"მამამთილთან კონფლიქტის გამო, ლამის ოჯახი დამენგრა... სულ მაგინებდა... უნამუსო, ჩემს ოჯახში როგორ აღმოჩნდიო" - კვირის პალიტრა

"მამამთილთან კონფლიქტის გამო, ლამის ოჯახი დამენგრა... სულ მაგინებდა... უნამუსო, ჩემს ოჯახში როგორ აღმოჩნდიო"

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მისი ოჯახი სიყვარულმა გადაარჩინა, თუმცა სამშობლოდან წასვლა მოუხდათ და ახლა უცხო ქვეყანაში ცხოვრობენ ბედნიერად. ამბობს, რომ მას სიყვარულში გაუმართლა.

ელენე გ.

- ჩემი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა, რამდენიმე წელი მე და ჩემი მეუღლე შეყვარებულები ვიყავით. ერთმანეთი აჭარაში გავიცანით და მართლაც დიდი გრძნობა გაჩნდა ჩვენ შორის. სტუდენტი ვიყავი და მინდოდა სწავლა დამემთავრებინა, მან კი მაქსიმალურად შემიწყო ამაში ხელი. ძალიან ხშირად მაკითხავდა. ჩვენი ამბავი ყველამ იცოდა. სანამ ცოლად გავყვებოდი, მანამდე გამაცნო დედამისი და თავისი დები. მხოლოდ მამამთილს არ ვიცნობდი და ქორწილის დღეს გავიცანით ერთმანეთი. ძალიან ლამაზი ქორწილი გვქონდა, ძალიან ბედნიერები ვიყავით. ჩემი მეუღლე ჩემზე 7 წლით უფროსია... ის ჩემი პირველი სიყვარულია და ძალიან მიყვარს.

მართალია, მის ოჯახის წევრებს ვიცნობდი, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი იმაზე, როგორ მიმიღებდნენ ოჯახში და როგორ შევეგუებოდი იქაურობას. ბევრს ვფიქრობდი ამაზე, რადგან არ მინდოდა დაძაბული ურთიერთობა გვქონოდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, ყველაფერი კარგად ყოფილიყო. მეც სოფელში გაზრდილი ვარ, ყველა საქმის კეთება ვიცი. ჩემი მეუღლეც სოფელში ცხოვრობს და იქ რომ წავედი საცხოვრებლად, არაფერი მითაკილია, ყველა საქმეს ვაკეთებდი. დიდი მეურნეობა ჰქონდათ, საქონელი ჰყავდათ, ყანები ჰქონდათ და დიდი შრომა იყო საჭირო. დედამთილს სულ ვეხმარებოდი, დილით ადრე ვდგებოდი, სახლის დალაგებით ვიწყებდი. საჭმელს დედამთილი აკეთებდა, რამდენჯერმე მე რომ გავაკეთე, მითხრა, ძალიან გემრიელი კერძები გამოგდისო და მე გადმომაბარა სადილების მომზადება. ისე გამოვიდა, რომ ბევრს ვშრომობდი. ეს არ იყო ჩემთვის უცხო, რადგან ბავშვობიდან შრომას მიჩვეული ვიყავი, სახლშიც პატარა ასაკიდან ყველაფერს მე მაკეთებინებდნენ, მძიმე ბავშვობა მაქვს გამოვლილი...

- რატომ გქონდა მძიმე ბავშვობა, მშობლები ცუდად გექცეოდნენ?

- მე და ჩემი და ძმა გაჭირვებაში გავიზარდეთ, ეკონომიკურად ძალიან გვიჭირდა. ჩემი მშობლები სოფელში ბევრს მუშაობდნენ, მაგრამ მაინც არ გვყოფნიდა ეს შემოსავალი. შრომას პატარა ასაკიდან შემაჩვიეს, 9 წლის ვიყავი, როცა დედა სამუშაოდ თურქეთში წავიდა, ჩემი და-ძმა ჩემზე უმცროსები არიან, ჩვენ მამასთან და მოხუც ბებიასთან დავრჩით, ამიტომ, შრომა გვიწევდა. დედა პერიოდულად ჩამოდიოდა, მაგრამ მალევე უკან მიდიოდა. ასე, დედის მონატრებაში გავიზარდეთ.

მეცხრე კლასში ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, ჩვენ მამასთან დავრჩით. დედამ მერე სხვა ოჯახი შექმნა და უკვე იშვიათად ვნახულობდი. მამა არ აძლევდა ჩვენი ნახვის უფლებას. ამ ამბის შემდეგ მამა ძალიან აგრესიული გახდა, მოკლედ ყველაფრის მოყოლა ახლა არ ღირს, მძიმე ცხოვრება მაქვს გამოვლილი, სულ დარდში და ტკივილში ვიყავი, ამ დარდს კი გულში ვმალავდი და მარტო დარჩენილი, ხშირად, ღამე ვტიროდი.

