ბაბუშერის მითური აეროპორტი თუ "შავი ხვრელი" სანქციების ასარიდებლად - კვირის პალიტრა

ბაბუშერის მითური აეროპორტი თუ "შავი ხვრელი" სანქციების ასარიდებლად

აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ. პარლამენტმა "აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის სოხუმის საერთაშორისო­­ აეროპორტის აღსადგენი მთავრობათაშო­რისი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა", რაც ნიშნავს, რომ ბაბუშერის აეროპორტი 49 წლით სამართავად რუსულ კომპანიებს გადაეცა. აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობის თქმით, სოხუმის აეროპორტი 2024 წელს გაიხსნება და 6000-ზე მეტი სიმაღლის ფრენებს რუსები დონის როსტოვის სადისპეტჩეროდან გააკონტროლებენ. აეროპორტის ე.წ. დირექტორის, ვიაჩესლავ ეშბას ცნობით, დიზაინერები ძველი ასაფრენი ბილიკის საფარს იკვლევენ, თუ რამდენად არის შესაძლებელი მისი გამოყენება საწყის ეტაპზე, შეკეთების გარეშე. აერ­ოპორტს 3640 მეტრის დიდი ზოლი, ორი მთავარი და ხუთი მოსახვევი ბილიკი აქვს. "2008 წელს ბაბუშერის აეროპორტში­ 100-ზე მეტი Ил-76-ის თვითმფრინავი დაეშვა­ და დაფარვა კარგი აღმოჩნდა", - ამბობს ეშბა და გულისხმობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, როდესაც აეროპორტში მართლაც დაეშვა რამდენიმე ათეული რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი. სოხუმიდან 18 კმ-ში, გულრიფშის რაი­ონის სოფელ ბაბუშერაში არსებული აერ­ოპორტი სამოქალაქო ავიაციის საერთაშ­ორისო ორგანიზაციის (ICAO) გადაწყვეტილებით, აფხაზეთში ომის კონფლიქტის დასრულების შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. საბჭოთა პერიოდში აეროპორტი ზაფხულობით დღეში 5000-მდე, ზამთარში კი 1000-მდე მგზავრს ემსახურებოდა. სოხუმის აეროპორტში როგორც მთების, ისე ზღვის მხრიდან, თითქმის ყველა ტიპის სამოქალაქო თვითმფრინავის მიღებაა­ შესაძლებელი. აფხაზებმა მას სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი უწოდეს. თუმცა,­ ვინაიდან ICAO საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, აეროპორტს კოდი 2006 წლის აგვისტოდან გაუუქმა და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო... წლების განმავლობაში აეროპორტის რეაბილიტაციაზე საუბრობდა აფხაზეთის­ ყველა ე.წ. ხელმძღვანელობა, თუმცა, როგორც­ აფხაზები ამბობენ, აეროპორტი­ აღდგება­ მაშინ, როდესაც რუსეთს დასჭირდება.

ავიაექსპერტ იასე ზაუტაშვილის აზრით, არც ერთი საერთაშორისო ორგ­ანი­­ზაცია ამ აეროპორტს აკრედიტაციას არ მისცემს და საბოლოოდ მაინც შიდა მოხმა­რების ობიექტად დარჩება: "ეს აეროპო­რ­ტიც ისეთივე დე ფაქტო იქნება, როგორიც აფხაზეთია. გარდა ამისა, არა მგონია,­ 30 წლის განმავლობაში გაუქმებული აეროპორტი, სადაც ყველაფერი თავიდან არის გასაკეთებელი, 2024 წლამდე­ ისე აღადგი­ნონ, რომ ფრენები მოხერხდეს... მისი აღდგენის სავარაუდო ფასად 100 მილიონი დოლარია­ დასახელებული, რაც ცოტა არ არის, იმ სტანდარტების აეროპორტს ეყოფა.­ დაახლოებით იმდენივე დაიხარჯა თბილისის საერთაშორისო აერო­პორტის ასაშენებლად, მაგრამ რუსულ-აფხაზური კორუფციის გათვალისწინებით, არავინ იცის, რამდენი მოხმარდება მშენებლობას, რამდენად ხარისხიანად ააშენებენ და რამდენი წავა მავანის ჯიბეებში. კიდევ ერთი, ფრენები ახლაც არ არის აფხაზეთში, მაგ­რამ რუსეთის­ რა ტიპის­ კონტრაბანდა შედის, იარაღი თუ სხვა რამ, ახლაც ვერ კონტროლდება. დარწმუნებული ვარ, გამოცხადებულ ვადამდე არც თვითმფრინავები ეყოლებათ და არც ეს მთავრობა".

პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - აფხაზეთში არ მოქმედებს საერთაშორისო კანონები და, შესაბამისად, არც ექვემდებარება საერთაშორისო­ მონიტორინგს - შავი ზღვით ყველაფრის­ შეტანა-გატანა შეიძლება, იარაღისაც კი. ეს კლასიკური "შავი ხვრელია". ის, რაც ახლა რუსეთმა აფხაზეთში გააკეთა, მხოლოდ აეროპორტის თემა არ არის, ბევრი რამ არის განზრახული - რეგიონს მოსკოვი დიდი ხანია აპარტოტელებისა და ბიჭვინთის ტყეპარკის თემითაც ავიწროებს. მთლიანი საზღვაო სანაპიროს მითვისება­ უნდა. აპარტ­ოტელების პროექტის შემთხვევაში ერთბაშად რუსეთიდან 30 ათასი­ მოქალაქე­ შემოვა, რაც რეგიონის მოსახლეობას გაქრობით ემუქრება. ამასთან, იქ არის სომეხთა დიასპორა, რომელიც ამ პროექტის მხურვალე გულშემატკივარია. სომხებს აწყობთ პოტენციური მხარდამჭერების შემოსვლა. თუ დასჭირდებათ, არჩევნებიც გაიმართება, ეკონომიკური თუ პოლიტიკური. მათთვის მისაღებ საკითხებს ერთობლივად "გაათრევენ". ეს იციან აფხაზებმა და ამიტომაც ეწინააღმდეგებიან. არც აეროპორტის აღდგენის ამბავი­ მოსწონთ, მაგრამ თუ სასწორის პინაზე დავდებთ, ისევ მისი დათმობა ურჩევნიათ, ვიდრე 30 ათასი რუსის შემოსევა. უმრავლესობის აზრით, აეროპორტი ბიჭვინთის აგარაკებთან შედარებით პატარა ტერიტორიაა, ნარკომანების ბუდედ იყო გადაქცეული, ძროხები ბალახობდნენ და ახლა თუ ფრენები­ დაიწყება, ამაში ცუდი არაფერიაო. იციან, რუსეთი­ მხოლოდ აეროპორტს არ დასჯერდება, მაგრამ იმის იმედი აქვთ, რომ აპარტოტელებისა და ბიჭვინთის აგარაკების საკითხი­ ცოტა ხნით მაინც გადაიწევს. მანამდე მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება და ეს რუსეთზეც­ იქონიებს გავლენას­ - ანუ რუსეთს ცოტა ხნით გასაჩუმებლად ერთი ბარტყი გადაუგდეს. რადიკალური ოპოზიცია იქაც ძალიან აქტიურია. იციან, რომ ხელმძღვანელობა ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთის სამიზნე სამეულიდან (აპარტოტელები, ბიჭვინთის აგარაკები, აეროპორტი) შედარებით ნაკლებად მტკივნეული აეროპორტის დათმობაა.

