რა გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს ჩინეთს საქართველოში?! - კვირის პალიტრა

რა გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს ჩინეთს საქართველოში?!

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ერთკვირიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს საზეიმო დახვედრით დაიწყო. თავდაპირველად მთავრობა მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდა, რომ ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა ვიზიტის დაწყებიდან მეორე დღეს სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში პრემიერ-მინისტრის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული შეხვედრის შემდეგ მოულოდნელად გამოცხადდა, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან. მთავრობის პრესცენტრის ცნობით, სწორედ ამ შეხვედრაზე მიიღეს "საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება". "საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა ახალ დონეზე გადაინაცვლებს", - განაცხადა სი ძინპინმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას. მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შექმნილი ვითარებით როგორც მთელ რეგიონში, ისე საქართველოში გაზრდილია საფრთხეებიც და გამოწვევებიც, იბადება კითხვა, რამდენად ადეკვატურია მსგავსი ვიზიტები და განცხადებები მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ ცვლილებებთან და როგორ შეძლებს საქართველო ერთდროულად იყოს აშშ-ისა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი? ამ თემაზე უკვე არაერთი შეფასება მოვისმინეთ, ვისთვის ეს სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ვიზიტი იყო, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ამ ნაბიჯს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების მორიგ დასტურად მიიჩნევს, მეორე კი დასავლელი პარტნიორების "დაშანტაჟების" ცდად. ამ თემის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

tvalchrelidze-sandro.jpg

- ამ საკითხის გასაანალიზებლად ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ საუბარი. უკრაინაში ომამდე მსოფლიოში განიხილებოდა ორი ძირითადი ძალა - აშშ და რუსეთი. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი გააჩაღა, ეს ქვეყანა პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდა, შესაბამისად, მისი ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე გათავისუფლდა, რომლის დაკავებაც ჩინეთმა მოისურვა, მით უფრო, რომ საამისო ამბიცია, პოლიტიკური და ეკონომიკური წინა პირობები კარგა ხანია აქვს. ჩინეთი ამ ყველაფერს აკეთებს არა რუსეთის მსგავსად, ნაჯახივით, არამედ ლატენტურად, ნელ-ნელა, ძირითადად, ეკონომიკური ექსპანსიით.

ეს ქვეყანა ამ ეტაპზე არაერთი გეგმის რეალიზებას ცდილობს, მათ შორის მიწოდების ინფრასტრუქტურული ქსელების შეცვლას. მას აღარ სურს რუსეთი გამოიყენოს როგორც ძირითადი ჰაბი და ეძებს სხვა გზებს. ამ მხრივ ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გზა შუა აზია-აზერბაიჯანი-საქართველო, რათა გავიდეს ხმელთაშუა ზღვის ოფშორულ ზონაში. ის სარგებლობს იმით, რომ შუა აზია პოლიტიკურად ძალიან ეკლექტური კონგლომერატია. შედარებით ანგარიშგასაწევი მოთამაშეები არიან ყაზახეთი და უზბეკეთი, დანარჩენები XVIII საუკუნეში ჩარჩენილი ქვეყნებია. თურქმენეთს ვერაფერს უზამს, ის გაზით პირდაპირ რუსეთთან არის გადაჯაჭვული, მაგრამ ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი მისთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებად შეიძლება იქცნენ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ უზბეკეთი ოქროს ძირითადი მწარმოებელია, ხოლო ყაზახეთი, გარდა თუთიისა, სპილენძისა და სხვა იშვიათი ლითონებისა, მსოფლიოში ურანის უდიდესი მომპოვებელია. ურანის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც იქ ოპერირებენ, რუსეთთან არ არიან გადაჯაჭვული, "როსატომს" აქვს 2 ერთობლივი საწარმო ყაზახეთში, რომლებშიც ის არ წარმოადგენს მთავარ აქციონერს, ხოლო ძირითადი მწარმოებელი კომპანიები არიან ყაზახურ-დასავლური (ძირითადად, კანადური და ფრანგული) საწარმოები. ისინი იყენებენ თანამედროვე უხიფათო ტექნოლოგიებს. ჩინეთს ამიტომაც სურს და ცდილობს კიდეც გამოიყენოს ამ ქვეყნების პოტენციალი.