ამ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში გია და ეს ჩემთვის მართლაც დიდი ბედნიერება იყო. ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა, ხშირად მაკითხავდა და სიურპრიზებს მიწყობდა. მისთვის მთელი ჩემი ცხოვრების ამბავი მოყოლილი მქონდა, მამხნევებდა და მას მერე ვგრძნობდი, რომ უფრო თბილად მექცეოდა.

22 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. თავიდან იმდენად კარგად მიმიღეს მის სახლში, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ასე გადიოდა დრო. დედამთილი სულ მეფერებოდა და კარგად მექცეოდა. ერთ დღეს, ჩემს დედამთილს გული გადავუშალე და ჩემს მძიმე ბავშვობაზე ყველაფერი ვუამბე. მეგონა, შევეცოდე. ძალიან მეფერებოდა და მეც ძალიან მიყვარდა. ზოგადად, არ ვეძებ ცუდს ადამიანში, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასე დაწვრილებით ჩემს ცხოვრებაზე არავისთან არ უნდა მომეყოლა.

- რატომ?

- როგორც ჩანს, მან ეს ამბავი უამბო ჩემს მულებს და მამამთილს. მულები თითქმის ჩემი ტოლები არიან, მაგრამ დედამთილთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა, ვიდრე მათთან, ერთი მული გათხოვილია, მეორე თბილისში სწავლობს, ამიტომ, ერთმანეთს ასე ხშირად ვერ ვნახულობდით. მამამთილმა ერთ დღეს გამომიცხადა, არ მინდა დედაშენი აქ რომ მოვიდესო და მისი გინება დაიწყო საშინელი სიტყვებით. ვერ მოვითმინე და პირველად შევეპასუხე, ამაზე სულ გადაირია, შენ ვისი გაზრდილი ხარ, უნამუსო, ჩემს ოჯახში როგორ აღმოჩნდიო და საშინელი სიტყვებით მლანძღა. დედამთილსაც ესმოდა ყველაფერი, თავიდან სცადა განერიდებინა, მაგრამ არ ჩერდებოდა და მერე ხმა არ ამოუღია.

მამამთილის სიტყვები ისე განვიცადე, რომ ჩავიკეტე ოთახში და ხმამაღლა ვტიროდი. სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს ნამტირალევი დავხვდი, თვალები სულ დასივებული მქონდა, მიზეზი, რა თქმა უნდა, ვუამბე. ამის გამო მამა-შვილმა სერიოზულად იჩხუბეს, ფიზიკურადაც შეეხნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ დამეძაბა ურთიერთობა ოჯახში, მულებმა მე გამამტყუნებს, რატომ უთხარი შენს ქმარს ეს ამბავიო, საშინელი სიტყვებით მლანძღეს. ძალიან იმოქმედა ყველაფერმა. ოთახიდან არ გავდიოდი, მამამთილი გარეთ გამოსულს თუ დამინახავდა, სულ მაგინებდა. მერე უკვე ამას ჩემს ქმარს არ ვუყვებოდი, მაგრამ შინაგანად ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, მივხვდი იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა. მამამთილის მორიგი გინების შემდეგ სახლიდან ისე წამოვედი, რომ მეუღლისთვის არაფერი მითქვამს.

- მეუღლემ რა გითხრათ მერე?

- ავიღე ჩემი ჩანთა და თბილისში, მამიდასთან წავედი. მეუღლეს სახლში რომ არ დავხვდი, თურმე გაგიჟდა, ისევ იჩხუბა მამა-შვილმა, იმავე ღამით ჩავიდა ჩემს სოფელში და ეს ამბავი ასე გაიგო მამაჩემმა. ბოლოს, მომაგნეს მამიდასთან. მეუღლემ კატეგორიულად მომთხოვა სახლში დავბრუნებულიყავი. მე წინააღმდეგი წავედი, იქ ვეღარ ვიცხოვრებდი, სულ დაძაბული ურთიერთობა უნდა მქონოდა და მას არ გავყევი.

