქ ფხენიანში ბოლო რამდენიმე წელია სამხედრო აღლუმები მხოლოდ საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ იწყება, რათა ბევრად უფრო ეფექტურად გამოჩნდეს მრავალფეროვანი ურიცხვი ფეიერვერკები, რომელთა დამზადებასა და გაშვებაში კორეელებს, ჩინელებთან ერთად, ეტყობა, მსოფლიოში ბადალი არ ჰყავთ.
მრგვალი თარიღის, კორეის ომში გამარჯვებიდან (ჩრდილო კორეელები დღემდე თვლიან, რომ იმ ომში გაიმარჯვეს, თუმცა 38-ე სადემარკაციო პარალელის სამხრეთით მცხოვრები სხვა კორეელები ასე სულაც არ ფიქრობენ) 70 წლის აღსანიშნავად, ფხენიანში განსაკუთრებით მოემზადნენ და სამხედრო აღლუმი დედაქალაქის ღამისეულ ცაში გასაოცარი ფერების ფეიერვერკების ულამაზესი კომპოზიციით გახსნეს, რომლის მთავარ შემსრულებლად... თბილისური მოიერიშეები იქცნენ!
დიახ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1987-89 წლებში, თბილისის საავიაციო ქარხანამ ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში 32 ერთეული Су-25К ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის საექსპორტო ვარიანტი გაგზავნა (ჩრდილოეთ კორეელებმა მაშინ ასევე შეიძინეს ულან-უდეს საავიაციო ქარხანაში აწყობილი 4 ერთეული საექსპორტო ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო Су-25УБК მოიერიშეც).
დღეს კიმ ჩენ ინის „შევარდნების“ საბრძოლო მზადყოფნაში არანაკლებ 18 ერთეული Су-25К რჩება, რომელთა ნაწილი გამოიყენეს ფხენიანის ღამისეულ ცაში, საოცარი ცეცხლოვანი წარმოდგენის გასამართად...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, თბილისის ცაზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი ჩვენი თავდაცვის ძალების ანალოგიური ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები ეროვნული დროშის ორი - წითელი და თეთრი ფერის კვამლს უშვებენ, რაც დედაქალაქის ქუჩებში გამოფენილი მოზეიმე მოსახლეობისა და სტუმრების აღტაცებას იწვევს და წარმოიდგინეთ, რა ეფექტი ექნებოდა ღამის ცაში ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ფეიერვერკების გაშვებას და თანაც, იმის ფონზე, რომ მწყობრად მფრენი შვიდი თბილისური მოიერიშე თვითმფრინავი თავად... ანათებდა!
ამ ვიზუალური ეფექტის სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია, სტატიაში მოყვანილი ფოტოები დაახლოებით წარმოდგენას შეგიქმნით, თუმცა ვიდეოკადრების ნახვა ყველაფერს სჯობს - ტყუილად როდი დააღო გაოცებისგან პირი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ, მთავარ ტრიბუნაზე კიმ ჩენ ინთან გვერდით დგომისას - მის მიერ ჩატარებული წლევანდელი აღლუმი წითელ მოედანზე, ყველაზე უსახური აღმოჩნდა სტალინის დროიდან კრემლის წინ გამართულ ყველა სამხედრო აღლუმთან შედარებით...
ვიზუალური ეფექტის გასაძლიერებლად, კორეელებმა თბილისურ მოიერიშეებს ფიუზელაჟებზე და ფრთებზე სპეციალური ლუმინისცენციები დაუმონტაჟეს და ღამის ცაში ფრენისას ისინი მითურ ცეცხლისმფრქვეველ გველეშაპებს წააგავდნენ, მით უმეტეს, სხვადასხვა ფერის ფეიერვერკების გამოტყორცნის დროს...
ჩვენთვის შეიძლება ერთგვარი კმაყოფილების გრძნობა აღძრას იმ ფაქტმა, რომ ერთ დროს თბილისის საავიაციო ქარხანაში ჩვენი თანამემამულეების ხელით აწყობილმა და თბილისის ცაში „დაფრთიანებულმა“ მოიერიშე თვითმფრინავებმა 36 წლის შემდეგაც ფხენიანის ღამისეულ ცაში ასეთი შთამბეჭდავი წარმოდგენა მოაწყვეს, მაგრამ ამერიკელებს, სამხრეთ კორეელებს, იაპონელებსა და თვით ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ამ სამხედრო აღლუმის შემხედველს, დიდად სასიხარულოდ არ ექნებათ საქმე...
განა იმიტომ, რომ მათ კიმ ჩენ ინის პაპის მიერ ნაყიდი თბილისური მოიერიშეების შეეშინდებათ, არამედ, იმას უნდა უფრთხილდნენ, რაც ჩრდილოეთ კორეამ აღლუმზე ჩაატარა...
ესენი გახლავთ ყველაზე დიდი სტრატეგიული დანიშნულების ბირთვულქობინიანი რაკეტა 11-ღერძიან მობილურ დანადგარზე - Hwasong-18, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტსაც კი სწვდება, საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა ჰიპერბგერითი პლანირებადი საბრძოლო ბლოკით - Hwasong-8 და ატომურძრავიანი ბირთვულქობინიანი უეკიპაჟო წყალქვეშა აპარატი Haeil, რომ აღარაფერი ვთქვათ ახალ თანამედროვე ძირითად საბრძოლო ტანკებზე, რომლებიც გარეგნულად ამერიკული „აბრამსისა“ და რუსული „არმატას“ ერთგვარ „ნაჯვარს“ წააგავს...
მაგრამ პენტაგონის ყველაზე დიდ გაოცებასა და გულისწყრომას აუცილებლად გამოიწვევდა ფხენიანის მთავარ მოედანზე პირველად ჩატარებული სტრატეგიული დანიშნულების ორი ტიპის სადაზვერვო-საბრძოლო დრონები, რომლებიც არც მეტი და არც ნაკლები... ცნობილი ამერიკული RQ-4 Global Hawk -ისა და MQ-9 Reaper -ის ასლებს წარმოადგენდნენ, ოღონდ კორეული წარწერებით...
ვინმეს რომ არ ჩაეთვალა, რომ ეს დრონები მხოლოდ მიმსგავსებული მაკეტები იყვნენ, კორეელებმა ისინი დაღამებამდე ფხენიანის თავზე ათიათასობით მოზეიმეს თავზე, დაბალ სიმაღლეზე გადააფრინეს...
მოკლედ, ჩრდილოეთ კორეის არმიამ ამ სამხედრო აღლუმზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა (თუნდაც, კოლონებში მოსიარულე სამხედროების თანამედროვე შეიარაღებითა და აღჭურვილობითაც) და თუკი ჭურვების სათხოვნად ფხენიანში ჩასული რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ კიმ ჩენ ინს სხვა სამხედრო დახმარებასაც „გამოსტყუებს“, უკრაინის ფრონტზე მდგომარეობა რუსი ოკუპანტების სასარგებლოდ შეიძლება შეიცვალოს...