ჩინეთი, როგორც უკვე აღვნიშნე, შუა დერეფანსა და მასში საქართველოს როლს უკვე დიდი ხანია აკვირდება და საკუთარ ინტერესებსაც ნელ-ნელა აჩენს და ხორცს ასხამს. ვინ აშენებს დღეს რიკოთზე გვირაბებსა და ხიდებს? - ჩინური კომპანიები, რაც პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია. საქართველოში იყო არაჩვეულებრივი კომპანიები "გვირაბმშენი" და "ხიდმშენი", რომელთა აშენებულ გვირაბებს თუ ხიდებს პრობლემები არასდროს შეჰქმნია, თუმცა ეს ყველაფერი მოისპო. სამაგიეროდ, ვხედავთ­, რა ხდება ჩინელების მშენებლობებზე, დღე ერთია და, ათასი ექსცესი ხდება. გულწრფელად ძალიან მაწუხებს და მაშფოთებს, რა ხარისხის გზებს, გვირაბებსა და ხიდებს მივიღებთ რიკოთის ისედაც ძალიან რთულ რელიეფზე. მოკლედ, ეს თანამშრომლობა ჩინელებისთვის სასარგებლოა, ჩვენთვის კი დამაზიანებელი.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ჩინეთთან ერთობლივ პროექტებში საქართველოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში, რომელიც მომგებიანი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე დასავლეთისთვის. ჩვენს ქვეყანას შეუძლია იქცეს ერთგვარ ბუფერად, ანუ როცა საჭირო იქნება გააძლიეროს ჩინეთიდან ტვირთნაკადი ევროპისკენ, და როცა საჭირო იქნება, შეანელოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ევროპასთან დაშორებას, მაგრამ ამ ყველაფერს, რაზეც ვისაუბრე, სჭირდება გამჭრიახი პოლიტიკა, ძალიან აწონილი და პროფესიული ქმედებები, რასაც ჩვენს მთავრობაში ვერ ვხედავ.

- ერთია ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობა, მაგრამ მეორე ამ პროცესის პოლიტიკური მხარე. როგორ შეძლებს საქართველო ერთდროულად იყოს აშშ-ისა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი? შეგახსენებთ, აშშ ბოლო წლების განმავლობაში დაუფარავად აღიარებს თავის მოწინააღმდეგედ ჩინეთს, მათი ინტერესები მუდმივად უპირისპირდება ერთმანეთს, მათ შორის შავ ზღვაშიც. ეს კარგად გამოჩნდა ანაკლიის პროექტის საქმეშიც, როდესაც ამერიკა ჩინურ ინვესტიციას შეეწინააღმდეგა. გვახსოვს 2019 წელს იმჟამინდელი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადება, როდესაც ბრძანა, ეს პროექტი საქართველოს დააკავშირებს თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს და დაიცავს მოჩვენებითი მეგობრების, რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენისგან, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არ ატარებენო.

- ანაკლიის პორტზე არაერთხელ გვისაუბრია და ამას აღარ დავუბრუნდები, მაგრამ გავიხსენებ, რომ როგორც კი აშშ-მა უკმაყოფილება გამოთქვა ჩინური ინვესტიციის შემოსვლის შესაძლებლობაზე, იმწუთას დასრულდა საქართველოში ამაზე ლაპარაკი. როგორც წესი, ჩვენი ხელისუფლება კი აკეთებს ხოლმე ხმაურიან განცხადებებს, მაგრამ ჩუმ-ჩუმად ბეჯითი მოსწავლესავით მაინც ასრულებს ამერიკის შეერთებული შტატების მითითებებს.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, ძალზე რთული საკითხია, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. 1867 წელს ოტო ფონ ბისმარკმა სანქტ-პეტერბურგის გერმანულენოვან გაზეთში გამოქვეყნებულ წერილში თქვა, რომ "პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა". ეს ცნობილი ფრაზაა, რომელსაც ხშირად იმეორებენ, მაგრამ ბისმარკის ნათქვამს სიღრმისეულად არავინ აანალიზებს. ამით ბისმარკმა თქვა, რომ ხელოვანი, ანუ პოლიტიკოსი, უპირველესად უნდა იყოს ჭკვიანი, ამასთანავე, ჰქონდეს ფანტაზია, სტრატეგიული ხედვა და ასევე გამბედაობა. ახლა გააანალიზეთ ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ვფიქრობ, ამ კრიტერიუმებს არავინ აკმაყოფილებს. ეს ნათქვამი ასევე ნიშნავს, რომ სტრატეგია კი ერთი და კარგად ჩამოყალიბებული უნდა გქონდეს, მაგრამ ტაქტიკურად შენი პოლიტიკა ყოველდღიურად უნდა იცვლებოდეს და ძალიან მოქნილი იყოს. ქართულ პოლიტიკაში ვერც ამას ვხედავთ. ამის ნაცვლად ვისმენთ არაადეკვატურ, სულელურ განცხადებებს, რომელთაც არანაირი მოქმედება არ მოჰყვება. ეს არ არის პოლიტიკა, ეს პოლიტიკის თამაშია, რომელიც ქვეყანას მხოლოდ აზიანებს.