ეს ამბავი მამაჩემმა რომ გაიგო, მერე მას დაეძაბა ჩემს ქმართან ურთიერთობა, სერიოზული კონფლიქტები ჰქონდა ჩემს მამამთილთანაც. მამიდას მხარდაჭერა რომ არა, არ ვიცი, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდი. მეუღლე სულ ცდილობდა ჩემთან კომუნიკაციას, მაგრამ მე არავის დანახვა არ მინდოდა, დიდ დეპრესიაში ვიყავი. მაშინ გავიგე ისიც, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ამ ამბავს ქმარს კარგა ხანს ვუმალავდი, რადგან იმ სახლში დაბრუნება არ მინდოდა. მთელი ღამეები ვტიროდი. მუცელი ამტკივდა და მამიდას ვუთხარი, მან სასწრაფოდ წამიყვანა ექიმთან და წოლითი რეჟიმი დამინიშნეს, მაშინ მამიდამ დაურეკა ჩემს ქმარს და უთხრა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ის სასწრაფოდ ჩამოვიდა ჩვენთან და ნაქირავებში ცხოვრება შემომთავაზა. თბილისში ბინა დავიქირავეთ, ხვეწნა-მუდარით წამიყვანა ქმარმა. თბილისში სამსახურის შოვნა გაუჭირდა, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა, რომ როგორმე თავის რჩენა შეგვძლებოდა.

- მისი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?

- მულები სულ მლანძღავდნენ, მესიჯებს მიგზავნიდნენ. ხშირად ამ ამბავს მეუღლეს არ ვეუბნებოდი, რადგან ვხედავდი, როგორ განიცდიდა. ერთადერთი, მამიდას ვუყვებოდი ყველაფერს, ფსიქოლოგთან წამიყვანა და მან გამომიყვანა დეპრესიიდან.

ხომ იცით, ამ დროს გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სხვის ცხოვრებაში ცხვირს გამუდმებით ყოფენ...

7 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა ჩემმა ქმარმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოდან წასვლა გადავწყვიტეთ. ესპანეთში ჩავედით, ჩემი ქმრის ძმაკაცი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად და ძალიან დაგვიდგნენ გვერდით. კარგა ხანს, მათ ნაქირავებ ბინაში ვიცხოვრეთ. 7 წელია უკვე ესპანეთში ვართ და თავიდან დავიწყეთ ბედნიერად ცხოვრება. უარყოფით ამბებზე აღარ ვფიქრობ. ჩემი ქმარი მართლაც გამორჩეული ადამიანია, როგორც მე მიყვარდა, ანალოგიურად, მასაც ძალიან ვუყვარვარ და ამ დიდმა სიყვარულმა იხსნა ჩვენი ურთიერთობა.

დღეს ბედნიერად ვცხოვრობთ. გოგონა გვყავს და მშვიდად ვართ. გავეცალეთ ყველაფერს. ქმარმა გამაცალა ამ სიტუაციას, თორემ ალბათ ჩემი შვილიც უმამოდ გაიზრდებოდა. ამის გაფიქრებაც კი მზარავს, დღეს მამა-შვილის ურთიერთობას რომ ვუყურებ. მე ძალიან გაგიმართლა, რადგან ჩემმა მეუღლემ არჩევანი გააკეთა, მაგრამ ბევრი ასე არ მოიქცეოდა. ალბათ ბევრი ამდენს არ გააკეთებდა და ეს ურთიერთობა ჩვენი განქორწინებით დასრულდებოდა.

- მის ოჯახის წევრებთან ურთიერთობა აღარ გაქვთ?

- დედამთილი მირეკავს და მკითხულობს, წარსულზე აღარ ვსაუბრობთ. ალბათ გულის სიღრმეში ნანობს, რომ ჩემი გულწრფელი ამბავი სხვებს მოუყვა. მულებთან და მამამთილთან არ მაქვს ურთიერთობა. ჩემთვის მთავარია მეუღლე და შვილი მყავს გვერდით, ყველაფერი ერთად გადავიტანეთ. არ იყო ადვილი უცხო ქვეყანაში ცხოვრების დაწყება, მაგრამ დღეს ორივე ვმუშაობთ, ჩვენს გოგონას ვზრდით და რაც ყველაზე მთავარია, დიდი სიყვარული გვაქვს.

ჩემს მეუღლეს ოჯახის წევრებთან ურთიერთობა აქვს, ფინანსურადაც ეხმარება მშობლებს. ვმუშაობთ, ვაგროვებთ თანხას იმისთვის, რომ შვილს კარგი მომავალი შევუქმნათ. ცხოვრებაში ბევრი ტკივილი მაქვს გადატანილი, მაგრამ სიყვარულში გამიმართლა. ყველაზე მეტად ოჯახის დანგრევის შემეშინდა. დღეს რომ ბედნიერები ვართ, ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა. მას რომ არ ებრძოლა ამდენი, მე და ჩემი შვილი ალბათ მარტო ვიქნებოდით. ხშირად ვფიქრობ იმაზეც, რომ მშობლების ქცევების გამო შვილები არ უნდა ზარალდებოდნენ.

ყველას ვურჩევ, როცა წყვილს ერთმანეთი უყვარს, მათ ურთიერთობაში არ ჩაერიონ.

(სპეციალურად საიტისთვის)