ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს?! - ანუ საარჩევნო მარათონი დაიწყო - კვირის პალიტრა

ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს?! - ანუ საარჩევნო მარათონი დაიწყო

როგორც იქნა, ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნები დაივიწყა და რიგითი არჩევნებისთვის დაიწყო მზადება. ეს კი უმთავრესად იმაში გამოიხატება, რომ კოალიციების შექმნის საკითხი გააქტიურდა და "ნაციონალებთან" ვაშაძის გაერთიანებით პირველი­ ნაბიჯიც გადაიდგა. საკმარისია თუ არა კოალიციების შექმნა რეალური შედეგისთვის და რა არჩევანი აქვს ოპოზიციას, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს­ და საარჩევნო საკითხების სპეციალისტს კოტე კანდელაკს ესაუბრა.

"გაერთიანება აუცილებელია, მაგრამ ისე უნდა გაერთიანდნენ, რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი დაიკარგოს"

ვახტანგ ძაბირაძე: - ოპოზიცია ძალიან დაქსაქსული და ფრაგმენტირებულია. 2024 წლის არჩევნები გაიმართება სრულად პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით, რაც საკმაოდ მაღალია. წინა არჩევნებზე სადაც ბარიერი 1%-იანი იყო, პარტიებს მისი გადალახვაც გაუჭირდათ, 5%-იანი ბარიერი კი "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ვერც ერთმა ვერ გადალახა. დღესაც იგივე სიტუაციაა და ამიტომ დღეს 5%-იანი ბარიერის გარანტირებული გადალახვა მხოლოდ ამ ორ პარტიას შეუძლია. შემდეგ შესაძლოა მათ მიჰყვნენ გახარიას პარტია და "ლელო" და შემდეგ სულ უფრო იკლებს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა. შესაბამისად, თუ პარტია 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, მაშინ მისი მანდატები ნაწილდება­ მათზე, ვინც გადალახა. ამიტომაც, თუ დღევანდელი მდგომარეობით ვიმსჯელებთ, 150 მანდატი გადანაწილდება 2 პოლიტიკურ სუბიექტზე - "ქართულ ოცნებასა" და "ნაცმოძრაობაზე". მათ შორის კი პირველ ადგილზე ვინც იქნება, ის მიიღებს იმ რაოდენობის მანდატებს, რომ მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს. ამიტომაც­ ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანება უნდა სცადონ, რათა ბარიერი­ მათაც გადალახონ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ჩამოყალიბდება კოალიციური მთავრობა. მეტსაც გეტყვით, თუ ვინმეს პატრიოტიზმსა­ და მომავალზე აქვს პრეტენზია და ბარიერის გადალახვა გარანტირებული არა აქვს, საერთოდ არ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

- თქვენი აზრით,­ ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს, რომ შედეგიანი აღმოჩნდეს?

- ეს ძალიან რთული პროცესია. შესაძლოა წვრილი პარტიები დაჯგუფდნენ პრინციპით: "ნაცმოძრაობიდან" გამომავალი­ პარტიები - ერთი, "ქართული ოცნებიდან" გამომავალი პარტიები - მეორე და მესამე - ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც არ ჰქონიათ შეხება არც "ოცნებასთან" და არც "ნაცმოძრაობასთან". გარდა ამისა,­ არის იდეოლოგიური თანხვედრის­, ლიდერის პრობლემა და ა.შ. ისე უნდა გაერთიანდნენ, რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი დაიკარგოს. ქვეყანაში შექმნილი ვითარების ანალიზია საჭირო, ოპოზიცია კი მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რომ "ქართული ოცნება" პრორუსულია. გარდა იმისა, რომ პრორუსულია, "ოცნებას" სხვა პრობლემები არა აქვს? ოპოზიციას კი აქეთ წასვლა არ უნდა, რადგან რთული თემებია­ - პრობლემები რომ დასვა, მერე მათ გადაჭრის გზებზეც უნდა ილაპარაკო, ამას კი თავის შეწუხება სჭირდება, რაც არავის არ სურს. იმის ძახილი, პრორუსულიაო, იოლია.