ერთი შეხედვით ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადება შანტაჟსაც ჰგავს, ანუ ევროპასა და აშშ-ს ეუბნებიან, მიგვიღეთ ევროკავშირში, თორემ აგერ ჩინეთი აქვეა და ჩემს უსაფრთხოებას სხვა გზით დავიცავო. თუმცა, ვიმეორებ, მთავარი განცხადებები არ არის, მთავარია ქმედებები... მთავარი კითხვა ასეთია, არის თუ არა ჩინეთთან ამ პარტნიორობის გამოცხადება ჩვენს დასავლელ მოკავშირეებთან შეთანხმებული? - ეჭვი არ მეპარება, ამაზე ლაპარაკი აუცილებლად იქნებოდა... უკვე ვთქვი, რომ თავად ევროპაც შეიძლება განიხილავდეს საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობაში ერთგვარ ბუფერად. სიმართლე გითხრათ, მე არ მომისმენია ამის თაობაზე ამერიკული მხარის განცხადებები, მათ შორის არც საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩისგან, კელი დეგნანისგან მყისიერი გამოხმაურება. ასე რომ, მრავალი პასუხი შეიძლება გაეცეს თქვენს დასმულ შეკითხვას, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ვითარება ცოტა მოგვიანებით ჯობს გავაანალიზოთ. ჩემი აზრით, ამ ვიზიტის პოლიტიკური შედეგები ეკონომიკურზე ბევრად ადრე გამოჩნდება. ჩვენ ჯერ ვხედავთ აისბერგის პატარ-პატარა დეტალებს და სინამდვილეში, რა ხდება, არ ჩანს. ასე რომ, ერთმნიშვნელოვანი პასუხი თქვენს კითხვაზე, როგორც უკვე გითხარით, ჯერ არა მაქვს. ამ ვიზიტში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, აშშ-ში ბრიყვები უნდა იყვნენ, რომ საქართველოს გარკვეულწილად მარეგულირებლის როლი ჩინეთთან ურთიერთობაში არ გამოიყენონ. ისინი ჩვენი პოლიტიკოსების მსგავსად ბეცები არ არიან და ამ ყველაფერს გაცილებით ღრმად აანალიზებენ. დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან ეფექტიანად და რაციონალურად გამოიყენებენ.

მოვისმინე ასეთი შეფასებაც, რომ საქართველო ვითომ რომელიღაც რუსულ-ჩინური ალიანსის მონაწილე ხდება. არ არსებობს ასეთი ალიანსი, ეს ყველაფერი ტყუილია. კი ჩავიდა პუტინი ჩინეთში, კარგად მიიღეს, ისევე, როგორც ღარიბაშვილი, მაგრამ ამას რეალური არაფერი მოჰყოლია, ჩინეთმა რუსეთს იარაღი არ მისცა. მე თუ მკითხავთ, ახლა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა სწორედ რუსეთსა და ჩინეთს შორის არის. უკვე გითხარით, რომ ჩინეთი რუსეთში გეოპოლიტიკური პოზიციის დაკავებას აპირებს და ამას აკეთებს მრავალი მეთოდით. მაგალითად, ციმბირში უკვე ცხოვრობს დაახლოებით 20 მილიონი ჩინელი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვს უტოლდება. ეს, ფაქტობრივად, ჩინური მეხუთე კოლონაა და შეადგენს მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილს, რასაც ციმბირის ჩინურ დასახლებად გადაქცევა ჰქვია.…

- რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე მინდა გკითხოთ. სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს ჩვენი ხელისუფლების ქმედებები. მოგეხსენებათ, გასულ კვირას ბათუმის პორტში ჩვენმა მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს სოჭიდან თურქეთის გავლით შესული საკრუიზო ლაინერი, რომელმაც კურორტზე რუსი ტურისტები ერთი დღით ჩაიყვანა. ქართველების სამართლიან პროტესტს მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ "ქაჯობა" უწოდა...

