"შემაშფოთებელია ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობაზე საუბარი“
პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე უკიდურესად სახიფათოდ მიიჩნევს ქვეყანაში დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას. მისი თქმით, ეს "ქართული ოცნების" არაკომპეტენტურობით არის განპირობებული. "ჩვენი ქვეყნის დღევანდელ მმართველებს რუსული მმართველობის სტილი აქვთ გადმოღებული, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის მშვიდობიან, დემოკრატიულ განვითარებას. საჭიროა იმ ერთადერთი გზის პოვნა, რომელიც ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს", - ამბობს "ლელოს" ლიდერი. როგორი შეიძლება იყოს საქართველოს სამშვიდობოს გასაყვანი გზა, როგორია "ლელოს" წინასაარჩევნო ამოცანები, კიდევ რომელი ოპოზიციური პარტიები იქნებიან ამ პოლიტიკური ძალის პლატფორმაზე და როგორ აფასებენ ოპოზიციურ ველზე არსებულ ვითარებას, ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრება:
- საქართველოს სამშვიდობოს გასაყვანად, კეთილდღეობისა და ხანგრძლივვადიანი მშვიდობის მოპოვებისთვის ერთადერთი გზა გვაქვს დარჩენილი - ეს არის 2024 წლის არჩევნებზე "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გასტუმრება და დემოკრატიული, კოალიციური მთავრობის შექმნა. სავარაუდოდ, ვითარება უფრო გართულდება. მმართველი გუნდი ხედავს, რომ ხალხი აღარ ენდობა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად უფრო ხშირად გადადგამს ქვეყნის დამაზიანებელ ნაბიჯებს. ჩვენ ცოტა ხნის წინაც მოვისმინეთ ხელისუფლებაში მყოფი პირების აბსოლუტურად გაუაზრებელი და უაზრო განცხადებები.
- "ქართული ოცნების" არჩევნებში დამარცხების ერთადერთ შესაძლებლობად ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ახალი პოლიტიკური პლატფორმების შექმნას მიიჩნევს. "ნაციონალებმა" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" უკვე შექმნეს ასეთი პლატფორმა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდეს. თქვენმა პარტიამაც დიდი ხნის წინ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა. როგორც ამბობენ, "ლელოს" პლატფორმაზე გაერთიანდებიან ხოშტარია, ზურა "გირჩი" ჯაფარიძე და ნიკა მელია.
- უნდა დაგველოდოთ... მხოლოდ არჩევნების წინა პერიოდში ვაპირებთ ამ საკითხზე საუბარს. ამომრჩეველს ის უფრო აინტერესებს, თუ როგორ შეცვლის "ლელო" ქვეყანაში არსებულ ვითარებას "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ. თუ დაგვაკვირდებით, ნახავთ, რომ ვაქტიურობთ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.
- ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა 2024 წლის წინასაარჩევნო გარემო ისევ ორპოლუსიანი იყოს. ზოგიერთი მათგანი უფრო შორსაც მიდის და ამბობს, ახალი პარლამენტი ერთპარტიული იქნებაო.
- გარწმუნებთ, არც წინასაარჩევნო გარემო იქნება ორპოლუსიანი და არც პარლამენტი ერთპარტიული. დაველოდოთ, ყველაფერი შესაბამის დროს გაცხადდება. ძალიან მნიშვნელოვანი რამ შემიძლია გითხრათ - "ლელოს" აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა. ახლა სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ, ვხვდებით და ვუსმენთ ამომრჩეველს, რათა ჩვენი გადაწყვეტილებები ზუსტად მოერგოს მათ ინტერესებსა და მოლოდინს.
- ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებას პოლიტიკის ექსპერტები და საზოგადოების რიგითი წევრები ხელისუფლების შეცდომებთან ერთად, ოპოზიციის უუნარობასაც უკავშირებენ. როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა გააკეთონ ახლა ოპოზიციურმა ძალებმა იმისთვის, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნონ?
- ოპოზიციამ ის უნდა გააკეთოს, რაც ევალება და რასაც აკეთებს კიდეც - ეს არის ხელისუფლების მხილება და ალტერნატიული მოცემულობის შეთავაზება. სხვა რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ ისეთი ავტოკრატიული ხელისუფლების პირობებში, როგორიც "ქართული ოცნებაა". ეს არის ძალა, რომელიც სრულად უგულებელყოფს განსხვავებულ აზრს, არ თანამშრომლობს არც ერთ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან და არჩეული აქვს რუსული სტილის მმართველობა. "ლელო" ვერ შეცვლის არსებულ ვითარებას, სანამ ხელისუფლებაში არ მოვა.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ ენდობა ხალხი ოპოზიციას?
- მე არ ვფიქრობ, რომ ხალხი ოპოზიციას არ ენდობა.
- მაგრამ ამაზე მიუთითებს ბოლო დროს ჩატარებული ყველა კვლევა.
- ხალხი ახლა ფიქრის, გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. 2024 წლის არჩევნებში გამოჩნდება, გვენდობა თუ არა სინამდვილეში ხალხი.
- როგორ წარმოგიდგენიათ, რა ფაქტორების გამო გააკეთებს ამომრჩეველი თქვენს სასარგებლოდ არჩევანს?
- ერთი ინტერვიუ ნამდვილად არ ეყოფა ჩვენს საარჩევნო პროგრამაზე საუბარს. თუმცა მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ "ლელო" ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას, დემოკრატიას და ევროკავშირში სწრაფ ინტეგრირებას, რაც თავის მხრივ გულისხმობს უსაფრთხოებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას.
- რას მიიჩნევთ ახლა ქვეყნის მთავარ საფრთხედ?
- "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ, რუსულ მმართველობას. ეს პოლიტიკური ძალა მუდმივად ბეწვის ხიდზე დაატარებს ქვეყანას. რაც უფრო სწრაფად იქნება ეს საფრთხე განეიტრალებული, მით უკეთესი, ჩვენ უფრო სწრაფად მოგვეცემა საშუალება დავბრუნდეთ ტრიოში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.
- ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საქართველოს ახალი შესაძლებლობები მიეცა ჩინეთთან ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შედეგად. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
- სავაჭრო ურთიერთობების განვითარება უმნიშვნელოვანეს გლობალურ მოთამაშესთან ძალიან კარგია, მაგრამ შემაშფოთებელია ამ ქვეყანასთან სტრატეგიულ ურთიერთობაზე საუბარი. გასაგები, მისაღები და ძალიან კარგი იქნებოდა, ღარიბაშვილს ჩვენთან ელაპარაკა პარტნიორულ ურთიერთობაზე. ჩნდება ლოგიკური კითხვა, როგორ არის ერთმანეთთან თავსებადი, იყო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორიც და ჩინეთისაც? ამ მთავრობამ ისე არ უნდა ქნას, რომ საქართველოს საგარეო კურსის საკითხი აღმოჩნდეს დაბრკოლება კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.
ხათუნა ბახტურიძე