- რატომ არ ცვლიან მოქმედების მეთოდებს? რეალურად რა არის მათი მიზანი?

- რა გითხრათ, შესაძლოა სურთ, მაგრამ ამისთვის მუშაობაა საჭირო. მეორე - ყველამ თავის თავში უნდა ჩაიხედოს.­ მაგალითად, როდესაც "ნაცმოძრაობა" ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზე ლაპარაკობს და ამას ედავება "ქართულ ოცნებას", ხომ სასაცილოა? ეს ხომ ის პარტიაა, რომელმაც ადამიანის უფლებები და საერთოდ, სამართალი, ფეხზე დაიკიდა. როდესაც "ქართულ ოცნებას" ჩინჩალაძე-მურუსიძეს აყვედრის, საიდან მოდიან ის ჩინჩალაძე და მურუსიძე? მაშინ ჯერ საკუთარ შეცდომებზე ილაპარაკე... ეს შეცდომები იყო თუ მიზანმიმართული პოლიტიკა? როდესაც "ნაცმოძრაობა" ამბობს, კორუფცია მოვსპეთო, კეზერაშვილმა ქონება საიდან იშოვა? რომელი კორუფცია მოსპეს, ინსპექტორი რომ 5 ლარს იღებდა? "ქართულ ოცნებას" არაფერი შეუცვლია, რაც მიიღო, ძალიან კარგად აგრძელებს. ზოგან­ ჩაანაცვლა "ნაცმოძრაობის" ხალხი და ისინი, ვინც ისევე თანამშრომლობენ ივანიშვილთან, როგორც სააკაშვილთან თანამშრომლობდნენ. მხოლოდ "ნაცმოძრაობა"­ რომ იყოს ამ დღეში, კიდევ არაფერი, ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტია და ლიდერი წარსულშია ჩარჩენილი. საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომ არა აქვთ მათ მხარდაჭერა. ვიღაცებმა­ უკან უნდა დაიწიონ, ახალი ლიდერია საჭირო, რომლის წარსულიც ვერ იქნება მიბმული ცუდ ფაქტორებთან. თუ ოპოზიცია ამ ყველაფერს გადაჭრის, მაშინ მიიღებს ხმებს, თუ ვერა, მაშინ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს ამ არჩევნებშიც და შემდეგშიც.

- გასაგებია, რომ 5%-იანი ბარიერის დაწევა­ "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" არ აწყობთ. დანარჩენმა ოპოზიციამ საკმარისი გააკეთა­ იმისთვის, რომ ეს პირობა შესრულებულიყო?

- ორ პარტიას რომ აწყობს, ეს ორი რომ არის ძლიერი და დასავლეთთანაც მეტი გავლენა აქვთ და ქვეყანაშიც, სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება ბარიერის დაწევა. პატარა პარტიებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, როდესაც არ იყვნენ თანამიმდევრული, როდესაც აძლევდნენ საშუალებას "ქართული­ ოცნების" პროპაგანდას, ერთ ქვაბში მოეხა­რშა ყველა. ეს დრო გავიდა და დღეს თუ გამოჩნდება ორი დაჯგუფება, "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" გარდა, რომელთაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ, "ოცნება" მაშინვე დაიწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ ბარიერი დასწიოს, რადგან სჭირდება, რაც შეიძლება მეტი სუბიექტი მოხვდეს პარლამენტში და ხმები გაიყ­ოს. "ოცნებას" დასჭირდება მანდატები იმისთვის, რომ კოალიცია შექმნას და რაც უფრო მეტი მსურველი იქნება მასთან კოალიციაში შესვლის, ვაჭრობა უფრო გაუადვილდება. ამიტომაც ახლა რატომ დასწევს­ ბარიერს? დღეს ვითარება კარდინალურად არის შეცვლილი. მმართველი პარტია არათუ ანგარიშს არ უწევს დასავლეთს, არამედ შეტევაზეა გადასული. ამიტომ დასავლეთის პოზიტიური გავლენა, რომ მათი ლაპარაკი საკმარისი იყოს ბარიერის დასაწევად, აღარ არსებობს.