- სამწუხაროდ, ხშირად გვესმის ჩვენი პოლიტიკოსებისგან აბსოლუტურად ტლუ განცხადებები. ხელისუფლება ოპოზიციას "ომის პარტიად" მოიხსენიებს, ოპოზიცია მმართველ ძალას "რუსულ ოცნებას" ეძახის და სულ ეს არის ამათი პოლიტიკა. ვფიქრობ, ოკუპანტების წინააღმდეგ პროტესტი არ უნდა გაჩერდეს და როგორც პირველი გემი მიაბრძანეს ბათუმიდან, დანარჩენი რეისებისაც ასევე უნდა მივაბრძანოთ. არ ვიცი, სპეციალურად აკეთებენ ამას თუ სისულელით მოსდით, ვერ ამიხსნია. არ მინდა დავიჯერო, რომ "ოკუპაციის შესახებ" კანონის დამრღვევებს უშვებენ ქვეყანაში. წინა ინტერვიუში გითხარით, რომ საშინელება ხდება ბათუმში - გადავსებულია იქაურობა რუსებით, რომელთა უმეტესობა ძალიან თავხედურად იქცევა. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ტლუ და წინდაუხედავი პოლიტიკის შედეგი. მე რომ ამ ხელისუფლების ადგილას ვიყო, ამგვარ საკრუიზო გემებს არ მივცემდი ბათუმში შემოსვლის უფლებას. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს, აღმოჩნდა პროვინციელი ხალხის ხელში, და ის შესაძლებლობები, რომლებიც ახალი გეოპოლიტიკური რეალობით მოგვეცა, საქართველოსთვის ისევ უშედეგოდ დაიკარგება.

- შიდაპოლიტიკურ პროცესსაც შევეხოთ. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ" ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ. მისი თქმით, ამ ორ ძალას შორის თანამშრომლობის ბევრი მაგალითი არსებობს, მათ შორის პარლამენტშიც. როგორც გახარიამ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ე.წ. ქოლცენტრების საქმე. რამდენად სწორია ეს "ფორმულა" და აქვს კი "ნაციონალური მოძრაობის" მიღმა არსებულ ოპოზიციას ამის რესურსი?

- ჩემი აზრით, საკითხის ასე დასმა სწორია, თუმცა საკითხავია, რამდენად შესაძლებელია ამის მიღწევა. პირადად მე შეუძლებელი არაფერი მგონია პოლიტიკური პროცესების სწორად წარმართვის შემთხვევაში. არ არის გამორიცხული, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" მართლაც დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში, თუმცა ამ შემთხვევაში ოპოზიციას დაახლოებით 20 მილიონი ლარი დასჭირდება. თუ გაჩნდება ეს ფული ოპოზიციურ ფლანგზე, მაშინ, ვფიქრობ, მიაღწევენ მიზანს. როგორც წესი, ჩვენი პოლიტიკის მთავარ დამფინანსებელს აქვს ხოლმე გეგმა ა და გეგმა ბ. არ გამოვრიცხავ, რომ ის, რასაც გახარია ამბობს, ნელ-ნელა იქცეს მის გეგმა ა-დ და მყისიერად შეიცვალოს ყველაფერი.

- ანუ თქვენ შესაძლებლად მიიჩნევთ, რომ ივანიშვილი "ქართული ოცნების" ოპონენტად მოგვევლინოს?

- ჩემი აზრით, ივანიშვილს თავისი გეგმები აქვს. იმის მტკიცებაც გამიჭირდება, არის თუ არა გახარია სრულიად დამოუკიდებელი ფიგურა ან შედის თუ არა ივანიშვილის გეგმებში კვლავინდებურად პოლიტიკის ზედაპირზე ტივტივი. ათასჯერ მაინც მითქვამს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეცდომაა, რომ ისევ ამ ძველ, ტლუ პოლიტიკოსებს უჭერენ მხარს. საჭიროა ახალი სახეების მოძებნა.

მოდი, გადავხედოთ საქართველოს უახლეს ისტორიას: გაჩნდა სააკაშვილი, როგორც ახალი პოლიტიკური ფიგურა, ხალხი გაჰყვა მას და შეიცვალა ხელისუფლება. ასევე მოხდა ივანიშვილის შემთხვევაშიც. რატომ არ ვითვალისწინებთ ისტორიას, არ ვსწავლობთ ქართველი ხალხის მენტალიტეტს, მის ფსიქოლოგიურ გენოტიპს? ჩვენ გვიყვარს ყველაფერი ახალი და გვგონია, რომ ეს ახალი გადაგვარჩენს.

"ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც" უკვე ჩამოწერილი კარტებია, ისინი წაგებულ თამაშს თამაშობენ და მხოლოდ იმის გამო იგებენ, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს. წინა საპარლამენტო არჩევნებზე ელექტორატის 50%-ზე ნაკლები მივიდა. თუ ასე გაგრძელდა, მომავალ წელს, ალბათ, 30%-ზე ნაკლები მივა. ხალხს იმედი გადაეწურა - ის ახალი სახეების გამოჩენას ელის. უკვე დროა, ვიღაც გამოჩნდეს, ა.წ. ოქტომბრის დასაწყისი იქნება ამის ბოლო ვადა.