აქამდე მის აღდგენაზე რუსეთი მხოლოდ­ ლაპარაკობდა. ახლა ძალიან დასჭირდა და ინვესტორებიც იპოვა, თუმცა მათი ვინაობა გასაიდუმლოებულია. მხოლოდ რამდენიმე პირი ფიგურირებს: მისი აღდგენის სურვილი აქვთ ჯერ კიდევ 2014 წლიდან დასანქცირებულ მილიარდერ დერიპასკას, რომელიც პუტინის ახლო გარემოცვის წევრია, ასევე მილიარდერებს, რომან ტროცენკოსა და ალექსანდრ ლანეცკის. ხარჯმა შესაძლოა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბოს. არც ერთის გვარი ე.წ. პარლამენტში­ რატიფიცირებულ დოკუმენტში არ წერია, რაც ნიშნავს, რომ კრემლიც და ბჟანიას გუნდიც რაღაცას მალავენ. ამიტომ ეშინიათ აფხაზებს, რადგან ფიქრობენ, რომ მათი ხელმძღვანელობა ისე ჩააბარებს აფხაზეთს, რომ ვერც გაიგებენ. დოკუმენტში წერია, რომ აფხაზეთის "ხელმძღვანელობა" პასუხისმგებლობას­ იღებს აეროპორტს უწყვეტად მიაწოდოს ელექტროენერგია. არადა, ზამთარში, ე.წ. სახელმწიფო უწყებებიც კი დენის გარეშე­ მუშაობენ, შეშით თბებიან, ქალაქების ცენტ­რალური უბნები თითქმის 12 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშეა.. აფხაზები ამბობენ, როდესაც ჩვენ ამ დღეში­ ვართ, რაში სჭირდება აეროპორტს უწყვეტი­ ელექტროენერგია, უსაფრთხოებისთვის საკმარისია მხოლოდ ასაფრენი ბილიკი იყოს განათებული­ ღამღამობით. ყველა დანადგარი გენერატორებზე უპრობლემოდ იმუშავებს, თვითმფრინავთან კავშირი რადიოკავშირითაც შეიძლებაო. აფხაზები ხვდებიან, რომ კერძო ინვესტორები კი არა, აეროპორტის მითვისებით თავად რუსეთის სახელმწიფოა დაინტერესებული. შეთანხმებაში უამრავი ვირეშმაკული პუნქტია - საბანკო გარანტიებს ითხოვენ, რომ კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში აეროპორტი კომერციულმა ბანკმა წაიღოს, ანუ რუსების საკუთრებაში გადადის, ოღონდ ამჯერად უკვე "კანონიერად". აბსურდული­ გადაწყვეტილებაა უამრავი ქვედინებით და რაც მთავარია, რუსული პრინციპით.

გარდა ამისა, ვიღაცებმა, მართულმა ძალამ, დაბნეულობის შესატანად ასეთი რამეც შეაგდო - რადგან ინვესტორი დაკონკრეტებული არ არის, ხომ შეიძლება რომელიმე ქართული ბანკიც იყოსო. არადა, იციან, ქართულ ბანკს იქ შესვლის უფლებას არავინ მისცემს, ისევე, როგორც აპარტოტელების აშენების, მაგრამ მაინც სპეკულირებენ. ძალიან საინტერესო ფენომენია - რუსეთის სიძულვილს ქართველების სიძულვი­ლით ფუთავენ. ამით ცდილობენ თავი­ანთ ხელმ­ძღვ­ანელობას ათქმევინონ, ნუ ნერვიულობთ, ქართველი კი არა, რუსი ინვესტორი შემოგვყავსო... ამასობაში რუსეთი­ თავის საქმეს აკეთებს. აფხაზებმა კარგად იციან, რომ რუსეთი აეროპორტს თავისთვის იშენებს, აფხაზეთისთვის ის არარენტაბელურია. თუ სადმე გამგზავრება დასჭირდათ, ადლერის აეროპორტი ბევრად ხელსაყრელია, ვიდრე ბაბუშერის. იქიდან ლამის­ მთელ მსოფლიოში დაფრინავენ, ბაბუშერიდან კი რუსეთის რამდენიმე­ ქალაქში თუ იქნება რეისები. იქაურობას არც რუსი ტურისტები მიაწყდებიან, რადგან აქედანვე ცნობილია, რომ უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება, არც ჰიგიენაზე შეიწუხებს თავს ვინმე, ამიტომ ისინიც კი, ვინც დასასვენებლად აფხაზეთს ირჩევს, ადლერის აეროპორტიდან ჩავლენ. ადლერში დღეში­ 4-5 რეისია, სოხუმში კი, ალბათ, კვირაში 2-3 თუ იქნება. ასე რომ, ბევრი მიზეზია, რის გამოც სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ტურისტული ცენტრი ვერ მოეწყობა. არსებობს მხოლოდ ერთი მოტივი - რუსეთს ბაბუშერის აეროპორტში­ მხოლოდ ასაფრენი­ ბილიკი სჭირდება, რათა შავი ზღვიდან, სოხუმიდან, ალბათ, უფრო ოჩამჩირის პორტიდან შესული გემიდან ჩამოტვირთული კონტეინერები სატვირთო თვითმფრინავებში ჩატვირთოს და იქიდან როსტოვში, პეტერბურგში, მოსკოვში ან ვლადივოსტოკში გაფრინდება. ამიტომ ჩქარობს რუსეთი.

