„რა გარანტია აქვთ, რომ რუსეთის მოქალაქეების თავხედობა ვიღაცას ყელში არ ამოუვა და საკადრის პასუხს არ გასცემს?!“
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერები ირწმუნებიან, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ მოსახლეობას ჰიბრიდული ომი გამოუცხადა. მათი ვერსიით, მმართველმა გუნდმა ჩვენი ქვეყანა რუსეთის პირისპირ მარტო დატოვა... უფრო ვრცლად, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე, საგარეო პოლიტიკის ახლებურ ხედვებსა და ოპოზიციურ ველზე დაანონსებულ პოლიტიკურ პლატფორმებზე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახაბერ ქემოკლიძე გვესაუბრება:
- დღითი დღე მოსკოვისა და "ქართული ოცნების" გზავნილები ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთის პათოსს. იმ ქვეყანაში, სადაც ორი "საელჩო" აქვს გახსნილი შენს უშუალო მტერს, სადაც სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული შენს (მაგრამ მათ მიერ დროებით ოკუპირებულ) ტერიტორიებზე, სადაც მოქალაქეებს გიჭერენ, აწამებენ, გიკლავენ, ცხედრებს გიმალავენ, მავთულხლართებით სოციალურ კავშირებს გიხერგავენ, სახელმწიფოდ არ გაღიარებენ და ამ დროს შენ ("ქართული ოცნება") მაინც მათ ცრუნარატივზე ჯდები, სხვა რა არის, თუ არა შენივე სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების ღალატი?! როდესაც გვეკითხებიან, ომი გინდათო?! უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ უკვე ვიომეთ, თანაც არაერთხელ, ხან აფხაზეთში, ხან ცხინვალში... უკვე არაერთი სიცოცხლე გავიღეთ, ბევრი სისხლი დავღვარეთ იმისთვის, რომ რუსული გავლენისგან თავი დაგვეღწია და ახლა არავითარ შემთხვევაში აღარ დავუბრუნდებით საწყის წერტილს, აღარ დავბრუნდებით რუსეთის წიაღში. ჩვენ გაღებული სისხლისა და მსხვერპლის შედეგად ვიმსახურებთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ნებისმიერი, ვინც გვეტყვის ამ მიმართულებით სიარულს აზრი არ აქვსო, მოღალატეა. წარმოუდგენელია ის, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება.
- აქციის მონაწილეებს, რომლებიც სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას აპროტესტებდნენ, "ოცნების" ლიდერებმა ქაჯები უწოდეს და ესკალაციის ცდად შეაფასეს, ოპოზიციის ნაწილმა კი ხელისუფლების ეს პოზიცია ქვეყნის ღალატად მიიჩნია. თქვენ რას ფიქრობთ?
- ბათუმში სოჭიდან ჩვეულებრივი ლაინერი ხომ არ ჩამოვიდა? გემი ჩამოვიდა რუსეთის ფედერაციიდან, იმ ქვეყნიდან, რომლისგანაც ამდენი "სიკეთე" გვახსოვს. მთელი ცივილიზებული სამყარო ერთსულოვნად შეთანხმდა, ისე შეზღუდონ ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეები, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი ბრაზითა და რისხვით გავლენა მოახდინონ რუსულ პოლიტიკაზე. შესაბამისად, ჩვენ რუსულ გემებს კი არ უნდა ვიღებდეთ და რუს ტურისტებს ფეხქვეშ კი არ ვეგებოდეთ, კრემლის პოლიტიკის გამო უნდა ვამუნათებდეთ, უხერხულ მდგომარეობაში უნდა ვაყენებდეთ.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, მაგრამ სამი თუ ოთხი თვის შემდეგ ისევ მოხსნეს, სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის, 2007 წელს დაწყებული მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამოც. მაშინ ჩვენ, ქართველები, მთელ ცივილიზებულ სამყაროზე ვბრაზობდით მიკერძოებული გადაწყვეტილების გამო. რა გამოდის? ახლა, როდესაც დასავლური პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა და ზუსტად იმ პოზიციაზე დადგა, რომელიც ჩვენთვის არის ხელსაყრელი, უაზროდ გავჯიუტდით და პოზაში ჩავდექით?! რა ლოგიკაში ჯდება ასეთი მიდგომა, რა ტიპის პოლიტიკაა ეს?!
- ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო საქართველოს ხელისუფლება, კონკრეტულად რა უნდა გაეკეთებინა?
- უკონტროლოდ არ უნდა შემოეშვა რუსეთის მოქალაქეები და კანონი "ოკუპაციის შესახებ" უნდა აემოქმედებინა. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ იმ ლაინერზე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საქართველოს კანონი "ოკუპაციის შესახებ" დარღვეული ჰქონდათ. ჩვენ მოვისმინეთ ლაინერის მგზავრის ინტერვიუ, რომელიც აფხაზეთში ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი პოლიტიკით "ქართული ოცნება" ქვეყნის უსაფრთხოებას უდიდეს რისკს უქმნის. რა გარანტია აქვთ, რომ რუსეთის მოქალაქეების თავხედობა ვიღაცას ყელში არ ამოუვა და საკადრის პასუხს არ გასცემს?! 112 000 რუსეთის მოქალაქე შემოუშვეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ქსოვილში. რა განსაკუთრებული ჭკუა-გონება უნდოდა იმის გათვლას, რომ ამ ადამიანებს ამბიციები გაუჩნდებოდათ?! თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის მოქალაქეები, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეები, სხვადასხვა ფსიქოემოციური ხასიათის მატარებლები არიან და ინსტიტუციებიც მოშლილია, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა ტიპის პროცესები შეიძლება განვითარდეს. არ დაგავიწყდეთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებმა ისე ლანძღეს დასავლელი პოლიტიკოსები, ერთ დღეს ან ღამეს რუსეთი საკუთარი მოქალაქეების "დასაცავად" თავს რომ დაგვესხას, მთელ დასავლეთში ერთი ნორმალური პარტნიორიც კი აღარ დაგვრჩა.
- საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ რას იტყვით?
- ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი სახელმწიფოა, რომელსაც ჩინეთთანაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ევროკავშირთანაც. შესაბამისად, ქართულ-ჩინური სავაჭრო ურთიერთობა ნამდვილად იძლევა ახალ შესაძლებლობებს. ეს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობის ფანჯრებს აოთხმაგებს, მაგრამ საკითხავი სხვა რამეა - ღარიბაშვილმა სტრატეგიული პარტნიორობა ახსენა. საინტერესოა, რას ითვალისწინებს სტრატეგიული თანამშრომლობა კომუნისტურ ჩინეთთან? ჩემი აზრით, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ჩინეთისთვის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გადაცემა ეროვნული უსაფრთხოებისთვის სარისკოა.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ არ შეიძლება კრიტიკული ინფრასტრუქტურის გადაცემა, მაგალითად, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ინტერნეტკაბელის. ჩინეთის სტრატეგიული ინტერესია აბრეშუმის გზის სარტყელის გაკეთება. ჩინეთის სტრატეგიული დოქტრინა გასაგებია, მაგრამ ჩინეთის დოქტრინული ინტერესი ერთია და მეორე - სახელმწიფო და ეროვნული ინტერესი.
ხათუნა ბახტურიძე