"ახლა "ოცნებაც" დილემის წინაშე დგას - ამ 5%-იანი ბარიერით შეიძლება ყველაფერი მოიპოვოს ან ყველაფერი დაკარგოს, ანუ კოალიციის შექმნა დასჭირდეს"

კოტე კანდელაკი: - მთელი პრინციპი­ ის არის, რომ რაც შეიძლება ცოტა პარტია­ დარჩეს ბარიერს მიღმა, რადგან რაც უფრო მეტი ხმა იკარგება, მით უფრო აწყობს პირველ ადგილზე გასულ პარტიას. მნიშვნელოვანია ისიც, პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შორის განსხვავება რამდენი იქნება. შესაბამისად, გამსხვილების დიდი პლუსი სწორედ ის არის, რომ მაგალითად, თუ ვაშაძე ცალკე გავიდ­ოდა, მისი ხმები დაიკარგებოდა, გაერთიანებით კი "ნაცმოძრაობას" რეიტინგი საერთ­ოდ რომ არ გაუზარდოს, მისი ხმები აღარ დაიკარგება - ანუ ისე უნდა გაერთიანდნენ, რომ არჩევნებში იმ პარტიებმა­, რომლებიც აპრიორი ვერ გადალახავენ ბარიერს, მონაწილეობა არ მიიღონ, რათა მათ მიერ მიღებული ხმები არ დაიკარგოს.

- პატარა პარტიები ცალკე რომ გაერთიანდნენ, რა შანსი აქვთ?

- გააჩნია, არჩევნებამდე რა მოხდება,­ მაგრამ ბარიერის გადალახვ­ისთვის 100 ათასი ხმაა საჭირო. რომც გაერთიანდნენ­, მაინც საეჭვოა, ამ ხმების მობილიზება შეძლონ. ამასთან, მათ აქვთ არჩევანის საშუალება - ანუ წავიდნენ­ გაერთიანების რისკზე და ან გადალახონ ბარიერი, ან ვერა, ან არჩევანი გააკეთონ 1%-იანი ბარიერის გადალახვაზე და დაფინანსება მიიღონ, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. ახლა პატარა პარტიებს ასეთი არჩევანი აქვთ - ვიღაცა­სთან ერთი კაცი ჩასვან სიაში, პარლამენტში გაიყვანონ და დაფინანსება არ ჰქონდეთ, თუ პარლამენტში ეს ერთი კაციც არ ჰყავდეთ და დაფინანსება ჰქონდეთ... იმის გამო, რომ ბლოკები აიკრძალა,­ ვინმესთან გაერთიანება, ფაქტობრივად, პარტიის გაუქმებას ნიშნავს. შესაბამისად, პარლამენტში რომც შევიდნენ, დაფინანსებასა და სახელს ის პარტია შეინარჩუნებს, რომლის სახელითაც მოხდება საარჩევნო რეგისტრაცია.

- ყველაზე ოპტიმალური როგორი დაჯგუფებები იქნებოდა, რომ ოპოზიციურმა ფლანგმა ჯამში მაქსიმალური შედეგი აჩვენოს?

- "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" გარდა, დღეს 5%-იანი ბარიერის გადალახვის ყველაზე მეტი შანსი გახარიას აქვს, თუ ბოლო არჩევნების შედეგებს გავითვალისწინებთ (2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები). ამის შემდეგ შანსი აქვს "ლელოს", თუმცა უფრო ნაკლები და ზურა ჯაფარიძის რესურსის დამატება გაზრდიდა­ "ლელოს" შანსს. გარდა ამისა, "ლელო" შეიძლება გახდეს მიზიდულობის ცენტრი "ოცნებაზე" გაბრაზებული ხალხისთვის, რომელიც პროდასავლური ორიენტაციის არის. მაგალითად, ჩუგოშვილი, ძიძიგური და ა.შ. "ევროპული საქართველო" ამბობს, რომ ცალკე გავა, მაგრამ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ნაკლები აქვს. ასევე­ თითქმის არ არის შანსი, რომ ელისა­შვილი, ხვიჩიას "გირჩი" და ნათელაშვილი ვინმესთან გაერთიანდნენ.­ მოკლედ, "ოცნებამ" 45%-ზე მეტი თუ ვერ აიღო და "ნაცმოძრაობა" 35%-მდე გაქაჩავს­, პლუს, გახარია და "ლელო" ბარიერს გადალახავენ, მაშინ "ოცნებას" მთავრო­ბის შექმნა გაუჭირდება.­ თუ "ნაცმოძრაობა" 35%-ის ქვემოთ ჩამოვიდა, მაშინ იმ ორი პარტიის გადალახვაც აღარ შველის.