დოკუმენტაცია ისე ეშმაკურად არის შედგენილი, თითქოს მართლა კერძო პირები­ არიან აეროპორტით დაინტერესებული, რომ თქვან, სახელმწიფო რა შუაშია,­ მისი მეპატრონე ბიზნესმენიაო. აფხაზეთი არალეგიტიმური ტერიტორიაა, ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს, ამიტომ რუსეთი ამ აეროპორტის საშუალებით, რასაც უნდა იმას გაიტანს და შემოიტანს. ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ სანქციები თავიდან აიცილონ. ისიც აშკარაა, რომ თურქეთი ძალიან მონდომებულია რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმაროს. ეს საქართველოს ტერიტორიაზე თურქული ტრაილერების რაოდენობის გაზრდასაც ეტყობა. თურქეთი მსოფლიოს ანგარიშს არ უწევს. სოხუმში გემებით ტვირთებს ისე შეიტანს, ვერავინ შეამჩნევს.

თურქეთს ვერაფერს მოვთხოვთ, უამრავი სავაჭრო გემი ჰყავს და შეიძლება პროტოკოლში აშშ ან სხვა ქვეყანა მიუთითოს და პორტიდან გამოსვლის შემდეგ, როცა ნეიტრალურ ზონაში გადავა, ვერაფერს მოსთხოვენ, რადგან დოკუმენტები­ მოწესრიგებული ექნებათ. სხვა ქვეყნებიც არიან, ვინც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს­ არ უერთდებიან. პუტინი პეტერბურგში აფრიკის ქვეყნების ლიდერებს შეხ­ვდა, ბევრი აზიური ქვეყანაც უჭერს რუსეთს მხარს. უამრავი გემი გაივლის ბოსფორს, შემოვა ხმელთაშუა ზღვიდან, მიადგება სოხუმის პორტს და ყველა მათგანი მსოფლიოს თავსატეხად გაუხდება, რადგან არავის ეცოდინება, გემებში რა სახის ტვირთი იქნება. ერთი სიტყვით, რუსებს აფხაზეთში პორტიც იქვე ექნებათ და აეროპორტიც, რაც სანქციების გვერდის ასავლელად ძალზე ხელსაყრელია.

- 2019 წელს, როცა ბჟანიამ განაცხადა, სოხუმის აეროპორტი საერთაშორისო ფრენებისთვის გაიხსნებაო, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ყველა გააფრთხილა, რომ მათი ნებართვის გარეშე სოხუმის აეროპორტში მიმოსვლა ვერ დაიწყება.

- ხელისუფლებას ჯერ ხმა არ ამოუღია, მხოლოდ პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, მაგრამ მას ისიც უნდა ეთქვა, რომ ეს არის ტერიტორია, სადაც ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება და ჩვენი მონაცემებით ოკუპანტი რუსეთი იქაურობის გამოყენებით სანქციების გვერდის ასავლელ ჰაბს ქმნის. ყველა მექანიზმით უნდა სცადონ­ თვითმფრინავების მიმოსვლის შემოწმება, თუნდაც შიდა ფრენების რეისი, სიხშირე, ისევე, როგორც გემების - ბოლოს და ბოლოს, კოსმოსიდან აკვირდებიან საერთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლას და ოჩამჩირის პორტში გემი საიდან შედის, არც ამის დაფიქსირება გაუჭირდებათ. უნდა მოითხოვონ, რომ ნებისმიერ საფრენ საშუალებასა და გემზე საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ჰქონდეთ ინფორმაცია და საქართველოსაც მიაწოდონ.