- "ქართულ ოცნებას" კოალიციის შექმნა­ რომ არ დასჭირდეს, რა უნდა გააკეთოს?

- ეს მოცემულობა, რაზეც ვილაპარაკეთ­, "ოცნებას" აწყობს, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კოალიციის შექმნა დასჭირდება და ეს ოთხი სუბიექტი იქნება გასული,­ კიდევ აქვს შანსი, რომ გახარიასთან კოალიცია შექმნას. მართალია, გახარია ამბობს,­ რომ კოალიციას არც "ნაცებთან" დათანხმდება და არც "ოცნებასთან", მაგრამ პრაგმატული პოლიტიკა ამას ითხოვს. "ნაცმოძრაობას" ამ მხრივ უფრო ცუდად აქვს საქმე, რადგან კოალიციისთვის ყველა მინუს "ოცნება"­ დასჭირდებათ, რისი შანსიც გაცილებით ნაკლებია. თეორიულად "ოცნებას" ის შანსიც­ აქვს, რომ ბარიერი გადალახონ ხვიჩიას "გირჩმა", ელისაშვილმა და ინჯიას ჯგუფმა. მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, თავისი­ რესურსებით, ამას ვერც ერთი ვერ გააკეთებს და რა უნდა ქნას "ოცნებამ", რომ ბარიერი ამათაც გადაალახვინოს? ამის რესურსი "ოცნებას" ნამდვილად არა აქვს. ამიტომ, ჩემი აზრით, "ოცნება" პირდაპირ წავა იმაზე, რომ 50%-მდე აიღოს­ და კოალი­ცია არავისთან არ დასჭირდეს. ამისთვის საკმარისი იქნება, რომ მეოთხე სუბიექტი აღარ გავიდეს და მესამემ 6-7%-იც რომ აიღოს, არაფერს შეცვლის. ამიტომ ვამბობ, რომ გაერთიანება და დანარჩენების მიზიდვა აწყობთ "ნაცმოძრაობასა"­ და "ლელოს". გახარიასთვის კი არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მას ხმას არავინ ართმევს. ჯაფარიძე და ხოშტარია "ლელოს" ართმევენ ხმებს და ამიტომ ამათი გაერთიანება მნიშვნელოვანი იქნება "ლელოსთვის". თუმცა, როგორც გითხარით, აქ უკვე დგება არჩევანის საკითხი - პარლამენტში ერთი ადგილი თუ პარტიის შენარჩუნება და დაფინანსების აღების შანსი.

ჩემი აზრით, 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში უფრო მეტი შანსია, "ოცნებამ" წააგოს, ვიდრე დაბალი ბარიერის პირობებში. თუმცა, ამავე დროს, უფრო დიდი შანსია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს ანუ ახლა "ოცნებაც" დილემის წინაშე დგას - ამ 5%-იანი ბარიერით შეიძლება ყველაფერი მოიპოვოს­ ან შეიძლება ყველაფერი დაკარგოს, ანუ კოალიციის შექმნა დასჭირდეს, რაც ძალიან არ უნდათ. 5%-იანი ბარიერის პირობებში "ოცნებას" ისეთივე მობილიზება დასჭირდება, როგ­ორიც 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, დაბალი ბარიერის პირობებში კი მანიპულაციების მეტი შანსი აქვს, მაგრამ აქაც დგას კოალიციის საფრთხე და, ჩემი აზრით, "ოცნება" ამას არ გააკეთებს.

რუსა მაჩაიძე